13 ოქტომბერი, 2013
ხატია ბუნიათიშვილმა ხელები დაიზღვია
მე არ მაქვს ქალებთან პრობლემა, თუ თავად არ დაიწყეს. ეს ალბათ სულელ ქალს უნდა დაემართოს, თორემ ძლიერი და ჭკვიანი ქალი ამას არასოდეს გააკეთებს მას მომავლის პიანისტს უწოდებენ - თითქმის ასე იწყება ყველა სტატია და ინტერვიუ, რომელიც ცნობილ ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე გვიყვება. საქართველოდან 19 წლის ასაკში წავიდა და ამბობს, რომ კონკრეტული მისამართი არ აქვს, რადგან მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. წელიწადში 130 კონცერტი აქვს. დროის დიდ ნაწილს გზაში ატ
არებს, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, საქართველოში მოფრინავს. არ უყვარს ინტერვიუ, განსაკუთრებით ყვითელ პრესასთან. ამ კუთხით თავს საინტერესო რესპონდენტად არ მიიჩნევს. ხატიას „ნიჭიერის“ გადაღებებზე შევხვდით. მეორე დღეს მორიგ გასტროლზე მიფრინავდა - ბარსელონაში კონცერტი ჰქონდა.

- ხატია, ყველას გაუკვირდა, როგორ გამონახეთ დრო და დათანხმდით ნიჭიერის“  ჟიურიში ყოფნას...
- მე თვითონაც გამიკვირდა, როდესაც ნიკა გვარამიამ შემომთავაზა. დრო არ გამომინახავს, მაქსიმალურად შემიწყვეს ხელი და ჩემს თავისუფალ დღეებს დაამთხვიეს შოუს ჩაწერები.
- რა გამოცდილება გაქვთ ჟიურიში?
- ჟიურის წევრობა არასოდეს მსიამოვნებდა და როდესაც მთავაზობდნენ, თუნდაც ჩემს სფეროში, ყოველთვის უარს ვამბობდი. რაც შეეხება შოუს ჟიურის წევრობას, ეს კიდევ სხვა რამეა. აქ რეალურად პროფესიონალსა და არაპროფესიონალს განვასხვავებთ, რაც ისედაც ნათელია. საბოლოოდ, მაინც ხალხი წყვეტს, ვინ არის ყველაზე ნიჭიერი. ეს არის შოუ, რომელიც სასიამოვნოა და მინდოდა, ხალხთან უფრო მეტი კონტაქტი მქონოდა, იმ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან ჩემი პროფესიის წარმომადგენლები. ისინი ხედავენ, რომ მათზე მაღლა თავს არ ვაყენებ. პირიქით, უფრო სასიამოვნო ხდება ურთიერთობა ვარსკვლავსა და ჩვეულებრივ მოქალაქეს შორის, რომელიც შეიძლება, ასევე ვარსკვლავი გახდეს.
- ერთ-ერთ ჩაწერას დავესწარი და ვნახე, როგორი ხართ ჟიურიში. თქვენ თითქმის ყველა კონკურსანტს ბოლომდე უსმენთ და უარყოფის ღილაკს არ აჭერთ ხელს.
- თუ ადამიანი მომზადებული მოვიდა და უნდა, ნომერი წარმოგვიდგინოს, პატივს ვცემ და ბოლომდე ვუსმენ, თუნდაც არ მომწონდეს.
- ყველა კონკურსანტის მიმართ საკმაოდ თბილად ხართ განწყობილი...
- ზოგადად თბილი ვარ (იღიმება). მივიჩნევ, რომ უნიჭო ადამიანი არ არსებობს. ყველა მათგანს აქვს ნიჭი, რომელიც უნდა განავითარო. არ მინდა, მათ ტრავმა მივაყენო, რადგან ტრავმირებული ადამიანი ვერაფერს აღწევს ცხოვრებაში და გაბოროტებულია. ვცდილობ, ის კარგი მხარე დავინახო, რომელიც აქვს და როგორც ჟიურის წევრმა, ამაზე მივუთითო.
- თქვენს ცხოვრებაში თუ უცდიათ ჟიურის ან კოლეგებს ტრავმის მოყენება?
- კონკურსებზე კი, ხშირად დავუჩაგრივარ კიდეც. ცხოვრებაშიც... ჩემს უფროს კოლეგებსაც უცდიათ ტრავმის მოყენება, მაგრამ ეს უფრო მაძლიერებდა და არასოდეს გავბოროტებულვარ იმ ადამიანებზე.
- სიძლიერე წლებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოაქვს, თქვენ ჯერ პატარა ხართ. ეს თვისება თანდაყოლილია?
- რა თქმა უნდა, სულიერი სიძლიერე ოჯახიდან მოდის და იქიდან, თუ რა ფასეულობებზე იზრდები. როდესაც გეუბნებიან, რომ
არა უშავს, დღეს თუ წაიქცევი, ხვალ ისევ ადგები, უკვე რაღაც სიძლიერეა, თუნდაც ოჯახთან ახლოს აღარ ცხოვრობდე. ზოგს აქვს შინაგანი სიძლიერე ან განსხვავებული სამყარო. თუ გარეთ ისეთი რაღაც ხდება, რომ არ გსიამოვნებს, ჩაიკეტები და თავს ინუგეშებ. ამანაც ხელი შემიწყო - ჩემმა სამყარომ, რომელიც სხვისთვის შეიძლება, სულაც არ იყოს საინტერესო. მე მგონია, რომ უფრო მეტი გამოცდილება მქონდა სირთულეების დასაძლევად, ვიდრე საჭირო იყო ამ ასაკისთვის. ჩემი პროფესიაც მწვრთნის, მუდმივად ფორმაში ყოფნას მოითხოვს, ასევე საშინელ შრომას, დისციპლინას.
- ახლა „ნიჭიერის“ ჩაწერაა, ჟიურის წევრებზე მინდა გკითხოთ, იცნობდით მათ კონკურსამდე?
- იას საერთოდ არ ვიცნობდი. ნიკასა და გეგას რამდენიმეჯერ შევხვდი, მაგრამ ეს არ იყო მეგობრობა. სამივეს მიმართ დიდ პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობ. განსხვავებული ადამიანები არიან. არის შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ოთხივე დამოუკიდებელი ადამიანი ვართ.
- იასა და თქვენს მსუბუქ კინკლაობას რამდენად ხშირად ვიხილავთ ეთერში?
- (იცინის) სკანდალები არ იქნება, ამით თქვენს მკითხველს ვერ გავახარებ. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ ლაივშოუებში რა იქნება, არ ვიცი. მე და ია განსხვავებული ადამიანები ვართ, მაგრამ ორივე ჩვენს საქმეში რეალიზებულები, ამიტომ არ გვაწუხებს იმის ამბიცია, რომ ერთმანეთს რამე დავუმტკიცოთ. მე არ მაქვს ქალებთან პრობლემა, თუ თავად არ დაიწყეს. ეს ალბათ სულელ ქალს უნდა დაემართოს, თორემ ძლიერი და ჭკვიანი ქალი ამას არასოდეს გააკეთებს. მიხვდება, რომ ჩემთან ასეთი რაღაც არ გამოუვა. იაც ჭკვიანი ქალია (იღიმის). ხომ არსებობს ქალური შური, ეს ჩემში არ არის. ადამიანებს ინდივიდებად აღვიქვამ და პროფესიული ურთიერთობის დროს გენდერულ განსხვავებას არ ვახდენ.
- მონაწილე, რომელმაც ყველაზე მეტად გაგაოცათ... მახსოვს, ერთ-ერთი მათგანი ჯოჯოხეთსა და ეშმაკებზე მღეროდა.
- ისეთი შოკი არ მიმიღია, რომ ცუდად გავმხდარიყავი. რაც შეეხება მაგ მონაწილეს, ბავშვები ხშირად უყურებენ საშინელებათა ფილმებს და მერე ჰგონიათ, რომ ცხოვრებაშიც რაღაცები ეჩვენებათ. ეს ასაკობრივია. ძალიან განმაცვიფრეს გოგონებმა, რომლებიც აგურს ამტვრევდნენ. როგორ შეიძლება, არსებობდეს ადამიანში ის სულიერი ძალა, რომლის საშულებითაც სხეულით საოცრებებს გააკეთებ?!. ამან დიდი მოტივაცია მომცა, რადგან ყველა ადამიანს შეუძლია, ეს სულიერი ძალა განავითაროს, თუ ამისთვის ნებისყოფა გეყოფა.
- ხატია, ქართული პრესა არ არის თქვენი ინტერვიუებით განებივრებული, ამიტომ მკითხველმა თქვენი ცხოვრების შესახებ ცოტა იცის. რამდენი წლის წინ წახვედით საქართველოდან?
- 19 წლის ვიყავი, სასწავლებლად ვენაში რომ წავედი. ოთხი წელი ვსწავლობდი და მას შემდეგ სამი წელია, რაც საფრანგეთში ვარ. ხშირად ამბობენ, რომ საფრანგეთში ვმოღვაწეობ, ეს არასწორია. ჩვენი პროფესიის შემთხვევაში, თუ პიანისტი წარმატებულია, ის მთელ მსოფლიოში მოღვაწეობს. ჩვენი წარმატება ის არის, რამდენად ხშირად მოგზაურობ, რაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ თან დამღლელი და რთული. ამისთვის საკმარისი ენერგია უნდა გქონდეს ადამიანს. მე არ მაქვს კონკრეტული მისამართი. ვცხოვრობ საფრანგეთში, ხშირად ვარ ავსტრიაში, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება, საქართველოში მოვდივარ.
- ვინ ზრუნავს თქვენზე, ცნობილია, რომ ხელოვანებს ძალიან დიდი ხელშეწყობა სჭირდებათ.
- წელიწადში 365 დღეა და წარმოიდგინეთ, თუ წელიწადში 130 კონცერტი მაქვს, ამას დაამატეთ წინა დღეს ფრენა, ან ორი დღით ადრე ფრენა და წინა დღეს რეპეტიცია. ხედავთ, რამდენ ხანს ვარ გზაში?! ძირითადად მარტო ვმოგზაურობ, რადგან შეიძლება, ყოველდღე სხვადასხვა ქვეყანაში ვიყო, მაგრამ როდესაც კონკრეტულ ადგილას ერთ კვირაზე მეტი ვჩერდები, ვცდილობ, ოჯახთან ერთად ვიყო.
- ელიტური ხელოვნების წარმომადგენლები ხშირად მარტო საკუთარი პროფესიით ცხოვრობენ, მსახიობებისა და მომღერლებისგან განსხვავებით.
- მე არ მივიჩნევ, რომ ჩვენი პროფესიის ხალხს ნაკლებად აქვს პირადი ცხოვრება, მაგრამ კლასიკური მუსიკა რთულია. მსოფლიოში საზოგადოების მცირე ნაწილია ამით დაინტერესებული და ამიტომ ნაკლებია სკანდალები. ჩვენი პოპულარიზაცია ამ მხრივ არც ხდება. პიანისტის პროფესია ძალიან დიდ დისციპლინას მოითხოვს, ნერვული სისტემა ფორმაში უნდა გქონდეს. კომპოზიტორს, მხატვარს, რეჟისორს შეუძლია, ღამე გაათენოს, ბოჰემურად იცხოვროს, მაგრამ მუზა მოუვიდეს და მაინც იმუშაოს.
- შეიძლება, მსახიობი ნარკოტიკების მომხმარებელი იყოს და თან ფილმშიც იღებდნენ.
- მეც ვიცი ჩემი პროფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც ნარკოტიკებთან ჰქონიათ საქმე, მაგრამ ისინი კარიერას მალე ამთავრებენ. ჩვენი პროფესია სპორტულ დისციპლინას, მუდმივ ინტელექტს, შრომას, მეხსიერებას მოითხოვს. ამის გამო, შეიძლება, ეგო ცოტა წინ არის წამოწეული. არა იმიტომ, რომ ეგოცენტრიკები ვართ, არამედ ყველა ელის, რომ ფორმაში უნდა იყო. თუმცა მე ამას საზოგადოებაში არ ვამჟღავნებ. მართალია, ვცდილობ, მაქსიმალურად დისციპლინირებული ვიყო, მაგრამ არ მგონია, რომ თუკი კარიერას ხვალ დავასრულებ, ამით ტრავმას მივიღებ.
- თითქმის ყველა ინტერვიუში გეკითხებიან ხელების დაზღვევაზე, აქამდე არ გქონდათ დაზღვეული...
