08 მაისი, 2013
მაკა ძაგანიას პირადი ცხოვრების აწყობა გაუძნელდა
არ მომწონს და არ შემიძლია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა. „ჩემი ცოლის დაქალების“ დიდ და პატარა მსახიობებს, მაკა ძაგანიასა და ნიაკო ჯინიუზაშვილს მორიგი ეპიზოდის გადაღებისას შევხვდით, როდესაც სერიალის ჯგუფი მოსამზადებელი სამუშაოებით იყო დაკავებული და ჩვენი რესპონდენტების მოხელთება შევძელით. გამოვარკვიეთ, რომ ნიაკოს პერსონაჟს პატარა მსახიობის რეალური სახელი ჰქვია. ვინაიდან ის მხოლოდ 9 წლის გახლავთ, მეგონა, ცოტა გართულდებოდა ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ მაკამ წინასწარ გამაფრთხილა, ისეთი ყოჩაღი გოგოა, ინტერვიუ არ გაგიჭირდებაო და მართლაც, ყველა შეკითხვას ამომწურავად უპასუხა.

- ნიაკო, როგორ
მოგწონს მსახიობობა და როგორ მოხვდი ამ სერიალში?

- მსახიობობა ძალიან მომწონს. ერთხელ გადამიღეს „ჩემი ცოლის დაქალებში“. ჩემს სახლთან ახლოს იყო გადაღება. მას მერე მოვეწონე და ამიყვანეს ამ როლზე.
მაკა:
- იცი, რომელ ეპიზოდში გადაიღეს? ავთოს ოჯახში რომ მივდივართ, გახსოვს, მე და ნელიკო ბნელ კორიდორში რომ შევდივართ და იქ პატარა გოგონა თოჯინით თამაშობს? ეს იყო ნიაკო.
ნიაკო:
- სცენარისტს ძალიან მოვეწონე და მერე დაწერა სცენარი. დიდხანს ველოდებოდი და ბოლოს დამიძახეს გადაღებაზე. ძალიან მინდოდა, რომ ეს როლი მიმეღო. ადრე რეკლამები, კლიპები გამიხმოვანებია, რადიოშიც ვახმოვანებდი რაღაცებს, ვაკის სარდაფში ორ სპექტაკლში ვთამაშობდი. კინოშიც გადამიღეს - „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“. იმასაც მოგიყვები, როგორ მოვხვდი ვაკის სარდაფში. ჩემს ძველ სკოლაში მოვიდა რეჟისორი, ლაშა როსტობაია და ამიყვანეს ორ სპექტაკლზე. ერთს ერქვა „ღამის მოგზაურობა“, მეორე კი გერმანული ზღაპარი იყო, „შვლის ნუკრის ნაამბობს“ ჰგავდა. თეატრში თამაში უფრო მომწონს, რადგან იქ ნამდვილად აკეთებ ყველაფერს, კინოში კი რომ გადაიღებ, კადრები უნდა შეასწორო და ა.შ. 5 წლიდან დავიწყე გადაღებები, ახლა კი 9 წლის ვარ.
- მაკა, ბავშვთან თამაში რთული არ არის?
- ბავშვები ისეთი ნამდვილები არიან, თუ სწორად აუხსნი, რა უნდა გააკეთონ, იმდენად სჯერათ ამ ყველაფრის, რომ სირთულე ნაკლებია. შეიძლება დიდთან პარტნიორობა უფრო გაგიჭირდეს. შენი ხელშეწყობა ოდნავ სჭირდება და ბავშვისგან უხვად მოდის ემოციები. ახლა ხომ ელაპარაკე? როგორ შეიძლება, რომ ნაიკოს რაიმე გაუჭირდეს? ძალიან ნიჭიერი გოგონაა, უსაყვარლესია, ძალიან მიყვარს, ფანტასტიკური პარტნიორია, ბოლომდე ვთამაშობთ ერთად.
ნიაკო:
- მაკა ძალიან მაგრად მიყვარს და კარგი გოგოა. ამას გულახდილად ვამბობ და არ ვიტყუები.
- გადაღებებზე ალბათ ბევრს მხიარულობთ...
- როგორ არა?!. ერთ-ერთ სცენას ვიღებდით და მაკას უნდა შევხტომოდი, კინაღამ წავაქციე (იღიმება). დღეს ტექსტი დამავიწყდა, მერე მაკას შეეშალა რაღაც. ხდება ხოლმე, რომ ტექსტები გვეშლება, მაგრამ საბოლოოდ კარგად გამოდის ყველაფერი, კომპიუტერში აკეთებენ.
მაკა:
- გადასაღები მოედანი თავისებურად ძალიან სახალისოა. ეს შესაძლოა, კურიოზად არ ჩაითვალოს, მაგრამ ბევრი რამ ხდება. შესაძლოა, ვიღაცამ გაიაროს და კამერაში შემოიხედოს. რთული პროცესია, მაგრამ ძალიან სასიამოვნო.
- ნიაკო, მაკას პერსონაჟი როგორ მოგწონს?
- თავიდან, სანამ მე გამოვჩნდებოდი ტელევიზორში, ცოტა მკაცრი იყო. ახლა, როცა მე გამოვჩნდი, შევუყვარდი.
მაკა:
- ნიაკომ შეცვალა ჩემი ცხოვრება, მასთან სიმკაცრეს არ გამოვიჩენ, რადგან ბოლომდე მიყვარს.
Ratingნიაკო:
- თინას პერსონაჟი მომწონს, ჭკვიანია და იცის, რა უნდა თქვას, ზედმეტს არ ლაპარაკობს. ყველაზე ჭკვიანი არ არის, მაგრამ ყველაფერი იცის და მოკლედ ლაპარაკობს.
- გინდა, თინასნაირი გაიზარდო?
- მინდა, თინასნაირიც ვიყო, ოღონდ ცოტა სხვანაირი (იღიმის).
- როგორ უყურებენ ოჯახის წევრები შენს როლს?
- ძალიან მოსწონთ. როდესაც სერიალს უყურებენ, მეუბნებიან, რომ კარგად ვთამაშობ. თითქოს ეს ყველაფერი მე მართლაც გადამხდა. ნიაკო მე მგავს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ როგორც ვთამაშობ, ეს ძალიან შემეფერება.
- მაკა, ნიაკოს ოჯახის წევრები გაიცანი?
- კი, როგორ არა, დედასაც ვიცნობ, მამასაც და ფანტასტიკური დაიკო ჰყავს ნიაკოს.
- შენს შვილს მოსწონს ნიაკოს პერსონაჟი?
- ასე კონკრეტულად არ გვილაპარაკია, მაგრამ რასაკვირველია, მოეწონება, რადგან იშვიათია, როდესაც ბავშვი ასე კარგად ასრულებს თავის როლს.
- მაკა, ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ ვერსკი და თინა უნდა დაწყვილდნენ.
- თინასა და ვერსკის თავისთავად ძალიან საინტერესო ურთიერთობა აქვთ, ეს მომწონს და მიმაჩნია, რომ ამის განვითარება სხვადასხვა კუთხით შეიძლება. ეს საინტერესო სანახავი იქნება, მაგრამ მეეჭვება, რომ მათი გზები სასიყვარულო კუთხით გადაიკვეთოს, რადგან ალბათ თინას არასდროს შეუყვარდება ვერსკი. ორი რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანია.
- შეხვედრიხარ ალბათ ვერსკის მსგავს ტიპაჟებს...
- რა თქმა უნდა. ასეთ ტიპაჟებს რა დალევს. მით უმეტეს, ჩემთვის უფრო ნაცნობია. მე არ მომწონს და არ შემიძლია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა, არასასიამოვნოა. ძველბიჭობა, ქუჩაში დგომა ბავშვობის ტრავმად მახსოვს. ამას უამრავი ცუდი რამ მოჰყვებოდა ხოლმე, ჩხუბი, მკვლელობები და ა.შ. კარგია, თუკი ასეთი ხალხი არ იარსებებს, მაგრამ რას ვიზამთ. ეს კატასტროფა იყო. დღეს ეს არ მომწონს, რასაკვირველია.
- ასეთი ბიჭი შენ ვერასდროს მოგხიბლავდა.
- შესაძლოა, თინეიჯერობის ასაკში მეც მოვხიბლულიყავი ისე, როგორც დღეს იხიბლება ვერსკითი ახალი თაობა (იღიმის). როცა იზრდები, ხვდები, რომ აბსოლუტურად სხვა რაღაცაა, რაც არავის სჭირდება, არც თვითონ ასეთ მოძველბიჭო ტიპს და არც გოგონას.
- გყოლია ასეთი თაყვანისმცემლები?
- მყოლია, ისე ჩაფარცხულა ეს, რომ არაფერი მომხდარა, მაგრამ ზოგადად, ალბათ ცდილობ, რომ თავი აარიდო ასეთ ადამიანებს.
Rating- ნიაკო, როგორი ადამიანი გინდა იხილო თინას გვერდით, ლაშას მსგავსი თუ ვერსკისნაირი?
- (დაუფიქრებლად ამბობს) ლაშასნაირი!.. იმიტომ, რომ კარგად იქცევა. სკოლასთანაც მხვდებიან ვერსკისნაირი ძველი ბიჭები, ყველგან არიან, ვიცნობ კიდევაც და მეგობრებიც მყავს ასეთები, მოძველბიჭოები. მომწონს ლაშასნაირი ბიჭები, რადგან არიან ჩვეულებრივი, წესიერი ადამიანები და არა ქუჩის ბიჭები და უზრდელები.
- სკოლაში შენი ტელეეკრანზე გამოჩენა ალბათ ძალიან მოსწონთ...
- თავიდან, როცა ეკრანზე გამოვჩნდი, კლასში ყველას გაუხარდა, ნია, რა მაგარია, რომ სერიალში მონაწილეობო. მაგრამ არის ერთი გოგონა, რომელსაც, მე რომ გამოვდივარ ტელევიზიაში, ძალიან არ მოსწონს. შურს ჩემი. მე ვხვდები, მაგრამ არაფერს ვეუბნები. ყველას თავისი აზროვნება და გემოვნება აქვს. თუკი რაიმეს მეუბნება, ვპასუხობ, მაგრამ ჩემით არაფერს ვეუბნები. არ მიყვარს, როცა ვინმეს აძალებ, გინდა თუ არა, მიყურე და მოგეწონოსო.
- ქუჩაში გცნობენ?
- ჩემზე ყველა ლაპარაკობს, სკოლაშიც, ქუჩაშიც, მაგრამ არ ვიმჩნევ. თუკი რაიმეს მეკითხებიან, მხოლოდ მაშინ ვპასუხობ.
- მაკა, შენ პოპულარული „ჩემი ცოლის დაქალებით“ გახდი. ელოდებოდი ამ სერიალისგან ამხელა პოპულარობას?
- გამოვტყდები, რომ არ ველოდებოდი. ყოფილა სერიალები და ხალხი მცნობდა, მაგრამ არ მეგონა, ამხელა სითბოს თუ მივიღებდი. ყველას უყვარხარ და სითბოს გამოხატავს. არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც სერიალზე იტყვის, საშინელებააო. ინტერნეტში ათასში ერთხელ თუ შევხვედრივარ უარყოფით კომენტარს. კომენტარებს ზოგადად იშვიათად ვკითხულობ, რადგან ამის დრო არ გვაქვს. ის სიყვარული, რასაც ხალხისგან ვგრძნობთ, დიდ სტიმულს გვმატებს, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ მაყურებლისთვის.
- არ გიფიქრია იმაზე, რომ ასეთ პოპულარობას შენს პირად ცხოვრებაში ზედმეტად ცხვირის ჩაყოფაც მოსდევს?
- ახლა უფრო დავიწყე ამაზე ფიქრი, რადგან ამ ეტაპზე არავინ მყავს და არ აქვთ ჭორაობის საფუძველი. შესაბამისად, ჯერ არანაირი ჭორი არ გამიგია, მაგრამ ახლა უფრო რთული იქნება ჩემი პირადი ცხოვრების აწყობა. შეიძლება, ვინმესთან ერთად გავიარო და მეორე დღეს სულ სხვა რაღაც დამხვდეს წინ. ეს ალბათ რთული იქნება, მაგრამ შესაძლოა, ჭარბმა დადებითმა ემოციებმა გადაძალოს უარყოფითი, თუკი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდ ჭორს არ მომიგონებენ, მაგრამ იმედია, ასე არ მოხდება.
- ნიაკო, სერიალში შენი დედა, ეკა არ არის კმაყოფილი შენი და თინას ურთიერთობით.
- რატომ უნდა იყოს კმაყოფილი? ჩემი ინგლისურის მასწავლებელიც ამბობს, შვილი რომ გყავდეს და სხვა ქალმა ისე მოუაროს, რომ მიითვისოს, ეს არავის მოეწონებაო. მაგრამ თინა ასეთი არ არის და ნიაკოს მითვისება არ უნდა. უბრალოდ, ოჯახს არ შეუძლია, რომ ნიაკო ბედნიერი იყოს, ამიტომ თინა უვლის, ეკა კი ნერვიულობს და ეჭვიანობს.
- ეს თავად დაასკვენი თუ ვინმემ აგიხსნა, რა ხდება სერიალში?
- სცენარს ვკითხულობ და დასკვნებს მე თვითონ ვაკეთებ, სხვამ ვინ უნდა მითხრას?!.
- მაკა, ხალხი რეალურად როგორც აღიქვამს დათოს ღალატს, ისე თინასა და ეკას კონფლიქტს ნიაკოს გამო.
- არ ვიცი, ასე ვერ ვიტყვი, ეს კარგია თუ ცუდია. რასაკვირველია, ეს არის არა რეალობა, არამედ კარგად შეფუთული გამონაგონი. არ მგონია, რომ ამ ისტორიებს ხალხი რეალურად იღებს. სერიალს ბევრი მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს და უბრალოდ, ამაზე ბევრი ბჭობა მიდის. ალბათ ათასში ერთხელ გამოერევა ადამიანი, რომელსაც რეალობა და გამონაგონი ერთმანეთში ერევა. მაგალითად, „ჩემი ცოლის დაქალის ქორწილის“ გადაღებაზე ერთმა ადამიანმა ჰკითხა ლევან ყოჩიაშვილს, სადაური გოცირიძე ხარო (იღიმის).
რაც შეეხება თინას და ეკას ამბავს, მგონია, რომ დედას შვილს ვერავინ შეუცვლის, როგორ შეიძლება, დედას შვილი ვიღაცამ წაართვას. უბრალოდ, თინას უნდა, ნიაკოს ხელი შეუწყოს, რომ ბავშვი განვითარდეს, უკეთესი განათლება მიიღოს და ა.შ. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
- ნიაკო, შენი ნამდვილი დედიკო რას ფიქრობს ამაზე?
- რომ უყურებს, ღელავს (იღიმება).

ნინო მურღულია

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
გვანცა
ნიააკო მარტლაც კარგი გოგოა და ძაან მიყვარს მაკაც მიყვარს და მინდა ვნახო სადმეეეე:)
18:42 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თაია
ნიაა, ყველაზე ჭკვიანი ბავშვი ხარ და დიდივით აზროვნებ, მიყვარხარ!!!
13:33 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS