- ნიკა, გავიგეთ,
- ჯერჯერობით რაღაცები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ არ ვაკონკრეტებ, მერე რომ არ გამოვიდეს?!. ''რუსთავი 2'' -ის ახალ სეზონზე პროექტისთვის ვემზადები, თუმცა რა ფორმით გავალთ ეთერში, ამას ვერ გეტყვით.
- დამოუკიდებლად გააკეთებ გადაცემას, თუ ისევ ძველ გუნდს დაუბრუნდები?
- თუ გაინტერესებთ, ძველ ''კამანდასთან'' ერთად არ ვიქნები. ეს იქნება გასართობი გადაცემა.
- სხვა არხზე შენი გადასვლის ჭორი არ გამართლდა.
- მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა არხებიდან მირეკავენ და რაღაცებს მთავაზობენ. გუშინაც დამირეკეს კონკრეტული იდეით. ''ჯიდიესიდანაც'' მეგობრები შემეხმიანნენ. გეცოდინებათ, რომ იქ ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ''რუსთავი 2'' -დან მოშორება არ მინდა, ვფიქრობ, რომ მე და ის ისევ ვიმეგობრებთ.
- მშობლიური გრძნობა გაქვს ამ ტელევიზიის მიმართ?
- (იცინის) რა მშობლიური, მეგობრული. მშობლიური გრძნობა მაქვს ზესტაფონის მიმართ.
- კარგი, მაშინ ის მითხარი, ამ ზაფხულს სად დაისვენე და ვისთან ერთად?
- არ დამისვენია, 23-24-25 აგვისტოს დიდი მოტოფესტივალი ჩავატარეთ მე, ილიკო სუხიშვილმა და ჩვენმა მეგობარმა გია შამყულაშვილმა. მთელი ზაფხული დრო არ მქონდა ქალაქიდან გასასვლელად. ახლა ვაპირებ, მოტოთი წავიმოგზაურო, მაგრამ შეიძლება, ესეც ვერ მოვახერხო. გადაცემის გამო დრო არ მქონდეს. თქვენ რომ დამირეკეთ, ტაქსიში ვიჯექი, მეგობართან მივდიოდი და მძღოლმა მითხრა, ფულს არ გამოგართმევ, ჩემო ძმაო, სანამ ახალი პროექტი არ გავა ეთერშიო (იცინის).
- მეუღლესთან ერთად იმოგზაურებ მოტოთო?
- მეუღლის გარეშე არსად დავდივარ. მე და ჩემი გოგო ძალიან მაგრად ვართ. სუპერსაოცრად.
- მოტოფესტივალი ახსენე და ბოლო დროს ძალიან გახშირდა მოტოციკლით ავარიები. ზოგი ამას მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აბრალებს.
- ეგ ისეთი ფართო თემაა, რომ ცალკე ინტერვიუ სჭირდება. ამ ბოლო დროს მოტოტრანსპორტზე მოთხოვნილება გაიზარდა და ბევრს გამოცდილება არ აქვს. ამიტომაც გახშირდა ავარიები. ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება. მით უმეტეს საქართველოში. ფესტივალი, რომელიც აგვისტოს ბოლოს ჩავატარეთ, ტურისტული გახლდათ და ოცდაათზე მეტი ქვეყნიდან ათასამდე ტურისტი ჩამოვიდა. კულტურული შეკრება გვქონდა რუსთავში. შეკრება იმას გულისხმობს, რომ ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, კულტურას. ზოგი სასტუმროში ცხოვრობდა, ზოგსაც კარავი ჰქონდა გაშლილი. მიხარია, რომ ფესტივალისთვის საქართველო აარჩიეს. ძალიან მაგარი ამბავი იყო.
- ნიკა, რაც შეეხება პოლიტიკას. ვიცი, რომ ამ თემაზე საუბარი არ გიყვარს, თუმცა შენი პოლიტიკური სტატუსი, რომელშიც თენგიზ გუნავას დაკავებას აპროტესტებდი, ყველგან გაშუქდა.
- ეს ერთ სტატუსზეა საუბარი. ისიც არ იყო პოლიტიკური. ამაზე ყველა მეკითხება. მეგობარზე დავწერე რაღაც და ზოგისთვის პოლიტიკური აღმოჩნდა, ზოგისთვის, შეიძლება, ინტიმური იყო და სხვა რაღაც დაარქვა. როდესაც შენს მეგობარს დაიჭერენ და იტყვი, რომ ეს ცუდია, მისი პოლიტიკოსობის გამო სტატუსიც პოლიტიკური გამოდის.
- თუ ნახე თენგიზ გუნავა, მას შემდეგ, რაც ციხე დატოვა?
- როგორ არ ვნახე, გუშინაც ველაპარაკე. რაჭაში ძალიან კარგი ღვინის ფესტივალი ჩატარდა, იქ იყო და დიდი სურვილი მქონდა, მეც ჩავსულიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ყოველთვის შევეხმიანებით ერთმანეთს, რატომ არის ეს ასე დასაკონკრეტებელი?! მე ხომ არ ვლაპარაკობ ვლადიმერ ულიანოვზე, საოცრება იქნებოდა, რომ მეთქვა, ვურეკავ და ვეხმიანები-მეთქი. ვაიმე, გავგიჟდები (იცინის).
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''