ნინოს ახლად გამოსული ალბომის შესახებ ვკითხეთ, ასევე დავინტერესდით, რატომ აღარ არის „ახალი ხმის“ ჟიურიში.
- რატომ აღარ ჩანხარ პრესით, ტელევიზიით? არადა, შენი ალბომი გამოვიდა.
- პირველი ალბომის შემდეგ არც ერთი
- ალბომის კარგად გაყიდვა საქართველოში რას ნიშნავს?
- ვთქვათ, გარკვეულ ტირაჟს უშვებ. თუკი ის მალე დამთავრდება და დამატებას რამდენჯერმე გთხოვენ, ე.ი. წარმატებულია. ხშირად გვირეკავენ დისკების დამატების თხოვნით. ჩემი მენეჯერი და სტუდია ერთად აკონტროლებენ ამ გაყიდვებს, არ გამოვრიცხავ, რომ იყოს მეკობრული ვარიანტები, თუმცა არ მიძებნია. ალბომი არც ისე ძვირია, რომ ადამიანმა ვერ შეიძინოს.
- კლიპის გადაღებას გეგმავ? ამას წინათ შოუბიზნესის წევრები ამ სფეროს უმოქმედობაზე წუწუნებდნენ.
- კლიპის გადაღებას ვაპირებ. მაქვს ტელევიზია „აფხაზეთის ხმა“ , რომელიც მინდა, მუსიკალურ არხად გარდავქმნა. ჩემს კოლეგებს სულ ვეუბნები, რომ მომიტანონ, რა ვიდეორგოლებიც აქვთ. სულ არის წუწუნი იმაზე, რომ არ არსებობს მუსიკალური არხი. აი, ვაკეთებ და ახლა აღმოჩნდა, რომ მასალა, რომელიც სტანდარტებს შეესაბამება, ბევრი არ არის, ეთერს ვერ შეავსებს. ჩემი ალბომიდან რამდენიმე სიმღერაზე გადავიღებ არცთუ მაღალბიუჯეტიან ვიდეორგოლებს და დავატრიალებ ჩემს არხზე. იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც შეეცდებიან კლიპების გადაღებას და ამყვებიან, რომ შოუბიზნესი ავამოქმედოთ. მეორე მხრივ, შოუბიზნესის სხვა წევრებს იმაში ვეთანხმები, რომ კლიპების წარსადგენად სივრცე არ გვაქვს. რაც უნდა მოთხოვნადი იყო, რადიო, ტელევიზია მომღერლის პოპულარობისთვის აუცილებელია. კიდევ მაქვს გეგმები, რომლებიც შოუბიზნესის ამოძრავებას შეუწყობს ხელს და ვნახოთ, როგორ გამოვა.
- არის უმოქმედობა ამ სფეროში?
- არის. თავიდან მეგონა, მე ხომ არ ვარ მოდუნებული-მეთქი, მაგრამ ეს სფერო გა-ჩერებულია იმ თვალსაზრისით, რომ ვინც აქტიურობდა, ცნობილი მომღერლები, ისინი ნაკლებად აქტიურები გავხდით, თორემ არიან უცნობი სახეები, რომლებიც მუშაობენ, მოაქვთ რადიოში სიმღერები. არის ბევრი ახალი ჩანაწერი და როცა ამას ვუყურებ, მეც მიჩნდება გააქტიურების სურვილი, თუმცა მაინც მიჩუმათებულები ვართ ჯერჯერობით.
- ტელეეთერში ნაკლებად ჩნდები, ეს შენი გადაწყვეტილებაა?
- პრესასთან მართლა არანაირი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ ყოველკვირა მოგზაურობასა და სამოსზე ლაპარაკი, რაზეც 8 წელია ვსაუბრობ, არა მგონია, გამართლებული იყოს. თუკი რაიმე სიახლე მაქვს, სიამოვნებით ვკონტაქტობ ჟურნალისტებთან. გამორჩეულად მიყვარს თქვენი ჟურნალი. ზოგადად მირჩევნია, ისეთ ჟურნალისტს მივცე ექსკლუზივი, რომელიც ვიცი, სწორად დაწერს ყველაფერს.
