„ჯეოსტარის“ გამარჯვებული ოთო ნემსაძე, მოგეხსენებათ, უკრაინულ „ვოისში“ მონაწილეობის მისაღებად მცირე ხნის წინ მიიწვიეს. ორგანიზატორებს ძალიან უნდოდათ, რომ ის მათი პროექტის ერთ-ერთი კონკურსანტი გამხდარიყო, ამიტომაც ყველაფერი იღონეს იმისთვის, რომ მომღერალს ფინანსების არქონის გამო კიევში გამგზავრებაზე უარი არ ეთქვა და ბევრი რამის ანაზღაურება საკუთარ თავზე აიღეს. სანამ პირველი, მეორე და მესამე ტურები მიმდინარეობდა, ოთოს საქართველოსა და უკრაინის გზაზე აქეთ-იქით სირბილი უწევდა, ახლა კი საქმე სხვაგვარად არის. 10 მაისიდან უკვე დაიწყო „ვოისის“ ლაივ-კონცერტები,
პირველ ტურზე, ბრმა კასტინგის დროს, ოთომ ჟიურის წევრები ნინა სიმონეს სიმღერით შემოაბრუნა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა, შემდეგ კი ცნობილი უკრაინელი შემსრულებელი სლავა ვაკარჩუკი აირჩია მწვრთნელად. მეორე ეტაპზე, როდესაც რინგის ჯერი დადგა, მან ანასტასია გარიოხოვას მოუგო. მაიკლ ჯეკსონის სიმღერა გადამწყვეტი აღმოჩნდა და მწვრთნელმა ოთოს ნამღერი ამჯობინა. სუპერრინგზე გამარჯვება კი, როგორც თავად ოთო ამბობს, არც ისე ადვილი ყოფილა და ნერვიულობაც შეხვდა ამის გამო.
ოთო ნემსაძე:
- როგორც ნახეთ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოდან, რინგი უკვე გავიარე. ჯეკსონის სიმღერა შევასრულე, მაგრამ არ მინდოდა. ეს მომღერალი ძალიან მომწონს, მაგრამ მისი სიმღერა არასდროს მიმღერია და ვფიქრობ, რომ არ არის ჩემი სტილი. ეს სიმღერა უფრო მეტად გოგონას არჩევანი იყო. ანასტასიამ ბრმა კასტინგზეც ჯეკსონის სიმღერა შეასრულა. მასთან პაექრობა არ გამჭირვებია, თუმცა ცოტა მაინც ვინერვიულე, სიმღერა უფრო მაღალ რეგისტრში გაკეთდა, ვიდრე ჩემს ხმას შეეფერებოდა, რადგან გოგონა დაბლა ვერ იმღერებდა. რაღაცები დავთმე, მაგრამ, როგორც ნახეთ, ბო¬ლომდე არ დამითმია მაინც (იღიმის)!..
ამის შემდეგ იყო სუპერრინგი, რომლის დეტალების გამხელა ჯერ არ შემიძლია, მაგრამ რამდენიმე სიტყვით მაინც გეტყვით. სუპერრინგზე შემხვდა წლევანდელი „ვოისის“ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე. ეს იყო თურქი ტუფანი, ჰარდ-როკერი, სუპერრინგზე სხვადასხვა სიმღერა შევასრულეთ და გამარჯვებული ისევ მწვრთნელს უნდა აერჩია. მოდი, არ გეტყვი, რა ვიმღერე და სიურპრიზი იყოს, მაგრამ უცხოური სიმღერა გახლდათ. შანსები 50-50-ზე იყო, მაგრამ აქაც არაფერი დამითმია.
ახლა სულ 16 კაცია დარჩენილი. ოთხი გუნდია თითოში 4 კაცით. შესაბამისად, ჩემი პირდაპირი კონკურენტი ჩემივე გუნდის სამი კონკურსანტია. ცოცხალი კონცერტები, სავარაუდოდ, 10 მაისიდან დაიწყება. პირველ ტურზე ამ 4 ადამიანიდან მხოლოდ ორის გადაყვანაა შესაძლებელი, ერთი მიღებული მესიჯებით გადადის შემდეგ ტურში, მეორე კი მწვრთნელს გადაჰყავს. საინტერესო ისაა, რომ საქართველოდანაც შეიძლება მესიჯების გამოგზავნა, თუმცა უშუალოდ ცოცხალი კონცერტების დროს. ჯერ ნომერს ვერ გეტყვით, რადგან არ დაანონსებულა.
- შენ ალბათ მცირე ხნით უკრაინაში გადასვლა მოგიწევს...
- მომიწევს, რადგან რეპეტიციებისთვის უფრო დიდი დრო დაგვჭირდება. ღია ეთერში შესრულებისას უფრო რთულდება ამოცანა, რეპეტი-ციები. ალბათ ერთი კვირით ადრე გავემგზავრები, სანამ ლაივ-კონცერტები დაიწყება. ჩემი ფრენის ხარჯებსა და სასტუმროს პროექტის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ. დანარჩენი კი არაფერი დამჭირდება, რადგან სულ რეპეტიციებზე ვიქნები. ძალიან რთული რეჟიმია. ისიც ძნელია, რომ სრულიად უცხო გარემოშო ჩახვიდე და რაღაც აკეთო, მაგრამ სირთულეებს მიჩვეული ვარ, ამასაც შევეჩვიე და მეგობრებიც გავიჩინე უკვე.
- იმ სამი ადამიანიდან შენს კონკურენტად ვის განიხილავ?
- ამაზე სპეციალურად არ ვფიქრობ, რადგან სუპერრინგიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე გავაგდე. არასდროს ვფიქრობ ხოლმე მომავალ ტურებზე, ალბათ, როდესაც იქ დავდგები, მესიჯების გამოცხადების წინ დავიწყებ ამაზე ფიქრს.
- ვაკარჩუკისგან სიმპათიას გრძნობ?
- არავის აგრძნობინებს ზედმეტს და ყველას თანაბრი შანსები აქვს, ძალიან სამართლიანი ადამიანია. ვისზეც გვეგონა, რომ დარჩებოდა, ვერ იმღერა და მას პროექტი დაატოვებინა.
- მესიჯების იმედი გაქვს? რადგან ქართველი ხარ, შესაძლოა, უკრაინელებმა ნაკლებად დაგიმესიჯონ თუ პირიქით ფიქრობ?
- არ არის გამორიცხული, კარგად თუ ვიმღერე, მწვრთნელმა გადამიყვანოს, მაგრამ იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მესიჯებითაც გადავიდე, რადგან დღეს უკრაინაში სალაპარაკო თემა მე ვარ. შესაძლოა, არავინ დამიმესიჯოს, მაგრამ შეიძლება, გოგონებმა დამიმესიჯონ. ჯერ არ ვარ გარკვეულ იქაურ რეალობაში. ისევ და ისევ საქართველოს იმედი მაქვს და კიდევ ერთხელ უნდა შეგაწუხოთ. პირველ ლაივ-ტურზე უკრაინულ სიმღერას შევასრულებ. იმავე რანგის სიმღერაა, რაც ჩვენთვის გოგი დოლიძის „რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს“ არის. ისეთი სიმღერა იქნება, რომ ყველა უკრაინელს თვალზე ცრემლი მოადგება.
- და იმედი მაქვს, რომ მესიჯებსაც უხვად გამოიმეტებენ.
- მეც ამის იმედი მაქვს (იღიმის)!..
ჟურნალი „რეიტინგი“