"ზუსტად ერთი წლის წინ, ამ დროს და ამ წამს, მხიარული განწყობით თავის მე-19 დაბადების დღეს შეხვდა. უამრავი ოცნება ჰქონდა, მთავარი განათლება და თბილისში სამსახურის დაწყება იყო. იმსახურებდა განსაკუთრებულ პატივისცემას და სიყვარულს მთელს ხეობაში, უბანში თუ გარემოცვაში. მისი ხასიათის მოკრძალებულ და უაღრესად დადებით თვისებებზე ერთხმად საუბრობენ. არ დაიარება ქვეყანაზე ერთი ინდივიდი, ვისაც თემირლანის უკმეხი სიტყვა, თავხედობა ან აგრესია ახსოვდეს.
ძალიან მიმძიმს დღევანდელი დღის გათენება. ვერაფერს ვეტყვი მშობლებს, მის დებს. გულწრფელად ვიტყვი და მცხვენია მათ წინაშე, რომ ვერ მოვახერხე სიმართლის დადგენა, თითქოს არაფერი გამიკეთებია და ფუჭად გაიარა ყველანაირმა ძალისხმევამ, ფაქტია, რომ არაა დასჯილი თემირლანის მკვლელი. განა ეს უნდა ჰქონდეს სანატრელი მის მშობლებს? რა ვთქვა, როდესაც ნაცვლად ნუგეშისა, ნაცვლად მათი დაიმედებისა, ჯერ კიდევ ორი დღის წინაც, პატივი და ღირსება აჰყარეს ოჯახს ახალი განცხადებებით. უთანასწორო და უღირსია ეს ორთაბრძოლა, მე აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას ცალკე ათასგვარ ცილისწამებაზე, რომელიც გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გავრცელდა მაღალჩინოსნების მიერ. ერთს ვიტყვი, ღმერთი დიდია და სამართლიანი! ყველა თანამდებობა დროებითი, ყველაფერი წარმავალი... მე მხოლოდ შეგახსენებთ, თემირლანი დღეს 20 წლის გახდებოდა და ეს ფრაზა, სიცოცხლის ბოლომდე გაგახსენებთ თავს".