- ანატოლი, როგორც ვიცი, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მეორე სეზონშიც შემოგთავაზეს მონაწილეობა, მაგრამ ახლა დათანხმდი.
- ახლა შედარებით უფრო თავისუფალი გრაფიკი მაქვს. საქართველოს გუნდი არც ერთ ევროთასზე არ თამაშობს. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, პროექტის მესამე სეზონში მიმეღო მონაწილეობა.
- როგორც გავიგე, სალომე ჭაჭუა იქნება მეწყვილე. როდესაც შენი მეწყვილე ძალიან კარგად ცეკვავს, ეს ალბათ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა.
- პასუხისმგებლობაც მეტია და როცა ასეთ მაგარ მეწყვილესთან ცეკვავ, თითოეული შენი შეცდომა უფრო გამოჩნდება. ამიტომ ვეცდები, კარგად ვიცეკვო, რამდენად გამომივა, არ ვიცი.
- როგორც ვიცი, ცეკვა მაინცდამაინც არ გეხერხება.
- სამეგობრო წრეში ცეკვა და გართობა, როგორც ყველას, მეც მომწონს, მაგრამ ქორწილებსა და დაბადების დღეებზე იმის გამო არ დავდივარ, რომ ვიცეკვო.
- უკვე დაიწყე ვარჯიში. შეგიძლია თქვა, რამდენად რთულია სამეჯლისო ცეკვები?
- გაცილებით რთულია, ვიდრე მეგონა, მიჭირს ცეკვის სწავლა. კალათბურთში გამოვიმუშავე ფუნდამენტური მოძრაობები, რომ მუხლებში უნდა ჩავჯდე და ტერფებზე ვიდგე. სამეჯლისო ცეკვებში ყველაფერი პირიქითაა. ფეხის წვერებზე უნდა იდგე, ამიტომ მიჭირს ცეკვა. ძალიან შრომატევადი და დამღლელია ცეკვის სწავლა და დავრწმუნდი, რომ არაა ტყუილი, როცა ამბობენ, სამეჯლისო ცეკვა სპორტიაო.
- როგორ ფიქრობ, პროექტში რომელ ეტაპამდე მიხვალ?
- სპორტსმენი ვარ და აქედან გამომდინარე - ძალიან აზარტული. რადგან პროექტში ჩავერთე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავიხვეწო და მაყურებელს ჩემი თავი სხვა კუთხით დავანახვო. იმედია, იტყვიან, რომ ცეკვაში მაგარი თუ არა, კარგი მაინც ვარ. მინდა, პროექტის ბოლომდე გავიდე. მით უფრო, რომ ასეთი გამოცდილი მეწყვილე მყავს.
- უკვე რამდენიმე დღეა ვარჯიშობთ. რას ამბობს სალომე, პერსპექტიული მოცეკვავე ხარ?
- მოცეკვავის კარიერა ალბათ არ მექნება, მაგრამ მოსწონს, რომ არ მეზარება ვარჯიში და მონდომებული ვარ.
- პროექტში პირველად რა ცეკვას შეასრულებთ?
- ჯაივს ვიცეკვებთ, რომელიც ძალიან სწრაფია. პირველი ორი დღე რომ ვივარჯიშე, ვამბობდი, არაფერი გამომივა-მეთქი. ვარჯიშის მესამე დღეს ჩემი ცეკვა ცეკვას დაემსგავსა.
- რა თქმა უნდა, კალათბურთის თემას გვერდს ვერ ავუვლით. წელს საქართველოს კალათბურთის ნაკრებს არ გაუმართლა. ევროპის ჩემპიონატს ჯგუფურ ეტაპზე გამოეთიშა. ხორვატიასთან ერთი, სლოვენიასთან კი ოთხი ქულით წააგო.
- საქართველო ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა. ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია ტრავმების გამო გამოეთიშნენ შეჯიბრებას. მანუჩარ მარკოიშვილსაც ტრავმა ჰქონდა და ეს ყველაფერი თამაშის შედეგებზეც აისახა. ამის მიუხედავად, ჩვენ ევროპასა და გულშემატკივარს ვანახვეთ, რომ თამაში შეგვიძლია.
- წაგების შემთხვევაში ალბათ სპორტსმენი დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს.
- როცა აგებ, შეცდომები უნდა გააანალიზო. მერე დარბაზში უნდა მიხვიდე და შენი შეცდომები გამოასწორო. უკეთესი უნდა გახდე, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვა. გადამწყვეტ წამს რომ შენ სასარგებლოდ წარმართო თამაში და თუნდაც ერთი ქულით მოიგო.
- ბავშვობიდან კალათბურთელობაზე ოცნებობდი?
- ჩემი ორივე მშობელი ფრენბურთელი იყო. წარმატებული სპორტსმენები გახლდნენ. ჩემმა ძმამ ვარჯიში ცურვიდან დაიწყო. ხუთი წელი ცურვაზე დადიოდა. მერე მისი მასწავლებელი საზღვარგარეთ წავიდა. რადგან ჩემი ძმა ტანით ყოველთვის მაღალი იყო, კალათბურთზე შეიყვანეს, მას პირველივე დღიდან შეუყვარდა კალათბურთი და სულ უფრო უკეთესად თამაშობდა, ამიტომ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მეც კალათბურთზე მევლო. ეს სპორტი თავიდან მაინცდამაინც არ მომწონდა. კარგად ვსწავლობდი სკოლაში და კალათბურთში ვარჯიში მეზარებოდა.
- მშობლების მსგავსად ფრენბურთელობა გინდოდა?
- სწავლა მინდოდა. სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მათემატიკა მიყვარდა. წიგნებს თავს არ ვაკლავდი, მაგრამ სულ ხუთები და ოთხები მყავდა. დროთა განმავლობაში კალათბურთი ძალიან შემიყვარდა და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.
- შენი გვარის წარმომავლობა როგორია? წარმოშობით რუსი ხარ?
- არც ერთი მშობელი არაა რუსი. დედა ბელორუსიდანაა წარმოშობით, მაგრამ წყალტუბოშია დაბადებული და გაზრდილი. ჩემს გვარზე კი ძალიან ბევრი ისტორია არსებობს. გვარის ისტორიის გამორკვევა ბევრჯერ ვცადეთ, მაგრამ სწორ დასკვნამდე ვერ მივედით. აქედან გამომდინარე სულ ვამბობ, ქართველი, რუსთაველი ბოისა ვარ. ჩემი მშობლები აქ დაიბადნენ. ქართულ ტრადიციებზე ვარ გაზრდილი და ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი ესაა.
- დედის გავლენით ალბათ რუსული კარგად იცი. რუსული აქცენტით ლაპარაკობ.
- რუსული სკოლა დავამთავრე. რუსთავის მესამე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი.
- ჩვენს საუბარს მეუღლე და შვილი ესწრებიან. როგორც ვხედავ, მზრუნველი და მოსიყვარულე მამა ხარ.
- ამაში გასაკვირი არაფერია. როცა ოჯახის შექმნას გადაწყვეტ, პრიორიტეტები უნდა შეიცვალო და მთელი ყურადღება ოჯახზე გადაიტანო. ძალიან ვცდილობ, რომ ყურადღებიანი ვიყო და მეუღლეს გვერდში დავუდგე. რასაკვირველია, ბავშვის მოვლასა და აღზრდაში დიდ წვლილს შევიტან.
- მეუღლე, თეონა ჩიხრაძე, რას საქმიანობს?
- დიასახლისია. დათას საბავშვო ბაღში რომ შევიყვანთ, მერე დაიწყებს მუშაობას. სანამ ლაპარაკს არ დაიწყებს, არ მინდა, ბაღში მივიყვანო. სახლში რომ მოვიყვან, დამაინტერესებს, ბაღში რა ხდებოდა. დათა ერთი წლის რამდენიმე დღის წინ გახდა.
- როგორ ფიქრობ, დათა მომავალი კალათბურთელი იქნება?
- მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ სპორტში აქტიურად იყოს ჩართული. მინდა, თავიდან ცურვაზე შევიყვანო. ცოტა რომ გაიზრდება, აუცილებლად შევიყვან ფეხბურთზე. თავისთავად კალათბურთზეც მივიყვან და მერე უკვე თვითონ აირჩევს, რა ენდომება. რომელი სპორტიც ეყვარება, მას გაჰყვეს.
- საკუთარ თავზე რას იტყვი? ფორმის შენარჩუნებას როგორ ახერხებ?
- არ ვეწევი. საქართველოში ვცხოვრობთ და რასაკვირველია, ხანდახან დალევას გვერდს ვერ ავუვლი. ქორწილში ან დაბადების დღეებზე რომ მივდივარ, რამდენიმე ჭიქას ვსვამ, როგორც ჩვენს ტრადიციებს შეეფერება, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.
- როგორც გავიგე, მეუღლე კარგად შეხვდა იმ ამბავს, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' უნდა მიგეღო მონაწილეობა.
- ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი მეუღლის აზრი. თეა წინააღმდეგი თუ იქნებოდა, არ მესმის, რატომ უნდა მეცეკვა პროექტში. თუნდაც პატარა არასასიამოვნო სიტუაცია ოჯახში რატომ უნდა შემექმნა? დავსხედით, დავილაპარაკეთ, რამდენად კარგი ან ცუდი იქნებოდა პროექტში მონაწილეობა ჩემთვის, ფიზიკურ დატვირთვას თუ გავუძლებდი. ამ შემთხვევაში ხომ კალათბურთშიც და ცეკვაშიც უნდა ვივარჯიშო. ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და ვთქვი, რატომაც არა. სიახლეა, ძალიან საინტერესოა.
- მეუღლე ცეკვავს?
- არა.
- პროექტში რომ ჩაერთე, ცეკვით ისიც ხომ არ დაინტერესდა?
- ჯერ არა, მერე როცა ნახავს, მე როგორ გამომდის, შეიძლება მოინდომოს. ჯერ მხოლოდ ჩემი ერთი ვარჯიში აქვს ნანახი და არ მგონია, ჩემს საცეკვაო ნიჭზე დიდი წარმოდგენა ჩამოყალიბებოდა. როცა დიდ სცენაზე გავალ და ნახავს, როგორ ვიცეკვებ - ან იფიქრებს, რომ მანაც ისწავლოს ცეკვა, ან ცეკვის სურვილი საერთოდ აღარ გაუჩნდება (იცინის).
მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''