15 სექტემბერი, 2013
უნივერსიტეტის კიბიდან გვანცა ადამიას გადმოგდებაში დამნაშავე პატიმრობას გადაურჩა
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ჯერ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ალბათ შორია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება გოგონა, რომელიც უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოაგდეს, თავს უკეთ გრძნობს. უკვე საწოლიდანაც წამოდგა და ნელ-ნელა ადაპტაციასაც გადის, თუმცა ის ტკივილები, რომელიც საზარელ შემთხვევას უკავშირდება, გვანცა ადამიას ჯერ კიდევ ახსენებს თავს. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და იმ ტრაგედიის დავიწყებას ცდილობს, მის ცხოვრებას ამხელა დაღი რომ დაასვა. მოძალადე ვანო ღონღაძე შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა, ის პოლიციას
თავად ჩაჰბარდა. ექსპერტიზამ ვანოს ქრონიკული შიზოფრენია დაუდგინა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ამ ფაქტით გვანცა ადამიას ოჯახის წევრები უკმაყოფილონი არიან. მათ სარჩელი შეიტანეს საქალაქო სასამართლოში, მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვენ. ჩვენ ვანო ღონღაძის ადვოკატს და გვანცა ადამიას და მისი ოჯახის წევრებს დავუკავშირდით და ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

ლალი ჩირიკაშვილი (ვანო ღონღაძის ადვოკატი):
- ვანოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. როგორც ვვარაუდობდი, ჩემს კლიენტს ქრონიკული შიზოფრენია დაუდგინდა, ანუ დანაშაულის ჩადენის მომენტში ვერ აკონტროლებდა თავის ქმედებას. ახლა იძულებითი მკურნალობა მიესაჯა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ციხეში გაჩერება არ შეიძლებოდა. შესაძლებელი იყო, კიდევ ვინმე დაეშავებინა, ან საკუთარი თავისთვის აეტეხა რამე. შიზოფრენია განუკურნებელი დაავადებაა, მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.

ამის შემდეგ გვანცა ადამიას დავუკავშირდით...

- გვანცა, როგორ ხარ?
- უკეთ ვარ, ნელ-ნელა ვიწყებ სიარულს. ზოგჯერ წელი მტკივა, მალე ვიღლები, დიდხანს ფეხზე დგომა არ შემიძლია, მაგრამ ყველაზე საშინელი ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ტრავმები, რომლებიც ამ შემთხვევის შედეგად მივიღე, ჯერ კიდევ არ მომშუშებია. ნაიარევი, რომელიც სხეულზე მაქვს, მუდმივად მახსენებს იმ საშინელებას, რომელიც თავს გადამხდა... 13 გამოცდა სახლში ჩავაბარე. კომისიის წევრები სახლში დადიოდნენ. 16 სექტემბრიდან მეწყება სწავლა და მალე უნივერსიტეტშიც გავალ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ჯერ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ალბათ შორია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- ვანო გაუთავისუფლებიათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამაზე რას ფიქრობ?
- ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო. ახლა ხონში, ფსიქიატრიულში მკურნალობს. ეჭვი გვაქვს, რომ ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია. ისეთი დასკვნა წავიკითხე, მშობელი რომ ვერ დაუწერს შვილს... არანაირი დაკვირვება, სამედიცინო ჩარევა არ ჩაუტარებიათ, ჩემი აზრით, მონათხრობს დაეყრდნენ. ვუჩივი მის მშობლებს, რომ მორალური და მატერიალური ზიანი აანაზღაურონ. არანაირი დახმარება მათგან არ მიგვიღია, მხოლოდ მიზერული. დედამისი ბოლოს შეტევაზე გადმოვიდა, აქეთ დამდო ბრალი შემთხვევის ინსცენირებაში. შენი ბრალია, ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში რომ არის, იქ რომ არ მდგარიყავი, ხომ არ გაუჩნდებოდა შენი გადაგდების სურვილიო. ჩემს შვილს სისასტიკე არ ახასიათებდა, ნაზად გადმოაგდო გვანცაო, ასე ამბობს. ისიც კი თქვა, შიზოფრენია გენიოსების დაავადებაა, აინშტაინსაც ჰქონდა შიზოფრენია და მერე რა მოხდა, ხალხში გაერევა, ცოლსაც შეირთავს და ვინ იცის, იქნებ გვანცაც გახდეს მისი მეორე ნახევარიო. ნეტავ რატომ უნდოდა გვანცას დედას ჩემი შვილის ციხეში ყოფნა და დასჯა, მე იმ შემთხვევაში დავეხმარებოდი, თუ ჩემს შვილს პატიმრობის წლები მოაკლდებოდა, ახლა კი მღვდელს ვკითხავ და ის რასაც მეტყვის, იმდენით დავეხმარებიო. მე ჩემი შვილი მყავს მისახედი და სამკურნალოო... აბა, როგორ, ჩემი ვანიკო ხალხში გაერევა, მე ჩემს შვილზე უარს არ ვიტყვი, რატომ გადმოვიდა გვანცა სამედიცინო უნივერსიტეტიდან, ალბათ ვერ ისწავლაო... მე ვიყავი ექიმთან, გავიგე გვანცას მდგომარეობა და ისეთი არაფერი სჭირსო. გადამირიეთ შვილი და კიდევ აქეთ გაქვთ პრეტენზიებიო? ფსიქიატრიულიდანაც კარგი ამბები მოდის, მალე გამოვა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებაო... მოკლედ, ეს ქალი აბუჩად იგდებს ჩემს სულიერ, ფიზიკურ და მორალურ ტრავმას.
- ახლა რას ითხოვთ?
- მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ მისი მშობლებისგან. როგორც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, მას 11 წლის ასაკში დაუდგინდა შიზოფრენია, ციკლადოლი დაუნიშნა ექიმმა თურმე. ე.ი აქედან დასტურდება, რომ მშობლებმა მისი ავადმყოფობის შესახებ იცოდნენ და მალავდნენ, რატომ არ მოახდინეს რეაგირება, რატომ გარიეს ხალხში?

შორენა თვალთვაძე (გვანცა ადამიას დედა):
- თავიდან სხვანაირად ლაპარაკობდა ვანოს დედა, მერე, როცა ექსპერტიზის პასუხი ჩაიგდო ხელში, ჰგონია, რომ თავი ქუდში აქვს და არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს.
- ექსპერტიზის პასუხში ეჭვი შეგაქვთ?
- ჩვენ საჩივარი შევიტანეთ პროკურატურაში, ჯერ პასუხი არ მიგვიღია. საქალაქო სასამართლოდან უარი მივიღეთ ამ საქმის გასაჩივრებაზე. პირველ რიგში ერთი ლოგიკური კითხვა მაქვს - ვინ დაიცავს ჩემს შვილს?! ის დამნაშავე შეიძლება რამდენიმე თვეში გამოვიდეს ფსიქიატრიულიდან და მე როგორ უნდა ვიყო მშვიდად?! ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ მცემს. პარლამენტსაც მივმართე განცხადებით, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანს. თუ შეურაცხადია, დიდი ხნით უნდა დარჩეს ფსიქიატრიულში, სხვანაირად ვერ ვიქნები მშვიდად. მოგეხსენებათ, ჩემი შვილის უსაფრთხოების გარანტიას არავინ მაძლევს. პირველი, რაც ვანოს დედას ვკითხე, როცა ის საავადმყოფოში მოვიდა, იყო: `ხომ არ ჰქონდა თქვენს შვილს რაიმე ფსიქიკური გადახრა?~ რაზედაც კატეგორიული უარი განაცხადა, არასდროსო, - თქვა. ექსპერტიზის დასკვნიდან კი საპირისპირო დასტურდება, კერძოდ ის, რომ ვანო 11 წლის ასაკიდან დაჰყავდათ მშობლებს ფსიქიატრთან... დავამშვიდე ვანოს დედა, ნუ ტირით, ქალბატონო, დამშვიდდით, თქვენ ხომ არ გინდოდათ, თქვენს შვილს ეს გაეკეთებინა, თქვენ რა შუაში ხართ-მეთქი. ამის შემდეგ მომვარდა და მაკოცა, ამას ნათესავები ხედავდნენ. ასე თქვა, რა ვიცოდი, თქვენნაირი ხალხი თუ დამხვდებოდა აქ, ცალი ხელი გვანცასკენ მექნება მთელი ცხოვრებაო. აი, ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე... არ გავჩერდები. ამ დღეებში ვაპირებ შეხვედრას პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან, რაშიც მეხმარებიან... შემდეგ გავმართავ პრესკონფერენციებს და ასე გავაგრძელებ, სანამ არ მივაღწევ სამართალს. არავის არ შევარჩენ ჩემი ერთადერთი ქალიშვილის გამწარებას! ეს ყველაფერი იმის ბრალია, თავიდან ადამიანურად რომ მოვექეცი...

