02 ოქტომბერი, 2016
ვინ არის მამა სერაფიმე, რომელმაც სვეტიცხოველში რომის პაპის და პატრიარქის წინაშე არამეულ ენაზე იგალობა
რომის პაპის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მისი სვეტიცხოველში სტუმრობა აღმოჩნდა... პატრიაქრი და პაპი ტაძარს 1-ელ ოქტომბერს ერთად ეწვივნენ და საგანგებოდ ამ ვიზიტისთვის, სვეტიცხოველში მამა სერაფიმემ მრევლთან ერთად არამეულ ენაზე იგალობა (იხილეთ ვიდეო) ... ქრისტეს ენაზე შესრულებულმა შთამბეჭდავმა გალობამ ორი დღეა სოციალური ქსელი მოიცვა...

38 წლის ბერ-დიაკვანი, მამა სერაფიმე ასურელია და მისი მშობლიური ენა არამეულია. ბერ-დიაკვანი 24 წლის ასაკამდე საერო ცხოვრებას მისდევდა, აღმოსავლურ ორთაბრძოლაში ასპარეზობდა, უკრაინაში კი დეპუტატების დაცვის სამსახურის უფროსი იყო. თუმცა, მის
ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები, რომლებმაც მას მონაზვნად აღკვეცა გადააწყვეტინეს. მამა სერაფიმეს შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეიტყო და საქართველოში მცხოვრებ ასურელ ხალხს ისე წარუდგინა, როგორც "ასურელების მოძღვარი". უწმინდესის იდეა იყო, მამა სერაფიმეს არამეული კარგად შეესწავლა და შემდეგ, ღვთისმსახურება ასურელებისთვის ამ ენაზე შეესრულებინა. ამჟამად მამა სერაფიმე სოფელ ქანდაში მოღვაწეობს. გთავაზობთ ნაწყვეტებს ბერ-დიაკვანის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრაში" 2014 წელს გამოქვეყნდა:

"ადრე ღმერთის მაინცდამაინც არ მწამდა. შევდიოდი ეკლესიაში, ვანთებდი სანთელს და მეგონა, მორწმუნე ვიყავი. ბიბლია ბავშვობაში, 11 წლის ასაკში უკვე წაკითხული მქონდა, მაგრამ აღვიქვამდი, როგორც ზღაპარს. შემდეგ, როცა მართლა მივხვდი, რომ ღმერთი არსებობს, წავედი და მონაზვნად აღვიკვეცე.

- რამე ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხომ არ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში, რამაც ამისკენ გიბიძგათ?
- ლამის მთელი ბავშვობა და სიჭაბუკე საავადმყოფოში გავატარე. ყველაზე დიდი ტრავმა მაშინ მივიღე, როცა ბეტონის ამრევ მანქანაში ჩავვარდი. იქიდან ცოცხალი ისტორიაში ჯერ არავინ გამოსულა, ჩემ გარდა... 2 წლის განმავლობაში ფეხზე ვერ ვდგებოდი. ჯერ საწოლს ვიყავი მიჯაჭვული, შემდეგ ეტლს, მერე საყრდენად ჯოხები მქონდა.

- კიდევ რა ხიფათი გადაგხდენიათ?
- ერთხელ მანქანამ გამიტანა, ერთხელ კი, შემთხვევით, პერიგიდროლი წყალი მეგონა და დავლიე. ბევრ რამეს გადავრჩენილვარ ბეწვზე, თუნდაც იმას, რომ რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავვარდი. ერთი სიტყვით, საეკლესიო ცხოვრების დაწყებისთვის ბიძგის მომცემი ბევრი რამ იყო. ერთხელ ძალიან დიდ განსაცდელში ჩავვარდი: ახლობლის, ნათესავის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. უკანასკნელი ქართველი წმინდანის, მამა გაბრიელის საფლავზე ავედი და ვთქვი: "თუ იქნება სათნო უფლისათვის, მე გავხდები მონაზონი, ოღონდ ის გადარჩეს".

როცა ყველანაირი იმედი გადაგვეწურა, მაშინ მოხდა სასწაული და ეს ადამიანი სიკვდილს გადარჩა. ამ პერიოდის შემდგომ კიევში ვცხოვრობდი. აღმოსავლურ ორთაბრძოლებში ამიერკავკასიის ჩემპიონატი მქონდა მოგებული. უკრაინაში შექმნილი ვითარებების გამო, იქაურ დეპუტატთა გუნდებს დაცვა სჭირდებოდათ. ყველამ იცოდა, რომ ვინც საქართველოდან იყო, ერთგული იქნებოდა, ამიტომ ამიყვანეს. მალევე დაცვის უფროსი გავხდი. მერე მოხდა ისეთი რამ, რაზეც მე საერთოდ არ ვსაუბრობ. ეს სასწაული იყო: გინდ ხილვა ეძახეთ, გინდ - სიზმარი. ვნახე, როგორ მიმანიშნეს და მითხრეს, რომ ღმერთს შევპირდი მონაზვნობას და სიტყვა უნდა შემესრულებინა. ეს ხილვა თუ სიზმარი ჩემს სიტყვებს ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მახსენებდა, ამიტომ საბოლოოდ, წმინდა სამების იონას მონასტერში, ასე ვთქვათ, მოხდა ჩემი გარდაცვალება და მე ხელახლად დავიბადე, როგორც მონაზონი განაგრძეთ კითხვა
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS