02 სექტემბერი, 2019
ვასილ მაღლაფერიძე: "ადამიანები ისხდნენ და "ფეისბუქზე" "პირველი არხის" წამყვანების კაბების სიგრძის მართებულობაზე მსჯელობდნენ..."
“პირველი არხის” გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე აქვეყნებს ფოტოს, სადაც გადაცემა “ნაშუადღევს” წამყვანები არიან გადაღებულები და პასუხობს კრიტიკას, რომელიც ამ ფოტომ სოც. ქსელებში გამოიწვია.

გთავაზობთ ვასილ მაღლაფერიძის სტატუსს:

“თავიდან არც მეჯერა, სანამ ჩემი თვალით არ წავიკითხე, რომ ადამიანები ისხდნენ და ფეისბუკზე პირველი არხის წამყვანების კაბების სიგრძის მართებულობაზე მსჯელობდნენ. დაუჯერებელია, თუმცა, მართლა ამაზე მსჯელობდნენ – მოკლე კაბა რომ ჩაგიცვამს, მოუმატე სიგრძესაო…

ეტყობა სხვა ყველაფერზე იმსჯელეს და ესღა დარჩათ სალაპარაკო. თან ცოტათი რომ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აბულინგებდნენ, ეს,
ეტყობა, მათი გამოხატვის თავისუფლებაა!

ნამეტანი მოგვიმრავლდნენ ეს თუხთუხა ნეოკომსომოლები – თან რომ სამოქალაქო სექტორის წევრობას იბრალებენ და თან ფიქრების ცენზორობასაც ითავსებენ. მხოლოდ ის უნდა თქვა, იფიქრო და, აწი, როგორც ჩანს, ჩაიცვა კიდეც, რაც მათ მოეწონებათ.

ვინც არ დაემორჩილებათ და მათ უზენაესობას არ აღიარებს, დაუნიშნავენ ბულინგს და დაესევიან ყველა მხრიდან. ზოგი ვერ უძლებს მორალურ და სიტყვიერ ტერორს და ემორჩილება ზეწოლას, ზოგი კონფლიქტს ერიდება, გვერდზე იყურება და არ იმჩნევს, თითქოს ვერ ხედავს, როგორ ანადგურებენ მის გვერდით მორიგ მსხვერპლს. ქცევის სტანდარტს ვხედავთ ორმაგს, სამმაგს და ათმაგს. უფრო სწორედ, საერთოდ დაიკარგა ქცევის სტანდარტი. ერთნი აბულინგებენ გოგონებს კაბის სიგრძის გამო, მეორენი კი არ იმჩნევენ ამ ბულინგს, ცენზორებთან კონფლიქტს ერიდებიან.

არადა ერთხელ უკვე გავიარეთ და ვნახეთ ეს სპექტაკლი.

ამ კაბის სიგრძის მზომავთა ფეისბუკ მიეთმოეთმა გამახსენა ნოდარ დუმბაძის მოთხრობა – “მზიანი ღამე”; ჩემს ბავშვობაში, ანუ უკვე შორეულ წარსულში, სპექტაკლიც იდგმებოდა რუსთაველის თეატრში, გოგი ქავთარაძე ასრულებდა თემურ ბარამიძის მთავარ როლს. ჰქონდა მიზეზი და ამ თემურ ბარამიძემ მკვდარი და ცოცხალი აგინა მეზობლად მცხოვრებ ნაძირალა ბებერ “კაგებეშნიკს”.

დაიბარეს ამ დებოშის გამო თემურ ბარამიძე კომკავშირის კრებაზე და ურჩევენ აქტივისტები საქმეს. კრება იყო ყველანაირად მორთულ- მოკაზმული, გრაფინ-სტაქანით, პრეზიდიუმით და წამყვანით. შეიჭრა როლში კომკავშირის მდივანი უშანგი, თემურ ბარამიძე აღარ იმყოფინა და გადასწვდა სტუდენტ გოგონებს – აგრაფინა დანელიას და ლუბა ნოდიას, თქვენო პომადას ისვამთ, წარბებს იქნით, საყურეებს იკეთებთ, მოკლე კაბებიდან მუხლისთავები გიჩანთ და ასე კომუნიზმში ვერ შეხვალთო. ატყდა ამბავი, ალიაქოთი, სცენაზე ხომ აგრაფინამ, ლუბამ და სხვა სტუდენტებმა გააფარჩაკეს ეს საცოდავი კამსამოლა უშანგი და დარბაზში მაყურებელი იფხრიწებოდა სიცილით. 

ანუ სამოციან წლებში კომუნიზმის მშენებლობა ფორმალურად კი გრძელდებოდა, თუმცა, აგრაფინას და ლუბას აღარ სჯეროდათ ამ წამოწყების, ხოლო კამსამოლა უშანგები კაბის სიგრძის ზომვას ვეღარ ბედავდნენ.

ჰოდა, ერთხელ რომ ვნახეთ ეს სპექტაკლი, ბევრი ვიცინეთ და მოცილებული ჭირი გვეგონა, თავიდან არ მოგვინდომეს, კომკავშირული ცენზურა, ზომვა და წონვა?!

P.S. ქვემოთ რომ ფოტოა, ამის გამო ატეხეს წიოკი”.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
იზი
ვინ დაგაყენა უშანგი შენ კომუნიზმის კართან სახაზავით ხელში
05:54 / 03-09-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS