- ჯერ კიდევ დასვენების რეჟიმში ვარ, ამიტომ ჯერ არ ვიცი, რა სიახლეები იგეგმება ახალ სეზონზე. წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებული არ ყოფილა, ცოტა ხანს ბათუმში ვიყავი, ცოტა ხანს - ჩემს სოფელში, მარტყოფში, მერე ფასანაურში ჩავედი და სულ ეს იყო.
დილა
... ამჟამად პასიურად ვცხოვრობ. თუ დაკავებული არ ვარ, შეიძლება ითქვას, რომ დილა არ მაქვს, რადგან დღის ამ მონაკვეთში მძინავს. გაღვიძებისთანავე ჰიგიენურ პროცესებს ვუთმობ დროს, მერე ვსაუზმობ და აუცილებლად მივირთმევ ყავას.
თავის მოვლა
... თუ ვინმეს ჰგონია, რომ თავს არ უნდა მოუაროს, ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. თუ ძალიან არ მეჩქარება, მაშინ ერთ საათს ვანდომებ მზადებას. სამოსის შერჩევაზე წინასწარ თითქმის არასდროს ვფიქრობ, უმეტეს შემთხვევაში სპონტანურად ვწყვეტ, რა ჩავიცვა. გამონაკლისი მაშინ ხდება, როცა განსაკუთრებულ ადგილას მივდივარ, სადაც დრესკოდია დაწესებული.
შოპინგი
... შოპინგი ვის არ უყვარს?.. სიამოვნებაა ეს პროცესი. როდესაც რაღაც მჭირდება, მივდივარ და მარტივად ვიძენ. ზომიერად მფლანგველი ვარ, არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, ბოლო კაპიკებს სამოსში რომ იხდიან. ჩემი აზრით, დიდი სისულელეა, მაგარი შარვალი გეცვას და საჭმელი არ გქონდეს. რაც შეეხება ცნობადობის დადებით მხარეს შოპინგისას, რასაკვირველია, უფრო მეტად იჩენენ ყურადღებას, როდესაც ცნობილ ადამიანს ხედავენ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ეს ცუდია, რადგან ჩვენთან მომსახურება ძალიან დაბალ დონეზეა. ამიტომ ჯობს ნებისმიერ ადამიანს ისე მოემსახურონ, როგორც საზოგადოების თვის ცნობილ ადამიანს. ზოგადად, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი ყველას კარგად უნდა ემსახურებოდეს, ელემენტარული წესია ეს, რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ბარმენი და ოფიციანტი მეგობრებიც მრავლად მყავს, შეიძლება რომელიმე დაწესებულებაში მიმტანი ისეთი სახით მოვიდეს, რომ მადა დაგეკარგოს.
სამზარეულოში
... მართალია ამბობენ, კაცები კარგი კულინარები არიანო, მაგრამ მე ამ საკითხში სერიოზულად მოვიკოჭლებ. თუ მოვინდომე, რაღაცას მოვაბამ თავს, მაგრამ იდეები ამ მხრივ არ მაწუხებს.
გართობა
... ძალიან მიყვარს გართობა, გატაცებული ვარ კლუბური ცხოვრებით, ელექტრომუსიკით, მაგრამ ზოგი ვერ ხვდება და ვერ ერგება კლუბურ გარემოს და იქ სხვადასხვა სურვილის დასაკმაყოფილებლად მიდის, მუსიკის მოსმენაც თუ შეიძლება იქ, ვერ წარმოუდგენიათ. ამიტომ ხანდახან გაუგებარი დიალოგები იმართება, შეიძლება კლუბის ხმაურში ისეთი იდიოტობა გითხრას ვიღაცამ, რომ გაოცება ვერ დამალო... არ მიზიდავს რესტორნები, ალკოჰოლიც ზომიერად მიყვარს, ისე არასდროს დავმთვრალვარ, მეორე დღეს წინა ღამის ამბები რომ არ მხსომებოდა; არ მიყვარს, როცა კონტროლს ვკარგავ... რაც შეეხება ტრადიციულ სუფრებს, თამადის ინსტიტუტს, ყანწით დალევას, ამის დიდი მოტრფიალე არ გახლავართ, მაგრამ ესეც ჩვენი ტრადიციაა და თავისი ადგილი აქვს. თუ სუფრის კარგი წევრები გყავს, მაშინ ასეთ გარემოში სასიამოვნოა ყოფნა. ტვინის გაბურღვამდე რომ მიდის საქმე, ნამდვილად არ მომწონს; ერთმანეთის ქება-დიდებაზე რომ გადადიან, მაღიზიანებს; რასაც ქართველები სუფრასთან ჭიქით ხელში ამბობენ, ის რომ რეალობად აქციონ, მართლა მაგარი ქვეყანა ვიქნებოდით.
თეატრი
... მარჯანიშვილის თეატრშიც ვთამაშობ და თავისუფალ თეატრშიც, ეს არის ჩემი ორი სახლი და ორი საყვარელი ადგილი, იმედია, კიდევ დიდხანს ვიქნები ამ ჩემთვის მნიშვნელოვან გარემოში. მართალია, ხშირად ამბობენ, მსახიობობა რთული პროფესიააო, მაგრამ ეს მოსაზრება ჩემთვის გაუგებარია. მითხარით, რომელი საქმის კეთებაა ადვილი? არც ერთი პროფესია არ არის იოლი, პოლიციელობა, ექიმობა, მეხანძრეობა, თუნდაც ჟურნალისტობა, ადვილია? რამდენ ჯიუტ რესპონდენტთან გიწევს საუბარი? აქედან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ მარტივი მხოლოდ სახლში უქმად ჯდომაა.
შვილი - ლიზა
... მართალია, ლიზა დედასთან იზრდება, მაგრამ ხშირი კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან. ახლაც ჩემს სოფელშია. მე და ლიზა ვმეგობრობთ. ვერ გეტყვი, რომ სიმკაცრით გამოვირჩევი, რადგან მგონია, რომ ნებისმიერ ადამიანთან დიპლომატიური გზით ყველაფრის მოგვარება შესაძლებელია; თუ ადამიანს დასაბუთებულად აუხსნი, გასაგები გახდება ყველაფერი და სულაც არ ვფიქრობ, რომ ჯოხი და სიმკაცრე ამაზე უკეთ მოაგვარებს საქმეს.
ლიზა სპექტაკლ ''დეკამერონში'' ბოლო სცენაში თამაშობს.გადაწყდა, რომ ბოლოს ბავშვი უნდა შემოსულიყო სცენაზე, შემომთავაზეს, შენი შვილი გამოვიდესო და დავთანხმდით, განსაკუთრებულ ჩაწყობას არ ჰქონია ადგილი (იცინის). თვითონ ლიზას ძალიან მოეწონა ხალხის ყურადღება, არ დაიმორცხვა, სპექტაკლის შემდეგ ინტერვიუც ჩამოართვეს და ამ ყველაფრით ძალიან ბედნიერი იყო. ეტყობა, მაინც მიდრეკილება აქვს ამ სფეროსკენ...
პირადი ცხოვრება
... განსაკუთრებული არაფერი არ ხდება ჩემკენ ამ მხრივ, ჯერჯერობით მეორედ ოჯახის შექმნაზე არ დავფიქრებულვარ. რაც შეეხება ჭორებს დაწყვილებასთან დაკავშირებით, მეცინება, როცა ძალიან ახლო მეგობართან, მაგალითად სალომე გოგიაშვილთან ან მეგი გოგიტიძესთან მაქორწინებენ. ცოტა უხერხულია, მით უმეტეს, რომ მეგი ჩემს ხელშია გაზრდილი.
წიგნი... ტელევიზორი და თურქები...
... ამ ბოლო დროს არ მრჩებოდა დრო საკითხავად, მაგრამ სოფელში ყოფნისას დავიკმაყოფილე ეს სურვილი და რაღაცები წავიკითხე. ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ, თუმცა სოფელში ყოფნისას სულ ჩართული იყო და გამაგიჟა თურქულმა სერიალებმა, საშინელებაა, მთელი საღამო ალაჰ, ალაჰ რომ ისმის ქართული არხებიდან.
ალაჰსაც პატივს ვცემ და თურქულ დიასპორასაც, მაგრამ მართლა სირცხვილია, რადგან მთელი ქალაქი გამოსავაშებულია. გარდა ამისა, კატასტროფა ხდება ბათუმში, ისეთ უცნაურ ადამიანებს ნახავთ, გაოგნდებით.
ეჭვი მეპარება, ვინმე ჩავიდეს ანტალიაში და მსგავსი სიტუაცია იხილოს, იქ იციან რას ნიშნავს ტურისტული ზონა, ჩვენთან კი ეს კულტურა არ აქვთ, ჩამოდიან ჭუჭყიან-დაუბანლები და ჩაცმულ-დახურულები, ავეჯითურთ სხედან პლაჟზე. გარდა ამისა, ქუჩებში ისმის თურქული სიმღერების ჭყვიტინი და კაცი არ ჰყავთ ხმის გამცემი.
''ფეისბუქზე'' გამოვაქვეყნე ქართული და თურქული დროშების ფოტოები, სადაც ქართული დროშები არის ჭუჭყიანი და ჩამოძონძილი და თურქული დროშა ნორმალურად ფრიალებს. ესაა ჩვენი ხასიათი და ამიტომაც ვართ ასეთ დღეში. ცოტა ეროვნულობა ხომ უნდა გვქონდეს?! მე პატრიოტული მოწოდებებით კი არ გამოვდივარ, უბრალოდ, სირცხვილია, მიხედვა უნდა და ყურადღების მიქცევა უნდა ამ ყველაფერს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს მოვლენები წინა ხელისუფლების პერიოდში დაიწყო, ქართველებს არაფრის უფლებას არ აძლევდნენ აჭარაში, თურქებისთვის კი გზა ყოველთვის ხსნილი იყო, სწორედ ამან შექმნა ის სიტუაცია, რაც დღეს გვაქვს.
ქართველებს ყველანაირად გვზღუდავენ, თურქები კი თავიანთ ნებაზე არიან მიშვებული. თავი არავინ გაიმართლოს და არ თქვას, ტურისტებს ვუფრთხილდებითო, ჩვენ არ გვჭირდება ეგეთი ტურისტები, ეგენი არიან ტრაილერის მძღოლები, რომლებიც ჩამოდიან ბათუმში იმისთვის, რომ სიამოვნება მიიღონ ბორდელებში და ითამაშონ კაზინოებში. ესაა სწორედ მათი სტუმრობის მიზეზი და არა ის, რომ ჩვენი ქვეყნის დათვალიერება უნდათ.
აბა, ჩავიდეს ვინმე თურქეთში და იმის მეასედი გაბედოს, რასაც ისინი საქართველოში აკეთებენ... ასეთი ვითარება თითოეული ჩვენგანის ბრალია, 3-4 წლის წინ დაიწყო ეს საშინელება და დღემდე გრძელდება. ჩემი აზრით, ბათუმს სერიოზულად სჭირდება მიხედვა, სანამ უფრო საფუძვლიანად გაიდგამენ ფეხს თურქები.
აქ ჩვენი ეროვნულობის საკითხი დგას. მართალია, დღეს მოდაშია წინა ხელისუფლების გინება, რათა ახალ მმართველობასთან ქულები დაიწერო, მაგრამ მე ამ კუთხიდან არ ვლაპარაკობ, უბრალოდ ვამბობ იმას, რომ არ შეიძლება შენი მიწების გაყიდვა, ადექი და იჯარით მიეცი...
ამისთვის პასუხი რომ უნდა მოეთხოვოთ ვიღაც-ვიღაცებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. არ მინდა ჩემი ეს ნალაპარაკები ვინმემ სათავისოდ გამოიყენოს, მე პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ, უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ. საერთოდ, ბათუმი ძალიან მიყვარს, მაგრამ წელს პირველი წელი იყო, როცა უფრო მეტი უარყოფითი ემოცია მივიღე იქ ყოფნით, ვიდრე დადებითი.
ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''