07 ოქტომბერი, 2013
ფეხმძიმე თიკა ფაცაციას ''ნიჭიერის'' მონაწილეები ვეღარ ატირებენ
არც ის დამიგეგმავს, რომ ტელეწამყვანი გავხდებოდი. რასაც ცხოვრება მაძლევს, იმას ვიღებ. ცუდია, რომ რაღაცებისთვის არ ვიბრძვი, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ბუნება მაქვს თიკა ფაცაცია ტელეწამყვანებიდან ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელსაც ხალხი თითქმის არ აკრიტიკებს და მისი სატელევიზიო იმიჯი ყველამ დადებითად მიიღო. საზოგადოებამ წლების წინ, როგორც მომღერალი, ისე გაიცნო, მაგრამ თიკას სატელევიზიო სახე უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ვანიკო თარხნიშვილთან ერთად უკვე მეოთხე სეზონია, რაც ფილარმონიის კულისებიდან ნიჭიერებს ამხნევებს.

ფეხმძიმედ
არის, მესამე ბავშვს ელოდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, საშიში ნომრების ყურებას არ ერიდება. ინტერვიუები არ უყვარს, თუმცა ამჯერად სიამოვნებით დაგვთანხმდა და ია ფარულავასთვის სცენაზე ახსნილი სიყვარულის ისტორიიდან საინტერესო დეტალებიც გაგვიმხილა.

- თიკა, რით გამოირჩევა ''ნიჭიერის'' ახალი სეზონი წინა სამისგან?
- მე მგონი, უფრო მასშტაბურია. კასტინგებს რომ ვუყურებ, ძალიან მრავალფეროვანი ნომრებია. ადრე, სანამ პროექტს კარგად გაიცნობდნენ, ძირითადად სიმღერით ან ცეკვით მოდიოდნენ. ახლა უფრო გათამამდნენ და საკუთარ თავში სხვადასხვანაირი ნიჭი აღმოაჩინეს. ამას ისიც ემატება, რომ ქართველები საზღვარგარეთიდანაც ჩამოდიან მონაწილეობის მისაღებად.
- მონაწილეები ჟიურიზე ხშირად გაბრაზებულან, მაგრამ შენი და ვანიკოს ერთ-ერთი მისიაა, რომ ისინი გაამხნევოთ და დაამშვიდოთ...
- ჩვენგან კრიტიკას არავინ ელის, კულისებში ამისთვის არ ვდგავართ. არც ვაძლევთ საკუთარ თავს ამის უფლებას, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ჩვენც გვეცინება და მონაწილეებს ნომრის შესრულებისას ავყვებით ხოლმე. ყოფილა ნომერი, როდესაც მე და ვანიკო მონაწილეს ძალიან ვგულშემატკივრობდით და შემდეგ ჟიურიმ დაგვიწუნა. ხშირად ხდება, რომ გვერდიდან ნომერი კარგი ჩანს და დასასრულს ჟიური ამბობს, სინქრონი არ იყო, რაღაც არ გამოვიდაო. გვიკვირს, რადგან ან კარგ კუთხეში ვდგავართ, ან კეთილგანწყობილად ვუყურებთ ყველას (იცინის).
- შენ და ვანიკო თარხნიშვილი ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შეწყობილი დუეტი ხართ...
- ''ნიჭიერის'' პირველ სეზონში ერთმანეთს კარგად არ ვიცნობდით. როდესაც მივხვდით, რა უნდა გაგვეკეთებინა, რაღაცნაირად ავეწყვეთ. წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს. ერთი ძალიან დიდი დამთხვევაა ჩვენს ცხოვრებაში, რომ ორივე ერთი ზოდიაქოს ქვეშ, ერთ წელსა და თვეს, ოქტომბერში ვართ დაბადებული. შუალედი მხოლოდ ცხრა დღეა. შეიძლება, მხოლოდ ეს ზებუნებრივი თანხვედრა არსებობდეს ჩვენ შორის. ხშირია, როცა ერთსა და იმავე წამს ერთნაირ ფრაზებს ვამბობთ და მერე გადავეხვევით ერთმანეთს (იღიმება).

