17 ოქტომბერი, 2013
''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მე-13 მონაწილეზე ტელევიზიებმა ნამდვილი ნადირობა გააჩაღეს
ამის გამო პრობლემა არასდროს შემქმნია. თავადაც კარგად ვიცი, რომ ზღვარს არ უნდა გადავიდე. ამის უფლებას საკუთარ თავს თავადაც არ მივცემ 24 წლის ქეთი ხატიაშვილი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მე-13 მონაწილეა. ის მაყურებლის რჩეულია, სწორედ ''ლაიქების'' რაოდენობით აჯობა კონკურსში მონაწილეობის დანარჩენ მსურველებს და ვარსკვლავებს შორის საპატიო ადგილი დაიკავა.
შოუს პირველ ტურზე ქეთიმ დაამტკიცა, რომ ღირსეულ კონკურენციას გაუწევს დანარჩენ ვარსკვლავებს.

ტელევიზიის საშუალებით გავიგე ამ კონკურსის შესახებ. შვებულებაში ვიყავი და მეტი დრო მქონდა. რადგან იყო შანსი, გამოვიყენე. ვიდეო ჩემი ყოფილი
ჯგუფელების რჩევითა და დახმარებით გადავიღეთ. ორი კვირა ვემზადებოდი, ცეკვის მოძრაობები მასწავლეს. ატვირთვიდან პირველივე დღეს დიდი გამოხმაურება იყო. ჯერ ივლისის ბოლოს ველოდებოდი შედეგს, მერე აგვისტოს ბოლოს, მერე ეს ლოდინი ნერვიულობაში გადაიზარდა. კონკურსანტებმა ინტერნეტით გავიცანით ერთმანეთი... ეს ვიდეო რომ დავდე, ''რუსთავი 2'' -დან ''ნიჭიერში'' მეპატიჟებოდნენ, ''მაესტრომ'' სამსახური შემომთავაზა. მივხვდი, ბევრი ხალხი უყურებდა. ოცნების დონეზე ვფიქრობდი, გამარჯვების შემთხვევაში როგორ შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ რომ გავიმარჯვე, იმხელა სტრესი მივიღე, არაფერიც არ შეცვლილა. იმ დილას ''იმედში'' მიმიყვანეს. გაოგნებული ვიყავი. მითხრეს, ყველაფერი გადადე, არაფერი დაგეგმოო. მივხვდი, სერიოზულ საქმეს ვკიდებდი ხელს.

- რისი გადადება მოგიხდათ?
- ყველაფრის. ორ სამსახურში ვმუშაობდი. ფიტნესინსტრუქტორი ვარ, ზუმბას ვატარებ. ეს არის ფიტნესის ახალი სახეობა, ცეკვები მარტივი მოძრაობებით. ახლა შემოდის საქართველოში. მე ტრენინგები სტამბოლში გავიარე. ორივე სამსახურში მითხრეს, რომ დამელოდებიან.
- რა პროფესიის ხარ?
- თავიდან ფიზკულტურის ინსტიტუტში ჩავაბარე, რადგან სპორტსმენი ვიყავი, ტანმოვარჯიშე. სამწუხაროდ, ეს სასწავლებელი დაიხურა და ილიას უნივერსიტეტში გადავედი, უცხო ენებისა და სამართლის ფაკულტეტზე. თუმცა სპორტი ჩემი ცხოვრებაა. დედა უკრაინელი მყავს, 6 წლამდე იქ ვცხოვრობდი. იქ დავიწყე მხატვრულ ტანვარჯიშზე სიარული. როცა ჩამოვედი, ქართული არ ვიცოდი. რუსულენოვანი მწვრთნელები ვნახეთ და ამ სახეობაში ვარჯიში გავაგრძელე. ენერგიას არ ვზოგავდი, ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა სკოლა, რომ ვარჯიში მომესწრო.
- ქეთი, როგორც ვიცი, გათხოვილი ხარ. მეუღლე რა პროფესიის არის?
- ჩემი ქმარი, ლევან ვადაჭკორია, ბიზნესმენია, გადაზიდვების საკუთარი კომპანია აქვს. ერთი შვილი გვყავს, ანასტასია, ორი წლის.

Rating

- მომავალი ქმარი როგორ გაიცანი?
- ''მის სპორტი'' ტარდებოდა, სადაც ტანმოვარჯიშეებიც გამოვდიოდით. ლევანის ბიძა, კახა ბასილია ატარებდა კონკურსს. იქ მნახა. მერე გამეცნო. შემდეგ ბათუმში შეკრებები მქონდა, ჩამომაკითხა. ბაქოშიც ვიყავით ორი თვით, იქაც ჩამოვიდა და ასე ნელ-ნელა მომხიბლა. ჩემი მეუღლე ჩოგბურთელია. მოსკოვში თამაშობდა, კარგი რეიტინგიც ჰქონდა, მაგრამ მერე მხრის ტრავმა მიიღო და თავი დაანება.
- ''რუსთავი 2'' -დან შემომთავაზეს ''ნიჭიერში'' მონაწილეობაო, მითხარი, ვინ დაგიკავშირდა?
- ჯერ ''ფეისბუქით'' დამიკავშირდნენ, მერე სატელეფონო საუბარი გვქონდა. მეუბნებოდნენ, რა იცი, მოხვდები თუ არა მაგ პროექტში, შანსი არ გაუშვაო. ჩემი ოცნება ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' იყო. რომც არ მოვხვედრილიყავი, ''ნიჭიერში'' მაინც არ გამოვიდოდი. ეს კონკურსი საჩემო არ არის.
- ''მაესტროდან'' რა შემოთავაზება გქონდა?
- ''მაღვიძარაში'' სპორტული რუბრიკა უნდა წამეყვანა. გადაცემების ჩაწერაც დავიწყეთ, მაგრამ თავიდანვე ვუთხარი, თუ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გავიდოდი, ''იმედზე'' წავიდოდი. უხერხულ მდგომარეობაში კი ჩავვარდი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შემოსავალი აქედან არ მექნებოდა, ''იმედი'' ვარჩიე.
- ''მაესტროში'' კარგი ანაზღაურება შემოგთავაზეს?
- ცუდი ნამდვილად არ იყო.
- აქამდე ცეკვასთან თუ გქონია შეხება?
- მხოლოდ მოყვარულის დონეზე, უბრალოდ, მხატვრული ტანვარჯიში ძალიან ახლოს არის ცეკვასთან. ძალიან მეხმარება ჩემი პლასტიკურობა, ყველას მოსწონს.
- თუმცა, პირველ, საჩვენებელ ტურში ჟიურიმ სწორედ ამის გამო მოგცა შენიშვნა, თქვენი ცეკვა ტანვარჯიშს ჰგავდაო.
- კრიტიკას ველოდი. ეს ცეკვა ფეხშიშველი სრულდება. საქართველოში არ იცნობენ, ამიტომ ვიცოდი, მიიღებდნენ ისე, როგორც ტანვარჯიშს. ჟიურის კრიტიკა აბსოლუტურად გასაგებია, სამართლიანია. არ მწყენია, აუცილებლად გავითვალისწინებ.
- რატომ იტირე?
- ემოციური ვარ, მაგრამ არც ამდენად. თვითონაც არ მომეწონა, როცა ეს ეკრანზე ვნახე. ძალიან ვნერვიულობდი. ჯერ ერთი, ცირკის არენაზე პირველად გამოვდიოდი, მერე განათება მიშლიდა ხელს, ვერაფერს ვხედავდი. თან ბოლოდან მეორე ვიყავი, ლოდინი ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა. ერთი სული მქონდა, როდის დავდგებოდი პარკეტზე, რომ დავწყნარებულიყავი. იქ მართლაც დავწყნარდი. ცრემლებს რაც შეეხება, სიხარულის იყო, რომ დამთავრდა, რომ შევძელი, რომ შემაქეს... გვიან გავაანალიზე, რა მითხრა ჟიურიმ, რა ქულა დამიწერა. 8-9 ქულაზე ისეთი გამოთაყვანებული სახე მქონდა, მივხვდი, ვერაფერს ვიგებდი. სხვა შემთხვევაში ძალიან უნდა გამხარებოდა და მადლობაც გადამეხადა.
- ოჯახის წევრები რამდენად გიწყობენ ხელს?
- მეხმარებიან მშობლები და მეუღლე. ვერც წარმომედგინა, ლევანი ასე თუ დამიდგებოდა გვერდით. კონცერტებზე მოდის. ყოველთვის ვიცი, სად ზის.
- აზიატი ხომ არ არის?
- არა, მან ჩემი პროფესია თავიდანვე იცოდა. ჩვენ ძალიან მოკლე ქვედაბოლოები გვაცვია, ხშირად საცურაო კოსტიუმით მიწევს სცენაზე გამოსვლა. ამის გამო პრობლემა არასდროს შემქმნია. თავადაც კარგად ვიცი, რომ ზღვარს არ უნდა გადავიდე. ამის უფლებას საკუთარ თავს თავადაც არ მივცემ.
- ანასტასიას მოეწონა შენი ცეკვა?
- ძალიან მოძრავი ბავშვია. ჩემი ცეკვა არ მოეწონა, ეტყობა, მშვიდი მუსიკა რომ იყო - იმიტომ. კოტიკოსა და ანის ცეკვა მოეწონა, სულ მაგას უყურებს. მუმია ჩამირთეო, მეხვეწება. იმდენჯერ მაყურებინა, მათი ცეკვა უკვე ვისწავლე.
- ფავორიტი წყვილი გყავს?
- კოტიკო და ანი მომწონს. კოტიკოს ისეთი დადებითი აურა აქვს, სულ კარგ ხასიათზე გვაყენებს. ის რომ დარბაზშია, იქ რეპეტიცია მიხარია. ფავორიტებს რაც შეეხება (ფიქრობს), ყველაზე მეტად ჩემი თავი მომწონს.
- ჟიურიზე რას მეტყვი, ვისი შეფასების გეშინია?
- არავისი, ყველას აზრი მნიშვნელოვანია. აქამდეც დიდ პატივს ვცემდი და ვარსკვლავია ჩემთვის ნიკა ცისკარიძე. რომ გავიგე, ჟიურიში იქნებოდა, ძალიან გამიხარდა. სოფო შევარდნაძესაც სულ ვადევნებდი თვალყურს, რუსეთში რომ მოღვაწეობდა. პატივს ვცემ ნინო სურგულაძეს. ერთი სიტყვით, ისეთი ჟიური შეირჩა, ყველას მიმართ ინტერესი და სიმპათია მაქვს.
- შენს შანსებს როგორ აფასებ?
- გამარჯვების იმედი მაქვს. თუ თავიდან ბოლომდე დავიხარჯები, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც გვირჩევენ ქორეოგრაფები, ჯგუფი, რომელიც ჩვენზე მუშაობს, რატომაც არა?.. ადამიანი დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს, თუ ძალიან მოინდომებს. მე ეს ერთხელ უკვე დავამტკიცე. ვნახოთ.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
მერაბი
ასეთი გრაციოზული და მომხიბვლელი ფერია ცეკვის სამყაროში არ არსებობს ქეთი ვამაყობ შენით
23:43 / 08-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთათო
ქეთი ანათებ , არაჩვეულებრივი აურა გაქვს , შინაგანი სიწმინდე , მე მინდა რომ გაიმარჯვო ! სიხალისეა შენში .. გკოცნი
21:41 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
102010
ასეთი მიზანდასახული ადამიანი,დიდ პატივისცემას იმსახურებს.ცარმატებები.
16:22 / 11-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ქეთი ცარმატებას და გამარჯვებას გისურვებ დზალიან მაგარი ხააარ კველას ჯობიხაარ
23:15 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნელი
გისურვებ წარმატებას
07:55 / 21-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS