16 სექტემბერი, 2013
ნანკა კალატოზიშვილი დედობით ტკბება, კახა კინწურაშვილი კი დაქორწინდა
ყოველთვის მინდოდა ბავშვისთვის სანი დამერქმია და არ ექნებოდა მნიშვნელობა, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი. კედომ მითხრა, რას აგიჩემებია იტალიელი მაფიოზის სახელიო მსახიობებს, ნანკა კალატოზიშვილსა და კახა კინწურაშვილს, მათდა სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ აქვთ ერთად ნამუშევარი სპექტაკლში. შემდეგ გვერდიგვერდ თამაშის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ობიექტური მიზეზები არ გამოილია. ოქტომბრის დასაწყისიდან ''იმედის'' ეთერში მეგაშოუ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' უდიდესი აუდიტორიის წინაშე ერთად მოუწევთ წარდგომა. ბევრი ალბათ ნანკას სიამოვნებით იხილავდა მონაწილეთა შორის, თუმცა
ამჯერად ის შოუს წამყვანი იქნება კახა კინწურაშვილთან ერთად, რომელმაც ამ გადაცემის წაყვანის გამოცდილება პირველ სეზონზე უკვე მიიღო.
ტელეწყვილი გარდა კარგი შემოქმედებითი ამბებისა, რომლებზეც მსახიობები გვესაუბრნენ, მათ პირად ცხოვრებაშიც აქვთ სიახლეები. ნანკას, როგორც იცით, ვაჟი - დანიელი შეეძინა და დედობის გემო შეიგრძნო, კახა კინწურაშვილმა კი ოჯახი შექმნა და 13 აგვისტოს რჩეულზე ჯვარი დაიწერა...

- ნანკა, კონკურსანტად სიამოვნებით გიხილავდით ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' ...
- ასეც იყო ჩაფიქრებული, პირველ და მეორე სეზონებზე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მუდამ გასტროლები ემთხვეოდა. სხვათა შორის, ახლაც არის გასტროლები, ოქტომბრის დასაწყისში. მე და კახა ერთად მივდივართ. რაღაც პერიოდით გავძვრებით საზღვრებს გარეთ ''მაკბეტით'' და შემდეგ უკან გამოვძვრებით. მივემგზავრებით ვილნიუსში, ძალიან საინტერესო ფესტივალზე. დავიწყებთ შოუს, წავალთ, მაგრამ შოუს ეს ხელს არ შეუშლის. ჩვენ რეპეტიციები არ გვაქვს.
- ამ მასშტაბის შოუ არ წაგიყვანია...
- ძალიან მაგარია, რომ ეს კაცი მყავს გვერდით. დუტაც უნდა ყოფილიყო ჩვენ გვერდით. მასთან სპექტაკლებში თავს კომფორტულად ვგრძნობ. ახლაც ერთად უნდა წაგვეყვანა და მიხაროდა, მაგრამ კონკრეტული მიზეზების გამო დუტა არ იქნება წამყვანი. ახლა აღარ ვიცით, ვინ იქნება მესამე.
- კახა, მახსოვს, ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' გემრიელად არ მიგყავდა და არ იყო შენთვის სასურველი როლი.
ნანკა:

- მე ასე ვერ ვიტყოდი, მაყურებლის პოზიციიდან ვიტყვი, რომ კახა ძალიან კარგი იყო ამ შოუში. ზუსტად იმ ენერგეტიკით ხვდებოდა კონკურსანტებს, როგორც უნდა დახვედროდა და იმდენს ლაპარაკობდა, რამდენიც უნდა ელაპარაკა, ასე რომ, მე, როგორც მაყურებელი, ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
კახა:
- მსახიობებიდან არავის უყვარს ტელევიზიაში მუშაობა, უბრალოდ, უწევთ კონკრეტული მიზეზების გამო.
- ალბათ ფინანსებისა და პოპულარობის გამო.
- უფრო ფინანსურის გამო (იღიმის).
ნანკა:
- მე არ ვიტყოდი ტელევიზიაზე უარს, მაგრამ არჩევანის შემთხვევაში ყოველთვის თეატრში წავიდოდი.
კახა:
- რეჟისორში გაგვიმართლა, დოი მაქსიმალურად გვიწყობს ხელს, მაგრამ არჩევანის წინაშე რომ დავმდგარიყავი, თეატრს ვარჩევდი აუცილებლად.
- ''ჯიდიესისა'' და ''იმედის'' კოაბიტაცია როგორ შედგა? შენ ხომ ''ჯიდიესის'' სახე ხარ?
- ნანკა ''ჯიდიესის'' სერიალში გამოჩნდება, მე დილის გადაცემა მიმყავს. ყველა ტელევიზია თავისთავად კონკურენტია ყველა სხვა არხის, მაგრამ ეს კონკურენცია ჯანსაღი უნდა იყოს და ამ შემთხვევაში მე და ნანკას პრობლემები არ შეგვქმნია, ორივე ტელევიზიაში გამოვჩნდებით. კარგ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, საქმეს როგორც აწყობდა და არ გადაუწყვეტიათ იმის მიხედვით, ვინ რას იტყოდა. ჯერ ტელევიზიის მესვეურები შეთანხმდნენ და მერე დავთანხმდი მე ამ წინადადებას. სიმართლე გითხრა, ძნელია, თან დილის გადაცემაში იყო, მერე რეპეტიცია გაიარო და საღამოს სხვა გადაცემის წასაყვანად წახვიდე, რთული რეჟიმია, მაგრამ ახალგაზრდები ვართ და ენერგია არ გვაკლია.
- ნანკა, ახალ სერიალში გიღებენ?
- რომ დამირეკეს, ბავშვი ერთი თვის გაჩენილი მყავდა და ბჭობდნენ, მივიდოდი თუ არა. შევხვდი ახალგაზრდა რეჟისორს, ჯაბა მელქაძეს და მოვიხიბლე მისით. დიდი პროექტი პირველად აქვს. თავად ქმნის სცენარს. რომ მიყვებოდა ისტორიას, იმდენად საინტერესო იყო, რომ მეც ჩამრთო და მიუხედავად იმისა, რომ ერთი თვის პატარა მყავდა, დავთანხმდი. მერე კი ვფიქრობდი, რატომ დავთანხმდი გადაღებებზე სიარულს-მეთქი. სერიალის ჟანრი ფანტასტიკაა, ადამიანური ურთიერთობებიც კარგად გამოიკვეთება. ჯერ ორი სერიის შინაარსი ვიცი. ჩემი პერსონაჟი ექიმია, რომელსაც ბავშვი ჰყავს გაშვებული დასასვენებლად და ამ პერიოდში ქალაქში უცნაური მოვლენები ვითარდება.
კახა:
- ''ჯიდიესზე'' მეორე სერიალიც იგეგმება. დრო არ მქონდა განაწილებული და შესაბამისად, ვერ ვაძლევდი პასუხს. ახლა ნელ-ნელა ვლაგდები და ალბათ რაღაცას გადავწყვეტ სერიალებთან მიმართებაში.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' დავუბრუნდეთ. ნანკა, გვექნება შენი ცეკვის ხილვის საშუალება?
- ჯერჯერობით რთულად არის ჩემი მოძრაობების ამბავი, ბევრი ვარჯიში მჭირდება. დაბლაგვებული ვარ. ვარჯიში ზოგადად ისედაც მჭირდება, არა ცეკვის გამო, მაგრამ სერიალს ისეთი დატვირთული გრაფიკი აქვს, მის იმედად ვარ, ამ გრაფიკით თუ გავხდები და მერე ვარჯიშზეც ვიფიქრებ. შესაძლებელია, ერთი ნომერი შევასრულო, ყოველ გადაცემაზე ვერ ვიცეკვებ, რადგან ფიზიკურად ვერ მოვახერხებ რეპეტიციებზე სიარულს. იქნებ, ახალ წელს მაინც ვიცეკვო. მანამდე წონაში მინდა დავიკლო და ფორმაში ჩავდგე, თორემ სად შემიძლია, ეს გარუჯული და სიფრიფანა მოცეკვავეები რომ დაქრიან იქით-აქეთ.
- რაღაც ცუდად უყურებ შენს თავს.
- ძალიან კარგად ვუყურებ სარკეში (იცინის). ძალიან ობიექტურად ვუყურებ, ჩავიხედავ სარკეში და ვამბობ, ვაიმე, ჯერ ადრეა ცეკვა-მეთქი.
- დიეტაზე არ ხარ?
- შიმშილი არ შემიძლია, მაგრამ ცომს ვერიდები. შიმშილობა დეპრესიაში მაგდებს და მირჩევნია, ნელ-ნელა გავხდე.
- კახა, შენ ცეკვავ?
- პინოქიო ვარ. წინა ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' რაღაცას ვღლაბუცობდით. მე და ნანკას შეხება სცენაზე ნაკლებად გვქონია, ერთი სპექტაკლის გარდა. რამდენიმე სპექტაკლზე მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ ვერ გავაგრძელეთ, ნანკა ორსულად იყო, მანამდე სხვა მიზეზი ჰქონდა. ბევრი რამ დავიწყეთ და ვერ დავამთავრეთ და იმედია, ეს ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' არ შეეხება (იცინის). შეთამაშებულები რომ ვიყოთ, კარგი იქნებოდა, მაგრამ როცა გვეკითხებიან, რას ელით ''ცეკვავენ ვარსკვლავებიდანო'' , უბრალოდ, ეს სცენაზე ჩვენი პირველი შეხებაა ტელევიზიის მხრივ და საინტერესო იქნება.
Rating
- ამ შოუს მონაწილეებს, ჟიურის, წამყვანებს, მაყურებელი ყველას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს ხოლმე.
ნანკა:

- ხომ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც დადებითად უყურებენ და არავის ლანძღავენ? სწორედ ასეთ ადამიანებზე ვიქნები ორიენტირებული. ახლა დაიწყებენ ალბათ ლაპარაკს, რამხელაა ნანკა და რატომ დათანხმდა წამყვანობას. ორსულობის ფოტოზე ისეთი კომენტარები მიმიწერეს, გაოგნებული ვიყავი, მშობიარობას გადაჰყვა და მოკვდაო. ამავე ფოტოზე მიმიწერეს, რომ ბაყაყს ვგავარ. მიჩვეული ვარ ასეთ კრიტიკას. სიამოვნებას კი არ იღებენ შოუებით, ყოველთვის უყურებენ და თან მონაწილეებს ლანძღავენ, მაგრამ ლანძღონ. მთავარია, რეიტინგული შოუ გამოვიდეს და ხალხმა უყუროს.
- იცით მონაწილეების საბოლოო სია?
- რაც არის დამტკიცებული, ის ვიცით ჩვენც. ძალიან გამიხარდა, რომ გია სურამელაშვილი მონაწილეობს. ვეხვეწებოდით, ეცეკვა. მიმაჩნია, რომ შოუსთვის საინტერესო სახე იქნება. გია შოუმენია. ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული იქნება. ვეხვეწეთ, ვემუდარეთ და დავითანხმეთ. სამწუხარო ამბავია და მასმედიის პრობლემაა, რომ ჩემპიონ ნანა ნებიერიძის შესახებ ხალხმა არაფერი იცის. ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება, ნინა წკრიალაშვილი, იულია ქავთარაძე. რამდენიმე მოცეკვავე უკრაინიდანაც ჩამოჰყავთ. მოსამზადებელი პერიოდი დიდი ხანია დაწყებულია.
- კახა, შენ როგორ ხარ ჩართული მოსამზადებელ პერიოდში?
ნანკა:

- კახას თაფლობის თვე ჰქონდა და უცბად აღმოაჩინა, რომ წამყვანი გახდა (იცინის). თაფლობის თვიდან გამოვტაცეთ მეუღლეს.
- კახა, გილოცავ დაოჯახებას. ვინ არის შენი მეუღლე?
- ძალიან მარტივად ვიტყვი დოსიეს. ჩემი მეუღლეა მზიკა ყანჩელი, იურისტი.
ნანკა:
- დამატებით ვიტყვი, რომ ძალიან ლამაზია.
კახა:
- 13 აგვისტოს დავიწერეთ ჯვარი და წავედით დასასვენებლად. სამი წელია არ დამისვენია და გადავწყვიტე, ჯვრისწერის შემდეგ მაინც დამესვენა (იცინის). მე და მზიკა დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და თითქმის სამი წელია ერთად ვართ. ყველამ იცოდა ჩვენ შესახებ, თუმცა სიმართლე გითხრათ, პირადი ცხოვრების აფიშირება არ მიყვარს. რამდენიმე თვეა ერთად გადავედით საცხოვრებლად, პატარა ბინა შევიძინეთ და აგვისტოში დავიწერეთ ჯვარი, ასე რომ, ღვთისა და ერის წინაშე პირნათელნი ვართ.
- ნანკა, დედობა ტკბილია?
- სასწაული გრძნობაა. დანიელს გაღვიძების პროცესი აქვს იმდენად მაგარი, ამის ''გამაზვა'' არაფრით შეიძლება (იცინის). იზმორება, დაბნეულია და მერე გიცინის. ნახევრად მე მგავს, ნახევრად - კედოს. ახლა უფრო მეტად მაქვს მუშაობის სტიმული. მუშაობა სულ მიყვარდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად ვარ. გადაღებებზე უნდა წავიდე რვა დღით და წინასწარ განვიცდი... ყაზბეგში მივდივარ. დედაჩემი მეხმარება დანიელის გაზრდაში.
- დანიელი რატომ დაარქვი?
- ყოველთვის მინდოდა ბავშვისთვის სანი დამერქმია და არ ექნებოდა მნიშვნელობა, გოგო იქნებოდა თუ ბიჭი. კედომ მითხრა, რას აგიჩემებია იტალიელი მაფიოზის სახელიო. მან თქვა დანიელი. სანი და დანი კარგად გაირითმა და დანიზე დავთანხმდი. მე ვეძახი დანის. ახლა სამი თვისაა.
- ყაზბეგში რა გადაღებებია?
- მოსკოვიდან ჩამოვიდა კატია სტაშევსკაია, რომელიც 20-წუთიან ფილმს იღებს, სადაც ზურა ყიფშიძესა და ნიკა თავაძესთან ერთად უნდა მივიღო მონაწილეობა. სცენარი არ არის ცუდი და მგონია, რომ კარგი ფილმი გამოვა. კატიამ ძალიან მთხოვა და ვერაფრით ვუთხარი უარი, პერსონაჟსაც ნანკა დაარქვა ჩემი ხათრით, თორემ გული მიკვდება, დანიელს რომ ვტოვებ.
- ნანკა, კინოროლების დეფიციტი არასდროს გაქვს.
- როგორ არა. რეჟისორებო, მაქვს კარგი კინოროლების დეფიციტი (იღიმის).
კახა:
- მე ერთი წელია კინოში არ გადავუღივარ. იმედია, კარგი ბიჭები გამომეხმაურებიან (იცინის).
- ნანკა, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' შემდეგ სეზონზე ხომ არ აპირებ კონკურსანტად მონაწილეობას?
- თუკი შემომთავაზებენ, დავთანხმდები. გამიხარდა, რომ წამყვანობა შემომთავაზეს. ახლა ცეკვას ფიზიკურად ვერ მოვახერხებდი მიუხედავად იმისა, რომ რეპეტიციები ფორმაში ჩასადგომად გამომადგებოდა. წამყვანობაც ძალიან მომწონს, მაგრამ ვნერვიულობ, რადგან, ფაქტობრივად, ერთი წელია, არაფერი გამიკეთებია. პირველი ორი ჩაწერა ალბათ ადაპტაციას გავივლი. პარტნიორს დიდი მნიშვნელობა აქვს და მიხარია, რომ კახა მეყოლება გვერდზე. ასევე მაინტერესებს, ვინ იქნება მესამე.
კახა:
- მეც ვნერვიულობ, როგორც ყოველთვის. ბევრი მაყურებელი გყავს და ღია ეთერში ხარ. თანაც, ქართველი მაყურებელი მუდამ მზადაა, გაგაკრიტიკოს. ახლახან საიტზე ჩემი ინტერვიუ იყო და პირველად გავეცანი მის ქვეშ კომენტარებს. უაზრო კრიტიკა ვნახე, მგონია, რომ ძალიან მოცლილები არიან და ბევრს ლაპარაკობენ.
ნანკა:
- მახსოვს, ულამაზეს ქალს, ლელა წურწუმიას აკრიტიკებდნენ, როცა ცეკვავდა. ალ პაჩინო ტანგოს რომ ცეკვავს, იმას კითხულობენ, რამდენი წლის არის, თუ ცეკვას უყურებენ? ზოგიერთს რომ უსმინო, 20 წლის შემდეგ სახლიდან აღარ უნდა გამოხვიდე.
- სკანდალები ალბათ წელსაც არ მოგვაკლდება.
- მე რომ მიმეღო მონაწილეობა, სიამოვნების მიღებაზე ვიქნებოდი ორიენტირებული. ინტრიგებში ჩართვას, იმას ეს რატომ აცვია და მე სხვანაირადო, რა აზრი აქვს?
კახა:
- საერთოდ, როდესაც სპექტაკლზე მუშაობ და ფიქრობ, ტაშს როდის დამიკრავს მაყურებელიო, არაფერი გამოდის და ტაშსაც არავინ დაგიკრავს. ასეა შოუს დროსაც. ჯერ შენს გმირზე უნდა იფიქრო და მერე იმაზე, ვინ რას იტყვის და როგორ შეგაფასებს. უნდა იფიქრო შენს საქმეზე და იყო გულწრფელი.
ნანკა:
- მაყურებელიც უნდა მიხვდეს, რომ ეს არ არის მოცეკვავის კონკურსი, არამედ ეს ვარსკვლავების კონკურსია. რუსკა მაყაშვილმა თავის დროზე კარგად თქვა, სალომეს მსგავსად ვერასდროს ვიცეკვებო, ამიტომ მაყურებელმა მოცეკვავე უნდა შეაფასოს იმის მიხედვით, როგორი პარტნიორობა გაუწია მეწყვილეს და ჟიურიც მოცეკვავის ქება-დიდებით არ უნდა დაკავდეს. იქნება თუ არა სკანდალები, ეს თავად მონაწილეებზეა დამოკიდებული. შეიძლება, ზოგი სპეციალურად წავიდეს სკანდალებზე, რადგან ეს შოუა.
კახა:
- თუ ყველა თავის საქმეს მიხედავს, სკანდალი არ იქნება, თუმცა ნებისმიერი პიარი პიარია. ვის რა აწყობს და ვის რა სურს, ამის მიხედვით იქნება ან არ იქნება სკანდალები. ჩვენი მისია ის არის, რომ მაყურებელმა თავი კომფორტულად იგრძნოს, თორემ ჩვენ სკანდალებზე არ ვართ ორიენტირებული და არც მე და არც ნანკა სკანდალისტები არ ვართ.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარა
ნიჭიერებო და თაკვალლებოოოოო, ორივე ძალიან მიყვარხართ. ნანკა შენ ბედნიერ დედობას გისურვებ და კახას კი გაბედნიერებას ვულოცავ. წარმატებებს გისურვებთ ორივეს , უფალი გფარავდეთ.
02:47 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS