ინტერვიუსთვის მსახიობს ცოტა დრო ჰქონდა. რესპონდენტს
კოტე სახლში ორ შვილსა და მშობლებთან ერთად დაგვხვდა. პატარა თარაში მთელი ინტერვიუს განმავლობაში მამის კალთაში ჩუმად იჯდა. როგორც მსახიობმა გვითხრა, როდესაც სახლში ბრუნდება, შვილების დანახვაზე ყველაფერი ავიწყდება.
- კოტე, ''პალიტრა ტვ''-ის ეთერში ამპლუა შეიცვალე და წიგნების ''ტელემარკეტი'' მიგყავს. მოდი, ამაზე ვრცლად ვისაუბროთ.
- საერთოდ, წიგნებისადმი ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს და ამ პროექტსაც იმიტომ დავთანხმდი, რომ ამოსავალი წერტილი წიგნი გახლდათ. ''პალიტრა ტვ'' -ს ხელმძღვანელმა მაკა ლომიძემ დამირეკა და ''ტელემარკეტის'' სტილის გადაცემის წამყვანობა შემომთავაზა. მახსოვდა, ადრე მსგავსი ფორმატის გადაცემები გადიოდა, ოღონდ სხვა ტიპის პროდუქციას ეხებოდა, მაგრამ ამ გზით წიგნებზე საუბარი - ეს რაღაც ახალი იყო და ეგრევე დავთანხმდი. პირველი წიგნი, რომელიც მაყურებელს წარვუდგინე, 3D ''ვეფხისტყაოსანი'' გახლდათ. ეს არის ფანტასტიკური მიგნება და ჩემი აზრით, გამომცემლობა კეთილ საქმეს ემსახურება. დღეს, როცა ბავშვების თაობა კომპიუტერშია შემძვრალი, წიგნის ასეთი სახით მიწოდება არაჩვეულებრივი მიგნებაა.
- ''ვეფხისტყაოსანს'' სკოლაში კარგად სწავლობდი?
- არ მინდა გაცვეთილი ფრაზებით ლაპარაკი, მაგრამ ფანტასტიკური წიგნია. ეს არის შოთა რუსთაველის საჩუქარი მსოფლიოსთვის. თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, საზეპიროებს ვსწავლობდი. ეს საზეპიროები მეტყველების გასავარჯიშებლად არაჩვეულებრივია. ბევრჯერ მიფიქრია, როგორი იქნება ფილმად, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაფერს გააფუჭებს. მე ვის როლს ვითამაშებდი? - არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია.
- ინტერვიუს დაწყებამდე მითხარი, რომ ფილმის გადაღებები დაგეწყო. რა ფილმია?
- ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმს იღებენ. ჩემი ვარაუდით, ეს ფილმი, ტელევიზიების გარდა, კინოთეატრებშიც გავა. პროექტში ჩართულია პოლიციის აკადემია, უშიშროება. მე ილია ჭავჭავაძეს ვასახიერებ. ებსერიოზული გრიმი რომ გამიკეთეს და კამერაში საკუთარი თავი დავინახე, მსგავსებაზე მე თვითონვე გავგიჟდი.
- რაც შეეხება ''ჩემი ცოლის დაქალებს'' , რა სიახლეებია, ხომ რჩები სერიალში?
- მაყურებელთან ერთად მეც დაველოდები, რა მოხდება (იცინის). რაც შეეხება სერიალში დარჩენას, დეკემბრამდე მაქვს ხელშეკრულება და ვიცი, რომ იქამდე ნამდვილად ვარ. გადაღებები დაწყებულია, თუმცა პირველ სერიაში არ ვიქნები. შემდეგ უკვე სცენარისტის კალამმა იცის, რა მოხდება (იღიმება).
- შენმა გმირმა, დიტომ, ბევრი ქართველი გოგონა გააგიჟა, მაგრამ ბოლო სერიაში...
- ცოტა დაუკრეფავში გადავიდა, არა? ესეც სცენარისტის დამსახურებაა. ცხოვრებაში ასეთ რაღაცას ვგმობ. ქალის და მამაკაცის ურთიერთობა თუ ამ ზომამდე მივა, ჯობია, საერთოდ არ იყვნენ ერთად, მაგრამ იძულებული ვარ, ჩემი პერსონაჟი გავამართლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულია მისი როლის მორგება. დიტოს გამართლებისას აღმოვაჩინე, რომ რეალურად ბევრი კარგი თვისება აქვს. პატარა დრო არ არის, ცალმხრივად ოცი წელი ერთი და იგივე ადამიანი გიყვარდეს. უყვარს გოგონა, რომლისგანაც არაფერს გრძნობს და რომელიც თავისი საქციელით თავზე ახურავს ყველაფერს. დიტო მაინც არ ყრის ფარ-ხმალს, სანამ მიზანს არ მიაღწევს. რეალურად დიტოსგან წარმატებული საქმოსანი მივიღეთ - ძველი ბიჭი იყო თუ ბაბულიკა, ყველაფერი უკან მოიტოვა. დარწმუნებული ვარ, დიტო ისეთი მიზანმიმართული და მის ენაზე რომ ვთქვათ, ''შემყვანოვიჩია'' , რომ ამასაც მოაგვარებს, დაალაგებს და ოჯახშიც ყველაფერი ბედნიერად დასრულდება.
- ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირები ხშირად წუწუნებენ, რომ მაყურებელს რეალობისა და სერიალის გარჩევა უჭირს.
- ნარკომანია სხვა პრობლემაა, მაგრამ როდესაც ადამიანი სერიალს ეჩვევა და მისგან სიამოვნებას იღებს, ესეც ერთგვარი ''ნარკომანობაა'' . როდესაც ყოველ შაბათ-კვირას ტელევიზორის მეშვეობით შენს ოჯახში ვიღაც ტიპები შემოდიან, მათთან ერთად ცხოვრებას ეჩვევი. დროს გეგმავ, რომ გემრიელად უყურო. სერიალის უარყოფითი მხარე ის არის, რომ მერე პერსონაჟის სახელს გარქმევენ. ახლა ყველასთვის დიტო ვარ, მიუხედავად იმისა, რომ თეატრში ბევრი სერიოზული როლი შემისრულებია.
- იმედია, მსგავსი როლებით დაშტამპვა არ გემუქრება.
- ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. კინოსა თუ სერიალში რაც უფრო მეტ პერსონაჟს მოირგებ, უფრო მეტ გამოცდილებას იღებ.
- როგორც ვხვდები, ძალიან ბევრი საქმე გაქვს, დროის განაწილებას როგორ ახერხებ?
- ეს ყველაზე რთული რამ არის, მაგრამ მე და ჩემმა მეუღლემ მიზნად დავისახეთ, რომ ახალ წლამდე სახლი შევიძინოთ. მშენებარე სახლში შევიტანეთ თანხა და საბოლოოდ ქუჩაში დავრჩით. სამშენებლო კომპანიამ ბოლომდე ვერ მიიყვანა დაწყებული საქმე და ჩვენ სართულამდე არც ამოსულან, ისე შეჩერდა მშენებლობა. რეალურად გამოდის, რომ ჰაერი, სივრცე ვიყიდეთ. გარშემო ბევრს აქვს მსგავსი პრობლემა, მაგრამ როცა მეუღლე, შვილები, მშობლები გყავს, ძალიან ძნელია გარეთ დარჩენა. ქირითა და წვალებით გავდივართ ფონს. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვწუწუნებთ, მორწმუნე ადამიანები ვართ და ჩვენს ოჯახს ღვთის მადლის გვჯერა. ამ პრობლემას აუცილებლად დავძლევთ და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ხუთი წუთიც არ მაქვს დასვენებისა და შვილებთან ურთიერთობისთვის, იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება და სახლს ახალი წლისთვის მაინც ვიყიდით.
- ბოლო დროს ბევრი პრობლემა გქონდა. ჯერ ბატონები გქონდა, შემდეგ კიდევ მოხვდი საავადმყოფოში. მდგომარეობიდან გამოხვედი?
- დღეს აბსოლუტურად შემართული, მობილიზებული და მონდომებული ვარ. ენერგიით სავსე და დამუხტული. მზად ვარ შრომისთვის. ხომ ნახეთ, წეღან ტელეფონზე დამირეკეს, ხვალ ცხრის 15 წუთზე მოდულის შენობასთან ვიქნები და იქიდან გადაღებებზე წავალთ. არ ვიტყვი - სად.
- ბოლო სერიებში ძალიან გამხდარი იყავი...
- წითელამ თავისი კვალი დატოვა და ახლა, მე მგონი, უკეთესად ვარ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''