- წინასწარ თუ გქონდა განწყობა, რომ შენი ეპიზოდი იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ემოციების გარეშე არ დასრულდებოდა?
- ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამომეწერა ''ქართული ოცნების'' პროგრამიდან ის დაპირებები, რომელთა შესრულებასაც, ჩემი მოსაზრებით, დიდი დრო არ სჭირდება და შესაძლებელი იყო მათი ერთი წლის განმავლობაში შესრულება. ჩემდა სამწუხაროდ, შეკითხვების დასმის საშუალება ბოლომდე არ მომეცა, მაგალითად, ვერ დავსვი შეკითხვა იმ დაპირების შესახებ, რომელიც ''ქართული ოცნების'' პროგრამაში ეწერა - რომ აიკრძალებოდა დიდი ჰესების მშენებლობა. არადა, შესაძლოა, ''ქართულ ოცნებას'' ხაიშის მოსახლეობამ სწორედ ამ დაპირების გამო მისცა ხმა... გამოდის, რომ ისინი დღეს მოტყუებულები
არიან. რამდენიმე შეკითხვა ჩამოწერილი მქონდა და ბოლოსთვის მოვიტოვე ეს შეკითხვა. ხომ ნახეთ, რა მითხრა პრემიერმა, მეორე წრეში დასვი შემდეგი კითხვაო და ამის საშუალება აღარ მომეცა.
იქიდან გამომდინარე, რომ პრემიერი ხშირად მახსენებს ხოლმე, წინა დღეს ვხუმრობდი, ჟურნალისტებიც უნდა მიგვჯირყვნოს-მეთქი (იცინის). მქონდა გარკვეული მოლოდინი, მითხრა, რომ ჩემი ციტატებიც ჰქონდა მომზადებული, მაგრამ რატომღაც არ წაუკითხავს (იღიმის). ექსპერტებთან შეხვედრიდან გამომდინარე გარკვეულ დაძაბულობას ველოდი. ეჭვი მქონდა, რომ ჟურნალისტებთანაც იგივე ფორმატი იქნებოდა და ყველა ჟურნალისტთან ექნებოდა პრეტენზიები, მაგრამ ასევე ველოდი იმასაც, რომ ჟურნალისტები მაგრად დავდგებოდით და ასეც მოხდა. არა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილს თავი მივაჯირყვნინეთ (იღიმის). შეხვედრა საკმაოდ დამღლელი იყო, სამ საათზე მეტხანს ვისხედით და ვსაუბრობდით.
- პრემიერი ძალიან ემოციურად შეხვდა შენს შეკითხვებს.
- არა მხოლოდ ჩემს შეკითხვებს, არამედ სხვებისაც. ნინო ჟიჟილაშვილთან, ალეკო ელისაშვილთან, ვახო სანაიასთან, ინგა გრიგოლიასთან ჰქონდა ასეთივე საუბარი. მე ბიძინა ივანიშვილს კონკრეტული ფაქტები, დაპირებები დავულაგე, რამაც, როგორც ჩანს, გააღიზიანა. თუმცა მას ჰქონდა თავისი პასუხები, რომ თითქოს ამ დაპირებების შესრულებას დრო სჭირდება, მე კი არა მგონია, შინაგან საქმეთა სამინისტროდან უშიშროების გამოყოფას დიდი დრო სჭირდებოდეს. ამაზე სულ იყო ლაპარაკი და პრემიერის პასუხმა ამ კუთხით მე ვერ დამაკმაყოფილა.
- მერაბ, შენი და პრემიერის დაპირისპირებას გარკვეული წარსული აქვს.
- შალვა რამიშვილთან გარკვეული ნიუსის საფუძველზე შეკითხვა დავსვი. ეს არჩევნებამდე მოხდა. მეორე დღეს შალვას გადაცემაში ბიძინა ივანიშვილი მივიდა და ''ვაჟბატონი'' მეძახა. თურმე, უფრო დიდი სინქრონი გასულა იმ თემაზე, რომელიც მე არ მინახავს და სააგენტოს მასალას დავეყრდენი, მაგრამ დასკვნები არ გამიკეთებია, უბრალოდ, შეკითხვა დავსვი. სწორედ მაშინ მახსენა პირველად და გამაკრიტიკა. მას შემდეგ ინტერვიუც ჩავწერე, რომელიც ''პალიტრის'' ეთერში გავიდა და არ გვაქვს ცუდი ურთიერთობა, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობ, ვაკრიტიკო ხელისუფლება და არც ივანიშვილია გამონაკლისი. ერთხელ ისიც თქვა, მერაბ მეტრეველი ჩემი მუდმივი ოპონენტიაო და დღესაც თქვა, თუმცა მგონია, რომ ამ შეხვედრაზე ჩემს შეკითხვებს გაექცა.
- როდესაც შეხვედრა დასრულდა, ჟურნალისტებმა რა შთაბეჭდილებები გამოიტანეთ, რისთვის შედგა ეს შეხვედრა და რა გაიგო აქედან საზოგადოებამ?
- პასუხები იყო, მაგრამ არა დამაკმაყოფილებელი. ალბათ, შეხვედრის მიზანი ის იყო, რაც ექსპერტებთან, ანუ რასაც თავად ამბობს პრემიერი. მინდა გაჩვენოთ, რომ საკუთარ საქმეში პროფესიონალები არ ხართ, თქვენს სიტყვებს ყურადღება მიაქციეთ, ტყუილად ნუ გვაკრიტიკებთ, კარგიც დაინახეთ და ცუდიც, შეკითხვებსა და მოსაზრებებს უფრო დაუკვირდით, საკითხები გამოიძიეთო. კი ბატონო. არავინ არის სრულყოფილი და შენიშვნებიც ზოგადად მისაღები უნდა იყოს, მაგრამ პრემიერისგან ამ შენიშვნების თქმა მისაღები არ არის. დღეს რასაც აკეთებს, ეს მიჯირყვნას ემსგავსება და ცუდი სანახავია. იმედია, მას ამის შესახებ ვინმე ეტყვის. საზოგადოების აღზრდის სურვილი აქვს, ყოველ შემთხვევაში, ასე გამოდის. თქვა, რომ შემდეგში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდება. როგორ შეიძლება, ერთმა ადამიანმა იცოდეს, როგორი უნდა იყო კარგი ექსპერტი, ჟურნალისტი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი?!. მას რატომღაც აქვს ამისი პრეტენზია. მინდა 20 წელიწადში, ქართული საზოგადოება ევროპულ საზოგადოებას დავამსგავსოო. ბიძინა ივანიშვილი თანამდებობიდან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ მესიობა არ სურს, მაგრამ ეს უფრო არის მესიანიზმი, როცა საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლა გწადია. სწორედ ასე გადიოდნენ ქრისტე, ბუდა საზოგადოებაში და მის შეცვლას ცდილობდნენ. მესიანიზმზე ვლაპარაკობ ზოგადად და არც ქრისტეს და არც ბუდას ბიძინა ივანიშვილს არ ვადარებ. არ ვიცი, რამდენად აქვს მას გაცნობიერებული, მაგრამ როცა საზოგადოების გაზრდისთვის ფიქრობს მოღვაწეობას, ეს სხვა არაფერია, თუ არა მესიობის სურვილი მისი მხრიდან.
- შეხვედრის დასრულების შემდეგ გქონდათ მასთან პირისპირ გასაუბრების საშუალება?
- მხოლოდ რამდენიმე წუთით. ყველას ხელი ჩამოგვართვა, გვითხრა, არ გეწყინოთო, დაგვემშვიდობა.
- რას ფიქრობ მის ნათქვამზე, რომ ყველა ტელევიზია უყვარს, მათ შორის ''რუსთავი 2'' ?
- არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო ამ შემთხვევაში. თვითონ ამბობს ხოლმე, რომ გულწრფელია.
- გასაგებია შენი მოსაზრება, რომ პრემიერი ჟურნალისტებს ჭკუას არ უნდა არიგებდეს, მაგრამ ჟურნალისტები იმ პრობლემებზე თუ ფიქრობთ, რაც ამ სფეროში უდავოდ არსებობს?
- რა თქმა უნდა, ჟურნალისტიკაში არის პრობლემები, მაგრამ ზუსტად ის არა, რაზეც ივანიშვილი მიუთითებს. მისი შენიშვნები ამ მხრივ ძალიან არაკვალიფიციურია, რადგან მას ეს პროფესია არ უსწავლია და თავისი წარმოდგენები აქვს ჟურნალისტიკის შესახებ. გარდა ამისა, მის მიერ მოხმობილი ციტატები იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი და ფრაგმენტული. თუ აპირებ ჟურნალისტის კრიტიკას, მაშინ კეთილი ინებე და თავიდან ბოლომდე ნახე გადაცემა, წაიკითხე სტატია. როცა პრესცენტრის ინფორმაციას ეყრდნობი, ეს არ არის სწორი.
- პრესსამსახურის მიერ მოპოვებული ციტატები რომ კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, ეს რას ნიშნავს?
- ალბათ, რაც ჩათვალეს საჭიროდ, ის მიაწოდეს პრემიერს, მაგრამ თავად უნდა ენახა და იქნებ, თვითონ უფრო საინტერესო რამ აღმოეჩინა?..
- ჟურნალისტურ წრეებში თუ არის დაპირისპირება? შიდა წრეებში თუ არჩევთ, რა პრობლემებია ამ სფეროში?
- მაქსიმუმ ''ფეისბუქის'' სივრცეში ირჩევა. კოლეგებს პიროვნულად ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. როგორ არ ვსაუბრობთ პრობლემებზე, მაგრამ ეს ხდება დისკუსიების დროს ინტერნეტსივრცეში ან რომელიმე სემინარზე, თუკი იქ ერთად აღმოვჩნდებით.
- პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ რაიმე თუ შეიცვალა მედიაში? თუნდაც ''საზოგადოებრივ მაუწყებელზე'' მიმდინარე პროცესების შეფასებით რომ დავიწყოთ.
- ''საზოგადოებრივ მაუწყებელთან'' დაკავშირებით კვლავ არის შეკითხვები. არსებობს პრეტენზიები ეკა კვესიტაძისა და დავით პაიჭაძის მიმართ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მათი ტელევიზიიდან გაშვება არ იყო სწორი ნაბიჯი. არის საზოგადოების ნაწილი, რომელსაც მოსწონს ეს წამყვანები და ისინიც დაეტოვებინათ და სხვებიც მიეყვანათ, რაც გარკვეულწილად დააბალანსებდა სიტუაციას. ზოგადად მედიაში ვითარება შეცვლილია. წინა ხელისუფლება და ივანიშვილი ჰგვანან ერთმანეთს იმაში, რომ ორივე ფიქრობს, ჟურნალისტები ისე არ აშუქებენ მოვლენებს, როგორც საჭიროა. ივანიშვილი ამას ხმამაღლა ამბობს, ''ნაციონალები'' კი თავიანთ წრეში ლაპარაკობდნენ და ბოლოს გადაწყვიტეს, ჟურნალისტები სწორად ვერ აზროვნებენ და მოდი გავაკონტროლოთო. ივანიშვილმა კი ჩვენი აღზრდა გადაწყვიტა, გაკონტროლებას აღზრდა ჯობია (იცინის). არც ის არის ნორმალური, რომ პრემიერ-მინისტრი დადის და ჟურნალისტების გამონათქვამებს არჩევს, მაგრამ მფლობელებისთვის ტელევიზიების წართმევას ეს სჯობს. იდეალური კი ის იქნება, რომ ყველამ თავისი საქმე აკეთოს.
რაც შეეხება ''საზოგადოებრივ მაუწყებელს'' , ჩვენ ახალი ბორდის არჩევას უნდა დაველოდოთ. შემდეგ კი, იმედი მაქვს, ეს არხი მართლაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გახდება.
- ''პალიტრა ტივიზე'' მიგყავს თოქშოუ. თუ გქონია ის პრობლემა, რაზეც ინგა გრიგოლია საუბრობდა, ანუ ხელისუფლებიდან მასთან სტუმრად ძალიან ძნელად მიდიან.
- ''ქართული ოცნება'' მაინც უფრო კარგად მოდის ეთერში, ვიდრე ''ნაციონალური მოძრაობა'' . ჩემი გადაცემა შვიდის ნახევარზე გადის და ხელისუფლების წევრები მეუბნებიან ხოლმე, რომ შეხვედრა აქვთ და ამას ვერც გადავამოწმებ, მაგრამ ასე თუ ისე, მინისტრები ჩემს ეთერში მოდიან. ამ მხრივ უკეთესობა არის, მაგრამ ვინც მოგინდება, ის რომ უცბადვე მოვიდეს, ასე არ ხდება. დეპუტატებთან პრეტენზიები არ მაქვს, რადგან ხშირად ''სკაიპითაც'' მერთვებიან.
- კონკურენციაზე რა აზრის ხარ? ბევრი ახალი თოქშოუ დაიწყო სხვადასხვა არხზე.
- ერთადერთი სტუმრების პრობლემა იქმნება, თანაც, ამდენი თოქშოუ მაყურებელს ცოტა აბნევს, არა მგონია, ამდენი საჭირო იყოს... თითქმის ყოველდღეა შემთხვევა, როცა ერთი და იგივე სტუმარი უნდა რამდენიმე თოქშოუს, თუმცა მე ცოტა ადრე მაქვს გადაცემა ''რეზიუმე'' , ასე რომ, სტუმარს შეუძლია, ჯერ ჩემთან მოვიდეს და მერე სხვა გადაცემაში წავიდეს.
ასევე ''პალიტრა ტივის'' ეთერში გადის, ჩემი აზრით, ყველაზე ინტერაქტიული გადაცემა ქართულ ტელესივრცეში ''მოკლე ჩართვა'' . ის ყოველდღე საღამოს ცხრის ნახევარზე იწყება და გულისხმობს მაყურებელთან დიალოგს, აზრთა გაცვლა-გამოცვლას იმ დღის აქტუალურ თემაზე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მაყურებელს ვეკამათები ხოლმე (იღიმის). ზარები არ გვაკლია.
- ისევ შეხვედრას რომ დავუბრუნდეთ, პრემიერი შენობით რომ მოგმართავდა, არ გეხამუშა?
- ფამილიარულ დამოკიდებულებას გულისხმობ? არ ველოდებოდი, მაგრამ განსაკუთრებულ პროტესტს არ გამოვხატავ. უბრალოდ, პოლიტიკოსებთან ჟურნალისტების ახლობლობას სწორად არ მივიჩნევ და სანამ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკოსია, მასთან მეგობრობას არ ვემხრობი. შემდეგ, როცა პოლიტიკიდან წავა, ვნახოთ (იღიმის).
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''