Rating

- ჯერ კიდევ ''ნიჭიერის'' პირველ სეზონში მაყურებელმა ახალი თიკა ფაცაცია გაიცნო. ახლობლებსა თუ მე გობრებშიც ყოველთვის ასეთი მხიარული და იუმორით სავსე იყავი?
- თავიდან ამის აფიშირების ცოტა მეშინოდა. როდესაც სცენაზე გამოდიხარ და სამი წუთის განმავლობაში მღერი, გინდა, არ გინდა, რაღაც ამპლუას ირგებ. ამ შემთხვევაში კი დილიდან საღამომდე კულისებში ხარ და ბუნებრივ ემოციას ამჟღავნებ. თავიდან ვერ მივხვდი, რამდენად საინტერესო იქნებოდა ხალხისთვის, მაგრამ ბოლოს სწორედ ამან დამაახლოვა მაყურებელთან. მათ სხვა კუთხით დამინახეს და ხელახლა აღმომაჩინეს... დღეს ყოველ ნაბიჯზე ხალხი ძალიან დიდი სითბოთი მხვდება. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ამის შანსი თუ მომეცემოდა.
- სად უფრო კარგად გრძნობ თავს, სცენაზე თუ კულისებში?
- (იცინის) კულისებიც სცენაა... კულისებში ვდგავარ, მაგრამ რეალურად თავიდან ბოლომდე საქართველოს წინაშე ვარ. როდესაც ძველი ნაცნობები მხვდებიან, მეუბნებიან, რომ ყველაფერი იციან ჩემ შესახებ, რადგან საჯარო ცხოვრებით ვცხოვრობ. ამას მივეჩვიე, ეს არის ჩემი, ცეკვა, სიმღერა, პროექტი თუ სხვა...
- სიმღერა გენატრება?
- მეტ-ნაკლებად მაინც ვახერხებ. ხან გასტროლზე მივდივარ და იქ ვივსებ სიცარიელეს, ხან აქ, თბილისში გამოვდივართ ღონისძიებებზე. ძალიან დატვირთული არ ვარ ამ საქმიანობით, მაგრამ რაღაც გამოდის. ტელევიზიები გვეხმარებიან, გადაცემებში ვმღერი. გამოდის, რომ მაინც ვაგრძელებ ამ საქმიანობას.
- ''ნიჭიერს'' რომ დავუბრუნდეთ, ძველი სეზონებიდან ყველაზე გამორჩეულად რომელი დღე ან მომენტი გახსენდება?
- ასე ვერ გამოვარჩევ... ჩემთვის ეს ერთგვარი სტრესიც არის, მით უმეტეს, როცა ცოცხალი კონცერტები მიდის. ამხელა ემოცია, მოლოდინი, ამდენი შრომაა ჩადებული და ადამიანებს უნდა დაუფასდეთ. იმ დღეს ძალიან დიდი ვნებათაღელვაა ხოლმე. დილიდან ვემზადებით და მონაწილეების ემოციები ჩვენზეც გადმოდის. ფინალის შემდეგ კიდევ ახალი ტალღა იწყება ხოლმე, ზოგს უხარია, ზოგს სწყინს.
- ახალ სეზონზე უკვე გქონდა დაუვიწყარი დღე, ია ფარულავას გათხოვებას ვგულისხმობ. შეგიძლია, ის დღე გაიხსენო, ტარიელ სუარმა იას ხელი როგორ სთხოვა?
- წელს ბევრი გამორჩეული დღე იყო, იას გაბედნიერებაც, რა თქმა უნდა. მე და ვანიკომ ტარიელი, როგორც ერთ-ერთი მონაწილე, სცენაზე შევაცილეთ. ასე რომ, ჩვენ უფრო ადრე ვიცოდით, ვიდრე იამ (იცინის).
- არ გეშინოდა, პატარძალს რომ უარი ეთქვა?
- არა, ალბათ ტარიელმა იცოდა, რატომ დგამდა ამ ნაბიჯს და იმედი ჰქონდა, რომ ია დათანხმდებოდა, მაგრამ კულისებში ძალიან ღელავდა. მთლიანად თეთრი იყო. არც ვიცი, იმ დღეს რა გადაიღეს ან რა კადრები დარჩა. დღის ბოლო იყო. ტარიელი ბოლოს წინა გამომსვლელი გახლდათ. ყველა დაღლილები ვიყავით. იას მსგავსი რამ არც წარმოედგინა. მსგავსი სცენები ყველას ფილმებში გვაქვს ნანახი. ზოგი ოცნებობს, რომ ასეთი რამ მის ცხოვრებაშიც მოხდეს. რეალურად ძალიან რთულია საჯაროდ ასეთი შეთავაზება. როდესაც დარბაზი სავსეა, რომელიც ზეწოლას ახდენს შენზე. მას უნდა ''ჰეფი ენდი'' ... ცალკე ია სასოწარკვეთილი და გაგიჟებული იყო. თან მოსწონდა და თან მაინც მოულოდნელი იყო მისთვის. მერე ცოტა შეუძლოდ გახდა. დარბაზმა მაინც არ შეწყვიტა სკანდირება, ''კიი'' , ''გილოცავთ'' , – ყვიროდნენ.
- ''გორკა'' -ს არ იძახდნენ?
- ''გორკა'' მანამდე იყო, ვიდრე ია პასუხს იტყოდა (იცინის). გვერდიდან იას ემოციებს რომ ვუყურებდი, ძალიან ძნელი ყოფილა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ იმავე საღამოს მთლად ასე ჯვრისწერით თუ დასრულდებოდა, ვერ ვიფიქრებდი (იღიმება).
- თიკა, ჟიურიზე გკითხავ, ამ შემთხვევაში კარგი დამკვირვებელი ხარ და ახალი სეზონის ჟიური რით განსხვავდება ძველისგან?
- არაპროგნოზირებადი ჟიურია. არიან ჟიურის გარკვეული წევრები, რომლებიც უფრო მკაცრები არიან, ვიდრე აქამდე მინახავს. არის რაღაც, რაც გულს აგიჩუყებს, მაგრამ ამის გამო არავის გადაიყვანენ. გეგა, ვიცით ყველამ, რა ტიპიც არის. მოულოდნელად ვიღაც მოეწონება და მერე ჟიურის დანარჩენ წევრებსაც გადაიყვანს თავის ჭკუაზე. სხვათა შორის, ჟიურის ამ შემადგენლობას ერთი ძალიან მაგარი რამ შევამჩნიე, შეიძლება, სულ სხვა რამ წარადგინოს მონაწილემ და სხვა ნიჭი დაინახონ მასში და ამის ხათრით გადაიყვანონ შემდეგ ტურში.

