05 ოქტომბერი, 2013
"ჩემზე ამბობენ, რომ ერთი მილიონი კაზინოში წავაგე!..“
ხათუნა ნივთი არ არის, რომ გამოვამზეურო. თვითონაც არ აინტერესებს ასეთ შეკრებებზე სიარული წინა მთავრობა ნარკომანობასა და ლოთობას აბრალებდა. ასეთ ცილისწამებას ზურა იმ განცხადებებს მიაწერს, რომლიც მან ნაცმოძრაობის საწინააღმდეგოდ რამდენჯერმე გააკეთა. დღეს პარლამენტარი და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატია, მაგრამ ამ პოსტით უკმაყოფილოა. ამბობს, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის, რომ მან საკუთარი ვალი ხალხის წინაშე მოიხადა და ახლა კვლავ სპორტში გადაბარგებას ფიქრობს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მანამდე პოლიტიკიდან წასვლის მიზეზებზე, ჭორებსა და პირად ცხოვრებაზე ზურა ზვიადაური
ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრებს.

- ზურა, სპორტიდან პოლიტიკაში გადმობარგება შენთვის ერთგვარი ტრამპლინი იყო?
- არანაირი ტრამპლინი არ ყოფილა. ყოველთვის ვფიქრობდი და დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ ეს ჩემი საქმე არ არის. ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რაც იცის. არ არის გამორიცხული, პარლამენტი დავტოვო.
- ნანობ ამ ნაბიჯს?
- არ ვნანობ, იმიტომ, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადამედგა. ეს იყო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. ყველას კარგად ახსოვს, რას უშვრებოდა ის მთავრობა ხალხს. მათ წინააღმდეგ საბრძოლველად ყველა უნდა გავერ-თიანებულიყავით და ასე მოვიქეცი მეც. ეს ნაბიჯი სავარძლისა და პარლამენტში მანდატისთვის არ გადამიდგამს. ასე ჩემი ხალხისა და ჩემი ქვეყნისთვის მოვიქეცი. მარტო ციხის კადრების გახსენება რად ღირს.
- ამ კადრების გავრცელებამდე არ გქონდა გადაწყვეტილი პოლიტიკაში მოსვლა?
- ნაცმოძრაობისგან ამ კადრებამდე ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდი. ჩემი ლაფში ამოსვრისთვის ყველანაირ ხერხს იყენებდნენ. რა აღარ დამაბრალეს.
- რატომ?
- მათი ყურმოჭრილი მონა რომ არ გავხდი, იმიტომ. ერთხელ ბადრი პატარკაციშვილის სასარგებლოდ გავაკეთე განცხადება. მაშინ ერთ-ერთმა კორესპონდენტმა მითხრა, არ გეშინია, ამ განცხადებას რომ აკეთებო? ამას მოჰყვა სპორტსმენების დაბარება. დავით ნამგალაურმა დაგვიბარა და გვითხრა, რომ სააკაშვილის სასარგებლოდ რაღაც დოკუმენტზე მოგვეწერა ხელი. გუნდურად ვუთხარით უარი. იქიდან რომ წამოვედით, ნამგალაური სათითაოდ ურეკავდა სპორტსმენებს და აჰყავდა უკან. რამდენიმე ვირთხა მიტრიალდა და მოაწერა ხელი. მე რომ დამირეკა, მკითხა, მიშა გეძახის, არ მოდიხარო? მე სპორტსმენი ვარ და არა პოლიტიკოსი-მეთქი, ვუპასუხე და გამოვრთე ტელეფონი. ერთი კვირის განმავლობაში ტელეფონი არ ჩამირთავს. ამას მოჰყვა ხმები, რომ ზვიადაური `ბასიაკია“ , ნარკომანია. სპორტულ შეკრებებზეც აღარ მეპატიჟებოდნენ. ადამიანის ლაფში ამოსვრა ყველაზე კარგად ეხერხებოდა ნაცმოძრაობას. ერთ-ერთი სპორტსმენიც იყო ამ ცილისწამებაში გარეული, დღეს პარლამენტარი რომ არის... ასე რომ, მინდოდა, იმ სისტემის დანგრევაში მეც შემეტანა წვლილი. სანამ საკუთარ ტყავზე არ გამოვცადე, ვერ მივხვდი, რა ხალხთან გვქონდა საქმე. აღარაფერს ვამბობ `ოლიმპიურ ვარსკვლავზე“ ... საპრეზიდენტო არჩევნებამდე კიდევ არის საფრთხე. ცხრათავიან გველეშაპს 8 თავი მოვკვეთეთ. ერთი დარჩა და იმ ერთსაც მოვაჭრით 27 ოქტომბერს. აი, მერე კი სერიოზულად დავფიქრდები პოლიტიკიდან წასვლაზე. ის დაპირებებიც მაკავებს, ჩემს ახმეტელებს რაც მივეცი, მინდა, დროულად შევასრულო დაპირებები.
- დღეს შენთვის რა არის ყველაზე რთული?
- ჩვენ შევთანხმდით, რომ პოლიტიკაზე არ გვესაუბრა (იღიმება).
- მაგრამ ვერ ავცდით... ხშირად გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ პარლამენტში არ აქტიურობ.
- პარლამენტში მართლაც არ ვაქტიურობ, მაგრამ ვაქტიურობ ახმეტაში, იმ ხალხისთვის ვმუშაობ, ვინც მანდატი მომცა, ვინც მენდო.
- ახმეტელები გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ გამგეობებში მაღალ თანამდებობებზე საკუთარი ნათესავები დანიშნე.
- ერთადერთი ნათესავი დავნიშნე გამგებლის მოადგილედ, ბიძაშვილისშვილი, ბერდია ზვიადაური. მაგრამ როგორც კი დაიწყეს მითქმა-მოთქმა, ვთხოვე, განცხადება დაეწერა და აღნიშნული თანამდებობა დაეტოვებინა. კიდევ ბევრ სიბინძურეს მივრცელებს კახეთის საინ-ფორმაციო სამსახური, რომ ზვიადაურმა თავისი კლანი შექმნა ახმეტაში, რომ თურმე ვატერორებ ხალხს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. კახეთის საინფორმაციო სამსახური ნაცმოძრაობის გადმონაშთების დაკვეთებს ასრულებს და
საწყენია უბრალოდ. ახმეტაში თუ რამე ცუდი ხდება, ყველაფერი ზვიადაურის ბრალია. მაგალითად, უნდათ, რაიმე დაწერონ ახმეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელზე, რომელიც ჩემი მეგობარია და ეს არც არასდროს დამიმალავს, ასე იწყებენ წინადადებას - ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის მეგობარმა ბექა ბაიდაურმა... ახმეტაში დაბადებული და გაზრდილი ვარ, პატარა ქალაქია და ბევრი მეგობარი მყავს. ამას ვერ გავექცევი.
- მეჩვენება, რომ დაღლილი ხარ და ამიტომაც გადაგიწყვეტია პოლიტიკიდან წასვლა.
- დაღლილი არა, უბრალოდ, გული მტკივა, ჩირქს რომ მცხებენ. იმდენი ჭორი გამიგია ჩემზე, თვალები შუბლზე ამდის. ნაცმოძრაობის ჩანერგილსაც კი მეძახიან. ბიძინას ჯიბეში უძვრებაო, ერთი მილიონი აიღო და კაზინოში წააგოო, ამბობენ. რომელი ერთი ვთქვა. გულსატკენია ნამდვილად. რით დავიმსახურე ამდენი ცილისწამება, არ ვიცი.
- არჩევნებამდე ბევრად ადრე იმასაც ამბობდნენ, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდი.
- ეს ნაცმოძრაობის დამსახურებაა. ვერ მიიღეს ჩემგან ყურმოჭრილი მონა, მხარდამჭერი და ეს ხმები დამიყარეს. იმდენი ცილისწამება იყო, იმდენი მუქარა, შანტაჟი, აღარც მინდა ამის გახსენება. თვალები სულ ჩასისხლიანებული მაქვს, ჯიში მაქვს ასეთი. ვინც ბავშვობიდან მიცნობს, იცის ამის შესახებ. ვინც არა და დაიჯერა ჩემი ნარკომანობა. ერთხელ ტაქსიში ვისხედით მე და ჩემი მეგობრები. ვარჯიშიდან მოვდიოდით, სპორტულ ფორმაში ვიყავით. რომ გაიგო, მოჭიდავეები ვიყავით, მოაღო პირი მძღოლმა, აი, ის ზვიადაური, ოლიმპიური ჩემპიონი რომ გახდა, როგორ გაფუჭდაო. ძირი გამომითხარა: ჯერ `ბასიაკი“ იყო, მერე ფული იშოვა და წამალზე შეჯდაო. ბოლოს ასე დაამთავრა, რა ვირიც იყო, ის ვირი დარჩაო (იცინის). რომ ჩამოვედით, მივედი და ვუთხარი, მაშ გაფუჭდა, ძია, არა, წამალზე შეჯდა, არა-მეთქი?! გაოგნებული მიყურებდა. გამოვეცალე. მერე ჩემმა ძმაკაცებმა უთხრეს, ეს არის ზვიადაურიო და წაიშინა თავში ხელები. შორიდან ვუყურებდი. ნარკოლოგიურშიც რამდენჯერმე წამიყვანეს, ჩემი გასვრა უნდოდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.
- ბევრს ლაპარაკობენ ბატონი ბიძინას მკაცრ ხასიათზე, შენთვის თუ უთქვამს საყვედური?
- უთქვამს, საყვედურიც ყოფილა და მკაცრი საუბარიც.
- მერე, როგორ იღებ კრიტიკას?
- კრიტიკას ნებისმიერი ადამიანისგან ვიღებ, ვინც უნდა იყოს ის, თუ მეკუთვნის. მით უმეტეს, რომ წეღანაც გითხარით, ამ საკითხში გაუცნობიერებელი ვარ.
- პოლემიკა ძირითადად რა თემებზე გაქვთ ხოლმე?
- (იღიმება) მირჩევნია, ამ თემაზე არ ვილაპარაკო. ეს პირადულია.
- უფრო პირადულ ამბებზეც ვაპირებ კითხვების დასმას. მეუღლეს დაშორდაო, შენზე ამბობენ.
- აჰა, კიდევ ერთი ჭორი. შეუღლების დღიდან მე და ხათუნა ერთად ვცხოვრობთ, 2004 წლიდან.
- ჭინჭარაულია შენი მეუღლე, რამდენადაც მახსოვს.
- ჭინჭარაული მოვიყვანე, დღეს ზვიადაურია.
- იქნებ, თავისი გვარი ერჩივნა, გიკითხავს?
- არა, არ მიკითხავს. 9 წელია, ერთად ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, შვილი არ გვყავს. ესეც იქნება ალბათ, როცა ღმერთი ინებებს.
- ის ხომ არ ქმნის ამ ჭორების საფუძველს, რომ შენ და ხათუნა ცალ-ცალკე ცხოვრობთ?
- ცალ-ცალკე, რატომ? უბრალოდ, ჩვენ თბილისში ბინა არ გვაქვს, ამიტომ ხათუნა უფრო მეტად ახმეტაშია ან ორხევში, თავის დედულეთში, სადაც მეც ხშირად ჩავდივარ და ვრჩები. მეც ახმეტიდან დავდივარ ყოველდღე ქუთაისში. ზოგჯერ ჩემს ძმასთან ვრჩები თბილისში. ჭორების საფუძველი მე უფრო სხვა რამ მგონია. საზოგადოებაში ერთად არ ვჩნდებით.
- რატომ?
- ხათუნა ნივთი არ არის, რომ გამოვამზეურო. თვითონაც არ აინტერესებს ასეთ შეკრებებზე სიარული.
- ზაფხული როგორ გაატარე?
- ერთი თვე მქონდა შვებულება და ახმეტაში გავატარე. ხალხს ვხვდებოდი, ერთი დღეც არ დამისვენია. ოჯახში ამის გამო პროტესტი იყო.
- მკაცრი და მომთხოვნი ქმარი მგონიხარ. ასეა?
- ალბათ. ჩემს თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. შინაური ამბები გარეთ არ გამომაქვს. ხმამაღალი ლაპარაკი ყველა ოჯახშია.
- როგორი სიმთვრალე გაქვს?
- უკეთესი, ვიდრე სიფხიზლე, თუმცა სულ თითზე ჩამოსათვლელი იქნება დღეები, როცა ვსვამ. სპორტსმენი ვარ. როცა საშუალება მეძლევა და ამის დრო მაქვს, ვცდილობ, ერთი საათი მაინც წავივარჯიშო. ბოლოს 2012-ში ვიჭიდავე ევროპის ჩემპიონატზე. მას მერე 30 კილო მოვიმატე. გერმანიაში მივდიოდი ოპერაციისთვის, კუნთი მაქვს გაგლეჯილი. სწორედ ამ დროს მივიღე შემოთავაზება ბიძინა ივანიშვილისგან და აღარ გავფრინდი.
- მერე, გაგლეჯილი კუნთი?
- პოლიტიკაში ხელს არ მიშლის. თუ საცემი იქნება ვინმე, მოვახერხებ (იცინის).
- ოჯახში როგორ უყურებენ შენი პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას?
- ოჯახში ასეთ თემებს არ განვიხილავთ. გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ, ოჯახის წევრებს აზრს არ ვეკითხები.
- პოლიტიკიდან თუ წახვალ, რას აპირებ, შენც საზოგადოებრივ სექტორში ხომ არ ინაცვლებ?
- ალბათ რაიმე ბიზნესს მოვკიდებ ხელს, შემოსავალი რომ მქონდეს. კიდევ ერთი დიდი სურვილი მაქვს, მინდა, ახმეტაში სპორტული სკოლა გავხსნა.
- ხომ არის?
- არის, ჩემი სახელობის სპორტული სკოლა, მაგრამ მე მინდა, ბაზა გავაკეთო, სადაც მოჭიდავეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ და ივარჯიშებენ. ახმეტაში დავიბადე და გავიზარდე, მიყვარს ეს ქალაქი და მინდა, ახმეტელებს ჰქონდეთ ძიუდოს სკოლა, რომელიც მომავალ მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს გაწვრთნის. ამის პოტენციალი ნამდვილად არის ახალ თაობაში.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ნინი
9 წელია მეუღლესთან ერთად ვცხოვრობო რომ ბრძანებს ბატონი ზვიადაური, ამ ხნის მანძილზე კი უნდა გაეგო, მისი მეუღლე ორხევში დედულეთში ცხოვრობს თუ მამულეთში მშობლიურ კერაზე.
16:26 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
კარგი ადამიანი უნდა იყოს, რახან პოლიტიკიდან წასვლა გადაწყვითა. გამოიყენეს ასეთი კარგი ხალხი, მოვიდნენ ხელისუფლებაში და არაფერს ხალხისთვის არ აკეთებენ. პირად ანგარიშსწორებას ვხედავთ მარტო. ღმერთმა ხელი მოგიმართოს.
15:33 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
უდიდესი სპორცმენი როა არავინ დაობს რაც ამან სიხარული მოუტანა მთელ საქართველოს მარა უდიდეს სპორცმენობასთან ერთად უდიდესი ადამიანია ძაან უყვარხარ და გაფასებს ზურა ხალხი არ უნდა გეტკინოს გული ამატ ბოდიალზე იმიტომ რომ ჩვეულებრივ ხალხს ძააან ძაან მაგრა უყვარხარ!!! ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს !!!!
13:59 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათიააა?
ქალბატონო ან საქალბატონე ნათია მართლა რა ამოიკითხეთ ისეთი ამ ინტერვიუში რო ასეთი ჩთაბეჭდილება დაგრჩათ..რაც ამ კაცმა ქვეყანას სიხარული მოუტანა იმაზე მეტი თუ არა იმის მეათასედი მოუტანეთ თქვენ და ერი მადლობას გადაგიხდით
12:57 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სხვა ვანო
ქა-ბატო "ნათი" რა შეატყეთ ამ კაცს თავში ავარდნის რამე,მგონი ვიღაცაში გეშლებათ---აბა კარგათ "ჩანაციონალდით"--ანუ დაფიქრდით ჰაააა???
12:39 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათი
რატომღაც მგონია რომ წარმატება თავში აქვს ავარდნილი, მაგისთანებს მოსტეხიათ კისერი?
09:18 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
lzs60
შენ დიდი ქართველი ხარ და პატარა კაცების ჭორები ვერაფერს დაგაკლებენ
08:05 / 06-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ყოჩაღ ზვიადაურო ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ. კარგი გადწყვეტილება მიგიღია.რაც ჩაფიქრებული გაქვს შეგესრულებინოს.
22:13 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS