16 ოქტომბერი, 2013
ვანიკო თარხნიშვილი ხუთ შიშველ მამაკაცთან ერთად ''ნიჭიერის'' სცენაზე
ერთნაირი რეაქცია გვაქვს ყველაფერზე, ერთდროულად ვბრაზდებით, გვიხარია, ვლაპარაკობთ. არ ვიცი, ეს არის თუ არა მიზეზი, მაგრამ ძალიან გამახარეთ, თუ ხალხს ჩვენი წყვილი მართლა მოსწონს ''რეიტინგი'' ერთადერთი ჟურნალი იყო, რომელშიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პროექტ ''ნიჭიერის'' ჟიურის წევრებსა და წამყვანებთან ექსკლუზიური ინტერვიუები დაიბეჭდა. ორშაბათს, 14 ოქტომბერს, ''რუსთავი 2'' -ის ეთერში ''ნიჭიერი'' იწყება. რა მოხდება პირველ სერიაში, ამის შესახებ შოუს ერთ-ერთ წამყვან ვანიკო თარხნიშვილს ვესაუბრეთ. ინტერვიუ ტელევიზიაში შოუს ეთერში გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 9 ოქტომბერს ჩავწერეთ. იმ
დღეს ვანიკო იუბილარი გახლდათ და მთელი ინტერვიუს განმავლობაში მილოცვებს იღებდა. მსახიობი და ტელეწამყვანი უკვე დიდი ხანია, ინტერვიუზე კატეგორიულ უარს აცხადებს, მაგრამ ჩვენთვის მაინც გამონაკლისი დაუშვა და შოუს კულუარებზე გვესაუბრა.

- გულწრფელად რომ გითხრათ, ეს სეზონი ყველას სჯობია. საერთოდ, ყველა სეზონი თავისებურად მაგარი იყო, მაგრამ ყოველ წელს იგრძნობა - როგორც ჩვენ ვიზრდებით, ისე მაყურებელი და მონაწილეებიც, რომლებიც ძველი სეზონებისგან განსხვავებით უფრო ნამუშევრები მოდიან. სრულყოფილებამდე აქვთ მიყვანილი ნომრები. ჟიურიც განახლდა. ოთხი განსხვავებული ადამიანი ეიფორიულ სიტუაციასა და საინტერესო სანახაობას ქმნის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეოთხე სეზონი გამორჩეულად კარგი იქნება.
- შენ და თიკა ფაცაცია გამორჩეულად კარგ წყვილს ქმნით... ხალხს თქვენი დუეტი ძალიან მოსწონს.
- ტყუპივით ვართ. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა რამდენიმე დღეა. ისედაც ყველანაირად ერთნაირი ადამიანები ვართ, უბრალოდ, მე კაცი ვარ და ის - ქალი (იცინის). ერთნაირი რეაქცია გვაქვს ყველაფერზე, ერთდროულად ვბრაზდებით, გვიხარია, ვლაპარაკობთ. არ ვიცი, ეს არის თუ არა მიზეზი, მაგრამ ძალიან გამახარეთ, თუ ხალხს ჩვენი წყვილი მართლა მოსწონს.
- ორშაბათს ''ნიჭიერის'' მეოთხე სეზონის სატელევიზიო ჩვენება იწყება. მოდი, გვესაუბრე რა ნომრით გაიხსნება კონკურსი.
- ძალიან მაგარი შოუ დაიწყება. მრავალფეროვან ნომრებს შემოგთავაზებთ. პირველი გამომსვლელი მოცეკვავეა. ისეთი ცეცხლოვანი იყო ყველაფერი, რომ მე და თიკა აღვტკინდით და სცენაზე გავედით, მიუხედავად იმისა, რომ თიკა არ არის საცეკვაო მდგომარეობაში, ბავშვს ელოდება. მისი მხრიდან ეს დიდი გმირობა იყო. მართალია, ცეკვას ჩემი თანაწამყვანის ცოტა ცუდად გახდომაც მოჰყვა, მაგრამ თიკა ძველი გვარდიაა და არაფერს შეუშინდება. მაყურებლისთვის ისიც საინტერესო იქნება, როგორ შეიძლება, ადამიანმა ისე აკეთოს საქმე, რომ ფეხმძიმობამაც ვერ შეაჩეროს.
- სკანდალური ნომრები თუ იქნება სცენაზე?
- პირველივე სერიაში ისეთი რაღაც მოხდება, რომ მაყურებელი შოკში ჩავარდება. ასეთი რამ ქართულ სატელევიზიო სივრცეში ჯერ არ მახსოვს. სცენაზე ხუთი შიშველი მამაკაცი გამოვიდა, მაგრამ სიამაყით ვიტყვი, რომ ''რუსთავი 2'' -ში ვართ და ეს ყველაფერი ისე ესთეტიკურად არის გაკეთებული, რომ არ მგონია, ამან ვინმე გააღიზიანოს. ეს ბიჭები ბოდიბილდერები არიან და თავიანთი საცეკვაო ნომრით გამოვიდნენ სცენაზე.
- მე დავესწარი მაგ ჩაწერას და მახსოვს, ია ფარულავამ ვერ მოითმინა, სცენაზე აიჭრა და ბიჭებს ტრუსებში 5-ლარიანები ჩაუკუჭა, ამ სცენას თუ ნახავს მაყურებელი?
- რა თქმა უნდა... იამ რა ჩაიდინა და რა მოხდა სცენაზე, ამას მაყურებელი საკუთარი თვალით იხილავს.
- თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ სცენაზე იას ამოსვლის შემდეგ გულმა ვერ გაგიძლო და შენც გამოხვედი კულისებიდან. 

Rating

- მე გამოვვარდი და კიდევ რაღაც მოხდა (იცინის). კიდევ ერთ ნომერზე მოგიყვებით, სცენაზე პატარები გამოვიდნენ, რომლებიც მულტფილმის გმირებს ჰგავდნენ. საოცრად იცეკვეს, დარბაზი გაგიჟდა. ეს ყველაფერი მოყოლით არაფერია. კიდევ ერთი ადამიანი გვესტუმრა. უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოვიდა ''ნიჭიერისთვის'' . ოცი წელი არ იყო ნამყოფი საქართველოში. ამ ადამიანმა სცენაზე სასწაული დაატრიალა. იმას გაგიმხელთ, რომ ტანმოვარჯიშე გახლდათ, მაგრამ საოცარი სანახაობა გვაჩვენა. ძალიან მომეწონა ''ჩრდილების თეატრის'' გამოსვლა. მე და თიკა კულისებიდან ვუყურებთ ყველა ნომერს, ''ჩრდილების'' გამოსვლას კი, თუ გინდა ისიამოვნო, წინიდან უნდა უყურო. იმდენად საინტერესო ნომერი შემოგვთავაზეს, რომ ვერ გავძელით და დარბაზში ჩავედით. იქიდან ვუყურებდით ამ საოცარ სანახაობას. მაყურებელს ყველა ნომერი კარგ ხასიათზე დააყენებს. იუმორისტული ნომრებიც იქნება, რაზეც ბევრს იცინებს. წინა სეზონზეც ვამბობდი, რომ მრავალფეროვანი ნომრები იყო, მაგრამ ამჯერად ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.
- საშიში ნომრები თუ გექნებათ?
- დიახ, ბევრჯერ გვქონდა თვალებზე ხელი აფარებული. სეზონის განმავლობაში მომღერლებიც იქნებიან, ასაკიც შეუზღუდავია, მაგრამ ისევ პირველ გადაცემას დავუბრუნდები, გამომსვლელთა შორის იქნებიან ინდიელები, ნამდვილი ამერიკელი ინდიელები, რომლებმაც ძალიან საინტერესო ნომერი შემოგვთავაზეს.
- იქნება თუ არა პირველ სერიაში სრული ჩანაწერი იმ ნანატრი კადრებიდან, როდესაც ტარიელ სუარმა ია ფარულავას სცენაზე ხელი სთხოვა?
- დიახ, იქნება და აქვე ვიტყვი, რომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, საკუთარი თვალით ნახავს, რომ წინასწარ არაფერი ვიცოდით. ყველაფერი უცნაურად მოხდა. ტარიელ სუარი ჩვენთან მოვიდა, ძალიან ნერვიულობდა და მე და თიკამ გავიყვანეთ სცენაზე. სპონტანურად რომანტიკული სცენა გათამაშდა, ისეთი, როგორიც ხანდახან ცხოვრებაშიც ხდება. უბრალოდ, ამ შემთხვევაში ყველაფერი კამერებმა გადაიღო. ვულოცავ იას გათხოვებას, გაბედნიერებას.
- საკმაოდ საინტერესოა შენი და თიკას ემოციები, როდესაც გამომსვლელის შემდეგ ჟიურის შეფასებებს ელოდებით. ამჯერად ყველაზე მეტად ვინ განერვიულებდათ?
- ძალიან კარგი ჟიურია. მთავარი ის იყო, რამდენ კი-ს და არა-ს იტყოდნენ. ძირითადად, ნიკა გვარამიას ველოდებოდი, ის ამბობდა ხშირად არა-ს. მომთხოვნი და კატეგორიულია, რაც შოუს ძალიან ადგება. ჟიურის შიდა სამზარეულოდან კიდევ უფრო საინტერესო ფაქტებს ნახავს მაყურებელი.
- ტელევიზიით თუ უყურებ ხოლმე ''ნიჭიერის'' ჩანაწერებს?
- რა თქმა უნდა. ტრადიციაც გვაქვს, ერთად ვიკრიბებით მთელი გადამღები ჯგუფი, ვტკბებით და ვიცინით (იცინის).

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ესტელლე
ხალხო შედით აქ და ნახეთ გიორგი ვარდოსანიძემ ერთი გოგო როგორ გაამწარა საწყალი კომენტარს წერს და წაიკითხეთ მაგრა შემეცოდა დიდი კომენტარი რომ წერია ის გოგოა სხვადასხვა ნიკით ეღადავებოდა თურმეhttp://www.marao.ge/satcorao/fsiqo/3983-mgoni-chems-shvils-sakuthari-mastsavlebeli-sheuyvarda.html
11:16 / 17-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS