18 თებერვალი, 2014
ვარსკვლავების 5 სენსაციური აღიარება ოპრა უინფრის შოუზე
ერთ ღამეში ყველაფერი შეიცვალა და ამას ვერაფერს ვუხერხებდი. არ იყო იოლი ამის ახსნა საკუთარი თავისთვის 29 იანვარს ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი, ერთ-ერთი უმდიდრესი და გავლენიანი ქალი მსოფლიო შოუბიზნესში ოპრა უინფრი 60 წლის გახდა. მის შოუს არსებობის განმავლობაში ასობით ცნობილი ადამიანი სტუმრობდა. ისინი სტუდიაში ყვიროდნენ, ტიროდნენ ან ხარობდნენ. სპეციალურად მისი იუბილესთვის გავიხსენოთ ვარსკვლავების ყველაზე ემოციური აღიარებები ოპრას შოუზე.

ალბათ, შედარებით ახალი აღიარებით ღირს დაწყება. 2013 წლის ზაფხულში ოპრას სკანდალურად ცნობილი მსახიობი ლინდსი ლოჰანი სტუმრობდა. ექსკლუზიურ ინტერვიუში მან
თავისი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდები გაიხსენა - თვალზე ცრემლებმომდგარმა. ლინდსიმ იმ დღეს მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ საკუთარი თავის ყველაზე დიდი მტერი თავადაა და აქედან მოდის ყველა მისი უბედურება - ალკოჰოლიზმისა და ნარკოდამოკიდებულების ჩათვლით, რომლებმაც ცხოვრება მოუშხამეს.

თუმცა ამას გვიან მიხვდა, ადრე კი ეგონა, რომ ისეთი უნდა ყოფილიყო, როგორიც ყველა: ალკოჰოლითა და კოკაინით გაბრუებული. ''დილით თავს საშინლად ვგრძნობდი, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას მაიძულებდა, კიდევ მეტი დამელია. ეს წვეულებების განუყოფელი ნაწილი იყო: ყველა სვამდა და მეც ვსვამდი''.

თავისი ამგვარი დამოკიდებულებების ერთ-ერთ მიზეზად ლინდსიმ თავის ოჯახში არც ისე მარტივი ურთიერთობები დაასახელა. აღიარა, რომ ნამდვილ ქაოსში იზრდებოდა და ყველაფრისგან გაქცევის ერთადერთ საშუალებად ალკოდოპინგი რჩებოდა. ამას დაემატა პოპულარობა ნაადრევ ასაკში, რასაც მისმა არამყარმა ბავშვურმა ფსიქიკამ ვერ გაუძლო. პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთ გზად ალკოჰოლი და ნარკოტიკები იქცა. აღიარება ლინდსიმ იმით დაასრულა, რომ მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, რომ ისევ ბედნიერი გახდეს და ადამიანთა ნდობა დაიბრუნოს.

2013 წლის იანვარში ოპრას გულახდილი ინტერვიუ ჰქონდა ამერიკელ ველომრბოლელ ლენს არმსტრონგთან. თავდაპირველად არ იგეგმებოდა არავითარი აღიარება, თუმცა საუბრის განმავლობაში, რომელმაც ორსაათ-ნახევარს გასტანა, ოპრამ ლენსი მართლა აალაპარაკა. არმსტრონგმა ტელეწამყვანს უამბო, რომ სპორტული მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად აკრძალულ ნივთიერებებს იყენებდა. მცირე ხნით ადრე, 2012 წლის დეკემბერში, ველოსიპედისტების საერთაშორისო კავშირმა სპორტსმენს ყველა ტიტული ჩამოართვა და სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცა.

არმსტრონგი ყველაფერს უარყოფდა, თუმცა ოპრასთან მაინც გატყდა: ''შეუძლებელია, დოპინგის გარეშე შვიდჯერ მოიგო ''ტურ დე ფრანსი''.

2012 წლის ზაფხულში ოპრას შოუზე რიანა ატირდა. გოგონამ ისაუბრა რთულ ურთიერთობებზე თავის შეყვარებულ კრის ბრაუნთან, რომელმაც ერთხელ სასტიკად სცემა. ''მე დავკარგე საუკეთესო მეგობარი. ერთ ღამეში ყველაფერი შეიცვალა და ამას ვერაფერს ვუხერხებდი. არ იყო იოლი ამის ახსნა საკუთარი თავისთვის''. ისიც აღიარა, რომ, მომხდარის მიუხედავად, სურდა, დაეცვა კრისი პრესის, ნაცნობებისა და თაყვანისმცემლების თავდასხმებისგან: ''ვინ დაეხმარება? არავინ იტყვის, რომ მას დახმარება სჭირდება. ყველა იტყვის, რომ ის მონსტრია. მე კი ვგრძნობდი, რომ უნდა დამეცვა''.

ამბობენ, ორი ადამიანის ურთიერთობა მხოლოდ მათია. მართლაც, რიანამ მოგვიანებით აღადგინა კრისთან ურთიერთობა, 2013 წელს ''გრემისაც'' ერთად დაესწრნენ, მერე ისევ დაშორდნენ და რიანამ საჯაროდ დაწვა კრის ბრაუნის მიერ დაწერილი საბოდიშო ბარათი.
2010 წლის ოქტომბერში ოპრას ჰარი პოტერის ''დედა'', ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი ჰყავდა სტუმრად.

პატარა ჯადოქრის შესახებ ეპოპეის ავტორმა აღიარა, რომ საშინელი დეპრესია დაეწყო და ფსიქოთერაპიის კურსიც კი გაიარა: ''არ ვამბობ საჯაროდ, რომ თავის მოკვლა მინდა, არც იმას, რომ ცოტა უბედურად ვგრძნობ თავს. ვცდილობ, თავი ავარიდო მსგავს თემებს, რომ სულიერი წონასწორობა შევინარჩუნო''. მწერლის თქმით, ის დაღალა პოპულარობამ, რის ფონზეც მარტოხელაც გახდა - დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო და ნილ მიურეის დაშორდა. თუმცა ამ ეთერის შემდეგ მწერლის ცხოვრება ცოტა დალაგდა - ისევ დაუბრუნდა კალამს და ამჯერად დიდებისთვის დაწერა წიგნები: ''შემთხვევითი ვაკანსია'' და ''გუგულის ძახილი''.

ცოტა უფრო შორსაც დავბრუნდეთ - 2005 წლის მაისში ოპრას ტომ კრუზი სტუმრობდა. მაშინ 42 წლის ტომი ახალგაზრდა მსახიობ კეტი ჰოლმსზე იყო შეყვარებული, ეს კი საუბრის მთავარ თემად იქცა. ტომ კრუზი რამდენჯერმე ახტა დივანზე მაყურებლის აპლოდისმენტების ფონზე, დარბოდა გადასაღებ მოედანზე, მუხლზე ეცემოდა, იცინოდა, ყვიროდა, რომ შეყვარებულია - ერთი სიტყვით, ნამდვილი შეყვარებულივით იქცეოდა. სიყვარული მართლაც გადაიზარდა ქორწინებაში, რომლის შემდეგაც გაჩნდა სური, თუმცა 2012 წელს ტომი და კეტი გაიყარნენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნანიკო
ნანუკა ბაძავს ძაან ოფრას,მაგრამ გამოსდის? ვერაააააააააა :))
13:47 / 18-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS