რუსეთში
ეკატერინე რუსეთში ყველაზე ცნობილი კინომცოდნე და კინოწამყვანია. რუსეთის პირველ არხზე 1995 წლიდან მიჰყავს რუბრიკა კინოზე. მანამდე საქართველოში ცხოვრობდა. 1972 წელს თბილისშია დაბადებული და როგორც ახლა ამბობს, ბავშვობაში ექიმობა უნდოდა - თურმე, ხშირად ავადმყოფობდა. მერე პარიკმახერობისკენ გაუწია გულმა, თუმცა 12 წლიდან უკვე იცოდა, რომ ხელოვნებათმცოდნე იქნებოდა. 1994 წელს დაამთავრა თსუ-ს ისტორიული და კინომცოდნეობის ფაკულტეტები. პარალელურად ქართულ ჟურნალ „სინემაში“ წერდა სტატიებს და „მეორე არხზეც“ მუშაობდა. 1994 წლიდან გადავიდა მოსკოვში. ჯერ მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა, მერე კი ტელევიზიაში გამოჩნდა და საკმაოდ კარგ ტელეწამყვანად იქცა. უამრავი საინტერესო სიუჟეტი და რეპორტაჟი გაუკეთებია, მსოფლიოში განთქმულ ადამიანებთან ჩაუწერია ინტერვიუები.
ცოტა ხნის წინ ეკატერინეს გულახდილი ინტერვიუ ჰქონდა ჟურნალისტებთან და რამდენიმე საინტერესო თემაზეც ისაუბრა. მაგალითად, გულწრფელად გაიხსენა, როგორ დაიწყო კარიერა რუსეთში: „რუსეთის პირველ არხზე პრაქტიკულად შემთხვევით მოვხვდი. საიდუმლოს გაგიმხელთ: ჩემი მეგობარი ერთ ცნობილ რეჟისორს ხვდებოდა და ნაცნობობით მომაწყო დილის გადაცემაში უშტატო რედაქტორად. დაახლოებით ერთი წელი ვასრულებდი კინოთემატიკასთან დაკავშირებულ შავ სამუშაოს“. მერე კი საავტორო რუბრიკა წაიყვანა - „ეს კინოა“, იმავე პროგრამაში.
ეკატერინე ფლობს იტალიურ და ინგლისურ ენებს, ამჟამად კი ფრანგულს სწავლობს. როგორ უთავსებს ჟურნალის რედაქტორობასა და კინოკომპანიის მეთაურობას?
„მე არ ვიყენებ ჩემს სამუშაოსთან სიტყვებს „პოსტი“ და „თანამდებობა“. „როსკინოც“ და „ვარიეტიც“ არის პროექტები, რომელთა განვითარებაც ამ მომენტში ჩემთვის საინტერესოა. დღეს ჩვენს კინოში რაღაც ფორმირდება, რომელიც შორეულად ინდუსტრიას გვაგონებს. ვფიქრობ, დღეს შეიძლება ისეთი ჟურნალის გამოშვებაც, რომელსაც შეუძლია ამ პროცესების გაანალიზება, ორიენტირების მიცემა, კინოსა და ახალი მედიის განვითარების ალტერნატიული მოდელების მიმოხილვა“.
რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალბატონი და სასურველი საპატარძლო კვლავ დაუქორწინებელია. ამბობს, რომ ვერ იპოვა სასურველი მამაკაცი. „მქონდა რომანი მამაკაცთან, რომელიც ერთი წლით იყო ჩემზე უფროსი და საკმაოდ წარმატებულიც, თუმცა ძალიან ძაბავდა ჩემი ელიტური ცხოვრება. მე ამას ვერ ვიგებდი, თუმცა გარკვეულ ხანს არსადაც არ დავდიოდი. მერე კი ვიფიქრე - რატომ? მომწონს ყველას ნახვა, მომწონს კარგად ჩაცმა და სადღაც გასვლა. რატომ უნდა ვთქვა ამ ყველაფერზე უარი?“
ასე რომ, ეკატერინე გაგებულ კაცს ეძებს, რომელიც მის ელიტურ ცხოვრებას, დატვირთულ გრაფიკს და თამამ აზრებს შეეგუება. სულაც არ არის აუცილებელი, ეს მამაკაცი მაინცდამაინც რუსი იყოს. ბუკლიკო მომხრეა, ქართველ საპატარძლოს სიძეც ქართველი შეხვდეს და იქნებ, ეკატერინემ თავისი ცოდნა, გამოცდილება და ძალისხმევა ქართულ კინოსაც მოახმაროს და გვეშველოს რამე?!
ჟურნალი „რეიტინგი“