26 სექტემბერი, 2013
რატი დურგლიშვილი საკუთარი ხასიათით ამაყობს
მას მძიმედ აღვიქვამდი, ძალიან განვიცდიდი, არ მინდოდა, რომ მათ ცუდად ეგრძნოთ თავი. ამის გამო ცოტა თავშეკავებული გავხდი. რთულია, როცა შენ გამო ადამიანს რაღაც სტკივა მომღერალ რატი დურგლიშვილს ინტერვიუს ჩასაწერად სახლში, ე.წ. ვარსკვლავების კორპუსში ვეწვიეთ. მართალია, ჩვენი რესპონდენტი სარემონტო სამუშაოებში იყო ჩართული, მაგრამ ჩვენთვის დრო მაინც გამონახა და როგორც სჩვევია, `გემრიელად~ გვესაუბრა. ბევრ საინტერესო თემას შევეხეთ, თუმცა ყველაფერი შოუბიზნესში შექმნილი უმოქმედობით დავიწყეთ...

- სიმართლე გითხრა, არ ვიცი, შოუბიზნესში შექმნილ ვითარებაზე პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ. მე ჩემს
საქმეს ვაკეთებ, ოღონდ უკვე მცირე რაოდენობით, რადგან პირდაპირ რომ თქვა, ამდენი ქველმოქმედებითაც იღლები ადამიანი. ქვეყანაში, სადაც არ არსებობს მუსიკალური ტელევიზია, აზრი არ აქვს კლიპის გადაღებას და მისთვის ფინანსების დახარჯვას. პოლიტიკურ ტელევიზიაში კლიპის დატრიალება კი, ჩემი აზრით, ცოტა სირცხვილია, ერთი თოქშოუსთვის მაღალბიუჯეტიანი კლიპის გადაღება არ მიღირს. მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან კმაყოფილი ვარ, ხანდახან მაოცებს ისიც, რომ ხალხმა ჩვენი ისეთი სიმღერები იცის, რომლებსაც კლიპი არ აქვს, ამიტომ მადლობას ვწირავ ჩვენს მოსახლეობას.
- კულტურის სამინისტროსთვის ან ვინმე კომპეტენტური პირისთვის შოუბიზნესის ამოქმედების მიზნით არ მიგიმართავთ?
- ჩემს ხასიათში არ ჯდება ვინმესთვის რამის თხოვნა. ჩემ ირგვლივ ყოფილან ადამიანები, ერთი, ორი ან სამი, რომლებმაც იციან, როგორია ხელოვანის ცხოვრება, თვითონ ხვდებიან, როდის რა მჭირდება და ყოველთვის ლამაზად მიკეთებენ, ორი კაპიკისთვის კი ვერავის ვერაფერს ვერ ვთხოვ. თუ თავად გამოთქვამენ სურვილს, მე ყოველთვის დიდი სიხარულით შევხვდები მათ ინიციატივას. ამიტომ ვცდილობ, ნაკლებად შევაწუხო ადამიანები, რადგან აზრი მაინც არ აქვს (იცინის). მახსოვს, იურმალაში წასვლის პერიოდში ფინანსური კრიზისი გვქონდა, რამდენიმე ადამიანი დაგვპირდა დახმარებას და როცა შევაწუხეთ, მივხვდით, რომ აზრი არ ჰქონდა. ამის შემდეგ დღემდე ვერავინ იტყვის, რომ მე მისთვის რამე მითხოვია, ღვთის წყალობით, მე და მაკა ჩვენით ვდგავართ ფეხზე, უბრალოდ, გული გვწყდება მომავალ თაობაზე, რომელიც ძალიან ნიჭიერია და არ მინდა, რომ ეს ნიჭი დაიკარგოს.
- სიმღერის გარდა სხვა არაფრის კეთება არ გიცდია?
- მამაც ასე იყო და შვილებიც თავის გზაზე დაგვაყენა. ჩემს მშობლებს ხელი არასდროს შეუშლიათ ჩემთვის, პირიქით გვერდში გვედგნენ მუდმივად და ისე გვაყვარებდნენ შრომას, რომ თვითონ პროფესია არ შეგვაძულეს. ფუნჯი მჭირდებოდა, სახატავი თუ სტუდია სიმღერის ჩასაწერად, ყოველთვის ყველაფერი მქონდა და ყველანაირ პირობას მიქმნიდნენ იმისთვის, რომ მეშრომა, მესწავლა და ჩემი საქმე მყვარებოდა. შევარდნაძის პერიოდში, როდესაც მამამ გერმანიიდან მოლბერტი ჩამომიტანა, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, უბრალოდ, ვერც აგიხსნით, როგორ გამიხარდა. ჩემი სიხარულით კი თავადაც ხარობდა, მით უმეტეს, რომ ამა თუ იმ კონკურსიდან ძირითადად გამარჯვებული ვბრუნდებოდი. ალბათ, მისთვის ესეც სტიმული იყო, თუმცა ჩემით კმაყოფილი არასდროს გახლდათ და ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან ამით ჩამომიყალიბდა თვითკრიტიკის უნარი.
- რატი, შენი საქმიანობა გარკვეულწილად დაკავშირებულია აზარტთან?
- არა, აზარტთან ალბათ უფრო ბიზნესია დაკავშირებული, მე სიმღერას იმიტომ არ ვქმნი, რომ ამით სახლი ვიყიდო ან რაიმე მატერიალური შევქმნა.
- ისე, თუ ხარ აზარტული?
- კი, ჯოკერს ვთამაშობ ხოლმე მეგობრებში და შემიძლია, ამის გამო მოვკლა ვინმე (იცინის). ეს ხუმრობით. სამწუხაროდ, კაზინოში დავდიოდი, ოღონდ არა მოგების მიზნით, გონებრივად სხვაგან გადართვა მჭირდებოდა. ბევრი არც არასდროს მომიგია და არც წამიგია, უბრალოდ, მომწონდა ის პროცესი, როცა სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი თამაშის გარდა. ძალიან ძლიერი აღმოვჩნდი იმ გაგებით, რომ ერთ დღეს გადავწყვიტე, აღარ მივსულიყავი, აღარ მეთამაშა და არც მივსულვარ.
- იღბლიანი ხარ?
- კი, შეიძლება ითქვას. ერთ დღეს გავიღვიძე, მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, ვიყიდე გადასაფხეკი ლატარია და 2500 ლარი მოვიგე (იღიმის).
- მოგება, რომელმაც განსაკუთრებით გაგახარა...
- იურმალის შემდეგ? (ფიქრობს) ჩემი ყველაზე დიდი მოგება ჩემი მშობლები და ჩემი ძმისშვილია, რომელიც ჩვენი მთლიანი ოჯახის მოგებაა. ფაქტობრივად, ჩემი შვილია, მასზე ამომდის მზე და მთვარე.
- რატი, ბანკებთან თუ კონტაქტობ, თუ გქონია სესხი?
- დაახლოებით 15 წლის წინ გადავწყვიტე, შემეწყვიტა ბანკთან კონტაქტი, შემეცვალა შეხედულებები, მაქიმალურად ვცდილობდი, რომ არ მქონოდა ურთიერთობა, მაგრამ ახლა მაქვს... პირველი მანქანა ბანკიდან გამოტანილი სესხით ვიყიდე, მართალია, ნახევარზე მეტი დედაჩემმა გადამიხადა, მაგრამ მაინც ჩემი ერქვა (იცინის). საერთოდ, მიყვარს ყველაფრის ჩემით კეთება, როდესაც ვინმე მეხმარება ან ერევა, მერე გულს ვიცრუებ.
- ანუ მესაკუთრე ხარ?
- არა, არანაირად. ეჭვიანობისა და მესაკუთრეობის არანაირი დეტალი არ მაქვს. იმდენად არ ვარ ეჭვიანი, რომ ხანდახან მეგობრები მეუბნებიან, შენ არ გიყვარვართო. არც პირად ურთიერთობაში ვარ ეჭვიანი, ადამიანს თუ Uენდობი, იმდენი პატივი უნდა სცე, რომ ზედმეტი ეჭვებით არ შეაწუხო და არ დაამძიმო ურთიერთობა. არ მინდა, თავის ქება გამომივიდეს, მაგრამ მართლა ძალიან კომფორტული ადამიანი ვარ (იცინის). ვამაყობ ჩემი ხასიათით.
- ვის ჰგავხარ ამ მხრივ?
- მამაა ასეთი. ურთიერთობაში ძალიან რბილი და თბილია, ყველას ეფერება და ეს მეც გამომყვა, თუმცა მე სითბოს ძველებური დოზით აღარ გამოვხატავ, არადა, ადრე მეც ძალიან თბილი ვიყავი.
- და რამ გამოიწვია ეს ცვლილება?
- გეტყვი. სანამ რომელიმე გოგონასთან მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდებოდა, ადამიანურ სითბოს რომ გამოვხატავდი, ვეფერებოდი, გრძნობა უჩნდებოდათ. გრძნობებზე თამაში არ მიყვარს, ამას მძიმედ აღვიქვამდი, ძალიან განვიცდიდი, არ მინდოდა, რომ მათ ცუდად ეგრძნოთ თავი. ამის გამო ცოტა თავშეკავებული გავხდი. რთულია, როცა შენ გამო ადამიანს რაღაც სტკივა.
- ფინანსურად კრიზისული პერიოდის დროს თაყვანისმცემლების სიმცირე გიგრძნია იმ დროსთან შედარებით, როდესაც მყარად იდექი ფეხზე ამ თვალსაზრისით?
- ძალიან კარგია, რომ ფინანსურად ძალიან ძლიერი არ ვარ, თორემ ამ მხრივ ბევრი ეჭვი გამიჩნდებოდა (იღიმის). სხვათა შორის, ბევრი კარგი აღნაგობის მანდილოსანი ყოფილა მზად, რომ მასთან სერიოზული ურთიერთობა ამეწყო, უბრალოდ, მე სხვანაირად ვუყურებ ოჯახის შექმნის საკითხს. სანამ არ მექნება ის პირობები, რომ მასვე შევუქმნა კომფორტი, ვერ ავიღებ ოჯახზე პასუხისმგებლობას.
- როგორი ადამიანი უნდა იყოს შენ გვერდით, რომ მასთან თავი კარგად იგრძნო?
- აგიხსნი... ადამიანთან ურთიერთობისას რამდენიმე ეტაპი აუცილებლად უნდა გავიარო და ეს მხოლოდ პირად ცხოვრებას არ ეხება. საერთოდ, მიყვარს ჭკვიანური საუბრები, სულ ვცდილობ, ადამიანის ლაპარაკიდან ამოვიღო მაქსიმალური ინფორმაცია, რათა კარგად ამოვიცნო მისი პიროვნება.
- შეყვარებული რატი იცვლება?
- კი, ძალიან სხვანაირი ვხდები, შეყვარებულ რატის თვალებში ორი მზე აქვს... მაგრამ ჯერ არ ვიცი, მინდა თუ არა სიყვარული, არ ვიცი, მზად ვარ თუ არა ამისთვის, მაგრამ ამას ჩვენ, ადამიანები, როდის ვწყვეტთ? თვითონ მოდის...
- რამდენჯერ გყვარებია?
- ორჯერ, დანარჩენი ალბათ უფრო გატაცება იყო.
- ალბათ რომანტიკოსი ხარ... გიყვარს საჩუქრების კეთება, სიურპირზები...
- არა, უფრო ერთგული ვარ. რომანტიკა, ყვავილები ცოტა მაღიზიანებს. თუმცა მანდილოსნის პატივისცემა ვიცი. ახლა იმდენი დრო აღარ მაქვს, თორემ ყოველთვის ვცდილობდი, დედა რაღაცით გამეხარებინა. როგორც ყველა ადამიანისთვის, ჩემთვისაც დედა სათაყვანებელია და ასე იქნება ცოლიც. რაც შეეხება სიურპრიზებს, კი, მომწონს, თუმცა როდესაც ადამიანი მიყვარს, მისგან ცოტა შორს ვიჭერ თავს, რათა გავუფრთხილდე, არ მინდა, მატერიალურში გადაიზარდოს ურთიერთობა და ამიტომ... ცოტა არანორმალური ფსიქიკის ვარ (იცინის).

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მირო_ნატი
ratı magarı xar carmatebebııııııııııı
04:26 / 02-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS