23 მაისი, 2013
ვისზე ეფიქრებათ სომხეთიდან დაბრუნებულ ''კომედი ჯგუფის'' ბიჭებს
ჩვენ დაოჯახებული ყმაწვილები გახლავართ და ვცდილობდით, მანდილოსნები შორიდან შეგვეფასებინა. ცოტა ხნის წინ ''კომედი ჯგუფის'' რამდენიმე წევრი ჯგუფის ხელმძღვანელთან, ალეკო მალხაზიშვილთან ერთად სომხეთიდან დაბრუნდა. იუმორისტები მეზობელი ქვეყნის ''კავეენის'' 20 წლის იუბილეზე მიიწვიეს. ვიზიტის ორ მონაწილეს, ირაკლი კირთაძესა და მიშა ცინცაძეს, ერევანში ვოიაჟის დეტალებზე ვესაუბრეთ.

ირაკლი:
- ქართულ ''კავეენს'' თავის დროზე თავისი სიტყვა აქვს ნათქვამი საერთაშორისო ასპარეზზე, ამიტომ ამ ამბავს არ გამოგვაპარებდნენ. გარდა ამისა, ჩვენ ვმეგობრობთ სომხურ ჯგუფთან ''ნოვიე არმიანე''.
მიშა:
- ფანტასტიკური გარემო იყო, შევხვდით ისეთ ''კავეენშიკებს'',
რომელთა ყურებისას მე პირადად ვიზრდებოდი - გარიკ მარტიროსიანს, სემიონ სლეპაკოვს და ა.შ. იყვნენ ახალგაზრდა გუნდებიც. ჩვენი გამოსვლა ყველას ძალიან მოეწონა. წარმოვადგინეთ ქართული სადღეგრძელოები რუსულად და მუსიკალური ნომერი, სინთეზი ქართულ-ევროპული მუსიკისა. მოგეხსენებათ, ჩვენ ჯგუფ ''სილიკონის'' ახალი თაობა ვართ (იცინის).
ირაკლი:
- ჩვენ გარდა გალაკონცერტში მონაწილეობა მიიღეს მიშა ანდღულაძემ, ალეკო მალხაზიშვილმა და ლაშა გაბუნიამ.
- როგორ გაგიმასპინძლდნენ სომხები?
- რატომღაც მეგონა, რომ ჩვენნაირი სტუმართმოყვარე ერი მეორე არ არსებობდა. საბედნიეროდ, ვცდებოდი. ენით აუწერელი პატივი გვცეს, ეს მხოლოდ რესტორნებში დაპატიჟებით არ გამოიხატებოდა, ძალიან ყურადღებიანი ხალხია.
- იქაური კერძები მოგეწონათ?
- ყველაფერი. ჩემი საყვარელი ფილმია ''მიმინო'', იქ რომ არის ფრაზა - ''უ ვას ნე უმეიუტ გატოვიტ ტოლმუ'', სულ მწყდებოდა გული ამაზე. მეგონა, დედაჩემზე გემრიელ ტოლმას ვერავინ ამზადებდა. მაპატიე, დედა, მაგრამ უნდა ვაღიარო, უმაგრესია სომხური ტოლმა.
მიშა:
- მე და ანდღულაძეს გადაგვხდა ბევრი საინტერესო ამბავი (იცინიან).
ირაკლი:
- ამათ რა გადახდებოდათ, ჩასვლიდან 48 საათი ეძინათ. კონცერტის დღეს ვნახე ორივე. არც იცოდნენ, რომელ ქვეყანაში იყვნენ, რას აკეთებდნენ. ორი მძინარე მზეთუნახავი გვახლდა... ქუჩაში ქართულად რომ ვლაპარაკობდი, იქაურ ქართველებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. გაჩერდებოდა მანქანა, მოგვესალმებოდნენ, მოგვესიყვარულებოდნენ, ცოტას გავივლიდით, - ქართველები ხართ, ბიჭებო? უხ, თქვენ გენაცვალეთ, იყო გადმოძახება მანქანიდან. მოკლედ, ვეღარ ვიგებდით, თბილისში ვიყავით თუ ერევანში. ძალიან ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ამნაირი პატივისცემა არსად მახსოვს.
Rating- სმა ჩვენნაირი იციან?
- არა, ჩვენთან შედარებით, ევროპულად სვამენ.
- მერე, როგორ მოერგეთ იქაურ წესებს?
- სხვათა შორის, კონცერტის დამთავრებიდანვე ყურადღების ცენტრში ვიყავით. კონცერტის მონაწილეთათვის ერთ-ერთ კლუბში ბანკეტი გადაიხადეს. ჩვენ თბილები და საყვარლები ვართ და ყველა ცდილობდა, ჩვენთან დაემყარებინა კონტაქტი, ფოტოები გადაეღო.
- ქალბატონებიც?
- არა, ჩვენ ძირითადად მამაკაცებზე ვართ ორიენტირებულნი (იცინიან). ხუმრობა იქით იყოს და ჩვენ დაოჯახებული ყმაწვილები გახლავართ და ვცდილობდით, მანდილოსნები შორიდან შეგვეფასებინა.
მიშა:
- ქართველი ქალები ჯობია სომხებს, რაც მართალია, მართალია.
ირაკლი:
- ჰო, მაგრამ ერთი-ორი გოგო ვნახე ისეთი, რომ დღემდე მეფიქრება.
მიშა:
- ეჰ, მეც მეფიქრება ვიღაცებზე (იცინიან).

ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მანანა_131
მიხარია, როდესაც ასეთ თბილ და მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრობენ! ასეც უნდა იყოს, ჩვენ ხომ ბევრი რამ გვაქვს საერთო! მხოლოდ ურთიერთ სიყვარული და პატივისცემა მიგვიყვანს ჩვენს ერებს სიკეთის გზით გამარჯვებამდე !!!
16:29 / 26-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS