27 სექტემბერი, 2016
"გუშინ სოხუმი აიღეს აფხაზებმა და ევაკუაციაა გამოცხადებული. უმძიმესი დამარცხება განიცადა საქართველომ..." - 14 წლის ქართველი გოგონას დღიურში ასახული 90-იანი წლები...
ეს დღიური 1990-იან წლებში იწერებოდა. მისი ავტორი ერთი ჩვეულებრივი ქართველი გოგონაა, რომელსაც სწორედ იმ პერიოდში მოუწია გარდატეხის წლებმა. დღიურის წერა 14 წლისამ დაიწყო და 17 წლამდე წერდა. მის თვალწინ განვლო იმ მძიმე წლებმა და ბევრმა ისტორიულმა ქარტეხილმა, რომელიც დღეს ბევრს ახსოვს. ბავშვური გულწრფელობით არის ნაამბობი ეს ყველაფერი, ჩვეულებრივი ოჯახური და მოზარდული ამბები, რომელთაც სულ გასდევს ფონად მიტინგები, უშუქობა, გაჭირვება და ომები, რამაც მაშინდელ ახალგაზრდებსა და ბავშვებს საუკეთესო წლები დაუჩრდილა...

1 სექტემბერი, ოთხშაბათი. 1993 წ.
დღეს
სწავლა არ დაგვეწყო. მამა სვანეთში იყო და გუშინ დაბრუნდა, ბიცოლაჩემიც ჩამოიყვანა.
ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ზვიადისტები მაგრად იმუქრებიან. დაიკავეს ფოთი და სენაკი. ამბობენ, რუსეთის ჯარი შემოვაო და მაშინ კი მოგვეხაზება. პურის მარაგიც არ არის, ერთმანეთს აწყდება მოსახლეობა. ახლა კიდევ თქვეს, ქოლერაა გავრცელებულიო. პირდაპირ საშინელებაა!
ერთი კვირის წინ მამამ გიოს პატარა მამლუკა მოუყვანა. გიომ წიპატა დაარქვა. ძალიან საყვარელია. სულ გულში იხუტებს. დილას, ზუსტად 7 სთ-ზე ყივის ჩახრინწული ხმით, ჩვენმა მეზობლებმა უკვე თავიანთ დედლებთან მიიწვიეს. დიდი პოპულარობით სარგებლობს.
დღეები ზოზინით გამყავს. წიგნებს ვკითხულობ ან ვხატავ. გუშინ "ანა კარენინა" დავამთავრე. საოცრებაა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მთელი დღე ვფიქრობდი, მაგარი ქალია. საერთოდ რუსული კლასიკა ძალიან მომწონს, დოსტოევსკი ხომ ჩემი იდეალია. მე მგონი, რასკოლნიკოვი ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია მსოფლიო ლიტერატურაში... ახლა უკვე ძალიან გვიანია, უნდა დავიძინო.

14 სექტემბერი, სამშაბათი. ისევ არეულობაა, პარლამენტში ყველა ჯაბა იოსელიანს დაესია და კიდევ ზოგიერთ ბანდის მეთაურს. ამ დროს შევარდნაძემ გადადგომის შესახებ წამოაყენა განცხადება. მაშინვე გაცუქცუქდა ადამიანების გარკვეული ჯგუფი პარლამენტის წინ და სთხოვენ, რომ დაბრუნდეს, დარჩეს თავის თანამდებობაზე, არ მიატოვოს საქართველო (ახლა ტელეივზორი მაქვს ჩართული, პირდაპირი ტრანსლაციაა). როგორც იქნა, გამოვიდა, ვნახოთ რას იტყვის... ისე კი, რაც ეგ არის, სულ გადაგვარდა საქართველო, არაფერი კარგი არ გაკეთებულა. თუმცა ახლა რომ გადადგეს, ვინ აპირებს მისი ადგილის დაკავებას, ნამდვილად არ ვიცი.
შევარდნაძემ თქვა, რომ დილამდე უნდა გადახარშოს ყველაფერი და პასუხს მერე იტყვის (რა ფარისევლობაა), მაგრამ ახლა ხალხი აყვირდა. ტაშს უკრავენ და სთხოვენ, ახლავე უპასუხოს. ის კი ამბობს, დრო მომეცით ხვალ დილის 10 საათამდეო. და... ღმერთო ჩემო! ამ დროს ხდება საზიზღრობა! ეს დაბეჩავებული ხალხი ამ კაცის წინ იჩოქებს, რა მკრეხელობაა!!! რა სიმდაბლეა! ამაზე უარესი რაღა უნდა გაეკეთებინა ქართველ ხალხს... არაფერს აღარ ვამბობ, აღარაფერი მაინტერესებს!... ილია მოკლეს და შევარდნაძეს უჩოქებენ... ჯანდაბამდისაც გზა ჰქონიათ!
მრცხვენია, რომ ქართველი ვარ!!!

20 სექტემბერი, ორშაბათი. სწავლა დღეს დაიწყო და გიოც დღეს შევიდა სკოლაში.
უკვე პირველკლასელია. ისეთი საყვარელი იყო ჩანთით, გაოცებული, გაფართოებული თვალებით. ძალიან მოეწონა ყველაფერი, სახლში რომ მოვიდა, შთაბეჭდილებები ფურცელზე გადაიტანა, დახატა მერხები, საკლასო ოთახი, მასწავლებელი. ის ხომ კარგად ხატავს.
ორი კლასელი გამითხოვდა, ისე კი ძველებურადაა ყველაფერი. გაშეშებული, გამოყინული მასწავლებლები... პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია. აფხაზეთში ერთი ამბავია, შევარდნაძე სოხუმშია. ჩვენი საუკეთესო ბიჭები კი კვლავ იხოცებიან.

25 სექტემბერი, შაბათი. ოცის მერე ბევრი რამ შეიცვალა. ვითარება სოხუმში დაიძაბა და ჩემი უსაყვარლესი მასწავლებელი, სოსო 21-ში აფხაზეთში წავიდა. უსაზღვროდ განვიცადეთ, მთელი კლასი ვტიროდით.
მის მაგივრად ერთი კრეტინი ქალი შემოგვიყვანეს, ვერ აღვწერ. უბრალოდ, ასეთი ძლიერი მასწავლებლის შემდეგ ეს ქალი საშინელი უკიდურესობაა - სულ ჩხუბობს. გაკვეთილს კი არ ხსნის, წიგნიდან კითხულობს (სურგულაძე ბოლომდე არც ჰქონია წაკითხული?!). ისეთ მონათხრობში წერს ხუთს, სოსო სამსაც რომ არ დაწერდა. მე მგონი, სულ დაგვაჩლუნგებს... თუმცა ახლა ისეთი დროა, შეგვიძლია ხმა ამოვიღოთ, მოვითხოვოთ ხელმძღვანელობისგან, რომ შეგვიცვალონ. იმედი მაქვს...

28 სექტემბერი, სამშაბათი.
საშინელი ამბებია! გუშინ სოხუმი აიღეს აფხაზებმა და ევაკუაციაა გამოცხადებული. უმძიმესი დამარცხება განიცადა საქართველომ; ნუთუ ტყუილად დაიხოცა ამდენი ხალხი, ამდენი კარგი ბიჭი?! ნუთუ უნდა შერჩეთ აფხაზებს ეს სისხლისღვრა, ქართველთა შეურაცხყოფა?! იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS