გასულ კვირას ''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან ერთად ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების მოსანახულებლად და გასამხნევებლად გაემგზავრა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მან საინტერესო წერილი გაავრცელა, რომელშიც ავღანეთში მოხალისედ წასვლაზე აცხადებდა საჯარო თანხმობას. მისი ეს განცხადება იმ კამპანიას მოჰყვა, როცა საკმაოდ ბევრი ადამიანი
- რა მიზნით გაემგზავრეთ ავღანეთში?
- ძალიან მარტივი მიზანი იყო - ყოველგვარი კამერების, პიარის, რეკლამის გარეშე ჩავსულიყავი ავღანეთში და მენახა სამი რამ, პირველი - ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც იქ მსახურობენ და საქართველოს წარმოადგენენ. დაახლოებით 1600 ქართველი ჯარისკაცი წარმოადგენს ავღანეთში ჩვენს სამშობლოს. მეორე მიზეზი იყო, მათი იქ ცხოვრების პირობები მენახა და ასევე დავრწმუნებულიყავი იმაში, რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. მესამე მიზეზი კი მათი გულწრფელი გამხნევება გახლდათ.
- მახსოვს თქვენი განცხადებაც, როცა ავღანეთში მოხალისედ გაწვევა ითხოვეთ...
- ეს იყო რეალური მხარდაჭერა იმ ადამიანებისა, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს სახელით მსახურობენ ავღანეთში. ეს განცხადება გულით გავაკეთე და მგონია, რომ ასევე მიიღეს.
საქართველო, როგორც ქვეყანა, ისტორიულად ყოველთვის მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი იყო. ჩვენი ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, მუდამ იყო ჩართული კაცობრიობის წინაშე მდგარი ურთულესი ამოცანების გადაწყვეტაში. ასე იყო ადრეც და დღესაც ასეა. როდესაც ჩვენი სახელმწიფო მოხელეები ამტკიცებენ, რომ ჰელმანდის პროვინციაში სახელმწიფოებრივ მისიას ასრულებენ, დავინტერესდი, სინამდვილეში რა ვითარება იყო იქ.
ქართველი ერი ყოველთვის გამოირჩეოდა სამხედრო ნიჭით, მხედრული მომზადებითა და სიმამაცით. მსოფლიო ისტორიაში ნებისმიერ პიროვნებას ხასიათში სჭირდება ეს სამი რამ, რათა გმირი გახდეს. აქედან გამომდინარე, საქართველო უნდა ყოფილიყო, არის დღესაც და მომავალშიც უნდა ჩაერთოს ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გადაწყვეტაში.
- თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეთ ავღანეთში გამგზავრების შეთავაზება?
- მათ წერილით მივმართე, რომელშიც ვწერდი, კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და მოხალისედ გამაგზავნეთ-მეთქი, რაზეც უარი მითხრეს გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგრამ შემომთავაზეს ავღანეთში გამგზავრება და რეალური სიტუაციის ჩვენება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროს, რომელთაც ზუსტად გაიგეს, რატომ მინდოდა ავღანეთში ჩასვლა და ეს ძალიან უცბად, ოპერატიულად გადაწყდა.
მიწვევის შემდეგ დავიწყე მზადება გასამგზავრებლად. როდესაც ქვეყანაში მიდიხარ, რასაკვირველია, ინტერნეტით ნახულობ, რა ტემპერატურაა იქ. შევიტყვე, რომ 35 გრადუსი სიცხე იქნებოდა. პირველი, რაც ამის შემდეგ თავში შეიძლება მოგივიდეს, უდაბნოსა და შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე გამგზავრების წინ, არის რაც შეიძლება მსუბუქად ჩაცმა. მე კი გამოვეწყვე კოსტიუმსა და ჰალსტუხში, გადავიკიდე ჩანთა და წავიღე საჩუქრები - ქართული ჩურჩხელები და ''ეტალონის'' წიგნები. ჯარისკაცის მამასავით ჩურჩხელა ერთ ხელში დავიჭირე, მეორეში - წიგნი და დილას გამოვცხადდი აეროპორტში (იღიმის).
- რატომ წახვედით შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი?
- მინდოდა, ამ მხრივაც დამეჭირა ჯარისკაცებისთვის მხარი, რადგან იქ გასართობად არ მივდიოდი. ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომელიც ამ ვიზიტს ახლდა.
- შიში არ გქონიათ?
- ორი რამ გვჭირს ქართველებს, ნიჭიერ ადამიანებს პატივს არ ვცემთ და არ გვაქვს შიშისა და სიფრთხილის შეგრძნება. ეს ისე, სხვათა შორის... აეროპორტში მისულს ყველა მოკლემკლავიან მაისურებში ჩაცმული დამხვდა. პაატა ბურჭულაძემ რომ დამინახა, მართალია, არაფერი უკითხავს, რადგან საკმაოდ თავშეკავებული ადამიანია, მაგრამ ჩემი ჩაცმულობის დანახვისთანავე სახეზე გაკვირვება გამოეხატა. სხვები კი მათვალიერებდნენ (იცინის). ასაფრენად ვემზადებოდით, როცა ირაკლი ალასანია ამოვიდა ბორტზე, ყველას მიესალმა, მე ხელი ჩამომართვა, მოკლესახელოიანი პერანგი ეცვა და ისიც გაკვირვებით მიყურებდა.
ფრენა სამ საათს გაგრძელდა. აქაც ცოტა უცნაური სიტუაცია შეიქმნა. ქართულმა სულმა გაიღვიძა ჩემში და ვკითხულობდი ''ეტალონის'' წიგნს, ''შადრევნების ვედრება'' , გადავდიოდი ერთი გენიალური ლექსიდან მეორეზე. წარმოიდგინეთ, ავღანეთში, პაპანაქება სიცხეში მიფრინავს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი ადამიანი ზის, გვერდზე არავინ მომისვამს, ჩანთა დავიდე, ჯერ ლექსებს ვკითხულობდი, შემდეგ კი, ყველას გასაკვირად, კიდევ ერთი წიგნი ამოვიღე, ''ფაქტები ისრაელის შესახებ'' . კიდევ ერთხელ გაოცებულებმა შემომხედეს და მივხვდი, რომ ეს აუცილებლად უნდა ამეხსნა, ავღანეთისკენ მიმავალ გზაზე რატომ უნდა მომნდომებოდა ისრაელზე წიგნის წაკითხვა და თქვენც აგიხსნით - საქმე ისაა, რომ არ მიყვარს დროის ფუჭად კარგვა. ამ წიგნის კითხვით მომავალი გადაცემებისთვის ვემზადებოდი, რადგან გაგიმხელთ, რომ ''ეტალონმა'' თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ისრაელის სახელმწიფოსთან და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. მოგვიანებით, ეს ვუთხარი კიდეც მათ, ვინც დაინტერესდა.
- საინტერესოა, რა ხდებოდა ავღანეთში ჩაფრენის პირველ წუთებზე?
- იქ ერთი ხეც არ დგას. როგორც კი აეროპორტიდან გავედით, ძალიან დაცხა, თუმცა მე ჩემს შარვალსა და პიჯაკში ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს. თვითმფრინავში ჩვენთან ერთად ასევე იყვნენ ანსამბლი ''შვიდკაცა'' , ისტორიკოსი გიორგი ქართველიშვილი და სხვანი. ერთ-ერთ სტუმარს საკმაოდ ლამაზი ნობათი მოჰქონდა ჯარისკაცებისთვის, ყურძნით სავსე პატარა გოდრები, მე კი ჩემი ჩურჩხელები და წიგნები მქონდა ჩაბღუჯული და ხელს არ ვუშვებდი (იცინის).
ბაზამდე 15 წუთის სავალი გზა იყო. ჩასვლისთანავე დაგვირიგეს ფურცლები იქ მოქცევის წესებით, მცირე ინსტრუქცია. მაგალითად, შეტევის შემთხვევაში უნდა მიგვეტოვებინა ყველანაირი საქმე და პირქვე დავმხობილიყავით. თუმცა ეს არც ისე ადვილი იქნებოდა, რადგან გინდა, გაცხელებულ ტაფაზე დამხობილხარ პირქვე და გინდა - ავღანეთის მიწაზე.
ავტობუსში რომ ჩავსხედით, იქ კონდიცირება იყო. გავიხედე ფანჯრიდან და დავინახე, რომ ამ შუა სიცხეში ვიღაც ვარჯიშობდა, დარბოდა. მეც ძალიან მიყვარს სირბილი და ეს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, ვიცი, რომ ყველაზე მეტად სირბილი ამერიკელებსა და ფრანგებს უყვართ და ამიტომაც დავასკვენი, რომ ეს ადამიანი ამ ორი ერიდან ერთ-ერთის წარმომადგენელი იქნებოდა, ასეთ სიცხეში სირბილი რომ გარისკა. ბაზაზე მისულები პირდაპირ სასადილოში შევედით, სადაც პირველი შოკი მივიღე. საჭმლის მრავალფეროვნებამ გამაკვირვა. დიდ ლანგარზე შეგიძლია ყველანაირი კერძი მოათავსო. ეს ის სასადილოა, სადაც სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი ჯარისკაცებიც მიირთმევენ. ჩემი ლანგრით ხელში მივედი შავკანიან მზარეულთან, რომელმაც ქართულად მითხრა - ''გამარჯობა'' . შევცბი, არ ველოდებოდი, რომ ქართულად მომესალმებოდა. მეორე ფრაზაც მომაგება, - რა გინდა, ბიჭოო. ვიფიქრე, ახლა ამან არ მითხრას, ვაკელი ვარო (იცინის). საჭმლის ნაირსახეობაში ლამის დავიკარგე, თუ რამის წარმოდგენა შეგიძლია, ყველაფერია, ალბათ, ნაყინის ათი სახეობა მაინც ვნახე, ტკბილეული, ხილი და ა.შ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს ჯარისკაცებს არაფერი აკლიათ და ეს სახეზეც ეტყობათ, ჯანზეც და ტანზეც. სასადილოში ერთი წესია, აიღე, რამდენიც გინდა, მაგრამ ბოლომდე შეჭამე და არ გადაყარო. ამ მხრივ შენიშვნა დავიმსახურე. ვერ განვსაზღვრე, რამდენი უნდა ამეღო, მინდოდა ცოტ-ცოტა ყველაფერი გამესინჯა, არავინ მოსულა და საყვედური არ უთქვამს, მაგრამ იქ მყოფთა მზერით მივხვდი, რომ არ მოეწონათ, როცა საჭმელი დავტოვე.
- სადილის შემდეგ რა ხდებოდა?
- ამის შემდეგ ჟურნალისტებმა თავიანთი საქმის კეთება დაიწყეს, ჩვენ კი, სტუმრებს, დაგვათვალიერებინეს, რა პირობებში ცხოვრობენ და მუშაობენ ჩვენი სამხედროები. გვაჩვენეს ჯავშანმანქანები, დავათვალიერეთ და აღმოჩნდა, რომ თითოეული შვიდ ტონას იწონის, ქვევიდან ბოლომდე ბრონირებულია, გათვალისწინებულია ყველა ნიუანსი, ყველაფერი ჯარისკაცზეა მორგებული. როდესაც ჯარისკაცი პატრულირებს, წყლის მარაგი ამ მანქანაში ფაქტობრივად ამოუწურავია. გვაჩვენეს ის ადგილი, საიდანაც ქართველები აკვირდებიან გარემოს. გაოცებული დავრჩი, რომ ჩვენებმა ძალიან კარგად შეძლეს იმ რთული ტექნიკის ათვისება. შევხვდი ქართველ ექიმს და დამაინტერესა, რა არის ყველაზე პრობლემური ჯარისკაცებისთვის. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ხშირად კბილების პრობლემა აწუხებთ. ამბობენ, რომ წყლის გამო. ალბათ, ადგილობრივი წყალი არ ვარგა დასალევად. ამ პრობლემას სხვასთან შედარებით ვამბობ, რადგან, ჯანმრთელობის პრობლემები, როგორც მითხრეს, ხშირი არ არის. სხვათა შორის, საკმაოდ მცირე დროში ბევრი რამ დაგვათვალიერებინეს. ერთ საიდუმლოს ვიტყვი, რომ პაატა ბურჭულაძეს ფეხი ჰქონდა შესიებული, ეტყობა, ფეხსაცმელმა ატკინა და სანამ გავიხედ-გამოვიხედეთ, მას უკვე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ფეხი შეუხვიეს, ჯარისკაცის ჩექმაც მისცეს, რომ ფეხსაცმელი გამოეცვალა. ჯარისკაცებს ძალიან მოხერხებული ფეხსაცმელი აცვიათ. ბატონი პაატა იქიდან სწორედ ამ ფეხსაცმლით წამოვიდა.
- პირადად გაიცანით ქართველი ჯარისკაცები?
- რა თქმა უნდა. სამხედრო ენაზე გვიხსნიდნენ, როგორ მსახურობენ, ბატონ მინისტრს ესაუბრებოდნენ. ამ დათვალიერების დროს ერთ-ერთი ჯარისკაცი მომიახლოვდა და მითხრა, როცა ჩვენ შესახებ 38 ბევრი რამ იწერებოდა საქართველოში, თქვენი განცხადებით ვიამაყეთო. ყველა მეუბნებოდა, ტელევიზორში უფრო ტანსრული ჩანხართო. ჰქონდათ ადამიანური, ჩვეულებრივი შეკითხვები. მართალია თუ არა, რომ 21 კილომეტრს დარბიხართო. ვუპასუხე, ახლავე გაჩვენებთ, როგორ ფორმაში ვარ-მეთქი. გარეთ ჰქონდათ ტურნიკი სავარჯიშოდ. ერთადერთხელ გავიხადე ჩემი პიჯაკი და აზიდვები გავაკეთე (იცინის). ჯარისკაცების აპლოდისმენტები დავიმსახურე. შემდეგ ვთხოვე, ის იარაღი ეჩვენებინათ, რომლითაც პატრულირებენ. ერთი მათხოვეს და ფოტოც გადავიღე. გვაჩუქეს პანამები და მისახსოვრეს სათვალე, რომელიც ყველანაირ ნამსხვრევს უძლებს.
ვნახე, სად ცხოვრობენ ჯარისკაცები და აბსოლუტურად მისაღებია მათი საცხოვრებელი პირობები. ბაზის თავზე დაფრინავს ბუშტისმაგვარი მოწყობილობა, რომელიც უამრავი კამერით არის აღჭურვილი და ბაზის გარშემო ყველაფერს იღებს. ამ პროცესში ვიყავით, როდესაც ჩვენთან ამერიკელი ოფიცრები მოვიდნენ და უამრავი კარგი რამ გვითხრეს ქართველი ჯარისკაცების შესახებ, ნამდვილი პროფესიონალები არიან და საქართველოს გარეშე ამ მისიის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდაო. ჩვენი ბიჭები ძალიან კარგად გამოიყურებიან. არიან სულით მტკიცენი და გონებით საღნი. მათ აქვთ საშუალება, ინტერნეტის მეშვეობით ჰქონდეთ ურთიერთობა ახლობლებთან და ბევრი რამ იციან საქართველოს შესახებ.
ჩვენს ბიჭებს ვკითხე, როგორ შეეგუვნენ იქ სამსახურს. სხვათა შორის, ავღანეთს ბევრი საინტერესო თავისებურება აქვს. ფაქტობრივად, ფეოდალური წყობაა. მაგალითად, შეიძლება ერთ დღეს ერთ უბანში არავინ ცხოვრობდეს და რამდენიმე სახლი ცარიელი იყოს, მეორე დღეს კი, პატრული მივა და ნახავს, რომ იქ ხალხია შესახლებული. როცა ეკითხებიან, აქ საიდან გაჩნდითო, ისინი პასუხობენ, რომ მემამულემ მისცა დასახლების უფლება, შემდეგ კი მას მოსავლის ნაწილი უნდა მისცენ. თავიდან ამაში გარკვევამ მოუწიათ ჯარისკაცებს. ასევე მომიყვნენ ერთი ჩვენებურის შესახებ, რომელმაც მტრის ბანაკიდან ოთხი ადამიანი გაანადგურა. ისინი ასაფეთქებელი საშუალებებით იყვნენ აღჭურვილნი და მზად იყვნენ, ბაზაში რაც შეიძლება ღრმად შესულიყვნენ. ჩვენი ჯარისკაცები ნამდვილი პროფესიონალები არიან. მგონია, რომ როცა დაბრუნდებიან, ჩვენს ჯარს მათი სახით ძლიერი პროფესიონალები ეყოლება.
- როგორი იყო მინისტრსა და ჯარისკაცებს შორის დამოკიდებულება?
- ძალიან კარგი. გაოცებული ვიყავი, რა კარგად ერკვევა მინისტრი ყველა ნიუანსში. ასევე ძალიან მომეწონა სამინისტროს მობილიზება, რადგან ყველაფერი წუთი წუთში იყო გაანგარიშებული.
- ცნობილია, რომ გაიმართა ჯარისკაცთა დაჯილდოება.
- დიახ, სადილისა და დათვალიერების შემდეგ გაიმართა მცირეხნიანი დაჯილდოება, ვიზიტის ოფიციალური ნაწილის ფარგლებში. დააჯილდოვეს უცხოელი და ქართველი ოფიცრები, რომლებმაც თავიანთ საქმიანობაში გამოიჩინეს თავი. ძალიან საინტერესო სიტყვა წარმოთქვა ირაკლი ალასანიამ, თვითკრიტიკულიც კი. ნამდვილი პროფესიონალები არიან ჯარისკაცებიც და მომღერლებიც, რომლებიც ჩვენთან ერთად ჩამოვიდნენ და იმედი მაქვს, ამ კუთხით, ჩვენ, პოლიტიკოსებიც გამოვსწორდებითო (იღიმის).
- ჯარისკაცებს არ გასჩენიათ თქვენს გადაცემაში მონაწილეობის სურვილი?
- ბევრი პროფესიის ადამიანს აქვს ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის სურვილი და მათ შორის, ჯარისკაცებსაც, თუმცა ეს არ ყოფილა ჩვენი ამჟამინდელი ვიზიტის მიზანი.
დაჯილდოების შემდეგ მცირე სიტყვის წარმოთქმის საშუალება მომეცა, ჯარისკაცებს წიგნები და ჩურჩხელები გადავეცი. მთხოვეს, იმ ოთხი ქართველი ქალბატონისთვის, რომლებიც იქ მსახურობენ, საჩუქრები პირადად გადამეცა. როდესაც მათ ვუყურებდი, წარმოვიდგინე, როგორები იქნებოდნენ მაია წყნეთელი ან ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა... ჩემთვის სასიამოვნო იყო ჯარისკაცებთან სურათების გადაღების პროცესიც. შემდეგ შევხვდით ქართველ მოძღვარს, რომელიც იქ მსახურობს. მოვისმინე გალობა, რომელსაც ბატონი პაატა ბურჭულაძე და ''შვიდკაცა'' შეუერთდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ძალიან სასიამოვნო მომენტი ჩვენი ერთდღიანი მოგზაურობიდან.
შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენი იქ ჩასვლა ძალიან გაუხარდათ. შეიძლება ითქვას, რომ გასამხნევებელი არაფერი სჭირთ, მაგრამ ქართველების ჩასვლა ჩვენს სამხედროებს ძალიან უხარიათ. ''ეტალონის'' წიგნები თუ ასეთი ძვირფასი იყო, იქ ვიგრძენი. ბატონმა პაატამ ხატები უსახსოვრა...
- პიროვნულად თქვენთვის როგორი იყო ეს ერთი დღე? გაიაზრეთ ბოლომდე, სად იყავით?
- ძალიან სასიამოვნო განცდაა. რა მიზანიც დავუსახე თავს, შევასრულე. მინდოდა, ჯარისკაცები გამემხნევებინა და თავად დავრჩი გამხნევებული. იქ გრძნობ, რა გენეტიკის მატარებელი ხარ. ჩემი სიტყვით გამოსვლისას, როცა ვთქვი, ჩვენს ჯარისკაცებს გაუმარჯოს-მეთქი, ისე დაიქუხა ჩვენმა ჯარმა... ვიგრძენი, რომ ქართველობა ძალიან სერიოზული მისიაა. ისიც გავაცნობიერე, რომ ჩვენ ჩრდილში წამოწოლილები ვერ ვიქნებით და ვერ გავერიდებით იმ პრობლემებს, რომლებიც მსოფლიოშია. გლობალიზაციამ ხალხი ძალიან დააახლოვა. მითხრეს, რომ ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში სხვადასხვა ერის შვილებს შორის მხოლოდ ორჯერ მოხდა მცირე კინკლაობა. ადამიანებს ასეთი პრობლემები აერთიანებთ... ბოლოს, ვახშმის შემდეგ ირაკლი ალასანიამ გამოგვაცილა, თავად კი დარჩა. ვიყავით დაღლილები, მტვრიანები, მაგრამ შთაბეჭდილებებით სავსე და უზომოდ კმაყოფილები იმით, რომ ქართველები ვართ.
- კიდევ რომ მიგიწვიონ, წახვალთ?
- სიამოვნებით წავალ ყველა იმ ადგილას, სადაც შეიძლება, ჩემი ქვეყანა სახელმწიფოებრივ მისიას ასრულებდეს კაცობრიობის დიდი პრობლემის გადაწყვეტაში.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''