06 ივლისი, 2018
"არ ვიცი რა უნდა ვთქვა, რომ დაამთავრებს მენტორი სიტყვას" - რა შეემთხვა რუსკა მაყაშვილს "იქს ფაქტორის" სცენაზე
უკვე 4 სეზონია, „იქს ფაქტორის“ უცვლელი წამყვანი მსახიობი რუსკა მაყაშვილია. მიუხედავად მრავალწლიანი გამოცდილებისა, ამბობს, რომ ყველა ლაივის წინ ნევრიულობისგან ფეხები ეკეცება. მსახიობი ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, თუმცა, მაინც ახერხებს, რომ ყოველ ჯერზე განსხვავებული იყოს. წლევანდელ „იქს ფაქტორზეც“ მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული იმიჯით წარსდგა.

- „იქს ფაქტორის“ ამ სეზონმა ნამდვილად ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ასეთი, ერთი მეორეზე უკეთესი კონკურსანტები, პირდაპირ ვიტყვი, ამ კონკურსს არასდროს ჰყოლია. ჩემთვის წლევანდელი სეზონი საუკეთესოზე საუკეთესოა. საინტერესო ფინალი გველის წინ, ყველა ღირსია, გახდეს გამარჯვებული.


- თქვენ იყავით ჟიურის წვერი „ნიჭიერში“, ასევე ხართ წამყვანი „იქს ფაქტორში“, ეს ორი სხვადასხვა ამპლუა, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს, შეაფასეთ ორივე საქმე თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, სირთულეებით...

- პასუხისმგებლობა ორივეს სჭირდება, მაგრამ როცა ჟიურის წევრი ხარ, სხვანაირად მუშაობ, ცოტა უფრო მშვიდად ხარ. კი, რთულია კონკურსანტის შეფასება, არაფერი არ უნდა შეგეშალოს, მოზომილად უნდა უთხრა სათქმელი და ა.შ., მაგრამ, როცა მიგყავს შოუ, ხარ პირდაპირ ეთერში, სულ დაძაბული და მობილიზებული უნდა იყო. მეოთხე წელია „იქს ფაქტორი“ მიმყავს, იქამდე წამიყვანია „ერთი ერთში“, „ახალი ხმა“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“, გამოცდილება დიდი მაქვს, მაგრამ მართლა გეუბნები, ყოველ ორშაბათს ძალიან ვნერვიულობ. როცა წამყვანი ხარ, ერთი წამითაც არ

გაქვს მოდუნების უფლება, რადგან პირდაპირ ეთერში ხარ და ვერსად გაიქცევი. იქ სპონსორების აუცილებლად სათქმელი ტექსტი გაქვს, რომელიც ზუსტად ისე უნდა თქვა, როგორც დამკვეთს უნდა, არ გაქვს უფლება შეგეშალოს, ან სიტყვა შეცვალო, „ძალიან მაგარის“ ნაცვლად, რომ უბრალოდ „ძალიან კარგი“ თქვა, უკვე შეცდომაა და ჯარიმაცაა ამაზე. სულ დაძაბულს გიწევს ყოფნა, არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, კონკურსანტს სითბო არ უნდა მოაკლო, მაყურებელი მუდმივად უნდა გყავდეს „ჩართული“, უნდა იყო ენერგიული, ხალისიანი. მოკლედ, რთულია წამყვანობა, ყოველ ორშაბათს ეთერში ვარ, მაგრამ მაინც სცენაზე სანამ გავალ, ფეხები მეკეცება, პრინციპში ასე ვარ სპექტაკლებზეც.

- ოდესმე „გაჭედილხარ“ პირდაპირ ეთერში?
- კი, წელს არა, მაგრამ გასულ წლებში, „იქს ფაქტორი“ მიმყავდა მაშინაც, უკვე ვასრულებდით და უცებ მივხვდი, რომ საერთოდ არაფერი არ მახსოვს, არ ვიცი რა უნდა ვთქვა, რომ დაამთავრებს მენტორი სიტყვას, როგორ უნდა გავაგრძელო, არ ვიცი. „ყური“ ხომ მიკეთია სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის, რომ თუ გავჭედავ, შეგახსენოს, მაგრამ იმ მომენტში ეს ყურიც გაითიშა...

უკვე სახეზე გათეთრებული ვარ, ვანიკო რომ მორჩება ლაპარაკს, ლოგიკურადაც ვერ ვხვდები, როგორ უნდა გავაგრძელო... დაასრულა სიტყვა თანაწამყვანმა და... მქონდა ძალიან მოცუცქნული პაუზა, რომელსაც მაყურებელი ვერ მიხვდა, მხოლოდ მე და საეთერომ გავიგეთ, რომ „გავჭედე“, უცებ განათდა და გავაგრძელე საუბარი.

რეალურად მართლა პატარა პაუზა მქონდა, მაგრამ ტელევიზიისთვის ესეც ბევრია. ისე ვინერვიულე, კინაღამ გული წამივიდა. მაგის მერე ორმაგად მომატებული მაქვს პასუხისმგებლობა, რომ ტვინი არ გამეთიშოს, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცები, მე კი არა, ყველას ემართება. ამიტომ არ უნდა მოდუნდე, ორ საათ-ნახევარი სულ ჩართული უნდა იყო, რომ არ გაითიშო... ისეთი დაძაბული ვარ, ყოველი ეთერის მერე თავი მტკივა ხოლმე. იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS