ფოტოგრაფი მარი ნაკანი ჰოლანდიაში, კერძოდ ამსტერდამშია. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამსტერდამის ერთ-ერთი ბაღია გადაღებული.
გთავაზობთ მის პოსტს:
„ეს ამსტერდამია, სადაც ყველგან ბაღებია, მდინარე ფუნქციონირებს, ნავები და კატერები დადიან, ხოლო ნავებით მოსეირნე მოსახლეობა წყალს ასუფთავებს სიცილ-კისკისით და არ უტყდება ნაგვის ამოღება წყლიდან, გინახავთ, მორბენალი მოქალაქეები, რომლებიც თან დარბიან და თან ნაგავს კრეფენ ძირიდან, გსმენიათ იმის შესახებ, თუ რამხელა განწყობას ქმნის დალაგებული, სუფთა გარემო ადამიანების ფსიქიკაზე? ხვდებით, რამხელა გავლენას ახდენს ლამაზი და საინტერესო შენობები ქუჩებში?
ზრუნავთ თქვენი შვილების გემოვნებაზე? გაღელვებთ, რას უყურებენ ბავშვები სეირნობისას, ტრანსპორტიდან ყურების დროს, ფანჯრებში როცა იხედებიან. რას უყურებენ მოხუცები, როცა მეტროთი მგზავრობენ, რაზე ფიქრობენ პაციენტები საავადმყოფოს კედლებში, რაზე ოცნებობენ პატიმრები ციხეში და რა გარემოში უწევთ არსებობა, გინახავთ, რა ხდება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, გაღელვებთ ის ადამიანები? რითი ცხოვრობენ შშმ პირები და რა საშუალებას აძლევს ჩვენი ქვეყანა მათ. რა მოხდებოდა, რომ ვყოფილიყავით უფრო ყურადღებიანები, უფრო მზრუნველები, უფრო მეამბოხენი. როგორ ფიქრობთ, არის იმის საშუალება, რომ დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში, მოვინდომოთ და გავასუფთაოთ ჩვენი ქალაქი. მოვაწყოთ მარათონები, სადაც თან ვირბენთ და თან ნაგავს ავკრეფთ. ტრადიციად ვაქცევთ პარკებში მცენარეების მოვლას და ეზოების გასუფთავებას, მოვიგონებთ სადარბაზოების ლამაზად გაფორმების კონკურსებს. მოვაწყობთ ფესტივალებს სადაც ყველა შეეცდება გაალამაზოს ჩვენი ქალაქი, მორთოს ქუჩები და მოხატოს კედლები.
გვაქვს მაგისი შინაგანი მზაობა?“