Rating

- თიკა, რაც ''ნიჭიერი'' მიგყავს, მეორედ ხარ ფეხმძიმედ?
- მეორე ფეხმძიმობაზე ''ბრავო'' მიმყავდა. ახლა პირველად ხდება, რომ ასეთი დატვირთვით ვმუშაობ.
- სცენაზე აქამდე ბევრი მძიმე ნომერი გვინახავს, ლურსმნებზე დაწოლა, დანის სროლა. ალბათ, რთულია შენს მდგომარეობაში ამგვარი ნომრების ყურება?
- ძალიან უცნაური რაღაც ხდება... სულ დამცინოდნენ, ღილაკზე გაქვს ცრემლებიო. მეტირებოდა და რა მექნა?! ხომ ამბობენ, ფეხმძიმობისას უფრო სენტიმენტალური ხდებიო. ადრე პარკურის გამოსვლებსაც ვერ ვუყურებდი. ახლა პირიქით, რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, ჯერ არ მიტირია და ყველაფერს ფართოდ გახელილი თვალებით ვუყურებ. ბოლო ჩაწერაზე მე თვითონვე მიკვირდა, ძალიან გამოვყოჩაღდი. ასე რომ, ჯერ არავის ავუტირებივარ. ჩვენ, მთლიან გუნდს, რაც უფრო ექსტრემალური ხდება სცენაზე, მით უფრო მოგვწონს. იმის გამო, რომ თიკა ცუდად არ გახდეს, არც ერთ მონაწილეს არ შევზღუდავთ.
- შვილები როგორ ელოდებიან მესამე ბავშვის შემოსვლას ოჯახში? ხომ არ ეჭვიანობენ?
- ჯერჯერობით არ ეჭვიანობენ. ჩვეულებრივად იღებენ, როგორც რეალობას.
- თიკა, ბევრი შვილი შენი ოცნება იყო?
- ბავშვობაში ოთხ შვილზე ვოცნებობდი. ერთი რომ გავაჩინე, მერე აღარ ვოცნებობდი. ახლა მესამე შვილს ვაჩენ და არ ვიცი, ახდება თუ არა ჩემი ბავშვობის ოცნება, რომელიც შემდეგ გადავიფიქრე. არასოდეს ვგეგმავ ცხოვრებას წინასწარ. არც ის დამიგეგმავს, რომ ტელეწამყვანი გავხდებოდი. რასაც ცხოვრება მაძლევს, იმას ვიღებ. ცუდია, რომ რაღაცებისთვის არ ვიბრძვი, მაგრამ რა ვქნა, ასეთი ბუნება მაქვს. ველოდები, რომ შემომთავაზონ და მერე დავთანხმდე. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ბავშვობაში საკუთარი თავი ტელეწამყვანად და მომღერლად არ დამინახავს. მე ვხედავდი თიკა ფაცაციას ბუღალტრად. მთელი ბავშვობა ამაზე ვოცნებობდი (იღიმება).

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
მართალი
გემრიელი ქალია და რაც მთავარია პატიოსანი,რაც სამწუხაროდ იშვიათობაა.
13:15 / 15-12-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსო
მიდი თიკააა... მეც 3ბიჭის დედა ვარ ,გამრავლდი და გაიხარე
20:15 / 14-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მერაბი
თიკა უსაყვარლესია.ფარულავა დედად შეგეფერება და რა დროს ბებრის ვითომ ხელის თხოვნაა.ასეთი სიაფანდური პიარი რომ წინასწარ დაგეგმეს სუარმა და იამ ამას რა მიხვედრა უნდა.
15:56 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
თიკა ძალიან საყვარელი ორსული ხარ. შენაირად არცერთი ტელეწამყვანი არ მიყვარს. ნამდვილად სამეგრელოს სიამაყე ხარ.
23:17 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
თიკა მაგარიააააააააა. მაგრები ვართ ფოთელებიიიიიიი. გამრავლდი და გაიხარე.
19:17 / 08-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS