- ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად აღარ ჩანდით ტელევიზიასა თუ პრესაში, რა გახდა ამის მიზეზი?
- ბოლო თვეების განმავლობაში ვმოგზაურობდი სხვადასხვა ქვეყანაში, გახლდით დუბაიში, აბუდაბიში, მილანში და ვცდილობდი, სასიამოვნო სასარგებლოსთვის შემეთავსებინა, თან ვისვენებდი და თან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს პროდიუსერებთან ახალ კონტრაქტებთან დაკავშირებით, რამდენიმე ქვეყანა ახლაც მელოდება ახალი წინადადებებით. გარდა ამისა, მე მქონდა შემოქმედებითი ექსპერიმენტი, რომელიც შეიძლება, საზოგადოებისთვის მალე გახდეს ცნობილი, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ამასთანავე ვმუშაობ ახალ სიმღერებზე. მე არ ვარ მანქანა, ვარ ადამიანი, რომელსაც ღმერთმა აჩუქა ნიჭი და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი (იღიმის).
- რა შეიცვალა თქვენთვის, როგორც საქართველოზე შეყვარებული ადამიანისთვის და უკვე საქართველოს მოქალაქისთვის, მთავრობის ცვლილების შემდეგ?
- გარდა იმისა, რომ დაიხურა ტელეკომპანია ''პიკი'' , ჩემთვის პირადად არაფერი შეცვლილა, მა გრამ ''პიკის'' დახურვით ასობით ადამიანი დარჩა უმუშევარი და ეს კარგი ნამდვილად არ არის. ძალიან ვწუხვარ ამის გამო, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებებს მათ. გარდა ამისა, როგორც ხელოვანი, გამაოცა, რომ გასულ ახალ წელს არ იყო კონცერტები, როცა უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში იმართება სხვადასხვა ღონისძიება ამ დღესასწაულის აღსანიშნავად, ეს ცვლილება არც მე მომწონს და ალბათY არც ხალხს, რადგან კონცერტი და განტვირთვა ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ.
- ამბობენ, ივანა ''პიკში'' ყველაზე მაღალანაზღაურებადი წამყვანი იყოო, რით იყო განპირობებული თქვენი მაღალი ხელფასი?
- ეს ნორმალური მოვლენაა. მე მიმყავდა გადაცემა უკრაინულ ტელეკომპანიაში, რომლის შემოსავალიც წელიწადში ათასობით დოლარი იყო. როდესაც მე წამოვედი ამ პროექტიდან, გადაცემა დაიხურა, სპონსორებმა უარი თქვეს გადაცემის ჩემ გარეშე დაფინანსებაზე... ჩემი სტატუსისა და რეიტინგის გამო მოხდა ეს და საქართველოშიც სწორედ ეს იყო ჩემი ანაზღაურების განმსაზღვრელი. გადაცემის დახურვის შემდეგ უამრავი ადამიანი მწერს, კითხულობენ, როდის აღდგება ეს გადაცემა და გულისტკივილს გამოხატავენ მისი დახურვის გამო, ამისთვის მადლობელი ვარ, ეს ფასდაუდებელი შრომაა.
- ამბობენ, ივანა მელაი უკრაინაში საშუალოდ პოპულარული მომღერალია და სულაც არაა საქმე ისე, როგორ პიარსაც უკეთებენ, ბევრმა უკრაინელმა არც იცის, ვინ არის ეს მომღერალიო, ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
- ჩემი პირველი ალბომი რადიოსადგურებში უკვე 11 წელია ტრიალებს, ჩემი სიმღერები ისმის უკრაინის ყველა ''მაკდონალდსში'' , ყველა დიდ სუპერმარკეტში, ჩემი რეალტონები ძალიან პოპულარულია ყველა მობილურ ქსელში... და ეს არაფერს გეუბნებათ? ამის ფონზე თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, რამდენად პოპულარული ვარ უკრაინაში. ერთია რას ამბობს ხალხი, ფაქტი კი სულ სხვაა.
- ახლა მინდა ვისაუბროთ თქვენს კონცერტზე, რომელიც პიაცაზე გამართეთ. როგორ ფიქრობთ, რა გახდა იმის მიზეზი, რომ თქვენმა კონცერტმა პიაცაზე კრახი განიცადა და რამდენიმე ადამიანი მოვიდა დასასწრებად? ეს მხოლოდ წვიმას შეიძლება დავაბრალოთ?
- ეს იყო ყველაზე ექსტრემალური კონცერტი ჩემთვის, ჩემი გუნდისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ამაზე მუშაობდნენ. რეალურად კონცერტი ჩატარდა ორი წლის წინ, როცა მე ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში და ბევრი არც მიცნობდა. გარდა ამისა, წინასწარ არ არსებობდა არანაირი რეკლამა, ანონსი ამ კონცერტის შესახებ და ჩვენდა სამწუხაროდ, ამ ყველაფერს დაემატა კოკისპირული წვიმა. კონცერტზე დასასწრებად მოვიდა ასამდე ადამიანი, რაც ძალიან ცოტაა, ჩემი გუნდის წევრებს ამ ფონზე ეგონათ, რომ სცენაზე გამოსვლას ვერ შევძლებდი. თუმცა, მე არა მარტო შევძელი სცენაზე გამოსვლა, არამედ ისე ვიმუშავე იმ ადამიანთათვის, როგორც ვიმუშავებდი ასი ათასი მაყურებლის წინაშე, ბოლომდე დავიხარჯე, მიკროფონიდან მირტყამდა დენი, მაგრამ არ გავჩერებულვარ, ვფიქრობდი, თუ მოვკვდები, ეს იქნება გმირული აღსასრული, თუ არადა, ბოლომდე მივიყვან საქმეს-მეთქი და ასეც მოხდა. მინდა, მსგავსი მაგალითი მოგიყვანოთ ამ საკითხთან დაკავშირებით... ალა პუგაჩოვამ, რომელიც თავისი შემოქმედების ზენიტში იყო, საზღვარგარეთ დაგეგმა კონცერტი, რომელზეც, ძალიან კარგი ამინდის მიუხედავად, მაყურებელი არ მივიდა, თუმცა მომღერალმა ბოლომდე იმუშავა, ისე, როგორც ამას გააკეთებდა სავსე დარბაზის შემთხვევაში.
- შეიძლება დავარქვათ ამ კონცერტს ყველაზე წარუმატებელი თქვენს შემოქმედებაში?
- არა, რადგან ეს იყო ღვთისგან გამოგზავნილი განსაცდელი, რომელიც გადავლახე, გარდა ამისა, იმ დღეს ძალიან ბევრი ლამაზი წინადადება მითხრეს გამბედაობისთვის, მთელი ცხოვრება მემახსოვრება ის კონცერტი და ყოველთვის ვიქნები იმ ხალხის მადლიერი, ვინც იმ დღეს ჩემთან ერთად იდგა წვიმაში...
- ამბობენ, რომ მამათქვენმა, ინტერპოლით ძებნილმა სვიატოსლავ მელაიმ, საქართველოს მოქალაქეობა პრეზიდენტის ბრძანებით მიიღო. ახლა თქვენი მშობლებიც საქართველოში ცხოვრობენ. რატომ გახდა შეუძლებელი უკრაინაში თქვენი ცხოვრება? რაში სდებდნენ ბრალს მამათქვენს?
- ეს გახლდათ კრიმინალური საქმე, რომლის ფალსიფიკაცია უკრაინელმა პოლიტიკოსმა მოახდინა, ის 15 წლის განმავლობაში ძალიან ახლოს იყო ჩემს ოჯახთან. მან ისარგებლა ჩემი მშობლების ნდობით, გულუბრყვილობით და საშინელ მდგომარეობაში ჩაყარა. მამაჩემისთვის დახმარების ხელის გაწვდენა მეგობრებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც კონტრაქტები. მათ ჰქონდათ საერთო ბიზნესი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა ის ადამიანი გახდა პოლიტიკოსი, ისარგებლა თავისი სტატუსით და გადაწყვიტა, მიეთვისებინა ყველაფერი, რაც ჩემმა მშობლებმა 20 წლის განმავლობაში შექმნეს. ამაზე მე აქამდე ვერ ვილაპარაკებდი, რადგან იმ დროისთვის ჩემს მშობლებს ემუქრებოდნენ, ამასთანავე ეს გახლავთ ძალიან მტკივნეული საკითხი ჩემთვის.
- რატომ გახდა საჭირო პრეზიდენტის განკარგულება მამათქვენისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე? ალბათ, თქვენ უშუამდგომლეთ...
- არა, ისევე, როგორც სხვა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა, ჩვენც ყველა საბუთი კანონის დაცვით, იუსტიციის სახლში ავიღეთ. სანამ პრეზიდენტი მამაჩემისთვის მოქალაქეობის მიცემის ბრძანებას გასცემდა, მე მივმართე ყველა მმართველ ძალას, როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლებიდან. თავშესაფარიც ვთხოვე მამაჩემისთვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ უარი მივიღე. მერე კი ჩემი სახელით დავწერე წერილი, სადაც აღვწერე ჩემი მშობლების მდგომარეობა, გავაგებინე ყველას, რომ არანაირი საბუთი არ არსებობდა, რომელიც მათ გაამტყუნებდა და ვთხოვე, მოქალაქეობა მიეცათ მამასთვის, ამ წერილით მივმართე პრემიერ-მინისტრსაც და საქართველოს პრეზიდენტსაც, თუმცა მხოლოდ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა ჩემს თხოვნას და შეიძლება ითქვას, რომ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნეს ჩემს ოჯახს. დღეს ჩემი მშობლები ცხოვრობენ საქართველოში, თავს გრძნობენ ძალიან კარგად, მყუდროდ, კომფორტულად და ამაყობენ, რომ მე ეს შევძელი და გავაკეთე. როგორც ჩანს, ღმერთს ასე უნდოდა, რომ მე და ჩემს ოჯახს აქ გვეცხოვრა, ეს ბედი იყო, მე არაფერი დამიჩქარებია.
- ანუ, ახლა უკრაინაში თქვენი მშობლები ვერ ჩავლენ?
- ვერა, პირადად მე კი ჯერ ამისთვის მზად არ ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ვაპატიე და დავივიწყე ის წყენა.. მართალია, უკრაინაში მეგობარი მყავს, მაგრამ უახლოეს გეგმებში იქ ჩასვლა არ შედის.
- თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდით, უკრაინაში შვიდჯერ მეტი ჰონორარი მქონდა, ვიდრე საქართველოში მაქვსო. ამ ეტაპზე გასაგებია თქვენი მდგომარეობა, თუ რატომ არ ბრუნდებით სამშობლოში, მაგრამ აქამდე რატომ რჩებოდით საქართველოში?
- როგორც შემოქმედ ადამიანს, ამ ქვეყნის სიყვარულმა სხვაგავარად მაგრძნობინა თავი. როგორც მართლმადიდებელი, გეტყვით, რომ ჩემთვის მთავარია, მივიღო რაიმე ფასეული სულიერი სამყაროსთვის, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანური სურვილების დაკმაყოფილებაა. აქედან გამომდინარე, ფინანსები არაა მნიშვნელოვანი. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩამოვედი საქართველოში და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება
- ამბობენ, რომ პრეზიდენტის ფავორიტი მომღერლების სიაში ირიცხებით, მით უმეტეს, მისგან ძვირფასი საჩუქარიც მიიღეთ, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- კი და ეს ჩემთვის დიდი პატივია, ნამდვილად სასიამოვნოა, როცა ხარ პრეზიდენტის ფავორიტ მომღერლებს შორის.
- ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტთან მეგობრული ურთიერთობა გაქვთ, რა სიხშირით ან რა ვითარებაში ხვდებით მას?
- გულწრფელად რომ გითხრათ, ბოლო ორთვე-ნახევრის განმავლობაში მოგზაურობის გამო ჩემი მშობლებიც კი არ მინახავს, გარდა ამისა, როგორც პრეზიდენტი, ასევე მეც, ძალიან დაკავებულები ვართ და შეხვედრებისთვის ვერ ვიცლით, პრეზიდენტს საღამოებზე, მიღებებზე, ღონისძიებებზე შემთხვევით შეიძლება შევხვდე, ასევე ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს საერთო მეგობრების წრეში, მაგრამ ის კი არაა მთავარი, ადამიანს განგებ ხვდები თუ მეგობრების წრეში, მთავარი ადამიანური ურთიერთობებია, მე თუ ვმეგობრობ ადამიანთან, ვმეგობრობ ბოლომდე, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ცხოვრებში ხშირად იცვლება რაღაცები... ბატონი პრეზიდენტი კი არის შესანიშნავი ადამიანი, რომელთანაც შემიძლია, საინტერესოდ ვისაუბრო და გავუზიარო აზრი, მით უმეტეს, რომ ის ძალიან კარგად ლაპარაკობს უკრაინულად და მე ამან შოკში ჩამაგდო.
- გულახდილი საუბრებიც თუ გაქვთ ბატონ მიხეილთან, თუ უზიარებთ თქვენს შეხედულებებს, თუნდაც ქართული შოუბიზნესის შესახებ?
- მე ვიცი, რომ ოდესღაც ქართულ შოუბიზნესში კარგი მდგომარეობა იყო, იმართებოდა კონცერტები, ჩამოჰყავდათ მსახიობები და მომღერლები, დღეს საქმე სხვაგვარადაა. პირადად მე ახალ წელს მქონდა სამუშაო, ძველით ახალ წელს ბათუმში გავმართე კონცერტი, მაგრამ შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლებისთვის ეს ძალიან რთული საკითხი იქნება. საჭიროა მეტად გააქტიურება და ნიჭიერი ადამიანებისთვის ხელის შეწყობა. გადაცემა ''ეტალონში'' დავაწესე სტიპენდია, ამით მინდოდა, მაგალითი მიმეცა შეძლებული ადამიანებისთვის, რათა დაეხმარონ მომავალ თაობას განვითარებისათვის.
- შევთანხმდით იმაზე, რომ პრეზიდენტის ფავორიტი მომღერალი ხართ.. მაგრამ მინდა გადავამოწმო ჭორი... ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი სასტუმროს ნომრებს სპეციალურად თქვენთვის ჯავშნიდა და ყველანაირ გადასახადს სახელმწიფო ხაზინიდან იხდიდა. ყოფილა შემთხვევა, რომ პრეზიდენტს დაუფარავს თქვენი გადასახადები?
- სავსებით ნორმალურია, როდესაც ორგანიზატორები იხდიან ფრენის, სასტუმროს გადასახადებს. როდესაც მომღერალსა თუ მსახიობს იწვევენ ამა თუ იმ ქვეყანაში, ისინი ფარავენ ყველანაირ ხარჯს, მაგალითად, ასე უხდიდნენ პარფიონოვს და კიდევ ბევრ სხვა მოწვეულ ადამიანს. როდესაც მე მარტო ვაპირებდი სადმე წასვლას, ყველაფერს ვიხდიდი ჩემი საკრედიტო ბარათით, როცა ეს ეხებოდა სამუშაოს, ამას ყოველთვის იხდიდა ტელეკომპანია. თუ ბათუმში მივდიოდი დასასვენებლად, მე ვფარავდი ხარჯებს, მაგრამ თუ ჩემი ვიზიტი დაკავშირებული იყო გადაღებებთან, ანგარიშს ტელევიზია ასწორებდა.
- რა ვითარებაში გადმოგცათ პრეზიდენტმა 962 ლარად ღირებული ოქროს სამკაული? იქნებ, განგვიმარტოთ, რატომ დაგასაჩუქრათ?
- მართალი რომ გითხრათ, არასდროს არ ვყოფ ადამიანებს კატეგორიების მიხედვით. თუ მე რაღაცას ადამიანურად მიკეთებენ, ეს სასიამოვნოა, ჩემთვის არასასურველი ადამიანებისგან და მათგან, ვისაც მეგობრებს არ ვეძახი, საჩუქრებს არ ვიღებ.
რაც შეეხება პრეზიდენტის საჩუქარს, როდესაც მადლობის ნიშნად გჩუქნიან, ეს ნორმალურია, ჩვეულებრივი ამბავია და ამიტომ არ მახსოვს, ეს სად მოხდა, ვიცი, რომ მაქვს ეს საჩუქარი, ვუფრთხილდები, მაგრამ კონკრეტული სიტუაცია და ადგილი არ მახსოვს..
- ეს იყო სპეციალური შეხვედრა, პაემანი თუ კიდევ სხვა...
- პაემანი რომ არ იყო, ეს შემიძლია გითხრა, ამასთან, პაემანი ეს უკვე ჩემი პირადი ცხოვრებაა და ამაზე არასდროს ვლაპარაკობ.
- ძალიან ბევრს ჭორაობენ თქვენი და პრეზიდენტის სასიყვარულო ურთიერთობაზე, ამაზე რა რეაქცია გაქვთ? ქვეყნის პირველ პირთან დაწყვილება პრიორიტეტულია თქვენთვის?
- არასდროს ვაქცევ ყურადღებას ჭორებს და არც ვკითხულობ, რას ლაპარაკობენ ჩემზე, რაც უნდათ, რომ დაინახონ ჩემში, იმას ლაპარაკობენ, ამიტომ მე არ დავიწყებ არაფრის მტკიცებას. დიდი ხანია მივეჩვიე, რომ ჩემზე ლაპარაკობენ, მერე ხდება ისე, რომ ჩემს მეგობრებსაც კი სჯერათ, უკრაინაშიც ძალიან ხშირად ლაპარაკობდნენ ჩემს რომანებზე და მეგობრები მეუბნებოდნენ, ბოლოს და ბოლოს, თქვი სიმართლეო, ეს კი ძალიან სახალისო გახლდათ.
- მაინტერესებს, თუ იცნობთ პრეზიდენტის ოჯახის წევრებს?
- არ ვიცნობ პირველ ლედის, თუმცა მასთან შეხვედრას ვაპირებ, მინდა, უკრაინაშიც იყოს ასეთი პირველი ლედი, არადა, ჩვენს ქვეყანაში პრეზიდენტის მეუღლის შესახებ ბევრი არაფერი იციან... მე ვიცნობ პრეზიდენტის გარემოცვას. ბევრი მეგობარი მყავს, რომლის ოჯახსაც არ ვიცნობ, მაგრამ ეს ჩვენს ურთიერთობას საფრთხეს არ უქმნის, ამ შემთხვევაშიც ასეა.
- პრეზიდენტთან მეგობრობთ, დაბადების დღესა და სხვა ღირსშესანიშნავ თარიღებს თუ გილოცავთ?
- ჩვენ ყოველთვის თბილი ურთიერთობა გვქონდა და მსგავსი თარიღების მილოცვა ნორმალურია. კი, მოულოცავს ჩემთვის დაბადების დღე.
- გარდა იმ საჩუქრისა, რომლის შესახებაც პრესაც წერდა, სხვა სამახსოვრო ნივთი თუ მიგიღიათ მისგან?
- ამაზე საუბარი არ მინდა, ეს უკვე ზედმეტია.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''