26 სექტემბერი, 2013
ოთო ნემსაძე სოლოკონცერტის შემდეგ საცხოვრებლად უკრაინაში გადავა
18 ოქტომბრიდან საცხოვრებლად ლვოვში გადავდივარ. უკვე ჩავწერეთ შვიდი სიმღერის დემოვერსია. ჯერ არ ვიცით, აქედან რას დავტოვებთ და რას - არა, მაგრამ ლაპარაკი მიდის ალბომზე ხუთ ოქტომბერს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ''ჯეოსტარელი'' ოთო ნემსაძე ''ბრავო რეკორდსის'' ორგანიზებით სოლოკონცერტს გამართავს. ოთოს ალბომი, დაახლოებით, სამწლიანი მზადების შემდეგ, როგორც იქნა, გამოვიდა. მასში ოთარ რამიშვილის ათი სიმღერა შევიდა, რომელსაც მომღერალი თავისებურად ასრულებს. კონცერტი ორნაწილიანი იქნება. პირველ განყოფილებაში სწორედ ეს ათი სიმღერა შესრულდება, რომელთა არანჟირებები ზვიად ბოლქვაძეს ეკუთვნის, მეორე ნაწილი კი ოთო
ნემსაძისა და მისი რამდენიმე მეგობრის დუეტებს დაეთმობა ''ბრავო ბენდის'' აკომპანემენტით. ოთოს დავუკავშირდით, რათა კონცერტის დეტალები გამოგვერკვია.

- ჩემი სოლოკონცერტი, რომელიც პირველია ჩემს შემოქმედებაში, ხუთ ოქტომბერს მეიდანზე გაიმართება, თბილისობის ერთ-ერთი ცენტრალური კონცერტი იქნება და ღია ცის ქვეშ ამ ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. ზვიად ბოლქვაძესა და ''ნიუტონთან'' ერთად წარმოვადგენ ახალი ალბომიდან ათივე კომპოზიციას, ოთარ რამიშვილის სიმღერებს. არანჟირებები ზვიად ბოლქვაძემ გააკეთა, რაც ჩემი სურვილით მოხდა და ასევე ჩემი სურვილი იყო, რომ ალბომი ''ბრავო რეკორდსში'' ჩაწერილიყო. ეს ალბომი პაუზების გამო სამი წლის განმავლობაში მზადდებოდა, მას შემდეგ, რაც ''ჯეოსტარი'' დასრულდა.
- როგორი იქნება თავად კონცერტი?
- ორგანყოფილებიანი. პირველ ნაწილში, როგორც მოგახსენეთ, რამიშვილის სიმღერებს შევასრულებ, მეორე ნაწილში კი ''ბრავო ბენდის'' თანხლებით ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმღერებ. რეპეტიციები უკვე დაწყებულია.
- ნერვიულობ?
- ჯერ გარკვეული დროა დარჩენილი და არ ვნერვიულობ, მაგრამ კონცერტის თარიღის მოახლოებასთან ერთად ღელვაც იმატებს ალბათ. სოლოკონცერტი არ მქონია, ეს პირველია და დიდი პასუხისმგებლობაა.
- საინტერესოა, იმ ქვეყანაში რა ხდება, სადაც მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდი?
- უკრაინაში? ძალიან ლამაზი გოგონები დადიან (იცინის).
- ეგ ვიცით. სიახლე თუ გაქვს, რაიმე შემოთავაზება?
- ჩემს მწვრთნელთან, ცნობილ მომღერალ სლავა ვაკარჩუკთან კონტრაქტი გავაფორმე, რომელიც ექვსთვიანი გახლავთ. ასე სწრაფად მის საპროდიუსერო კომპანიასთან ხელშეკრულება იმიტომ გაფორმდა, რომ სხვასთან არ მომეწერა ხელი. ეს, უბრალოდ, ფორმალობაა, რადგან მასთან ძალიან ახლო და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. შემდეგ ეტაპზე გაფორმდება უფრო დიდხნიანი კონტრაქტი, სავარაუდოდ, სამ ან ხუთ წელზე. 18 ოქტომბრიდან საცხოვრებლად ლვოვში გადავდივარ. უკვე ჩავწერეთ შვიდი სიმღერის დემოვერსია. ჯერ არ ვიცით, აქედან რას დავტოვებთ და რას - არა, მაგრამ ლაპარაკი მიდის ალბომზე.
- ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე რომ იმღერე, როგორი შეგრძნება იყო?
- ერთ-ერთ პერფორმანსზე ვიმღერე. 60 ქვეყანაში იყო პირდაპირი ტრანსლაცია. ''ევროსპორტზე'' გავიდა გახსნის ცერემონიალი, ასე რომ, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. მონაწილეობა რომ მიმეღო, პირადად მე დამირეკეს, მაგრამ ჩემს პროდიუსერთან დავარეკვინე და მან მოაგვარა შემდგომი საკითხები.
- ვაკარჩუკთან კონტრაქტი რაიმე სახის შეზღუდვას ხომ არ ითვალისწინებს?
- ჯერ შეზღუდვებსა და აკრძალვებზე საუბარი არ ყოფილა. ალბათ გარკვეული აკრძალვები იქნება, თუმცა, როგორც გითხარით, ჩვენ შორის ძალიან კარგი დამოკიდებულებაა.
- სოლოკონცერტის მერე საქართველოს არანაირი გეგმა არ უკავშირდება?
- ვნახოთ, როგორ განვითარდება ჩემი კარიერა. თუკი უკრაინაში რაიმეს გავაკეთებ და მივაღწევ, იმ პროექტს აუცილებლად საქართველოშიც ჩამოვიტან.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ირინე
წარმატებები!!! მაგრამ, აქ ვიღა დარჩება?
16:19 / 27-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS