"კომედი შოუ" განახლებული შემადგენლობით "რუსთავი 2"-ზე ახალ სეზონს იწყებს. ცნობილია, რომ არხი დატოვეს ვანო ჯავახიშვილმა, ვასო ფხაკაძემ, თამუნა ლეკვეიშვილმა, თათია სულუაშვილმა და პოლიტიკოსების რამდენიმე პაროდისტმა. გუნდი "მთავარ არხზე" გააგრძელებს მუშაობას.
ვინ დარჩა "კომედი შოუში" და ვინ არიან ახალი სახეები, რომლებიც დარჩენილების გუნდს შეუერთდნენ, ამის შესახებ ვიდეოკოლაჟი შოუს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
მართალია, პერიოდულად პერსონაჟებად ჩნდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, გუნდს შეუერთდნენ მსახიობები თაკო აბაშიძე და ეკა აბშილავა. გუნდს დაუბრუნდა წლების წინ წასული სიკო ჭუმბურიძეც.
თუმცა, მაყურებლისთვის სიურპრიზი მაინც ქეთი ხუციშვილის გამოჩენა გახლავთ, რომელიც ასევე "კომედი შოუს" გუნდის მთავარი ახალი სახე გახდა. ქეთის პერსონაჟი მთვარისა-ლუნა მაყურებელმა "ჩემი ცოლის დაქალებიდან" შეიყვარა. საინტერესოა, დარჩება თუ არა მისი პერსონაჟი ცნობილ სერიალში, რადგან როგორც მაყურებლისთვის ცნობილია, "ფორმულა კრეატივი" ცალკე ტელევიზიას ხსნის.