თამო ვაშალომიძე: 2017 წელი ძალიან კარგი იყო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, 2018 მასზე უკეთესი იქნება. ყოველთვის კრიტიკული ვარ, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისედაც, ზოგადად, ამიტომ, შეიძლებოდა, უკეთესი წელიც ყოფილიყო. იყო რაღაც, თუნდაც ოჯახში, რასაც უფრო დაფიქრებულად გავაკეთებდი. ეს საქმროს არ ეხება, მაგრამ იყო რაღაც წვრილმანები, რაც ყველა ოჯახშია. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც კარგი
– საქმროსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, რაიმე გაურკვევლობა არ ყოფილა?
– არა. მადლობა ყველას და ყველაფერს, რომ მე და ჩემს საქმროს იდეალურად გვაქვს საქმე. ვცდილობ, ეს იდეალური ურთიერთობა ორივემ შევინარჩუნოთ. ბოლო პერიოდში ჩვენი თემა უფრო განხილვადი გახდა – არავინ იცოდა და უცებ გამოვჩნდი ამხელა მუცლით, ბეჭდით. ხალხი შოკში იყო, ვერ გადახარშეს, თან, ორივე ამბავი ერთად. მაგრამ არაუშავს, გადახარშავენ.
– საკუთარ თავს ამჩნევ ცვლილებებს?
– უკვე ბავშვზე ვარ გადართული. ბევრს ვკითხულობ ბავშვის აღზრდაზე. არ მინდა, ვთქვა, რომ ნამეტანი გარეკილი მაქვს, მაგრამ კარგი დედა მინდა ვიყო, კარგად აღვზარდო შვილი. არ მინდა, ჩემი შვილი ცნობილების შვილებს ჰგავდეს, მათგან 90 პროცენტი ამპარტავანია და ზემოდან უყურებენ სხვებს. მინდა, სწორად აღვზარდო. 20 დღეში უკვე მეყოლება და ყველაფერი მაინტერესებს. თან, ორსულობამ ჩემი სამოდელო კარიერა საერთოდ არ შეაფერხა. ბევრი შემოთავაზება მაქვს და ყველა ელოდება, როდის გავაჩენ, რომ მერე გადაღებები დაიწყოს.
– ძიძა შეარჩიე უკვე?
– ჩემს სადედამთილოს და მულს უნდოდათ, თავიდან, როცა ბავშვი დაიბადებოდა, მომხმარებოდნენ. იმდენად ვარ შეჩვეული მარტო ცხოვრებას, რომ გამიჭირდება ბევრ ხალხთან ერთად ყოფნა. ახლა გადავედით ახალ სახლში, ვნახე ძალიან კარგი ძიძა. იტალიაში ცხოვრობს და 25 იანვარს ჩამოდის – იმაზე მეტ ანაზღაურებას შევპირდით, ვიდრე იქ აქვს. ქართველი ემიგრანტია, პედიატრი. მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანია, 47 წლის ქალბატონი და ჩვენთან ერთად იცხოვრებს. თავიდან, ალბათ, მაინც ვეცდები, ჩემთან იყოს, რადგან ვფიქრობ: დედა როგორი დაკავებულიც უნდა იყოს, სითბო არ უნდა მოაკლოს შვილს. მხოლოდ ძვირადღირებული საჩუქრები, სამოსი არ ნიშნავს კარგ აღზრდას.
– საქმროს შვილებთან გაქვს ურთიერთობა?
– უფროსი არ არის საქართველოში, ამერიკაში სწავლობს. ორივეს ვიცნობ და ჩვეულებრივი, ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს. დღესასწაულებზე, დაბადების დღეებზე სულ ვკონტაქტობთ. და ეს, რა თქმა უნდა, მამის დამსახურებაა და ოჯახის წევრების, ვინც ირგვლივ ჰყავს.
– სადედამთილოსთანაც კარგი ურთიერთობა გაქვს?
– კი, დისტანციური. ვფიქრობ, ყველა ურთიერთობაში აუცილებელია დისტანცია. სულ უნდათ, რომ ჩემ გვერდით იყვნენ და ძალიან მიხარია. ცოტა შეიძლება, ვაწყენინე, რომ ვუთხარი ძიძასთან ერთად უნდა ვიყო-მეთქი, მაგრამ ვიცი, სწორად გამიგებენ. ასე, ჩემთვის უფრო კომფორტულია.