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ნინო
---- ”სოფო: გვანცას ჯანმრთელობას ვუსურვებ დაიფაროს უფალმა...მინდა რაღაც გითხრა ჩემო კარგო,შიზოფრენიით და ნებისმიერი სენით შეპყრობილ ადამიანსაც ისევე უნდა ხალხთან ურთიერთობა როგორც შენ,არ შეიძლება სრულიად გარიყო საზოგადოებიდან,უბრალოდ გარემო უნდა შეუქმნა ისეთი რომ სხვას ზიანი არ მიაყენოს” ------ ამ კომენტარის ავტორს მინდა ვუთხრა, რომ იგივე რომ მას გადახდენოდა თავს, რაც გვანცამ გადაიტანა, დარწმუნებული ვარ, რომ ასე გულაჩუყებული აღარ ილაპარაკებდა დამნაშავეზე. როდესაც ადამიანი არის საზოგადოებისთვის საშიში, მისი საზოგადოებიდან გარიყვა არის ერთადერთი გონივრული გამოსავალი... ხოლო, როდესაც ჩადენილია დანაშაული, დამნაშავე უნდა დაისაჯოს! რახან არ დააპატიმრეს ეს ბიჭი იმიტომ, რომ თურმე შეურაცხადია, მაშინ ფსიქიურ საავადმყოფოში უნდა მოათავსონ! არ შეიძლება, რომ ასეთი ადამიანი თავისუფლად დაიარებოდეს ქუჩაში... რახან თავიდანვე იცოდნენ ბიჭის მშობლებმა, რომ მათ შვილს შიზოფრენია ქონდა, ამიტომ მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ყოფილიყო ის და მხოლოდ მეთვალყურის თანხლებით უნდა ”გარეულიყო ხალხში”. ეს რომ ასე ყოფილიყო, ეს საშინელებაც არ მოხდებოდა! გამოჯანმრთელებას ვუსურვებ გვანცას და ყველაფერს საუკეთესოს!
00:36 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
დიანა
აუცილებლად უნდა შეიტანონ სარჩელი სასამართლოში..არ შეიძლება ფსიქოოგიურად გადახრილი მანიაკები თავისუფლად დასეირნობდნენ ჩვენს გარშემო. თუ საჭიროა მთელი ქვეყანა უნდა დააყენონ ფეხზე გვანცას ახლობლებმა და არ შეარჩინონ არაფერი დამნაშავის ოჯახს.
22:56 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბაიდო
პატრიარქმა რა თქვა ამ საკითხზე?
22:30 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
როგორ ბნელაააა :( ნეტა თუ ეშველება საქართველოს :(((((
16:42 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისათვის სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ და ეს თავზარდამცემი ამბავი როგორ მიუჩუმათებია ადვოკატს. რა ხდება, ბნელა?
15:49 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ღმერთმა გაგაძლიეროს გვანცა.ჯანმრთელობას და სულიერ სიმხნევეს გისურვებ! იმ ბიჭის დედა აშკარად ვერ არის მენტალურად ჯანსაღი.იქეთ რაღას ედავებიან ამ გოგოს?
15:40 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუკა
მიმი-ეგეთი განუკითხაობა მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს... უკანონობა და უდანაშAულოთა ჩაგვრაა გამეფებული.... უფალი ფარავდეს ჩემს ბედკრულ ქვეყანას.... გვანცას და მის ოჯახს გამძლეობას ვუსურვებ, უფალს ებარებოდე ლამაზო....
14:32 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტონი
პრეზიდენტი თუ გვყავს შიზოფრენიით დაავადებული, სტუდენტი რომ იყოს ავადმყოფი ის გიკვირთ? უბრალოდ ასეთი საშიში ადამიანები უნდა იზოლირებულები იყვნენ საზოგადოებისაგან.
14:08 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
რა მნიშვნელობა აქვს საგიჟეთში იქნება თუ ციხეში ორივე თითქმის ერთი და იგივეა
13:57 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ბელა
სანამ ტქვენს აზრს დააკომენტარებტ, ყველამ ცარმოიდგინეტ საკუტარი ტავი გვანცას ადგილას.საცყალი გოგო ხომ სჰეიზლებოდა ინვალიდად დარცჩენილიყო, ზნელია შიზოფრენიკთან ერთად სწავლა და ურთიერთობა.
13:39 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS