08 მაისი, 2013
რატომ არ უნდა ინგა გრიგოლიას ოჯახის შექმნა

არ ვამტკიცებ, რომ ძლიერი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მაქვს სუსტი წერტილები. ერთ-ერთი სუსტი წერტილი ის აღმოჩნდა, რომ მე ვერ „გავქაჩე“ და ვერ გავუძელი იმას, რომ ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების გამო მაგინებდნენ.

პოლიტიკიდან კვლავ ჟურნალისტიკაში დაბრუნებულ ინგა გრიგოლიას შემოთავაზება რამდენიმე ტელევიზიიდან ჰქონდა, მაგრამ არჩევანი „პირველ არხზე“ გააკეთა და ყველაფრის ახლიდან დაწყების არ ეშინია. პირად ცხოვრებაში ძალიან ბედნიერია, თუმცა დაოჯახებას არ გეგმავს.

- არჩევნების პერიოდი იყო, როდესაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ თქვენი გვერდი გააუქმეთ.
- ყოველთვის ვიცოდი, რომ მაყურებლის 50%
მაინც არსებობდა, რომელსაც არ უყვარდა და არ მოსწონდა ინგა გრიგოლია. ეს ნაწილი რადიკალური იყო შეფასებებში, მაგრამ ერთია, როცა შენს საქმიანობას აკრიტიკებენ და მეორეა იმ გინებისა და ლანძღვის კორიანტელი, რომელსაც ჩემს „ფეისბუქზე“ ვკითხულობდი. მათთვის მიუღებელი იყო, რომ მე სხვა პარტიაში ვიყავი. ძალიან ბევრი ლანძღვა და გინება გადავიტანე. ბოლო დროს უკვე „ფეისბუქის“ გახსნა აღარ მინდოდა. არ ვამტკიცებ, რომ ძლიერი ვარ. ყოველთვის ვამბობდი, რომ მაქვს სუსტი წერტილები. ერთ-ერთი სუსტი წერტილი ის აღმოჩნდა, რომ მე ვერ „გავქაჩე“ და ვერ გავუძელი იმას, რომ ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების გამო მაგინებდნენ. ერთ დღესაც გადავწყვიტე და გავაუქმე. კანდიდატურა რომ მოვხსენი, მას შემდეგ სულ ასე მხვდებიან ქუჩაში, რასაც ახლა თქვენ შეესწარით. ახლა მეუბნებიან, რა კარგია, თქვენი გადაცემა რომ გექნებათ და როგორ გვიყვარხართო. არადა, ზუსტად ეს ორი ქალბატონი იყო, არჩევნების წინ საკრებულოსთან ბოლო ხმაზე რომ მლანძღავდა ძირითადად იმის გამო, რომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ვიყავი. ლანძღვის მეორე მიზეზი იყო ის, რომ ჩემგან რაღაც დახმარებას ითხოვდნენ და ვეუბნებოდი, რომ მე მათთვის დახმარების გაწევა არ შემეძლო. ეს იწვევდა აგრესიას. ამ ყველაფრის გამო საერთოდ გავქრი „ფეისბუქიდან“. ახლა, როგორც ვიცი, ჩემი სახელითა და გვარით არის რამდენიმე გვერდი დარეგისტრირებული, მაგრამ ჩემი არც ერთი არაა.

- წყალმომარაგების პრესმდივნად რომ დაინიშნეთ, ამ ინფორმაციის გაჟღერებას ხალხის კომენტარები მოჰყვა, ქრისტიან-დემოკრატები არ იყვნენ, მოსახლეობას წყალს 10 თეთრად რომ ჰპირდებოდნენო...

- პრესკონსულტანტობით კანონს არ ვარღვევ. არ მიკავია არანაირი ადმინისტრაციული თანამდებობა. გადაცემაში ჩემი მთავარი თემა რეგიონები იქნება. რეგიონებში ხალხის ერთ-ერთი პრობლემა კი სწორედ წყალმომარაგების თემაა და გაძლევთ პირობას, რომ ბევრჯერ ნახავთ ჩემს გადაცემაში უბრალო, რიგით ადამიანებს. გლეხებს, რომლებიც მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან წყლის თუ სხვა პრობლემების გამო. ერთი სამსახური მეორეს ხელს არ უშლის. დღესაც მიმაჩნია, რომ თბილისელებისთვის შეთავაზებული ქდმ-ს პროგრამის განხორციელება სავსებით შესაძლებელი იყო. ერთი წამით არ წავიღებ უკან ჩემს მაშინდელ მოსაზრებას.

- პოლიტიკაში რას ვერ გაუძელით?

- იმ გაუთავებელი ცილისწამების მოსმენას, რაც ჩემს პარტიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. პოლიტიკიდან რომ წამოვედი, ბევრ პოლიტიკოსს ვუთხარი, მათ შორის იყო შალვა ნათელაშვილი, ღმერთო ჩემო, რა მანიაკები ხართ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ამ ყველაფერს უძლებთ-მეთქი. დღეს ვარ ბედნიერი და დასვენებული და პოლიტიკიდან წამოსვლის გადაწყვეტილება სწორად მიმაჩნია. შეცდომა მომივიდა და ამ შეცდომის გამოსწორებას დიდი დრო მოვანდომე. ჯერ კიდევ მაია ასათიანის გადაცემაში, როცა არანაირი პოლიტიკური მოძრაობა არ იყო დაწყებული, ვთქვი, სულ მალე, მაქსიმუმ ერთ წელიწადში, ტელევიზიას დავუბრუნდები-მეთქი. ჩემი პროგნოზით, არჩევნების შემდეგ სიტუაცია ისე შეიცვლებოდა, რომ სააკაშვილი ვეღარ გადამიწყვეტდა, ვყოფილიყავი თუ არა ტელევიზიაში. ძალიან მიხარია, რომ ეს პროგნოზი გამართლდა. ტელევიზიას ჩემს შვილზე წინ ვაყენებდი. ცუდია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩემს გადაცემებზე მუშაობისას ღამეები გამითენებია სამსახურში და სახლში არ მივსულვარ. ეს რომ დავთმე და პოლიტიკაში წავედი, შემეშალა, მაგრამ რა ვქნა, შემეშალა და ამით არავისთვის ზიანი არ მიმიყენებია.

- რას ურჩევდით ჟურნალისტებს პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით?

- ეს ყველას პირადი გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ისე გიყვარს ჟურნალისტიკა და ისე აბოდებ, როგორც მე მიყვარდა, არასოდეს არ უნდა დათმო. როდესაც „პოლიტიკური კვირა“ დაიხურა „პირველ არხზე“, მაშინ სრულიად გიჟი ვიყავი. გადაცემა მეექვსედ დამიხურეს. ახლა ვხვდები, არასოდეს უნდა გაემიჯნო იმ საქმეს, რომელიც ძალიან გიყვარს. მოკლედ, ტელევიზია ჩემთვის სიცოცხლეა და ვფიქრობ, როცა დავბრუნდები, მაყურებელს არ გავაწბილებ. რაც შეეხება კო¬მენტარებს, რომლებიც მოჰყვება ხოლმე ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, მივეჩვიე საერთოდ, გავემიჯნე თემას, რომელსაც ჰქვია პოლიტიკა. აღარ მგონია, როდისმე კიდევ ისე გავგიჟდე, რომ სურვილი გამიჩნდეს, რომელიმე პარტიაში შევიდე. ძალიან ცუდი რამ გავუკეთე ჩემს თავს იმით, რომ ეთერში აღარ ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრჯერ მქონია მძიმე პერიოდი, ასეთი მძიმე პერიოდი, რაც ორწელიწად-ნახევარში გამოვიარე, არ მქონია. ძალიან მენატრებოდა ჩემი საქმე, თუმცა ამორალურად მიმაჩნდა, წინა დღეს საარჩევნო კამპანიაში ჩართულს, მეორე დღესვე დამეწყო რაიმე გადაცემა. რვა თვე გავიდა და ახლა უკვე მშვიდად შევუდგები ჩემს საქმეს.

- ძალიან დიდი კონკურენცია იქნება.

- წლების წინ, როდესაც ჩემი გადაცემები დავიწყე, დიდი კონკურენცია იყო. მაშინ არ შემშინებია კონკურენციის და დღეს არ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა. კონკურენცია კარგია.

- როგორც წესი, ამ პერიოდში სატელევიზიო სეზონი მთავრდება ხოლმე.

- საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება ახლა ისეთი ცხელია, რომ ზაფხულის მოსვლა გადაცემის ეთერში გასვლას ვერ შეუშლის ხელს. მზად ვარ და მთელი ზაფხული ვიმუშავებ. შემოდგომიდან კი საპრეზიდენტო არჩევნები იწყება და მე ვვარაუდობ და, რასაკვირველია, რესპონდენტებსაც შევთავაზებ, ერთ-ერთი მთავარი პლაცდარმი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ჩემი გადაცემა იყოს. არ მგონია, ვინმემ უარი თქვას. ყველა ჩემს რესპონდენტს შევხვდი, მათ შორის ყველაზე სკანდალურ კახა ბენდუქიძეს, ვესაუბრე ნინო ბურჯანაძეს, ირაკლი ალასანიას, მოკლედ, მთელ პოლიტიკურ სპექტრთან მქონდა შეხვედრა. მათ ჩემი პროექტი გავაცანი, სამომავლო თანამშრომლობა შევთავაზე და არც ერთი მათგანისგან არ მიგრძნია, რომ არ გაუხარდათ ჩემი ეთერში დაბრუნება. მათ გამოთქვეს ჩემთან თანამშრომლობის სურვილი. თანამშრომლობა არ ნიშნავს, რომ სხვანაირი ინგა გრიგოლია ვიქნები. ვიქნები ისეთივე ინგა, როგორიც ადრე ვიყავი. ჩემი ლექსიკონიდან მხოლოდ ერთი სიტყვა - ამბობენ, ამოვარდება. იმედია, არ წამომცდება საუბარში, თუ ასე მოხდება, მერე შეგიძლიათ შემახსენოთ. არასოდეს დაუსაბუთებელი და ზუსტი ინფორმაციის გარეშე ჩემს რესპონდენტს კითხვას არ დავუსვამ.

- ქრისტიან-დემოკრატებს ამომრჩეველი ნაციონალებთან გარიგებაში ადანაშაულებდა. თქვენი გადაცემის დაანონსების შემდეგ ამბობენ, ზაფხულში გადაცემას იმიტომ იწყებს, რომ ნაციონალების მიმართ ხალხი დადებითად განაწყოსო.

- პირდაპირ შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ამ კომენტარის ავტორი დებილია. არ მგონია, ამ ქვეყანაში ვინმეს იმის ილუზია ჰქონდეს, რომ ნაციონალების მიმართ კეთილგანწყობა აღდგეს. ყოველ შემთხვევაში, მე არ მივეკუთვნები ამ კატეგორიის ადამიანებს. ნაციონალებზე ან ვინმე სხვაზე მუშაობა რომ მნდომებოდა, ეს აუცილებლად მოხდებოდა კანდიდატურის მოხსნიდან ძალიან მალე. ამ ყველაფერს პრინციპულად გავემიჯნე და ახლა ძნელად წარმომიდგენია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რომელიმე სატელევიზიო ეთერის საშუალებით „გაცოცხლდეს“. ერთს გეტყვით, ჩემს რესპონდენტებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვითანამშრომლებ. ასეთი ტიპის კომენტარებზე, სიმართლე გითხრათ, არც ვბრაზდები. ჩემს კარიერას სულ ახლდა ბრალდებები.

- როგორც გავიგე, შეყვარებული ხართ.

- ვარ შეყვარებული და ძალიან კარგად ვარ. ყველაფრისგან გამიჯვნა ჩემს პირადზე დადებითად აისახა.

- გვეტყვით, ვინაა თქვენი შეყვარებული?

- ვერ გეტყვით. რამდენჯერაც ხმამაღლა ვილაპარაკე ჩემს პირადზე, დავზარალდი. გეტყვით იმას, რომ არაა პოპულარული ადამიანი. ექიმია. თავისი საქმე აქვს და სრულიად გამიჯნულია პოლიტიკისგან.

- როგორ გაიცანით?

- ძალიან დიდი ხანი მირეკავდა და მესიჯებს მწერდა. მე არ ვპასუხობდი. ერთ მშვენიერ დღეს პირდაპირ დამადგა თავზე. საკრებულოს სხდომიდან გამოვდიოდი. მოვიდა და მითხრა, რომ ის იყო. რომ შევხედე, ძალიან მომეწონა. ვიფიქრე, რა დეგენერატი ვარ, რომ ამდენი ხანი არ ვხვდებოდი-მეთქი. ალბათ ქართული კომპლექსია, რომ გგონია, ვირტუალურად გაცნობილ ადამიანს არ უნდა შეხვდე. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე, ამდენი წელი რისთვის დავკარგე-მეთქი. მის მესიჯებზე შეიძლება, თვეში ერთხელ მეპასუხა. ასეთ ურთიერთობებს სერიოზულად არასდროს ვუყურებდი.

- როგორი არის მამაკაცი, რომელიც ინგა გრიგოლიას ერთი ნახვით მოეწონა?

- ძალიან სიმპათიური და მამაკაცურია.

- მაღალი და შავგვრემანია ალბათ.

- ნამდვილად ასეთია. ძალიან კარგი ექიმია. ქირურგია. აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი ბედნიერებაა, როდესაც გაქვს ურთიერთობა ადამიანთან, რომელსაც შენს საქმესთან არ აქვს შეხება. ის ჩემთვის ძალიან კარგი მრჩეველია.

- რამდენი წელი გრძელდებოდა თქვენი ვირტუალური ნაცნობობა?

- ძალიან დიდხანს. გაამართლა ამ ურთიერთობამ. დაოჯახებას არ ვაპირებ. ვეღარ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ვიღაც კაცმა იცხოვროს ჩემს სახლში. ასე გაცილებით კარგად ვარ და კარგად ვგრძნობ თავს. არც არასოდეს დავგეგმავ, რომ ოფიციალური სახე მივცე ჩემს ურთიერთობას.

- მას ჰქონდა ოჯახი?

- ჰქონდა. ჰყავს ორი შვილი. მეუღლესთან დიდი ხანია გაშორებულია. მე არაფერ შუაში ვარ. ისინი ჩვენს ვირტუალურ ნაცნობობამდე ბევრად ადრე დაშორდნენ.

- შეიძლება, წლების მერე თქვათ, ჩემი კიდევ ერთი შეცდომა ის იყო, ჩემს სახლში ამ მამაკაცს რომ ეცხოვრა, ვერ წარმომედგინაო.

- არ ვიცი, შეიძლება, ასეც ვიფიქრო, თუმცა მგონია, რომ არასოდეს არ გადავიფიქრებ. მოთხოვნილებაც არ მაქვს, რომ ოჯახი მქონდეს. 23 წლის შვილი მყავს. ჩემი და მისი ცხოვრებით ვცხოვრობ და არ ვგეგმავ არაფრის შეცვლას, თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ (ხეზე სამჯერ აკაკუნებს). ძალიან ხალისიანია ცხოვრება, როდესაც პირადში ხარ ბედნიერი. ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება და თუ არ გაგრძელდება, არც ამის გამო მოვიკლავ თავს.

- ძლიერი და დამოუკიდებელი ქალიაო, თქვენზე ბევრი იტყვის.

- ვარ ძლიერი, მაგრამ მაქვს ჩემი სისუსტეები. არანორმალური, გიჟური ემოციები მაქვს, რომლითაც, როგორც წესი, ძალიან ბევრ რაღაცას ვაფუჭებ ხოლმე. დღეს რომ ვფიქრობ, ვერაფრით ვხვდები, რა ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში წავსულიყავი, მაგრამ ყველაფერს აქვს გამართლება.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი „რეიტინგი“


 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
ირმა
ინგა, ჩემო კარგო, გულით და სულით გილოცავ ბედნიერების განცდას, უფალი ფარავდეს შენს ყოველ ნაბიჯს. მოუთმენლად ველოდები შენს ახალ გადფაცემას. ვისაც არ მოსწონს არ უყუროს, ეს ძალიან მარტივია, ადამიანებო რა გჭირთ? ქალი იძახის ბედნიერი ვარო, გაიზიარეთ და მიულოცეთ, თუ ბოღმა გჯაბნით და ვერ მიულოცავთ ნუ ლანძღავთ მაინც.....ბოლოს და ბოლოს ამ გოგოს არაფერი დაუშავებია, იქნებ გშურთ, რომ ძლიერი ქალია? შეეცადეთ და იქნებ თქვენც "გაძლიერდეთ"?
21:20 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
აუუუ,რა გაუძლებს ამას,ყურები დასვენებული მქონდა,არ მიყვარს ინგას გადაცემები,ყვირის კი არ ლაპარაკობს
20:59 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
რა გცჰირტ ხალხნო ყველას მოსდის სჰეცდომა და მატ სჰორის ინგასც როცა ჯურნალიტობა მიატოვა,,,
13:51 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
რას ილანდზგებიტ ხალხნო,,,სჰეცდომა ყველას მოცდის,,ინგა მაგარი ჯურნალისტია
13:50 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დათო
რამდენი - რამ ხდება ამ ქვეყანაზე, რა დროს გრიგოლიაა ხალხოო მოჩვენებების დროა ეხლა..........
13:25 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კომენტატორი
ინგა გრიგოლია, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს,სანამ ტელევიზიაში იქნება სულ იქნება N1 ჟურნალისტი. ისე ქდმ-ში შესვლით კი გამაბრაზა.
12:39 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნუცა
ინგა ტელევიზიაში ნაცნობი თემაა, მაგრამ სხვა სამსახურიც უკვე ზედმეტია, მითუმეტეს არაა ცოტა ანაზღაურება, რა უბედურებაა ეს, ერთს უნდა ჰქონდეს ყველაფერი? აკეთოს ეს გადაცემები, ფაქტია გამოსდის!
11:58 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გურო
არ მჯერა რომ ვინმე კაცს სეუყვარდა ინგა.მამაკაცური ტიპია .
10:26 / 09-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS