წყვილმა შესანიშნავ შედეგებს მიაღწია და სოსომ ანფისას ქართულიც კი აცეკვა სცენაზე.
ანფისა ძალიან ამაყობს თავისი ქმრითა და შვილით, რომელსაც
- ანფისა, გამუდმებით დებთ ინტერნეტში ოჯახურ ფოტოებს. რა დამოკიდებულება გაქვთ იმასთან, რომ თქვენი ვაჟი მასმედიის ყურადღების ცენტრშია?
- სიმართლე გითხრათ, დიდხანს ვერ ვბედავდი მის გამოჩენას, რადგან მე, როგორც ნებისმიერ დედას, მსურდა, იგი აჟიოტაჟისგან დამეცვა. მიჭირდა მასთან ერთად საზოგადოებრივ ადგილებში სიარული, რადგან არასდროს იცი, სად გელის ფოტოკამერები. ახლა სოლომონი ცოტა წამოიზარდა და გავბედეთ, მთელი ქვეყნისთვის გვეჩვენებინა. გაცილებით იოლი გახდა ყველაფერი, ერთად დავდივართ სავაჭრო ცენტრებში, კაფეში, რესტორნებში. უბრალოდ, როცა რაღაცას მალავ, ადამიანებს აუცილებლად უჩნდებათ მისი პოვნის სურვილი.
- რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდა დედებს, როგორ მოასწრონ ყველაფრის გაკეთება და არის თუ არა ეს საჭირო?
- ნაკლებად უნდა უსმინონ წინაპრების გამოცდილებას - ჩვენმა დედებმა და ბებიებმა ბევრი რამ იციან და ბევრ რამეში შეუძლიათ დახმარება, მაგრამ ისინი სხვა დროში ცხოვრობდნენ. ჩვენი თაობა ძალიან განსხვავდება იმ თაობისგან, რომელიც 40-50 წლის წინ იზრდებოდა. მაშინ არ იყო ტელეფონი, კომპიუტერი, ძიძა, ბავშვის საფენები, ბოლოს და ბოლოს. თანამედროვე დედებისთვის გაცილებით იოლია ყველაფრის მოსწრება. თანამედროვე საფენები ისე იწოვს ყველაფერს, რომ ბავშვსაც მშვიდად სძინავს და დედ-მამასაც არ აღვიძებს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრს ვმუშაობ და მხნედ რომ გამოვიყურებოდე და არა ზომბის მსგავსად, კარგად უნდა მეძინოს. არ არის საჭირო, ამქვეყნად საუკეთესო დედობისკენ ისწრაფოდე, ასეთ დროს შეიძლება, საკუთარი თავი დაკარგო.
- ვინ არის მთავარი თქვენს ოჯახში - თქვენ თუ გურამი?
- რა თქმა უნდა, გურამი! ის კაცია, ის იღებს გადაწყვეტილებებს, იღებს პასუხისმგებლობას. მასთან ისე დაცულად ვარ, როგორც კედელთან.
- შესანიშნავი ოჯახი გაქვთ, თუმცა ოფიციალური ქორწილი ჯერ არ ყოფილა. თუ გეგმავთ რაიმეს?
- ჯერ არ ვგეგმავთ. არ გვაქვს ასეთი მიზანი და არც დრო, რომ ქორწილის ორგანიზებით დავკავდეთ. როგორც წესი, ასეთი საორგანიზაციო საკითხების მოგვარება ქალის მხრებზე გადადის, კაცები უფრო იოლად უყურებენ. მე კი ჩემს დაბადების დღესაც კი იშვიათად აღვნიშნავ - მეტისმეტად ბევრი ძალა მიაქვს ზეიმის ორგანიზებას. ისე ვცხოვრობთ, როგორც მოგვწონს და თუ ვიგრძნობთ, რომ დიდი სურვილი გვაქვს, გავაფორმოთ ურთიერთობები, აუცილებლად გავაკეთებთ ამას, ოღონდ მარტო იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ეს და არა იმიტომ, რომ ასეა საჭირო.
- ბევრი ქალი ოცნებობს ქორწილზე, საპატარძლო კაბაზე...
- არასდროს მიოცნებია ქორწილზე, არც საპატარძლო კაბაზედა არც რაიმე სცენარი მქონია თავში. დედა ისე მინერგავდა, რომ ქორწილის მერე ყველაფერი ინგრევა, გათხოვებაც კი არასდროს მინდოდა. ხშირად მიმყავს ქორწილები და მათი შემყურე იმასაც ვხვდები, როგორი ქორწილი არ მინდა. მინდა, ეს იყოს არაჩვეულებრივი, არასტანდარტული ღონისძიება, მაგრამ როგორი, ჯერ არ მომიფიქრებია. ალბათ, როცა მოვიფიქრებ, მაშინ მოვემზადები ქორწილისთვის.
- თუ გაქვთ მყარი ურთიერთობების შექმნის საიდუმლო?
- ეს არის უნარი, მიიღო და შეიყვარო ადამიანი ისეთი, როგორიც არის. უნდა გქონდეს შეთანხმების და არა უბრალოდ კომპრომისებზე წასვლის უნარი. კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია აღზრდა, თუ როგორ ოჯახში იზრდებოდა ადამიანი, როგორი იყო მისი მშობლების ურთიერთობები. პრაქტიკულად შეუძლებელია, შეცვალო ის პროგრამები, რომლებიც ადამიანში ოჯახის მიერ არის ჩადებული.
ჟურნალი ''რეიტინგი''