- არასოდეს ვიზღვევდი, მართლა მიმაჩნია, რომ ხვალ რომ აღარ ვიყო პიანისტი, იმის პოტენციალი მაქვს, რომ სხვა სფეროში ვცადო ბედი. მით უმეტეს, ინტელექტს, რომელიც ჩემს პროფესიაში განვითარებულია, სხვა სფეროში გამოიყენებ, მაგრამ ახლა რაღაც დოკუმენტებისა და საბუთების გამო დამავალდებულეს, ხელები დამეზღვია.
- საიდუმლოა, რამდენად დააზღვიეთ?
- დიახ, მე თვითონაც არ ვიცი. არსებობს ადამიანი, რომელიც ფინანსებს განაგებს.
- ინტერვიუებში ამბობთ, რომ არ გიყვართ პირად ცხოვრებაზე საუბარი...
- მე ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო არ არის. არ ვარ ყვითელ პრესასთან გაიგივებული ადამიანი. თუ ისეთი რამე ითქმება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, პასუხს გავცემ. ისე არ ვგრძნობ ამ ინტერესს და საერთოდ, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, თან მაშინ, როდესაც ამის საჭიროებას ვერ ვხედავ.
- წეღან ახსენეთ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ბედს სხვა სფეროში ცდით, შეიძლება, ეს პოლიტიკაც იყოს?
- პოლიტიკა მაინტერესებს იმდენად, რამდენადაც მაინტერესებს და მიყვარს ხალხი. იმისთვის, რომ ადამიანების უფლებები უკეთესად იყოს დაცული, გარკვეულწილად პოლიტიკაში უნდა ერკვეოდე.
- მახსოვს წინასაარჩევნოდ თქვენი გამოსვლა სტადიონზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად...
- დიახ, ოღონდ ეს არ იყო პოლიტიკური ინტერესებიდან და ამბიციებიდან გამომდინარე. იმ სიტუაციაში მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ მე ვთქვი ის სიტყვები, რომლებიც მომავალში გამართლდება.
- ბევრს მუშაობთ საკუთარ თავზე?
- თითოეული დღე, რომელსაც ჩემი პროფესიიდან გამომდინარე გავდივარ, საკუთარ თავზე მუშაობაა. შეიძლება, მედიტაციაც დავარქვათ. აბსოლუტურად ვშორდები გარე სამყაროს. ეს მისტიკა არ არის, მაგრამ ვრჩები ინსტრუმენტთან, სადაც მხოლოდ მე ვარსებობ ბგერების მეშვეობით. ამას თუ მთელი სულითა და გულით აკეთებ, ადამიანისთვის კათარზისი და წვრთნაც არის. ბავშვობიდან მე და ჩემი და ბევრს ვკითხულობდით. ეს იყო ჩვენი სამყარო, ლიტერატურა და მუსიკა. დღეს წიგნის კითხვა უკვე სხვა როლს იძენს, ნოსტალგიასთან ასოცირდება. ინტერნეტიდან იმდენი ინფორმაციის მიღება შეიძლება, რომ ადამიანს ნაკლები დრო რჩება კითხვისთვის, მაგრამ ეს „ლუქსი“ სიამოვნება მაინც მნიშვნელოვანი ნაწილია ადამიანის ცხოვრებაში. ყოველდღიურად ინფორმაციას ვერ ვადევნებ თვალს, მაგრამ ის, რაც მაწუხებს და მნიშვნელოვანია, საქართველო და მისი მომავალი, თვალს გადავკრავ ხოლმე, რა ხდება.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 24 /
ანია
ბუთნიაშვილი რა ჯიშია?
16:45 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლიტა
ამ პროჭ ქალს ვერ ვიტან! ამ ნაცებს უყურე როგორ ადიდებენ აქ! მაგის პიანისტობაც მოვსდღან!ადამიანობა არ აქვს!მიშას ვაზელინი და ბოზი!
16:43 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ამირანი
ხატია დიდი ხელოვანი და დიდი პიროვნებაა. ასეთები იშვიათად იბადებიან. ჩვენთვის ის მართლაც ძალიან საამაყოა!
19:18 / 14-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაკურ
ფანტასტიური პიანისტია! იამაყე საქართველო! ჩვენ ამ დონის პიანისტი არ გვყოლია და ის რასაც აკეთებს საქართველოს სახელისთვის ბარე 100 ხელოვანს ეყოფა სახელად და საამაყოდ!
16:15 / 14-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS