დელეგაცია ისეთი აღფრთოვანებული ჩანდა მე-15 ადგილით, რომ
ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი - ორივე კარგი შემსრულებელია და ახლა ამაზე ნამდვილად არ ვიდავებთ. სიმღერა, რომელიც შვედმა კომპოზიტორმა დაგვიწერა, ასევე არ იყო ცუდი, მით უმეტეს, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, „ევროვიზიაზე“ ზოგადად რა დონის სიმღერებით გამოდიან შემსრულებლები. ეს არის ყველაზე ცუდი „პაპსა“, რომელიც მელომანს შეიძლება ღამის კოშმარად დაესიზმროს, მაგრამ ლაშა ონიანის დადგმა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. საერთოდ, რა იყო დადგმული, ისიც ვერ გაიგო მაყურებელმა. ბოლოს სოფო გელოვანი ნოდიკო ტატიშვილს კაი ლოთივით რომ მიეყრდნო მხარზე და ხელი უცნაურად მოხარა, ეს თუ ჰგონია უცხოეთში მოღვაწე ლაშა ონიანს რეჟისურა და დადგმა, ალბათ აღარ ღირს არაფერზე ლაპარაკი.
აზერბაიჯანელმა შემსრულებელმა სწორედ იმის გამო დაიმსახურა მაყურებელთა ყურადღება, მესიჯები და მეორე ადგილი, რომ კარგი პერფორმანსი შესთავაზა „ევროვიზიის“ მრავლისმნახველ მაყურებელს. საინტერესოა აზერბაიჯანის ფაქტორი. როგორც ჩანს, ჩვენი მეზობლები ამ კონკურსისთვის მართლაც პროფესიონალებს ქირაობენ და საკმაოდ დიდ ფულსაც იხდიან, ძალიან კარგად ემზადებიან, ვინაიდან რამდენიმე წლის წინ გაიმარჯვეს კიდევაც და ახლა მეორე ადგილს გამოჰკრეს ხელი. ვერავინ იტყვის, რომ აზერბაიჯანი განსაკუთრებულად მიისწრაფვის ევროპისკენ და ევროპის ყოველ მეორე ქვეყანაში იციან ამ ქვეყნის არსებობის შესახებ. ჩვენ კი „ვეტენებით“ ყველანაირად ევროპას, მაგრამ რად გინდა, მაინც ვერ გაიგეს ვერაფრით, სად მდებარეობს საქართველო და სიმღერის ნიჭით ყოველი მეორე რომ არის დაჯილდოებული, აშკარად არც ამას აღიარებენ.
ზოგადად, „ევროვიზიაზე“ რომ შესამჩნევი გახდე, სამი ამ არის საჭირო - კავშირები, დიდი ფული ან ძალიან დიდი ნიჭი. ჩვენს წარგზავნილებს შორის სასწაული ტალანტით რომ არც ერთი არ გამოირჩეოდა, ეს ერთი საკითხია. არც დიდი ფული გვაქვს და არც კავშირები, რომ ჩვენი თავი დიდი ევროპული ოჯახის წევრებს დავანახვოთ. საერთოდ, რაში ყრის ამხელა ფულს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, გაუგებარია. რატომ ვაფინანსებთ ამ კონკურსზე საქართველოს გამოჩენას მაშინ, როდესაც ამ ქვეყანას ვერავინ ამჩნევს?!.
ფაქტია, რომ ამ დრომდე, ამდენწლიანი მონაწილეობის შემდეგ, საქართველომ ევროპას ვერაფრით დაამახსოვრა თავი. ვერც კი გავიგეთ, რომ თუკი მაინც ვმონაწილეობთ და ამდენ ფულს ვყრით, მაშინ რაღაც ორიგინალურით უნდა დავამახსოვროთ თავი. შეიძლება, კონკურსანტი დიდი ვოკალით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ სცენაზე იტინგიცოს, ლესბო-შოუ მოაწყოს ან მკერდი გამოაჩინოს და ამით გახდეს დასამახსოვრებელი. მეორე მხრივ, „ევროვიზია“ აშკარად პოლიტიკურ დებილიზმში გადადის, რადგან ნორვეგია აუცილებლად შვედეთს აძლევს ხმას და შვედეთი ნორვეგიას, ხოლო საქართველო აუცილებლად აზერბაიჯანს და პირიქით. ასეთი მიკერძოებული დამოკიდებულებაა ძირითადად ამ კონკურსზე - გიცნობ? ჩემი მეზობელი ხარ? ე.ი. კარგი ხარ. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს ორჯერ „გაუვარდა“, საბოლოო ჯამში „ევროვიზია“ მაინც ამ პრინციპზეა დაფუძნებული. ან მართლა ძალიან კარგი უნდა იყო, რომ გაღიარონ და შეგამჩნიონ. საქართველოს კი „ევროვიზიაზე“ აშკარად არ იმჩნევენ. ერთია, რომ ჩვენ ვერ ვივარგეთ ვერც ერთხელ და მეორეა, რომ პოლიტიკა დიდ როლს ასრულებს.
საქართველოს ხელისუფლება ცხრა წელი რომ გვიმტკიცებდა, არიქა, „მაპზე“ უკეთესი მივიღეთო, მგონი, ზუსტად ასე დაემართა „ევროვიზიის“ დელეგაციას, არიქა, პრესამ გვაღიარა და ათეულში შესვლა რაღად გვინდოდაო. ქართველების მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალობას მუდმივად არაადეკვატურად აღვიქვამთ. ადამიანებს არ შეუძლიათ, უბრალოდ, თქვან, რომ შეეშალათ, არასწორი გათვლა გააკეთეს და სწორედ ამიტომ, მომავალ „ევროვიზიაზე“ ისევ ლაშა ონიანი დადგამს რაღაცას, ისევ თვითნებურად შეარჩევენ სიმღერასაც, მომღერლებსაც და ალბათ იგივე ან უარესი შედეგი გვექნება. მთავარი კითხვა კი ის არის, რატომ ვფანტავთ ამდენ ფულს ასეთ დიდ უაზრობაში?!.
სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის