- დიდი ხანია, სცენას ჩამოშორდი, თუმცა მესამე სეზონია, ''ახალი ხმის'' მწვრთნელებში ხარ. ეს რამ განაპირობა?
- მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც წითელ სავარძელზე დამსვა. მთელი ჩემი ძალისხმევა მათი იმედების გასამართლებლად იყო მიმართული და თუ ზედმეტი მომივიდა, ჩემ თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ანუ ზედმეტში ვგულისხმობ იმას, რომ ორივეჯერ ჩემმა კონკურსანტმა მოიგო პროექტი. ყველაზე ბედნიერი იმით ვარ, რომ დღითიდღე ორივე მათგანი არწმუნებს საზოგადოებას, რომ ეს პროექტები სწორედ მათ უნდა მოეგოთ, ამ ბავშვებმა თქვეს თავიანთი სიტყვა და იყვნენ საუკეთესოები. ჩემი დამსახურება ის იყო, რომ ეს ბავშვები ასე წარმოჩნდნენ. თუ დეტალებს ჩავუღრმავდებით, სალომე ქათამაძისა და ეკა დოლიძის რინგზე დარბაზიც და მწვრთნელებიც მომიწოდებდნენ, რომ სალომე გამეგდო. მათ შორის ის მწვრთნელებიც, რომლებიც ახლა კითხულობენ, რა გაუკეთა კონკურსანტებს დათო ფორჩხიძემო. მაწვებოდნენ, სალომე გააგდეო. ალბათ, იმიტომ, რომ ძლიერი მომეშორებინა. ეკა დოლიძე რომ კარგი კონკურსანტი იყო, ამას მარტო მე მივხვდი და ისიც შეგიძლიათ ნახოთ, სხვა მწვრთნელები რას ლაპარაკობდნენ ეკას შესახებ ტიტრებში, ეს მარტო ყვირილიაო. ეკა ვარსკვლავად იქცა და გოგონა, რომელიც საერთოდ ვერავინ შეამჩნია კასტინგზე, რინგზე საუკეთესოდ წარმოჩნდა. სალომე ქათამაძესთან კი ეკა დოლიძემ თავად მოინდომა დადგომა. მე სხვას შევთავაზე. ვკითხე კიდეც ეკას, გაქაჩავ-მეთქი? არ მეგონა, რომ გაქაჩავდა, მაგრამ ასე მოხდა. ეკა შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, მაგრამ ბევრად აჯობა ამ გამოსვლით სხვებს, რომლებიც შემდეგ ტურებში გადავიდნენ. კიდევ მე ვარ დამნაშავე, თუ პირიქით, ჩემი დამსახურება უნდა დაინახოთ ამაში? მე რომ ღილაკზე არ დამეჭირა, არ შეიქმნებოდა ეს ''საპნის ოპერა'' .
ფსიქოლოგიურად კონკურსანტები ძალიან ცუდ დღეში არიან ხოლმე და კვირაობით ვმუშაობ ამაზე, რომ დავაწყნარო. რატომ მოდიან ჩემთან? ფულიანი ვარ? რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ჩატარდა ეს შოუ, რომელთა მწვრთნელებს შორის მე ყველაზე ღარიბი ვარ.
- წინა სეზონებზე, დიდებსა თუ პატარებში, ასეთი დაპირისპირება მწვრთნელებს შორის არ მახსოვს.
- დაძაბულობა პირველივე დღეს არ დაწყებულა. ბრმა კასტინგები ორ დღეში ჩავწერეთ და მერე დაიჭრა სხვადასხვა დღისთვის. აწი უყურეთ, რა იქნება!..
- დაპირისპირება დაიწყო შოთა ადამაშვილის გამო, მაია დარსმელიძემ სტატუსი გამოაქვეყნა და იქ მინიშნება იყო შენზე. იყო საუბარი უიტნი ჰიუსტონიზაციაზე და ასე ვთქვათ, ვიწრო ჟანრის მიმდევრად წარმოგაჩინა.
- არ მაინტერესებს, რა თქვა მაია დარსმელიძემ და არ მაინტერესებს მასზე საუბარი. მე მომწონს არა ჟანრები, არამედ ის გენიოსები, რომლებიც ამა თუ იმ ჟანრში მოღვაწეობენ. იგივე შეიძლება ვთქვა უიტნი ჰიუსტონზე. შესაძლოა, მე როგორც ვოკალისტი, ვიწრო პროფილით
ვმუშაობდი, მაგრამ როცა როგორც მწვრთნელი დავჯექი გადაცემაში, მითხრეს, რომ მხოლოდ ერთი ჟანრით არ უნდა შემოვფარგლულიყავი. თუკი შოთა ადამაშვილმა ჩამაბარა თავისი ბედი, მოდი, მას დავაცადოთ და მერე თვითონ გადაწყვიტოს, ინანებს თუ არა. რატომ ფიქრობდა უმრავლესობა, რომ ის სხვა მწვრთნელთან უნდა წასულიყო? იმიტომ, რომ სხვანაირად გამოიყურება და წვერი აქვს? ის, რომ დათო ფორჩხიძის მეგობარი ამეცადინებდა ვოკალში, კი ბატონო, არკვიეთ ეს, რამდენიც გინდათ, მაგრამ აზრი არა აქვს.
- მაია წერდა, რომ მთელი დარბაზი უყვიროდა შოთას, მაიასთან წადიო.
- ეს ბიჭი ხუთი წუთით ადრე მღეროდა კარგად, წავიდა ფორჩხიძესთან და უცბად ცუდ მომღერლად გარდაისახა?!. მთელმა საქართველომ რომ მიყვიროს, ქალი ხარო, ქალად გადავიქცევი უცბად? ეს ბიჭი ამბობს, მე დათოსთან მინდოდაო.
- დათო, ასეთი კარგი ფსიქოლოგი ხარ, რომ შოთა ადამაშვილის განწყობები გამოიცანი? თუ იცოდი, რომ მან, როგორც მოგვიანებით თავად თქვა, პროდიუსერს უთხრა, თუ ჩემი სტილის სიმღერას არ შემასრულებინებთ, საერთოდ არ გამოვალო? შენ უთხარი მას, რაც გინდა, იმას გამღერებო და როგორ მიხვდი, რომ ამაზე ''წამოეგებოდა'' ?
- ყველა კონკურსანტს, ვინც აქამდე გამოსულა ''ახალ ხმაში'' და ვინც შემდეგ გამოვა, ჩემი სამი შვილი მირჩევნია, შემიძლია, ჩემი შვილები და მათი მომავალი დავიფიცო, რომ შოთა ადამაშვილზე არანაირი ინფორმაცია არ მქონია. არ გავიხარო მე და ჩემმა ოჯახმა! ახლა ვთქვა, ვინც დამაბრალოს, იმის დედაც-მეთქი? აბა, რა გავაკეთო? ტყუილია, რომ რამე ვიცოდი.
- აბა, ამ აგრესიას რას აბრალებ?
- რა ვქნა, ქალბატონია და ხომ არ ავყვები? ამტკიცებს, რომ ვუყვარვარ, ჩვენ ბევრჯერ გვიჩხუბია და შევრიგდებითო. არავისთან არ მიჩხუბია და არც შევრიგდები. შოთა ადამაშვილს არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცნობდი რეზიკო დიდებაშვილს. ამ ნაცნობობას საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს, თუკი ბავშვი აგირჩევს. ჩემს ცოლს ისეთი მაგარი თაყვანისმცემლები ჰყავდა, მაღლები, ლამაზები და კუნთიანები, დამეთმო რომელიმესთვის, ის უფრო მოგივლის-მეთქი, მეთქვა? შოთას ვუთხარი, მე უფრო კარგად მოგივლი-მეთქი და არ უნდა მეთქვა? დამანებოს თავი ყველამ. მოვუვლი ჩემს კონკურსანტებს და მაიას ვინც ჰყავს, იმათ მოუაროს. მოეწონა ეს ბიჭი და გული დასწყდა, რომ მასთან არ წავიდა. მე არ დავიწყებდი გარჩევას.
- ხომ არ იწვევს აგრესიას ის, რომ სულ იგებ?
- რა ვქნა, წავაგო? მე რა უნდა გავაკეთო, როცა ჩემი კონკურსანტები კარგად მღერიან. ახლაც, წინა გადაცემაში იყო შემთხვევა, რომ სცენაზე აუცვივდნენ და მაინც ჩემთან წამოვიდა 16 წლის კონკურსანტი. ვკითხე, ჩემთან მოსაგებად წამოხვედი-მეთქი? არა, ასეთი სულელი არ ვარ. ყველა ჩემმა ახლობელმა მითხრა, დათოს მესამედ არავინ მოაგებინებს და არ წახვიდე მასთანო, მაგრამ მე მაინც თქვენთან მინდოდაო. მე და რეზიკო დიდებაშვილმა ბოლო წამამდე ვიცოდით, რომ ვაგებდით. მეგონა, რომ მომიგებდნენ. თქვენ ყველაფერი ჩაწყობილი გგონიათ, მაგრამ მრცხვენია, რომ ასეთი სეირის თანამონაწილე ვარ. არ ჩავაწყობდი ასეთ ცივ დამოკიდებულებას ჩემს კოლეგა-მწვრთნელებთან. არ მიღირს შოუ და არც იმდენს მიხდიან, რომ ეს დადგმული იყოს. მე მუსიკის კეთება მინდა. ბავშვებმა გამომიცხადეს ნდობა და მინდა გამოვადგე. ახლა ახალი წესი შემოიღეს. კოლეგა-მწვრთნელს შეუძლია, შენი კონკურსანტი წაიყვანოს, ის, რომელიც რინგს დატოვებს. ვოცნებობ, რომ ჩემი ექვსივე კონკურსანტი გადაინაწილონ დანარჩენმა მწვრთნელებმა.
- ის სამი ადამიანი, რომლებიც შენთან ერთად სხედან მწვრთნელთა სკამებზე, დიდი ხნის მეგობრები არიან და ხომ არ არის შენ წინააღმდეგ გარკვეული ''კოალიცია'' შეკრული?
- არა მგონია. ჯიბრზე არ დავიწყებ ჩემი კოლეგების ლანძღვა-გინებას. პირდაპირობით გამოვირჩევი სხვა დროს, როცა ვამბობ, რომ ვიღაც მღერის, ვიღაც - ნაკლებად, მაგრამ შეთქმულების თეორიებზე ხალხი უფრო მეტს ლაპარაკობს, მე ეს მაწყობს. ხალხმა გადაწყვიტოს, არის თუ არა რაიმე კოალიცია.
- ლელასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ძალიან კარგი. ბავშვობიდან ვიცნობ და ვმეგობრობ. თუკი გავიგებ, რომ ლელაც გამიბრაზდა, გავოცდები. ლელა თუ მოიგებს, მე არ გავბრაზდები.
- რატომ მოდიან შენთან კარგი კონკურსანტები?
- მიჭირს ჩემს თავზე ლაპარაკი, რა მაგარი ვარ-მეთქი. ფარისეველსა და მლიქვნელს მეძახიან, ბავშვები ფსიქოლოგიურ წნეხში ჰყავს და თავის თავზე კარგ რაღაცებს ალაპარაკებსო. ვგრძნობ, რომ ამით ვიღაცები ღიზიანდებიან, მაგრამ რა ვქნა, ბავშვებს აღარ მოვეფერო? თუ ვინმეს კარგად ვექცევი, ჰგონიათ, რომ ვფარისევლობ. ერთი პერიოდი ვინერვიულე, ხალხი წარმატებით არ დავღალო-მეთქი, მაგრამ რაში მაინტერესებს? რატომ უნდა დავთმო? მინდა, დამლაგებელს ჩავეხუტები და მინდა - მინისტრს, ვინც მოვა და მეტყვის, გგულშემატკივრობო. ჩამივარდა ხელში 12 უნიჭიერესი ბავშვი და აღარ მოვეფერო და გავამხნევო? ბუნებრივია, რომ მერე ვუყვარდები ამ ბავშვებს. სალომე ქათამაძე მწვრთნელებმა როგორ დამითმეს, არ გახსოვთ? წადი დათოსთან, ცოდოა, მოწყურებულიაო. ''ახალი ხმის'' ბავშვებმა სამი კვირა გურიაში ჩემს შვილებთან ერთად დაისვენეს, მათ, ვინც ვერ მოიგეს. მათი მშობლებიც ერთად იყვნენ. ამას საჩვენებლად არ ვამბობ, მაგრამ პატარა ქალაქია და ყველამ ყველაფერი იცის. ხალხი იგებს, რომ მერეც მაქვს ამ ბავშვებთან ურთიერთობა. ყველას სიმღერას ვერ ჩავუწერ, რადგან არ არსებობს ეს შოუბიზნესი, მაგრამ როგორც კი რაიმე რჩევა სჭირდებათ, ნებისმიერი მირეკავს და მეკითხება. ადამიანურ ურთიერთობებს სწავლობენ ჩემგან. ახლაც მოვახერხე, რომ ვინ გადავა შემდეგ ტურში და ვინ არა, ამაზე აღარ ფიქრობენ. მათთვის მთავარია, ისე მაგრად იმღერონ, რომ ხალხს ცრემლები წამოუვიდეს.
- ერთ-ერთი პოპულარული ბიჭი იყავი თბილისში ''სახის'' წყალობით. მერე შენი დიდება ჩაქრა. ''ახალმა ხმამ'' გაახსენა ხალხს, რომ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია. იმ დროს, როცა შენ არ ჩანდი, სხვა ბევრი მომღერალი ''ვარსკვლავად'' იქცა. ''ახალი ხმის'' მოგება შენი შურისძიებაა იმ წლებისთვის?
- მე რომ ჩრდილში ვიყავი, ამას არავის ვაბრალებ. როცა ''ახალ ხმაში'' მივედი, მაჩანჩალა ვიყავი და არავის წარმოედგინა, რომ იქ, სადაც ნინო ჩხეიძე და მერაბ სეფაშვილი ისხდნენ, ფორჩხიძეს მოგება შეეძლო. ახალი თაობიდან ზოგმა საერთოდ ამ პროექტიდან გაიგო ჩემი არსებობის შესახებ და სიმღერებს მერე მოუსმინეს. ეს არ წამომაძახა ახლა ჩემმა კოლეგამ, 20 წლის წინანდელიაო? ეს არ არის შურისძიება. ვისზე ვიძიო შური, სტეფანეზე? ის არ არის ჩემს ცხოვრებაში ნეგატიური მოვლენა და არა მგონია, რომ მისთვის ვიყო ნეგატიური. მშურს მათი, რადგან მაგარი უდარდელი ცხოვრებით უცხოვრიათ, გაცილებით დიდი მტრები ჰყავთ და უფრო მეტად უნდათ მათზე შურისძიება. ღმერთმა დამიფაროს, სტეფანესა და მაიაზე ცუდი გავიგო, რადგან გული მომიკვდება. სულ დედა რომ მაგინონ მაიამ და სტეფანემ, მაინც არ ავყვები. ეს შეიგნონ. ეკლესიაში არ დავდიოდი, ახლა ვიყავი და მამაომ მითხრა, მოითმინეო, მაგრამ გაძლევთ გარანტიას, ლანძღვას აღარ გააგრძელებენ. ყველაზე კეთილი არ ვარ, მაგრამ არც ყველაზე ბოროტი ვარ. თუ შენი სიმართლე ის არის, მაია, რომ შოთა ადამაშვილს ვიცნობდი, ეს ტყუილია და მაგ სიმართლით შორს ვერ წახვალ. რომ შემოვტრიალდი, ვიფიქრე, მაიასთან წავა-მეთქი, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლე. თუ შოთა ადამაშვილის გამარჯვება ყველას გამარჯვება იქნება, მე რატომ აღვუდგები წინ. ჩემი გადამკიდე ამბობენ, ''ახალი ხმა'' ''გრუზინული'' შოუაო, მერე რა პრობლემაა? მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ არც ერთი მწვრთნელი ამ შოუს არ იგებს, იგებენ კონკურსანტები. თუ ღირსეული გამარჯვებული ჩემი გუნდიდან არის, უნდა დავიცვა ბოლომდე, ეს ჩემი ვალია. მას ეყოლება თაყვანისმცემლები და არა სტეფანეს, მაიას და დათოს. ნუ გვაქვს იმის ამბიცია, რომ დიდი შოუბიზნესის სუპერსტარები ვართ, ეს სასაცილოა და ცირკია. ყველანაირად შევუწყობ ხელს ჩემს კოლეგებს, რომ ჩვეულებრივად გავაგრძელოთ მუშაობა. თუ უნდათ, იცხოვრონ გვერდიგვერდ, თუ არადა, მანამდე არ გვქონდა ურთიერთობა და არც ისინი ყოფილან უბედურები და არც მე.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''