რაც შეეხება ტელევიზიებს, „რუსთავი 2“ -ს არ ვგულისხმობ, სადაც „პროფილში“ პრემიერას შემოგთავაზებთ მალე, მაგრამ სხვა არხებიდან ახალი სეზონის დაწყების შემდეგ არანაირი შემოთავაზება არ მქონია.
- „ახალ ხმაში“ ზოგადად პირველ-ორ სეზონში იგივე მწვრთნელები რჩებიან ხოლმე, შენ და მერაბ სეფაშვილი კი აღარ მიგიწვიეს. გაქვს ინფორმაცია, რატომ მოხდა ასე?
- „ახალ ხმასთან“ დაკავშირებით ზუსტად ისეთივე ინფორმაცია მაქვს, როგორიც თქვენ, ანუ არანაირი. მახსოვს, როცა პირველ სეზონზე მწვრთნელებს არჩევდნენ, ყველას მონაცემები გააგზავნეს უცხოეთში და ჩემი რეიტინგის, გაყიდული ალბომებისა და პოპულარობის გათვალისწინებით ამარჩიეს. გასულ წელთან შედარებით ჩემი რეიტინგი არ დაწეულა, თუ არ მოიმატა, და არ ვიცი, რატომ აღარ მიმიწვიეს. ალბათ, ეს შოუც იმ კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც მე არ მეძახიან (იღიმის). მეორე მხრივ, შესაძლოა, რეჟისორს სხვა ტიპის შოუს გაკეთება უნდა. ალბათ მწვრთნელთა შემადგენლობის გადახალისება უნდოდა და სხვებიც რომ შეეცვალა, არ იქნებოდა გასაკვირი. შეიძლება, ერთი და იმავე სახეების ყურება ცოტა მოსაწყენიც იყოს. ამის გამორიცხვაც არ შეიძლება.
- ხომ არ ფიქრობ, რომ „იმედზე“ იმის გამო არ გიწვევენ, რომ შენი მეუღლე ფლობდა ამ არხის წილს?
- ამაზეც არ მაქვს პასუხი. ყველა ჩემი კოლეგა „იმედის“ შოუებშია დაკავებული ჩემ გარდა. ვგულისხმობ „ახალ ხმას“ და „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ . შესაძლოა, ეს დამთხვევაა, თუმცა შარშან ყველა შოუ მეძახდა და სხვანაირი სიტუაცია იყო.
- ნინო, ვიცი, რომ სიახლე გაქვს, საინტერესო დუეტი. გია სურამელაშვილთან აქამდე რატომ არ წერდი დუეტს?
- აქამდე არ მოგვსვლია ეს აზრი. ძველი სიმღერა მოვძებნე და მინდოდა გამეგო, ვინ იყო მისი ავტორი. მერე ვიღაცამ მითხრა, გია სურამელაშვილის სიმღერააო. რომ დავურეკე, დამიდასტურა. ძალიან ცნობილი სიმღერაა, პირველივე სიტყვიდან ყველა მიხვდება, ამიტომ არ გავამჟღავნებ ჯერ. გადავწყვიტე, რომ დუეტი ჩაგვეწერა. მოსკოვში ვაკეთებინებთ აზიურ-ქურთულ-სომხურ არანჟირებას. აქ ისეთი მუსიკოსები არ არიან, რომლებიც ამ არანჟირებას ჩაწერდნენ, ამიტომაც მოსკოვში ჯგუფს ვაწერინებთ და გაგვეწელა ამის გამო.
- პრემიერა როდის იქნება?
- პრემიერა იქნება, როგორც კი გია გამოვარდება „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ .
- ანუ მის შანსებს ასე აფასებ?
- (იცინის) გიას იმდენი თაყვანისმცემელი ჰყავს, რომ ბევრი დაუმესიჯებს, გარდა ამისა, ძალიან გახდა, ბევრს ვარჯიშობს და ამიტომ, ჩემდა სამწუხაროდ, შანსი აქვს (იცინის). რადგან „იმედის“ გადაცემაშია დაკავებული, სხვა არხზე პრემიერას ვერ წავიღებთ, ამიტომაც უნდა დაველოდო მის გამოვარდნას (იცინის).
- ალბათ ახალი სიმღერა ინტერნეტს ააფეთქებს, იმდენი კრიტიკა წამოვა.
- იმდენად არაფერს ვაკეთებთ მომღერლები, რომ კრიტიკაც კი მესიამოვნება (იცინის). ამას მიჩვეული ვარ. მთავარია, სამარშრუტო ტაქსი იქნება, ბაზრობა თუ რესტორანი, ყველგან ჩვენი სიმღერა ჟღერდეს და ვინ როგორ გამაკრიტიკებს, არ მაინტერესებს.
- ბოლო დროს კრიტიკა და ეს აგრესია ძირითადად ეხება ხოლმე ვანო მერაბიშვილის ოჯახთან შენი ოჯახის მეგობრობას და ა.შ. როგორ ხდება ისე, რომ ამდენი აგრესიის ფონზე შენი ალბომები მაინც იყიდება?
- როცა განსხვავებულ პროდუქტს აკეთებ და ხარ ინდივიდუალური, არ ცდილობ, ყველას მოაწონო თავი. როგორც მივიჩნევ, ისე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ინტერნეტსივრცეში ალბათ უფრო ახალგაზრდა თაობის ადამიანები არიან, რომლებიც აგრესიულად ეხმაურებიან ჩემ შესახებ ნებისმიერ სიახლეს. ჩემი მსმენელი შედარებით უფროსი ასაკის ხალხია. არ მიფიქრია, რატომ მლანძღავს ზოგიერთი ადამიანი. ვერ იტყვი, რამდენია ისეთი ადამიანი, რომელსაც მოსწონხარ, შესაძლოა, 50-50-ზეც იყოს. მგონია, რომ აგრესია იმ ადამიანების პრობლემაა, ვინც ამ აგრესიას გამოხატავს. მათზე ნაკლებად ვფიქრობ.
- როცა პიროვნულად გეხებიან, არ გწყინს?
- ყველას აქვს აზრის გამოხატვისა და შენი მოწონების თუ არმოწონების უფლება. ალბათ მაქვს გარკვეული იმუნიტეტი. კარიერას რომ ვიწყებდი, იმდენი რამ გამოვიარე, რომ ნერვები აღარ მეშლება. ადამიანმა ერთ დღეს შეიძლება გაგლანძღოს და მეორე დღეს შენს სიმღერას მოუსმინოს. მუშაობის ხალისი ამის გამო არასდროს დამიკარგავს. ზოგი გაქებს, ზოგი გლანძღავს, ასეთია ცხოვრება. არც არავის ვპასუხობ. როცა ადამიანი არ გიცნობს, უფრო გასაგებია. გული მტკივა იმ შემთხვევაში, როცა ვინც მიცნობს, ის წერს ჩემზე რაღაცას ან აკეთებს იმას, რაც ჩემთვის მოულოდნელია.
- გიასთან დუეტის გარდა კიდევ იქნება ახალი სიმღერები?
- ახალ ალბომზე უკვე ვმუშაობ, სადაც ჩემი დაწერილი სიმღერები შევა, ცოტა გან-სხვავებულია იმისგან, რაც აქამდე მოგისმენიათ ჩემგან. ეს ის მელოდიებია, რომელთა გადმოცემაც მინდა. ახალ წლამდე მინდა ამის მოსწრება და შესაძლოა, კიდევ იყოს დუეტე-ბიც. ერთი დუეტის იდეა მაქვს, მაგრამ ჯერ საიდუმლოდ შევინახავ.
ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“