18 სექტემბერი, 2013
''ვიცით, რას შეეწირა გიორგის სიცოცხლე...''
ამჟამად დედა არ მუშაობს. არ აქვს ნერვები, რომ ბავშვებს მუსიკა ასწავლოს. შვილიშვილს, პატარა ლუკას ზრდის ელენე ფოჩხუა ძველებურად მღერის და ძველებურად მხიარულია. ბევრს უკვირს და ეკითხებიან, ძმის სიკვდილის მერე როგორ ახერხებს სულ კარგ ხასიათზე ყოფნას. რეალურად კი ელენეს არ უყვარს დარდის სხვისთვის დანახვება. ურჩევნია, მარტო რომ იქნება, მაშინ იტიროს.

ელენე, მშობლები რას საქმიანობენ?
- დედა პიანისტია, მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა. მამა ინჟინერია. ენგურჰესის კაშხალზეც აქვს ნამუშევარი. ერთი პერიოდი მეზღვაურიც გახლდათ. ბევრს მოგზაურობდა. შვილები რომ შეეძინა,
მერე უკვე უჭირდა ჩვენი დიდი ხნით დატოვება და მეზღვაურობა მიატოვა. ამჟამად დედა არ მუშაობს. არ აქვს ნერვები, რომ ბავშვებს მუსიკა ასწავლოს. შვილიშვილს, პატარა ლუკას ზრდის.
Rating
- როგორ გაიცნეს მშობლებმა ერთმანეთი?
- დედა და მამიდა ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ. სოხუმში მუსიკალურში ერთად სწავლობდნენ. მაშინ გაიცნეს ერთმანეთი დედამ და მამამ, შეუყვარდათ და დაოჯახდნენ.
ბევრი მარტო მე და გიორგის გვიცნობს. ჩვენ გვყავს უფროსი და, ანა. ოჯახში ჯერ ანა დაიბადა, მერე მე და ბოლოს გიორგი. ანა პროფესიით იურისტ-ეკონომისტია. ჯერჯერობით არსად არ მუშაობს, პატარა შვილები ჰყავს. ფოტოზე მთელი ჩვენი ოჯახი ვართ. სურათი ძალიან ძველია და ძველ და კარგ დროს მახსენებს.
Rating
- და-ძმიდან ყველაზე წყნარი და დამჯერი რომელი იყავით?
- მე და გიორგის სულ რაღაცის გაფუჭებაზე გვეჭირა თვალი, ანა ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული იყო. წიგნები უყვარდა. არდადეგებზეც კი მომავალი წლის მასალას სწავლობდა. ძალიან კარგი, მხიარული და მრავალფეროვანი ბავშვობა გვქონდა.
- მომდევნო ფოტოზე რუსული ზღაპრების ბოროტ გმირს ჰგავხარ.
- (იცინის) ფოტოგრაფს დაუჭერია ასეთი კადრი. სურათი მეც ძალიან მომწონს.
Rating
- ბავშვობა სამეგრელოში გაატარე?
- ჩვენ ზუგდიდში დავიბადეთ, სამივე დედმამიშვილმა ზუგდიდის აკაკი წერეთლის
სახელობის პირველ საშუალო სკოლაში ვისწავლეთ. ანა და გიორგი კარგად სწავლობდნენ
და ხუთები ჰყავდათ. მე ვერ გეტყვით, რომ ხუთოსანი ვიყავი. იმ საგნებს ვსწავლობდი, რაც მიყვარდა, თუმცა არც ოროსანი გახლდით.
- მომდევნო ფოტო დედმამიშვილებმა სად გადაიღეთ?
- სურამში, სადაც ხშირად ვისვენებდით. ბავშვობიდან მიყვარდა ცეკვა და სცენა. კარგად მახსოვს, ხელში დავიჭერდი ხოლმე ისეთ ნივთს, რომელიც მიკროფონს ჰგავდა და სულ
მინდოდა, სარკის წინ ვმდგარიყავი. ყოველთვის ვამბობდი, მომღერალი უნდა გამოვიდე-მეთქი და დანარჩენი საგნები მაინცდამაინც არ მაინტერესებდა. ვფიქრობდი, მათი სწავლა ჩემთვის საჭირო არ იყო. მშობლებს უნდოდათ, უფრო სერიოზული პროფესია ამერჩია, ექიმი გამოვსულიყავი, მაგრამ მგონია, რომ მე ექიმი არასოდეს გამოვიდოდი. შეიძლება, სამედიცინოზე ჩაბარების შემთხვევაში მესწავლა ჩასაბარებლად აუცილებელი საგნები, მაგრამ მერე ზუსტად ვიცი, არასოდეს ვისწავლიდი. ცუდ ექიმობას, მერჩივნა მესწავლა ის, რაც მართლა გულით მინდოდა. გულითა და სულით კი სიმღერა მსურდა. მეცხრე კლასიდან გამოვედი სკოლიდან და ჩავაბარე ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სკოლაში, სადაც საესტრადო ვოკალს ვსწავლობდი. ოთხი წელი ვისწავლე და ამავე სასწავლებელში პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე, სადაც ვისწავლეთ, როგორ უნდა იმუშაო საესტრადო მომღერალთან. 
Rating
- კონსერვატორიაში არ გიცდია ჩაბარება?
- კონსერვატორიაში არ არსებობს საესტრადო განყოფილება. მხოლოდ კლასიკური ვოკალი ისწავლება. კლასიკურ ვოკალს ჩემი ხმისგან აბსოლუტურად განსხვავებული ხმა სჭირდება. შემეძლო, მეც მესწავლა, მაგრამ მერე სხვანაირად გიმუშავდება ხმა. არც მქონდა შესაძლებლობა, კლასიკურ ვოკალზე ჩამებარებინა. ძალიან კარგად ვიცოდი თეორია.
ვიზარმაცე, თორემ შემეძლო, კონსერვატორიაში კარგად მესწავლა. ახლაც შემიძლია ჩავაბარო, მაგრამ არ მინდა. 

''გიორგისთან ერთად მეც მოვკვდი''

- თავი კონკურსებით გაგვაცანი. - 2004 წელს მონაწილეობა მივიღე ''ნუცას სკოლაში'' . ეს იყო სულ პირველი სატელევიზიო კონკურსი. მაშინ თვენახევრის გათხოვილი ვიყავი.
ტელევიზიაში რეკლამა რომ გავიდა, ვიფიქრე, საინტერესო რამ ხდება-მეთქი. გავიარე
კასტინგი და მოვხვდი პროექტში. სწავლა რომ დავამთავრე, თბილისში დავრჩი. მამა სულ მეუბნებოდა, რამდენიმე დღით მაინც ჩამოდი ხოლმე ზუგდიდშიო, მაგრამ ზუგდიდში
რომ დავბრუნებულიყავი, ერთი ჩვეულებრივი მუსიკის მასწავლებელი ვიქნებოდი.
მე კი მინდოდა, კარიერაში წინ წავსულიყავი. ახლაც ბევრი გეგმა მაქვს, არ ვაპირებ გაჩერებას. საქართველოდან წასვლასაც კი ვფიქრობ. უბრალოდ, წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა. რამდენჯერაც წინასწარ ვთქვი, არაფერი გამოვიდა. ''ჯეოსტარში'' მონაწილეობამ დიდი წარმატება მომიტანა, მაგრამ ეს არ არის ის წარმატება, რაც მომღერალს სჭირდება. ახლა ვფიქრობ, რომ მჭირდება კარგი ალბომი და კარგი სოლოკონცერტი. ფოტო ''ჯეოსტარში'' მონაწილეობის დროსაა გადაღებული. ეს დღე კარგად მახსენდება. სიმღერამ
წარმატება მომიტანა.
Rating
- მომდევნო ფოტოზე გიორგი ფოჩხუა მეუღლესთან ერთად არის გამოსახული. გიორგი ტრაგიკულად გარდაიცვალა...
- გიორგისთან ერთად მეც მოვკვდი, ოღონდ მართლა. სამსახურში მეკითხებიან, სულ ასეთი მხიარული ხარო? არავის გავაგებინებ და არც ვანახვებ, რა ტკივილი მაქვს გულში. გასაგებია, რაც მოხდა, მაგრამ სხვამ რა დააშავა, შენი დარდი რატომ უნდა მოახვიო თავს. შეიძლება, სახლში დავჯდე, ვიტირო და ვიბღავლო. არ აქვს მნიშვნელობა, დილაა თუ ღამე. არ არსებობს, ყოველდღე გიორგი ერთხელ მაინც რომ არ გამოვიტირო. სხვანაირად ვერ ვახერხებ ცხოვრებას. მე და გიორგის საოცარი დაძმობა გვქონდა. გიორგის სიკვდილს როგორ ვიტან, მიკვირს. მინდა, ღმერთს მადლობა ვუთხრა იმისთვის, რომ ამ პროფესიით დამაჯილდოვა. მე რომ სიმღერა არ მცოდნოდა და სხვა სამსახური მქონოდა, ან ექიმი ვყოფილიყავი, ან ისეთი სამსახური მქონოდა, როცა მარტო კომპიუტერთან სხედან და სხვას არაფერს აკეთებენ, ვერაფრით გადავიტანდი ამ საშინელებას. სიმღერა საოცრებაა.
ტრაგედიის მერე მთელი გულით გიწევს სიმღერა. შეიძლება, ჩემზე ბევრმა თქვას, გააფრინა, რა ამღერებსო. მაგრამ რა ვქნა, ვეგონო ვინმეს გიჟი. სიმღერის გარეშე არ შემიძლია.
სიმღერა მატანინებს გიორგის არყოფნას. რომ გავჩერდე, ზუსტად ვიცი, რომ გიორგის სული ვერ მოისვენებს. ის ძალიან ბევრს შრომობდა, რომ ბევრი რამისთვის მიმეღწია და
გიორგის ამ შრომას წყალში არ ჩავუყრი.
Rating
- ლაპარაკობდნენ იმაზეც, რომ გიორგი შეესწრო და ფოტოაპარატით გადაიღო პრეზიდენტის ანაკლიაში გართობის კადრები.
- ეს ცრუ ინფორმაციაა. თავიდან ჩვენც დავიჯერეთ და ვფიქრობდით, რომ ასე იყო. იმედია, ყველაფერი მალე გაირკვევა. მან ისეთი რამ ნახა, რაც არ უნდა ენახა. ოღონდ იმ დღეს არა, რა დღესაც მოკლეს. ის თითქმის ყოველდღე დადიოდა ანაკლიაში. ეს არის ზუგდიდში ''შნირი'' პოლიციელების შეთითხნილი საქმე.
- ოჯახის წევრებმა იცით, რა ნახა გიორგიმ, რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა?
- ვიცით, მაგრამ არ ვამხელთ, სანამ გამოძიება არ დაიწყება.
- მახსოვს, ერთი წლის წინ ზუგდიდის პოლიციის მადლობელი იყავი.
- მადლობელი იმიტომ ვიყავი, რომ მკვლელი მეორე დღესვე დაიჭირეს. როცა მიცვალებული სახლში გისვენია, საერთოდ ამ ქვეყნის აზრზე არ ხარ, ადვილია, რომ ''დაგაბოლონ''  და ჩვენ მთელი ოჯახი ''დაგვაბოლეს'' . ჩვენს ოჯახს პოლიციასთან შეხება არასდროს ჰქონია. როცა არაფერი იცი, ძალიან ადვილად გაშტერებენ. ვიფიქრეთ, ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდით და დავიჯერეთ, რომ მკვლელი გალში იყო გადასული და გალიდან გადმოიყვანეს. გამოვიდა მკვლელის დედა და თქვა, ჩემი შვილი პოლიციას ჩავაბარეო. თუკი ძალიან კარგი დედა იყო, რატომ იმ ღამესვე არ ჩააბარა შვილი, როცა მკვლელობა მოხდა. ახლა ვიცით, რომ მკვლელი არსად არ იყო გადასული. ზუგდიდში ჰყავდათ. როგორც კი გიორგის ძმაკაცმა ფოტოზე იცნო, მისი დამალვა აღარ შეეძლოთ. მკვლელს უთხრეს, დაგიჭერთ და თან გიპატრონებთო. უპატრონეს კიდეც. ადვოკატიც აუყვანეს. ყველანაირი მფარველობა ჰქონდა. ჩვენ კი თავიდან პოლიციის ზღაპრები
დავიჯერეთ.
- მიმდინარეობს გამოძიება?

- ამ ეტაპზე არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მასალა დავაგროვეთ. არჩევნების წინ აზრი არ აქვს, ვინმეს მივმართოთ. ახლა იმდენი გადადებული საქმეა, კიდევ ახალი რამის გამოძიება ალბათ ვერ დაიწყება. მირჩევნია, ყველაფერმა ჩაიაროს და მერე მივიტან ჩვენს მოძიებულ მასალებს პოლიციაში და არ არსებობს, მათ საფუძველზე გამოძიება თავიდან არ ჩატარდეს. ყველაფერს დრო სჭირდება. ჩვენ კი გვეჩქარება, მაგრამ  უფალს არ ეჩქარება. ყველა ნელ-ნელა მიიღებს პასუხს. ამაში დარწმუნებული ვარ.
Rating
- გიორგის მეუღლე როგორაა?
- გიორგის მეუღლე ჩემს მშობლებთან ცხოვრობს ზუგდიდში. ერთერთ ბანკში მუშაობს,
ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას. ძალიან გვეცოდება ყველას, მან ძალიან მაგარი ქმარი დაკარგა. არ ვიცი, ვინ უფრო მეტად შევიცოდო, ჩემი მშობლები თუ გიორგის ცოლი და შვილი. გიორგის შვილი სიგიჟემდე უყვარდა. ლუკა, რომელიც ორწლინახევრისაა, ცოტა ხნის წინ კინაღამ კომაში ჩაუვარდათ ტირილისგან. ამბობდა, მამიკო მოვიდესო. გიორგის იმ ქვეყნად წასვლა დიდი საცოდაობა იყო. მე არ მინახავს ცუდის ჩამდენელს ცუდი არ დამართვოდეს. შეიძლება, სამაგიერო მეორე დღესვე არ გადაეხადოს, მაგრამ წლების შემდეგ ღმერთი ყველას თავისას გადაუხდის. ამის დიდი იმედი მაქვს. ეს გიორგის ნამდვილად ვერ გაგვიცოცხლებს, მაგრამ გიორგის მკვლელები ცოცხლები არ უნდა დადიოდნენ. ვოცნებობ, რომ მათი გვამი მშობლებს არ ეღირსოთ. ასეთი ბოროტი არასდროს ვყოფილვარ. ჩვენს
ოჯახს სიკეთის მეტი არასდროს არაფერი გაგვიკეთებია. უბრალოდ, მართლა ვინატრებ, რომ გიორგის მკვლელი ბოლომდე განადგურდეს. რა ვქნა, ამაზე ვოცნებობ. აბა, როგორ უნდა მინდოდეს მკვლელისა და მისი ოჯახის მშვიდად და ბედნიერად ყოფნა. იძულებით ვცხოვრობთ მთელი ოჯახი, მაგრამ შვილები გვყავს და მათთვის ვცოცხლობთ. 

''ჯერჯერობით მეორე ორსულობისთვის მზად არ ვარ''

- მომდევნო ფოტოზე მეუღლესთან ერთად ხარ. მეუღლე რას საქმიანობს?
- გიორგი ზარქუა საპატრულო პოლიციაში მუშაობს. ჩემს საქმესთან დაკავშირებით სულ გვერდში მიდგას. რომ გავთხოვდი, ხუთი წელი შვილი არ გავაჩინე. საქართველოში ხომ
ყველა გათხოვილს პირველად იმას ეკითხებიან, შვილი რატომ არ გყავსო. ზოგი ექიმს გვირჩევდა, რომელთან მივსულიყავით. ყველას ვეუბნებოდი, არ გვინდა-მეთქი. შვილს და გიორგის გეფიცებით, ჩემი პროფესიის გამო არ ვაჩენდი ბავშვს. როცა რაღაცას იწყებ, ფეხმძიმე მართლა არავის სჭირდები. თუკი რაღაცის გაკეთება გინდა, გააჩინე და მერე დაიწყე. შვილი თავიდანვე ძალიან მინდოდა, მაგრამ კარიერაზე ვფიქრობდი. ერთი პერიოდი მოსკოვში ვაპირებდი წასვლას. მერე იყო იურმალის კასტინგი და ''ჯეოსტარი'' . ''ჯეოსტარის''  დამთავრების შემდეგ საკითხი დამიყენა ჩემმა ქმარმა, ახლა რაღას იტყვი, შვილი არ გვინდაო? ღვთის წყალობით, 2009 წელს შემეძინა ლიზი. დიდი ფულის პატრონები და მილიონერები არ ვართ მე და ჩემი მეუღლე.
Rating
ფინანსებით ვერასდროს მეხმარებოდა, მაგრამ გულით და სულით სულ გვერდით მედგა. ახლა მყავს ოთხი წლის ლიზი, რომელიც ძალიან კარგი გოგოა, ცოტა ცელქია, მაგრამ არ გვიკვირს. მე ძალიან გიჟი ვიყავი, როგორც ამბობენ, გიორგი ჩემზე გადარეული იყო და შვილი სუპერგადარეული გამოგვივიდა. ძალიან მინდა მეორე ბავშვი, მაგრამ ახლა ვერ გავრისკავ შვილის გაჩენას. გიორგის სიკვდილის მერე ნერვული სისტემა გამინადგურდა. მირჩევნია, ცოტა დრო მივცე ჩემს თავს. ორსულობისას არაფერზე არ უნდა ინერვიულო. ჯერჯერობით ამისთვის მზად ნამდვილად არ ვარ და ვერც ვიღებ ჩემს თავზე ამხელა პასუხისმგებლობას. ლიზის ძალიან უნდა ძამიკო ან დაიკო. ბევრი გეგმა მაქვს. მინდა, ჩემი შვილი კარგ და მშვიდ გარემოში ცხოვრობდეს და ყველაფერი ჰქონდეს იმისთვის, რომ ლაღად იყოს. იმედია, ღმერთი ამ ყველაფრის ძალას მომცემს.
- ლიზი კარგად მღერის?
- სიმღერა და ცეკვა ძალიან უყვარს, მაგრამ ჩემთან ერთად არ მღერის. როცა სიმღერას იწყებს, ჩუმად მივდივარ, რომ მოვუსმინო, მაგრამ როგორც კი დამინახავს, ჩუმდება. თუ მოხდება ისეთი სასწაული, რომ არც ხმა ექნება და არც სმენა, ძალით ნამდვილად არ ვამღერებ. თუკი კარგი მონაცემები აღმოაჩნდება, სიმართლე გითხრათ, მეცოდება. ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით ხელოვნება არ არის დაფასებული. ყოველ საღამოს ერთ-ერთ რესტორანში ვმღერი. ჩემი თაობის მომღერლები ძირითადად რესტორნებში ან კლუბებში მღერიან. კონცერტი ათასში ერთხელ თუ გვექნება, ესეც დიდი ბედნიერებაა.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ეთო
ვის რაში უნდოდა გიორგის სიკვდილი, არ ვიცი, არ ვიცი
11:22 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთო
როგორ მიყვარს ეს ადამიანები.ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ მაინც...გიორგის სიკვდილი დღემდე არ მჯერა...რა უნდა მიწაში ასეთ ადამიანს. ეჰ, ღმერთო...
11:21 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ღმერთმა ნათელში ამყოფოს გიორგის სული და ოჯახს გამძლეობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებ.
09:53 / 19-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS