17 მაისი, 2013
ქართველი მადონა ნიუ-იორკში
ნინი ჭელიძე რამდენიმე წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს და სწავლობს. პარალელურად საკმაოდ საინტერესო საქმიანობით არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზულ პროფესიას ეუფლება, პოლიტიკის, ეკონომიკისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობს, სახალისო პროექტებში მონაწილეობისთვისაც რჩება დრო.

მოგეხსენებათ, მომღერალ მადონას მსოფლიო მასშტაბით უდიდესი რაოდენობის ფანი ჰყავს, თუმცა გამორჩეულად ის ნიუ-იორკში უყვართ. ფოტოგრაფმა ჯოშუა დორფმანმა მადონას სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოების „გაცოცხლება“ გადაწყვიტა და ერთ-ერთ სერიაში, რომელიც 1985 წელს ჟურნალ „ინტერვიუში“ გამოქვეყნდა, სწორედ ჩვენი მონათხრობის დღევანდელი გმირის დაკავება გადაწყვიტა. პროექტი „მადონად გარდასახვა“ რამდენიმე
სერიას გააერთიანებს და საბოლოოდ ერთ-ერთ გალერეაში დაიდებს ბინას, სადაც ყველა ფოტო გამოიფინება, მათ შორის ნინი ჭელიძის ფოტოები. დამეთანხმებით, ნინი საკმაოდ ჰგავს მადონას, თუმცა ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ჩვენებურს გაცილებით უკეთესი გარეგნობა აქვს. გადავწყვიტე, ნინის დავკავშირებოდი და მისგან გამეგო, როგორ შესთავაზეს ამ პროექტში მონაწილეობის მიღება.

RatingRating- პირველად ჩემმა ერთმა მეგობარმა შეამჩნია ჩემი მადონასთან მსგავსება და მითხრა, მადონას ჰგავხარო. მას მერე არავის არაფერი უთქვამს. მერილინ მონროს უფრო მამსგავსებდნენ. არ ვიცი, რა მოხდა 2013 წლის იანვარში, მაგრამ ამ პერიოდიდან მოყოლებული ყველამ ჩემი მადონასთან მიმსგავსება დაიწყო. ხალხი ქუჩაში მაჩერებს, კლუბებში, რესტორნებში საერთოდ სახელს არ მეკითხებიან, პირდაპირ მადონათი მომმართავენ (იცინის). რამდენიმე მეგობარი, რომლებიც ამ პერიოდში გავიჩინე, საერთოდ, მადონას მეძახის... მოკლედ, ყველგან სადაც წავალ, ამ მომღერლის სახელი აკერიათ პირზე.
ნიუ-იორკის მოდის კვირეულს ვესწრებოდი. იმ პერიოდში კვირეულის ერთ-ერთ ღონისძიებაზე ვიყავი, რომელსაც უამრავი ფოტოგრაფი ესწრე-ბოდა. ერთ-ერთი მათგანი, ჯოშუა დორფმანი მოვიდა ჩემთან და მთხოვა, სტუდიაში მინდა შენი გადაღებაო. მაშინ ვერ მივხვდი, ჩემი გადაღება რა მიზეზით მოუნდა, მაგრამ დავთანხმდი. სტუდიაში რომ მივედი, მერე მითხრა, მადონას და მერილინ მონროს გამსგავსებ და ერთად რაიმე პროექტი გავაკეთოთო. შევთანხმდით, რომ მადონას რამდენიმე ფოტოს მიხედვით გავაკეთებდით გადაღებას. ამ პროექტზე მუშაობისას კი დაიბადა იდეა, რომ მომზადებულიყო მთელი სერია მადონას შესახებ. ინგლისურად პროექტის სახელწოდებაა „RECREATING MADONNA“, ქართულად, ალბათ ასე ითარგმნება - „მადონად გარდასახვა“. პროექტის შინაარსი შემდეგნაირია, უნდა მომზადდეს მთელი სერია მადონას სხვადასხვა დროს გადაღებული ფოტოების მიხედვით. თითო სერიაში სხვადასხვა მოდელი მიიღებს მონაწილეობას და შემდეგ გალერეაში გამოიფინება ყველა ფოტო. ვინაიდან პროექტი ჯერ დასრულებული არ არის, მეტ დეტალს ვერ გაგიმხელთ. ჩემთან კიდევ ერთი გადაღება აქვს დაგეგმილი და სხვებთანაც მუშაობის პროცესშია. ზოგადად, ძალიან საინტერესო პროექტია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მადონასადმი ნიუიორკელების ფანატიკურ სიყვარულს (იღიმის).
- შენ ხარ მადონას თაყვანისმცემელი?
- (იცინის) არა!.. როგორც შემოქმედს, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისი გამორჩეულად მოყვარული არასდროს ვყოფილვარ.
- შენთვის როგორია ამგვარ პროექტში მონაწილეობა?
- ჩემთვის პირადად ეს პირველი მსგავსი გამოცდილება იყო, აქამდე არასდროს მიმიღია მონაწილეობა გადაღებებში, მაგრამ რაც ეს ფოტოები ბლოგზე, „ინსტაგრამზე“, „ფეისბუქზე“ დაიდო, კიდევ რამდენიმე ფოტოგრაფისგან მივიღე შემოთავაზება. ამჟამად მოლაპარაკების პროცესში ვართ. სავარაუდოდ, მაისში კიდევ ორი გადაღება მექნება.
ცოტა კი მეცინება, რომ ვხვდები, რა მდგომარეობაში ვარ. ფოტომოდელობაზე არასდროს მიფიქრია და უცებ სხვადასხვა შემოთავაზებას ვიღებ. კამერის წინ დგომა კი მიყვარს და შესაბამისად, უარს არ ვამბობ!.. ძალიან სასიამოვნო გამოცდილებაა. უამრავი ხალხი გავიცანი გამომდინარე იქიდან, რომ ფოტოებითა და პროექტით დაინტერესდნენ. ასე რომ, მადლობა მადონას (იღიმება)!..

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ანა
ზალიან ლამაზი ხარტ წარმატებას გისურვებტ
14:39 / 20-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დათიკო48
ერთი ჩეჩენი ტყუპის ცალივით გავს ალ პაჩინოს,"მეისისში" რომ შევიდა ცოლთან ალასთენ ერთად მოლარემ იყვირა:ალ პაჩინოა ჩვენთანო,და ამ ამბის შემდეგ აღარ დაიარება მაღაზიებში,ისე "სვარშიკია".
01:22 / 19-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS