05 ივნისი, 2014
რატომ ''დაჭამეს'' ერთმანეთი ჟიურის წევრებმა ''მის და მისტერ თბილისსზე'' და ვინ აპროტესტებდა შედეგებს
მაყურებელს მიმართა, ტაში დამიკარით, ისტორიული მომენტია, მერსიმ მიკროფონი დამითმო, გავაჩუმეო წინა კვირას კულტურის ცენტრ ''მუზაში'' კონკურსზე ''მის და მისტერ თბილისი'' გავეშურე. კონკურსის ორგანიზატორმა, სამოდელო სააგენტო ''ბესტ მოდელის'' ხელმძღვანელმა კახი ხაბეიშვილმა სტუმრებს ღია ცის ქვეშ, საკმაოდ ლამაზ გარემოში უმასპინძლა.

კონკურსებზე რომ ლამაზი გოგონების სიმცირე აშკარად იგრძნობა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. ქალაქის ქუჩებში გაცილებით ლამაზი გოგონები გვხვდებიან, ვიდრე სილამაზის კონკურსებზე.

ამჯერადაც არჩევანი საკმაოდ მწირი იყო. ''მის და მისტერ თბილისის'' ტიტულის მოსაპოვებლად 8 გოგონა და 14 ბიჭი იბრძოდნენ.

მრავალრიცხოვანი
გახლდათ ჟიური: შოთიკო ბოჭორიშვილი, ანი ჯაჯანიძე, გია ჯაჯანიძე, თინათინ მაღალაშვილი, ეკო ფანგანი, ლელა ნინუა და სხვანი. აქ ვგულისხმობ ამ კონკურსის ორგანიზატორ კახი ხაბეიშვილსა და მისივე მოდელებს, სხვადასხვა წელს ''მის და მისტერ თბილისისა'' და ''მისტერ ვალენტინის'' ტიტულის მფლობელებს.

ტრადიციულად, ერთი საათის დაგვიანებით, სცენაზე საღამოს წამყვანები მერსი სულხანიშვილი და პაატა დათუნაშვილი მოგვევლინნენ. ჩაცმული მერსის ცაში ატყორცნილი, უცნაურად მრავალფეროვანი ვარცხნილობისა და შავი ტუჩის საცხის ფონზე, მისი თანაწამყვანის ვინაობით აღარავინ დაინტერესებულა.

კონკურსანტები სამგზის წარდგნენ მაყურებლის წინაშე: სპორტული სამოსით, საცურაო კოსტიუმებითა და საღამოს კაბებით. ეს უკანასკნელი დიზაინერ ლაშა ჯოხაძეს ეკუთვნოდა. მამრობითი სქესის კონკურსანტებმა კი ერთ-ერთი უცხოური ბრენდის კოლექცია წარმოადგინეს.

მაყურებლისთვის პოდიუმზე მოცეკვავე იაკობ ყუფუნიას გამოჩენა სურპრიზი იყო. გარდა იმისა, რომ ის კონკურსში მონაწილეობდა, ჟიურის ერთ-ერთ წევრთან, მოცეკვავე ანი ჯაჯანიძესთან ერთად მართლაც საოცარი ნომერი შემოგვთავაზა. ვფიქრობ, ეს საუკეთესო სანახაობა იყო, რაც იმ დღეს სცენაზე ვნახეთ.

გვიმღერა ანჩო დოლიძემ. მისმა უმაღლესმა წითელმა, ლედი გაგასეულმა ფეხსაცმელმა მაყურებლისა და საღამოს წამყვანის ყურადღება მიიქცია. სცენიდან გასვლის წინ მერსიმ ანჩოს რჩევა მისცა, ფრთხილად, არ წაიქცეო. მანამდე კი ანჩომ, ჩაიგდო რა მიკროფონი ხელში, მაყურებელს მიმართა, ტაში დამიკარით, ისტორიული მომენტია, მერსიმ მიკროფონი დამითმო, გავაჩუმეო. სანამ ეს ორი ''ფეისი'' ერთმანეთს ესწერვებოდა, ჟიურიმ გადაწყვეტილება მიიღო. მე დრო ვიხელთე და სანამ გამარჯვებული დასახელებოდა, ჟიურის წევრებს დიქტოფონით ჩა-მოვუარე.

შოთიკო ბოჭორიშვილი:
- ბიჭებში გიორგი კენჯიამ გაიმარჯვა, თუმცა მე, ლიზა ვადაჭკორია და ეკო ფანგანი ვფიქრობ-დით, რომ ''მისტერ თბილისი'' უფრო მამაკაცური უნდა ყოფილიყო, როგორიც იყო მეშვიდე ნომერი, თორნიკე გოგიჩაიშვილი. გოგონებში მოგვწონდა სალომე დავითაშვილი. მართალია, თავს პოდიუმზე კარგად ვერ გრძნობდა, მაგრამ ამ გოგონებში, ჩვენი აზრით, საუკეთესო იყო. უმცირესობაში აღმოვჩნდით, გაიმარჯვა სალომე ხუხიამ.

სალომე დავითაშვილი ის გოგონა გახლავთ, რომლის გადაბირებასაც, როგორც კახი ''რეიტინგთან'' მიცემულ ინტერვიუში ჰყვებოდა, ''იმიჯ ცენტრი'' ცდილობდა. რატომღაც ყველას ეგონა, რომ გამარჯვებული სწორედ ის გახდებოდა, მაგრამ პირველი ადგილი მიიღო კონკურსანტმა, რომელიც საღამოს კაბების ჩვენებაზე რატომღაც სადედოფლო კაბაში გამოწყობილი დააბიჯებდა პოდიუმზე.

ლიზა ვადაჭკორია:
- მე ვაპროტესტებ შედეგებს! ყველაზე ლამაზი იყო სალომე დავითაშვილი. ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებდით სახეს. ''მის თბილისი'' ლამაზი უნდა იყოს, პირველ რიგში, სახეზე და მერე უნდა შეხედო ტანს. ბიჭების არჩევანშიც უმცირესობაში ვარ. მინდოდა მამაკაცი და აირჩიეს ბიჭი (იღიმება).

ეკო ფანგანი:

- კარგი ტანი ჰქონდა მეორე ნომერს, ქეთი ღვინიაშვილს, მის ტანზე კარგი იქნებოდა სალომე დავითაშვილის სახე (იცინის), მაგრამ რადგან არ გამოვიდა, ვერ ავაწყვეთ, სახის მიხედვით არჩევა გადავწყვიტეთ, მაგრამ უმცირესობაში აღმოვჩნდით, თუმცა გამარჯვებულიც ეფექტური გოგოა. ბიჭებსაც არა უშავს, ერთი-ორი წავა რა (იღიმება). ჩემი ფავორიტი ბიჭი მეორე ადგილზე გავიდა.

გია ჯაჯანიძე:
- არავის არ ვეკამათებოდი და არც არავის აზრს ვითვალისწინებდი. პირველმა ვთქვი ჩემი ფავოროტები და გავჩუმდი. დაჭამეს ერთმანეთი, კიოდნენ, წიოდნენ და მოხდა სასწაული, ჩემმა ფავორიტებმა გაიმარჯვეს.

თინათინ მაღალაშვილი:

- არჩევანი ძალიან მწირი იყო. გული მწყდება, რომ ლამაზი გოგონები არ მოდიან კონკურსებზე. არადა, რამდენი ლამაზმანი გვინახავს ქალაქის ქუჩებში. ეს შენიშვნა ალბათ ორგანიზატორებმა უნდა მიიღონ და გაისად უკეთესი ნაკადი გამოიყვანონ. ''მის თბილისის'' ტიტულის მატარებელი ძალიან უნდა მომწონდეს. ვაღიარებ, რომ დღეს არც ერთ გოგოზე ეს არ დამემართა.

ანი ჯაჯანიძე:
- ჩემმა ფავორიტმა ვერ გაიმარჯვა გოგონებში. ეშხი, ხიბლი და სექსუალურობა უნდა ჰქონდეს ამ ტიტულის მფლობელს. იგრძნობოდა, რომ გამოუცდელები არიან, ცოტა დაკომპლექსებულები, არ არიან სცენას შეჩვეულნი, დაძაბულები იყვნენ, ვერ წარმოაჩენდნენ საკუთარ თავს. ბიჭებში ყველაზე მეტად მეც გამარჯვებული მომწონდა.

ლელა ნინუა:
- დავჭამეთ ერთმანეთი. პირდაპირ ვიტყვი, ძალიან მწირი იყო არჩევანი, ორგანიზატორებმა მომავლისთვის უფრო ბევრი და ლამაზი კონკურსანტი უნდა წარმოადგინონ მსგავს კონკურსზე. ამ შემადგენლობიდან საუკეთესოები ამოვარჩიეთ.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნია
რას ჰგავდა გოგონა , რომელიც აირჩიეს მის თბილისად, არ გრცხვენიათ? ორი მეტრი ცხვირი ჰქონდა.
23:39 / 06-06-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS