08 ნოემბერი, 2016
`ილიაII სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი" - ოთხტომეული, რომელიც დღის სინათლეს მალე იხილავს
ოთხტომეული საქართველოს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით წლების განმავლობაში იქმნებოდა.

"კვირის პალიტრა" პროექტის ავტორსა და შემდგენელს, სრულიად საქართველოს საპატრიარქოს არქივის დირექტორს, ქალბატონ მზია კაცაძეს ესაუბრა.

- როგორ გაჩნდა იდეა, შეგექმნათ წიგნი პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ?
მზია კაცაძე:
- უპირველესად მადლობა ღმერთს ესოდენ დიდი წყალობისათვის, რომ წილად მხვდა საქართველოს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღავწეობის ამსახველ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით ოთხტომეულის გამოცემის ბედნიერება, რომლის შექმნის იდეა დაახლოებით 10-15 წლის წინ გამიჩნდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ვერ გავბედე და
პატრიარქის აღსაყდრების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოვეცი 500 გვერდიანი წიგნი-ალბომი "პატრიარქი".
ოთხტომეულის შექმნის იდეა ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად, ჩემი პირდაპირი მოვალეობაცაა, ვინაიდან მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უკვე 26 წელია საპატრიარქოს არქივს ვხელმძღვანელობ.

- ოთხტომეულში მხოლოდ სრულლიად საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაცული დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი?
- დიახ. წიგნში მხოლოდ ჩვენს არქივში დაცული დოკუმენტებია განთავსებული. დაახლოებით 25 ათასამდე დოკუმენტიდან მომიწია მასალების გადარჩევა, რაც ძალიან გამიჭირდა, რადგან თითოეული მათგანი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მუშაობის პროცესში თავს იმით ვიიმედებდი, რომ მომავალი თაობა ბრწყინვალედ გაართმევს თავს ამ მეტად საპატიო საქმეს. ოთხტომეულში განთავსებულია სკოლის, სტუდენტობის პერიოდების მასალები. საინტერესოა, მშობლების წერილები მისი უწმინდესობისადმი, რომელიც თავისივე ხელით აქვს აკინძული მის უწმინდესობას, ეტყობა საგულდაგულოდ ინახავდა. პატრიარქის აღსაყდრების შესახებ მასალებში მკითხველი დაწვრილებით გაეცნობა იმ დროისთვის როგორ უმძიმეს მდგომარეობაში იყო დიდი წარსულის მქონე საქართველოს ეკლესია, ტაძრები დახურული და ქვეყანა ათეიზმით მოცული. მისი უწმინდესობის უდიდესი ძალისხმევის შედეგად როგორ თანდათანობით მოხდა ეკლესიისაგან გაუცხოებული ქართველი ერის სულიერი ფერისცვალება, დახურული ეკლესიების გახსნა. საბოლოოდ კი, ახლად აშენებული ტაძრებით როგორ მოიქარგა საქართველო. მეტად საგულისხმოა მისი უწმინდესობის მიმართვითი ხასიათის წერილები, სადაც ასახულია მისი ბრძნული და ჯასაღი პოზიცია თანამედროვე პერიოდში ეკლესიის წინაშე მდგარი პრობლემებისადმი, როგორი შეუვალია ჩვენი პატრიარქი, როდესაც საქმე სამშობლოს და ეკლესიის ბედს ეხება.

- ვიცით, რომ ამ კრებულში ძალიან მრავალფეროვანი და დიდი მოცულობის მასალაა თავმოყრილი. უნდა ელოდოს თუ არა მკითხველი ამ წიგნებიდან რამე ისეთს, რაც აქამდე უცნობი იყო საზოგადოებისათვის?
- დიახ, არის ისეთი საკითხებიც, რომელიც ფართო საზოგაოდებისათვის ჯერ კიდევ უცნობია. კერძოდ მსურს, შევეხო მისი უწმინდესობის ურთიერთობას შვილგარდაცვლილ ოჯახებთან, რამაც მრავალი ოჯახი გადაარჩინა თვითმკლელობას და უფლისკენ მიმავალ გზაზე დააყენა. აქედან ჩაეყარა საფუძველი შვილგარდაცვლილი დედების ერთობას, ეს კავშირი უკვე თავისი არსებობის 27 წელიწადს ითვლის, როგორც თვითონ მისი უწმინდესობა ბრძანებს: ასეთი ერთობა შვილგარდაცვლილი დედებისა, ერთადერთია მსოფლიოში ქრისტიანობის ოცსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე. თითოეული მათგანი თუ დარჩა დედად სხვა შვილებისთვის, ოჯახისთვის და საზოგადოების სრულფასოვანი წევრია, ეს მისი უწმინდესობის უდიდესი ღვაწლის შედეგია. მეც ერთ-ერთი იმათგანი, შვილებგარდავლილი დედა გახლავართ.

Rating
სამეუფო გზა გოლგოთაზე გადის, ამდენად უსაშველოდ მძიმეა პატრიარქის ჯვარი, რომელსაც ასე უდრტვინველად ატარებს. წარსულის პატივისცემით, დღევანდელობაზე ზრუნვით და მომავლის რწმენით 40 წელიწადია მუხლჩაუხრელად წინამძღვარობს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით შვილობრივი მოკრძალებით, ვუსურვო მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს კიდევ მრავალი წელი ვიხილოთ მხნედ და ჯანმრთელად ერის სულიერ წინამძღვარად, - ამინ.

ოთხტომეულს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გამომცემლობა "პალიტრა L"-ი გამოსცემს და მკითხველს მისი შეძენა 19 დეკემბრიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად შეეძლება.

თორნიკე ყაჯრიშვილი
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS