24 ივლისი, 2019
გუშინ დავბრუნდი გურიიდან, დაზაფრული - რას წერს ზურა შევარდნაძე რეგიონზე
გუშინ დავბრუნდი გურიიდან, ცოტა დაზაფრული, – ამის შესახებ მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს.

“აქამდე არასდროს არ მინახავს ამდენი დაუხნავი და დაუთესავი ყანა, დაუმუშავებელი ბახჩა და აბალახებული ეზო. ყველა მეზობელი, ნათესავი, მოკეთე და მოყვარე ვისაც კი მუშაობა შეუძლია თურქეთშია წასული ჩაის საკრეფად. ისტორიებს, რომელსაც იქედან დაბრუნებული გამოწურული, ენერგია გამოცლილი, დამცირებულები ყვებიან ძნელი მოსასმენია მეტისმეტად.

ჩოხატაურში საკვირაო ბაზარზე ჩემი გურულები არ მომეჩვენა ისეთი ლაღები და გულანთებულები როგორიც სულ მახსოვს. მობუზული, დაბნეული და გაჩიჩინებულია ყველა და ყველაფერი.
ხუმრობენ, ოხუნჯობენ, არც სითბოს აკლებენ ერთმანეთს და არც სიყვარულს, იმედიანად, რიხიანადაცაა ზოგი, მაგრამ ვფიქრობ და ვერ ვხვდები რა მოხდება ასე თუ გაგრძელდა.
არ ვიცნობ არავის ვისაც ვალი არა აქვს..

გურიაში იმ დროს ვცხოვრობდი, როცა თვეობით შუქი არ გვქონდა და არაფერი სულ არაფერი არ ხდებოდა, მაგრამ არასდროს ნაგომარში, სუფსის ჭალაში “კორიზაის ველზე”, “მერეში” დაუთესავი ყანა არ მახსოვს. ოდის წინ მინდორი აბალახებული უსაშველო სირცხვილად ითვლებოდა… რა ნახა თვალმა, ჭიშკრების და ღობეების სიმაღლეა ალინჯა და ჭიაფერა..

შრომა დაგვავიწყდაო ვიტყვით, მაშინ თურქეთში როგორ ვშრომობთ? არ მგონია თურქი უშრომელს და მუქთახორას გააჩერებს შინ.
იმედ გადაწურული ჩვენი მტერი იყოს, მაგრამ რა ვქნათ, რა გზას დავადგეთ, რა ვიღონოთ?
არაფერზე პასუხი არ მაქვს, მარტო იმას ვხვდები, რომ ასე გაგრძელება არ გამოვა.
ეგებ თქვენ გქონდეთ პასუხი..”, - წერს ზურა შევარდნაძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
!!!
ბატონო ზურა,პასუხი ერთია:როგორც თქვენ მიატოვეთ გურია და იქ აღარ გინდათ ცხოვრება,ასე მიატოვეს მათაც და უპატრონო მხარეს დაამსგავსეს!!!ძალიან მომწონს გარდენია,მაგრამ თბილისში იოლი და მომგებიანია ის,რასაც თქვენ აკეთებთ!
20:30 / 27-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS