19 სექტემბერი, 2013
თეა სიჭინავას ყველაზე დიდი კრიტიკოსი სახლში ჰყავს - როგორ ემზადება ''იმედზე'' ახალი გადაცემისთვის
როგორც მამუკა ინტერვიუებში ამბობს, არ არის ნაწყენი თანამშრომლებზე, რომლებიც ''იმედზე'' წავიდნენ. მინდა მჯეროდეს, რომ ნამდვილად ასეა თეა სიჭინავა 16 სექტემბრიდან ''იმედის'' არხზე გამოჩნდება ახალი გადაცემით, რომელიც საღამოს პრაიმტაიმს დაიკავებს. როგორც თეა ამბობს, ის და ვახო სანაია კონკურენტები არ იქნებიან, რადგან ვახოს გადაცემა პარასკევს გავა და ჩვეულებისამებრ, დარბაზში აუდიტორია ეყოლება, რაც თეას გადაცემაში არ იქნება.
ჩვენი რესპონდენტის ''მაესტროდან'' წამოსვლას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ მის არხს მიზანმიმართულად ებრძვიან. თეა სიჭინავა ''არგუმენტებს'' ''მაესტროს'' ეთერში
4 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში უძღვებოდა, თუმცა არჩევანი ''იმედის'' სასარგებლოდ მაინც გააკეთა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც თავად ამბობს, ზუსტად იგივე ანაზღაურება აქვს, რაც ''მაესტროში'' ჰქონდა. თეას ახალი გადაცემის ეთერში გასვლის წინ შევხვდით.

- ახალ გადაცემას განსხვავებული ფორმატით შევთავაზებთ მაყურებელს. ''არგუმენტები'' მხოლოდ დებატებს ითვალისწინებდა და ფორმატის თვალსაზრისით მეტი თავისუფლება არ მქონია. ახალი გადაცემა ითვალისწინებს კვირის გმირთან, სტუმართან პირისპირ საუბარს, ღია შეკითხვებით, შემდეგ იქნება დებატები და მესამე ბლოკიც შესაძლოა დაეთმოს დისკუსიას. დანარჩენს რაც შეეხება, მე იგივე ვარ, არ ვიცვლები და პრინციპებიც არ იცვლება (იღიმის).
- რა გუნდით მუშაობთ გადაცემაზე?
- ეს ის გუნდია, რომელთან ერთადაც ''იმედზეც'' და შემდეგ ''მაესტროზეც'' ვმუშაობდი. გადაცემას სჭირდება გუნდი, რომლის გარეშეც ის ვერ მომზადდება. დღიდან ეთერში გასვლისა ეს გუნდი ''იმედზე'' მუშაობდა, შემდეგ მოუხდა წასვლა და ახლა ისევ უკან დაბრუნდა.
- როგორია დაბრუნება ''იმედის'' ეთერში?
- რასაკვირველია, ემოციური მომენტი არსებობს. ვნებათაღელვაც არის, რადგან ''იმედში'' ექვსი წელი რეპორტიორად ვმუშაობდი, ახლა კი გადაცემის წამყვანად ვბრუნდები. მომიწევს განსხვავებული საქმის კეთება, უფრო ფართო მასშტაბით და ფართო მაყურებლის წინაშე. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება (იღიმის).
- ''მაესტროდან'' აჟიოტაჟის გარეშე არ წამო ყველაფერს? სულხართ. დღეს როგორ აფასებთ ამ
- ჩემთვის თავიდან გაკეთებული გარკვეული განცხადებები გაუგებარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ჩემკენ არ გახლდათ მომართული. ემოციურად მესმის მამუკასი, რადგან არ იყო ადვილი არც მისთვის და არც ჩემთვის. ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად, საკმაოდ მძიმე პირობებში გვიწევდა მუშაობა, ქუჩაშიც ვიდექით თავისუფალი სიტყვის და ჩვენი ტელევიზიის დასაცავად. არაფერია მარადიული და ყველაფერი ერთ დღესაც სრულდება. არც იმას ვფიქრობ, რომ ''იმედშიც'' მარადიულად დავრჩები, მაგრამ იქ დავბრუნდი, სადაც როგორც ჟურნალისტმა, ფეხი ავიდგი. ვიღაცამ ეს არასწორად შეაფასა და ფინანსურ მომენტს მიაწერა. არ შემოუთავაზებიათ არანაირი მაღალი ხელფასი. დღესაც თანახმა ვარ, გავასაჯაროო შესაბამისი ამონაწერები, სადაც ჩემი დარიცხული ხელფასები იქნება მითითებული როგორც ერთ, ისე მეორე კომპანიაში, თუკი, რასაკვირველია, ტელევიზიების ხელმძღვანელებიც თანახმა იქნებიან და ნახავთ, რომ ზუსტად იგივე ხელფასი მაქვს ''იმედშიც''. რაც შეეხება პირობებს, თუკი იმას გულისხმობენ, რომ ''იმედს'' უფრო დიდი მასშტაბი აქვს, რა თქმა უნდა, ყველა ჟურნალისტს აქვს სურვილი, უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე წარდგეს და ახალი რამ გამოსცადოს, მით უმეტეს, რომ თავისუფლების კუთხით არსად არ გაქვს შეზღუდვა. იქ, სადაც თავისუფლად არ ვგრძნობ თავს, არც დავრჩები და ამისი მაგალითია ძველი ''იმედი'', როდესაც ამ ტელევიზიიდან წავედი. თქვენ რომ იცოდეთ, ''მაესტროში'' რა ხელფასზე მივედი სამუშაოდ, აღარ გაჩნდებოდა კითხვა ჩემი ფინანსური დაინტერესების შესახებ. წარმოიდგინეთ, დღევანდელი ხელფასის ოთხზე გაყოფა მომიწევდა. თანაც, ამ ხელფასს რამდენიმე თვის დაგვიანებით ვიღებდით. მახსოვს, მამუკა ღლონტმა დამიბარა, როდესაც 2009-ში ''მაესტროზე'' ახალი მისული ვიყავი და მითხრა, რომ სერიოზული კრიზისი იყო. არ მეწყინება, სამსახური რომ შეიცვალო, რადგან ოჯახების წინაშე ყველას გვაქვს პასუხისმგებლობაო. მე გაცნობიერებული მქონდა, სად მივედი. თანაც, ახალი გადასული ვიყავი ამ არხზე და მზად ვიყავი, მომეთმინა ხელფასის დაგვიანება, თუმცა ადვილი მოსათმენი არ არის ასეთი რამ. მაშინ დავრჩი და რამდენიმე თვე უხელფასოდ ვიმუშავე, ამიტომ ჩემთვის ფინანსები გადამწყვეტი არ არის.
ახლა ''მაესტროს'' შედარებით უკეთესი ფინანსური მდგომარეობა აქვს. არის მცირე პრობლემები, რომლებზეც მე ვერ ვისაუბრებ და ამაზე არც ერთი სიტყვა არ მითქვამს, რაც ''მაესტროდან'' წამოვედი.
- თქვენ ამას გადაბირებად არ აღიქვამთ?
- ვის უნდა გადავებირებინე იმ ტელევიზიაში, რომელზეც ყოველთვის ვამბობდი, დავბრუნდები-მეთქი. ყველა ჩემი ყოფილი თანამშრომელი გეტყვით, რომ ამას სულ ვამბობდი.
- ''მაესტროს'' ერთ-ერთი სახე იყავით და ამიტომაც განიცადეს თქვენი წამოსვლა ''მაესტროდან''.
- სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, ერთი თვით ადრე მივედი ''მაესტროს'' ხელმძღვანელობასთან და ვუთხარი, რომ მქონდა სამი შემოთავაზება, მათ შორის ''იმედიდანაც''. საქმის კურსში იყვნენ და ერთთვიანი ძალიან მძიმე გაანალიზების შემდეგ გადავწყვიტე ''იმედზე'' დაბრუნება.
- წყენამ გაიარა?
- როგორც მამუკა ინტერვიუებში ამბობს, არ არის ნაწყენი თანამშრომლებზე, რომლებიც ''იმედზე'' წავიდნენ. მინდა მჯეროდეს, რომ ნამდვილად ასეა. როცა ბოლოს ვისაუბრეთ, მაშინ წარმატება მისურვა და დამემშვიდობა. ჩვენ შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.
- მახსოვს, ''მაესტროზე'' რომ მუშაობდით, ინტერვიუსთვის დაგირეკეთ და მაშინ მითხარით, რომ არ მიიჩნევდით საკუთარ თავს იმ გამოცდილების წამყვანად, რომელსაც ინტერვიუები უნდა დაერიგებინა. გადაცემის მსვლელობისას როდის იგრძენით თავი კომფორტულად წამყვანის ამპლუაში?
- ამისთვის ძალიან დიდი ხანი დამჭირდა. შეკითხვა იყო, მზად ვიყავი თუ არა წამყვანობისთვის, რასაც არა მხოლოდ სატელევიზიო გადმოცდილება, არამედ ასაკიც და ცხოვრებისეული გამოცდილებაც სჭირდება. თუ უცხოურ მედიასაშუალებებს დააკვირდებით, წამყვანთა ასაკი ბევრად დიდია, ვიდრე ჩვენთან. საქართველოში ყველაფერი ცოტა სხვანაირად არის. ადრეულ ასაკში იწყებენ ჩვენი კოლეგები მუშაობას. მეც 24 წლისამ დავიწყე რეპორტიორობა. ძალიან ადრე მომიწია რეპორტიორობისთვის თავის დანებებამ. ეთერში დაჯდომა მომიხდა, როცა სხვა გამოსავალი არ არსებობდა, რადგან ''მაესტროს'' დებატების წამყვანი სჭირდებოდა. პირდაპირი მნიშვნელობით ეთერში შემაგდეს და უკან ნაბიჯი ვეღარ გადავდგი. შემდეგ არხის ხელმძღვანელობა კმაყოფილი იყო და ეთერიდან არ მოვუხსნივარ (იღიმის). არც ახლა მივიჩნევ, რომ მზად ვარ, ამ თემაზე ინტერვიუები ვარიგო, უბრალოდ, თქვენ ვერ გითხარით უარი (იღიმის).
Rating
- მახსოვს თქვენი სტატუსი აფხაზეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომელსაც დიდი ხმაური მოჰყვა.
- ეს სტატუსი არ იყო განკუთვნილი საჯარო მოხმარებისთვის. ჩემს მეგობრებს განვუმარტე, რა ემოციისთვის შეიძლებოდა შემედარებინა ''იმედში'' დაბრუნება. გარკვეულწილად მსგავსი ემოციებია, თუმცა, რასაკვირველია, ბოლომდე ვერ შევადარებ. სოხუმიდანაც იძულებით წამოვედი და ''იმედიდანაც''. იმედი მაქვს, რომ იქაც დავბრუნდები (იღიმის).
- ''მაესტროში'' მუშაობისას რა იყო ყველაზე რთული?
- დღის ბოლოს მე და ჩემი პროდიუსერები ენერგიაგამოცლილები ვეყარეთ ოთახში. გადაცემის ფორმატი მძიმე ტვირთად მაწვა, რადგან გადაცემა არ უნდა გადაზრდილიყო ქაოსში და მართვის სადავეები არ უნდა გამომცლოდა ხელიდან. დაძაბულობა ყოველთვის იყო, რადგან მუდმივად შეიძლებოდა რაიმე მომხდარიყო და მოხდა კიდეც, როცა სერგო რატიანსა და კობა დავითაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება წარმოიშვა, მანამდე ალეკო ელისაშვილსა და გიგა ნასარიძეს შორისაც მოხდა კონფლიქტი გადაცემის მსვლელობისას. განსაკუთრებულად გაძლიერდა დაძაბულობა 2012 წელს, რადგან წინა ხელისუფლება ჟურნალისტებისთვის კომფორტულ სიტუაციას არ ქმნიდა. ყველაზე მძიმე იყო ციხის კადრების გავრცელების შემდეგ მუშაობა. ძნელი იყო საკუთარი ემოციების მოთოკვა.
- ინგა გრიგოლია ბრუნდება ეთერში, ნინო შუბლაძე ისევ აახლებს ''პოზიციას'', სხვა არხებზეც იქნება თოქშოუები. იქნება კონკურენცია და ალბათ, სტუმრების წართმევა.
- (იღიმის) ყველას წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება სტუმრების წართმევას, ესეც ჯანსაღი კონკურენციის ნაწილია. ყველა ცდილობს, რომ იმ დღისთვის მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავდეს, მით უმეტეს, ვიწროა რესპონდენტთა სია. მაყურებლებისგან ხშირად ვიღებდი საყვედურს, რატომ მომყავდა ერთი და იგივე სტუმრები. ძალიან დიდი კონკურენცია იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ თავს გავართმევთ.
- ჟურნალისტებისთვის კომფორტული გარემო ახსენეთ. დღეს არსებულ ვითარებას როგორ შეაფასებდით?
- როგორც კი იგივე პრობლემები დადგება, გვაქვს გამოცდილება, როგორ შევეწინააღმდეგოთ ამას და ნამდვილად არ მომერიდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ხელისუფლებასთან რთულია მუშაობა, მათ სტუმრად მოყვანას ვგულისხმობ. შესაძლოა, ზოგიერთს არ უყვარს კამერები, მაგრამ ამას მათ თანამდებობა ავალდებულებს. ''მაესტროზე'' მუშაობის დროს ვაწყდებოდი პრობლემას, რომ ხელისუფლების წევრები ეთერში მოსვლაზე ხშირად მეუბნებოდნენ უარს. რა თქმა უნდა, დღესაც არის პრობლემები, მაგრამ მე, როგორც ჟურნალისტს, არ მახსენდება, სერიოზული პრობლემა მქონოდეს დღევანდელი ხელისუფლების წევრების მოწვევაზე. მეტსაც გეტყვით, ისევ ''ნაციონალური მოძრაობა'' არ მონაწილეობდა დებატებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
- ისევ გადაცემას რომ დავუბრუნდეთ, როგორი სტუდია იქნება და თქვენი იმიჯი თუ შეიცვლება?
- სტუდია იქნება საკმაოდ ლამაზი, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ. რაც შეეხება სტილს, მექნება ისევ იგივე, კლასიკური სტილი. იმიჯს არ ვიცვლი, რადგან მაქვს გარკვეული ხაზი და ვცდილობ, მას გავყვე. პიჯაკები, კაბები...
გადაცემის პრომო მაყურებელმა უკვე იხილა და იქ ჩანს ჩემი წარბის აწევა, რაც ჩემი სავიზიტო ბარათი და მახასიათებელი მიმიკაა (იღიმის). მაყურებლისგან მესმის ხოლმე პრეტენზიები, მაგალითად, ზოგს არ მოსწონს, რომ ხელებით ვსაუბრობ, ზოგს არ მოსწონს, რომ წარბები მაქვს შეჭმუხნილი, მაგრამ ასეთი მიმიკა მაქვს ბუნებრივად და ახლაც, როგორც ხედავთ, ხელებით ვლაპარაკობ. ზოგი იმას მიწუნებს, რომ გადაცემის მიმდინარეობისას საერთოდ არ ვიღიმი, მაგრამ ისეთ თემებზე მიდის ხოლმე მსჯელობა, რომ ვიცინო, ალბათ, არაადეკვატური ვიქნები (იცინის). თანაც, ამაზე რომ გადავიტანო ყურადღება, ძალიან რთული სამართავი პროცესია და შეიძლება, აზრი გამექცეს. ასეთი რამ მომსვლია (იღიმის). ჟურნალისტების სისუსტეა, თვალი გაურბით, როგორ გამოიყურებიან ეკრანზე. ჯობია, არ გაგირბოდეს.
- როდესაც გადაცემას ამზადებთ, ვის აზრს ითვალისწინებთ?
- მეგობრების, ოჯახის წევრების, მაყურებლის. დედაჩემი არის ჩემი ყველაზე კრიტიკული შემფასებელი, რადგან იწყებს შეფასებას თმის ვარცხნილობიდან, მაკიაჟიდან, მიმიკიდან და არ ასრულებს ხოლმე შენიშვნებს. ვიღებ შენიშვნებსაც და კომპლიმენტებსაც, ამის გარეშე წარმოუდგენელია. მაინტერესებს მაყურებლის აზრი და რა გამოხმაურებები არის ხოლმე გადაცემასთან დაკავშირებით. ახლაც ასე იქნება.
- სკანდალებს ისევ ელოდებით?
- რკინის ნერვები მაქვს. ბევრ რამეს მივეჩვიე, თუმცა რკინის ნერვებსაც აქვს თავისი სისუსტეები.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
;)))))
ძალიან მომწონდა თეა როგორც კორესპოდენტი იმედის ასევე ჟურნალისტებდიან მომწონს ნანა ლეჟავა ,ნინო შუბლაძე, ნინო ჟიჟილაშვილი განსაკუთრებით კი ირმა ინაშვილი
00:47 / 25-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინიკოო
ცუდი ჟურნალისტი ნამდვილად არაა მაგრამ დაიწია მისმა რეიტინგმა,როცა იმედზე გადავიდამაგრამ რას იზამ?დასაბამიდან ეგრეა ფული,ფული და მხოლოდ ფული
15:33 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
" სიკვდილი ბევრად სჯობია ღალატს, ვინა თქვა იგი მისი ტოლია, სიკვდილის შემდეგ კაცი ისვენებს, ღალატის შემდეგ არა მგონია." არა მგონია სასიამოვნო საქციელი იყო რაც გააკეთე.
13:53 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
yuriburi
ობიექტური, პრინციპული და გაბედული ჟურნალისტი იყო თეა მაესტროს ეთერში! თუ ასე გააგრძელებს კვლავ იმედშიც და იქნება უფრო დამოუკიდებელი კვლავ დააFასებს საზოგადოება! თეა კარგი იქნება თუ თქვენი გადაცემების დროებს გვაცნობებთ! განსაკუთრებით ბევრი გაფასებთ ემიგრაციაში, პატივის ცემით იური ბურკაძე,
13:23 / 21-09-2013
გამოხმაურება / 0 /
alex
ნიჭიერი ,წესიერი და ობიექტური ტელეჟურნალისტია თეა სიჭინავა! ნამდვილად ნებისმერ ტელეკომპანიას დაამშვენებს მასთან თანამშრომლობა!
19:53 / 20-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS