15 სექტემბერი, 2013
უნივერსიტეტის კიბიდან გვანცა ადამიას გადმოგდებაში დამნაშავე პატიმრობას გადაურჩა
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ჯერ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ალბათ შორია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება გოგონა, რომელიც უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოაგდეს, თავს უკეთ გრძნობს. უკვე საწოლიდანაც წამოდგა და ნელ-ნელა ადაპტაციასაც გადის, თუმცა ის ტკივილები, რომელიც საზარელ შემთხვევას უკავშირდება, გვანცა ადამიას ჯერ კიდევ ახსენებს თავს. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და იმ ტრაგედიის დავიწყებას ცდილობს, მის ცხოვრებას ამხელა დაღი რომ დაასვა. მოძალადე ვანო ღონღაძე შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა, ის პოლიციას
თავად ჩაჰბარდა. ექსპერტიზამ ვანოს ქრონიკული შიზოფრენია დაუდგინა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ამ ფაქტით გვანცა ადამიას ოჯახის წევრები უკმაყოფილონი არიან. მათ სარჩელი შეიტანეს საქალაქო სასამართლოში, მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვენ. ჩვენ ვანო ღონღაძის ადვოკატს და გვანცა ადამიას და მისი ოჯახის წევრებს დავუკავშირდით და ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

ლალი ჩირიკაშვილი (ვანო ღონღაძის ადვოკატი):
- ვანოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. როგორც ვვარაუდობდი, ჩემს კლიენტს ქრონიკული შიზოფრენია დაუდგინდა, ანუ დანაშაულის ჩადენის მომენტში ვერ აკონტროლებდა თავის ქმედებას. ახლა იძულებითი მკურნალობა მიესაჯა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ციხეში გაჩერება არ შეიძლებოდა. შესაძლებელი იყო, კიდევ ვინმე დაეშავებინა, ან საკუთარი თავისთვის აეტეხა რამე. შიზოფრენია განუკურნებელი დაავადებაა, მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.

ამის შემდეგ გვანცა ადამიას დავუკავშირდით...

- გვანცა, როგორ ხარ?
- უკეთ ვარ, ნელ-ნელა ვიწყებ სიარულს. ზოგჯერ წელი მტკივა, მალე ვიღლები, დიდხანს ფეხზე დგომა არ შემიძლია, მაგრამ ყველაზე საშინელი ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ტრავმები, რომლებიც ამ შემთხვევის შედეგად მივიღე, ჯერ კიდევ არ მომშუშებია. ნაიარევი, რომელიც სხეულზე მაქვს, მუდმივად მახსენებს იმ საშინელებას, რომელიც თავს გადამხდა... 13 გამოცდა სახლში ჩავაბარე. კომისიის წევრები სახლში დადიოდნენ. 16 სექტემბრიდან მეწყება სწავლა და მალე უნივერსიტეტშიც გავალ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ჯერ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ალბათ შორია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- ვანო გაუთავისუფლებიათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამაზე რას ფიქრობ?
- ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო. ახლა ხონში, ფსიქიატრიულში მკურნალობს. ეჭვი გვაქვს, რომ ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია. ისეთი დასკვნა წავიკითხე, მშობელი რომ ვერ დაუწერს შვილს... არანაირი დაკვირვება, სამედიცინო ჩარევა არ ჩაუტარებიათ, ჩემი აზრით, მონათხრობს დაეყრდნენ. ვუჩივი მის მშობლებს, რომ მორალური და მატერიალური ზიანი აანაზღაურონ. არანაირი დახმარება მათგან არ მიგვიღია, მხოლოდ მიზერული. დედამისი ბოლოს შეტევაზე გადმოვიდა, აქეთ დამდო ბრალი შემთხვევის ინსცენირებაში. შენი ბრალია, ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში რომ არის, იქ რომ არ მდგარიყავი, ხომ არ გაუჩნდებოდა შენი გადაგდების სურვილიო. ჩემს შვილს სისასტიკე არ ახასიათებდა, ნაზად გადმოაგდო გვანცაო, ასე ამბობს. ისიც კი თქვა, შიზოფრენია გენიოსების დაავადებაა, აინშტაინსაც ჰქონდა შიზოფრენია და მერე რა მოხდა, ხალხში გაერევა, ცოლსაც შეირთავს და ვინ იცის, იქნებ გვანცაც გახდეს მისი მეორე ნახევარიო. ნეტავ რატომ უნდოდა გვანცას დედას ჩემი შვილის ციხეში ყოფნა და დასჯა, მე იმ შემთხვევაში დავეხმარებოდი, თუ ჩემს შვილს პატიმრობის წლები მოაკლდებოდა, ახლა კი მღვდელს ვკითხავ და ის რასაც მეტყვის, იმდენით დავეხმარებიო. მე ჩემი შვილი მყავს მისახედი და სამკურნალოო... აბა, როგორ, ჩემი ვანიკო ხალხში გაერევა, მე ჩემს შვილზე უარს არ ვიტყვი, რატომ გადმოვიდა გვანცა სამედიცინო უნივერსიტეტიდან, ალბათ ვერ ისწავლაო... მე ვიყავი ექიმთან, გავიგე გვანცას მდგომარეობა და ისეთი არაფერი სჭირსო. გადამირიეთ შვილი და კიდევ აქეთ გაქვთ პრეტენზიებიო? ფსიქიატრიულიდანაც კარგი ამბები მოდის, მალე გამოვა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებაო... მოკლედ, ეს ქალი აბუჩად იგდებს ჩემს სულიერ, ფიზიკურ და მორალურ ტრავმას.
- ახლა რას ითხოვთ?
- მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ მისი მშობლებისგან. როგორც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, მას 11 წლის ასაკში დაუდგინდა შიზოფრენია, ციკლადოლი დაუნიშნა ექიმმა თურმე. ე.ი აქედან დასტურდება, რომ მშობლებმა მისი ავადმყოფობის შესახებ იცოდნენ და მალავდნენ, რატომ არ მოახდინეს რეაგირება, რატომ გარიეს ხალხში?

შორენა თვალთვაძე (გვანცა ადამიას დედა):
- თავიდან სხვანაირად ლაპარაკობდა ვანოს დედა, მერე, როცა ექსპერტიზის პასუხი ჩაიგდო ხელში, ჰგონია, რომ თავი ქუდში აქვს და არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს.
- ექსპერტიზის პასუხში ეჭვი შეგაქვთ?
- ჩვენ საჩივარი შევიტანეთ პროკურატურაში, ჯერ პასუხი არ მიგვიღია. საქალაქო სასამართლოდან უარი მივიღეთ ამ საქმის გასაჩივრებაზე. პირველ რიგში ერთი ლოგიკური კითხვა მაქვს - ვინ დაიცავს ჩემს შვილს?! ის დამნაშავე შეიძლება რამდენიმე თვეში გამოვიდეს ფსიქიატრიულიდან და მე როგორ უნდა ვიყო მშვიდად?! ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ მცემს. პარლამენტსაც მივმართე განცხადებით, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანს. თუ შეურაცხადია, დიდი ხნით უნდა დარჩეს ფსიქიატრიულში, სხვანაირად ვერ ვიქნები მშვიდად. მოგეხსენებათ, ჩემი შვილის უსაფრთხოების გარანტიას არავინ მაძლევს. პირველი, რაც ვანოს დედას ვკითხე, როცა ის საავადმყოფოში მოვიდა, იყო: `ხომ არ ჰქონდა თქვენს შვილს რაიმე ფსიქიკური გადახრა?~ რაზედაც კატეგორიული უარი განაცხადა, არასდროსო, - თქვა. ექსპერტიზის დასკვნიდან კი საპირისპირო დასტურდება, კერძოდ ის, რომ ვანო 11 წლის ასაკიდან დაჰყავდათ მშობლებს ფსიქიატრთან... დავამშვიდე ვანოს დედა, ნუ ტირით, ქალბატონო, დამშვიდდით, თქვენ ხომ არ გინდოდათ, თქვენს შვილს ეს გაეკეთებინა, თქვენ რა შუაში ხართ-მეთქი. ამის შემდეგ მომვარდა და მაკოცა, ამას ნათესავები ხედავდნენ. ასე თქვა, რა ვიცოდი, თქვენნაირი ხალხი თუ დამხვდებოდა აქ, ცალი ხელი გვანცასკენ მექნება მთელი ცხოვრებაო. აი, ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე... არ გავჩერდები. ამ დღეებში ვაპირებ შეხვედრას პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან, რაშიც მეხმარებიან... შემდეგ გავმართავ პრესკონფერენციებს და ასე გავაგრძელებ, სანამ არ მივაღწევ სამართალს. არავის არ შევარჩენ ჩემი ერთადერთი ქალიშვილის გამწარებას! ეს ყველაფერი იმის ბრალია, თავიდან ადამიანურად რომ მოვექეცი...

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
ნინო
თამუნა, სტატია ძალიან კარგად წავიკითხე, შენ კი, როგორც ჩანს, ჩემი კომენტარი არ წაგიკითხავს ყურადღებით... როდესაც ავადმყოფი ადამიანი საზოგადოებისთვის საშიში ხდება (ანუ როდესაც სახეზეა დანაშაული), მაშინ უნდა მოხდეს მისი საზოგადოებისგან იზოლაცია, სხვა გამოსავალი არაა!!! ხოლო, როდესაც ვინმეს ახლობელი ყავს შიზოფრენიით დაავადებული, ეს დიდი ტრაგედიაა გეთანხმებით, და ასეთ ადამიანებს ნამდვილად არ ვერჩით ზოგადად, უბრალოდ მათმა პატრონებმა უნდა იკისრონ სათანადო პასუხისმგებლობა და ზედამხედველობის გარეშე არ უნდა ”გარიონ ხალხში” ასეთი ავადმყოფები... სხვათა შორის, შიზოფრენიის დაავადებას თავისი სტადიები აქვს და სხვადასხვა სიძლიერე... ახასიათებს პერიოდულობაც და მედიკამენტებით შეიძლება ბევრი ასეთი ავადმყოფის კონტროლი, ისე რომ ისინი არ გახდნენ საზოგადოებისთვის საშიშები... მაგრამ ეს ყველაფერი უნდა კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვროს და როდესაც არაპროგნოზირებადია ავადმყოფის საქციელი და აგრესია, მაშინ უნდა მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყოს ასეთი ადამიანი და უნდა მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად ქონდეს კონტაქტი გარეშე ადამიანებთან, თუ არ გვინდა რომ მსგავსი შემთხვევები განმეორდეს და უდანაშაულო ადამიანს (გვანცას სახით) ზიანი მიადგეს... როდესაც დანაშაულის ფაქტი მოხდება, ამ შემთხვევაში დამნაშავეს ან ციხეში უშვებენ და ან ფსიქიატრიულ კლინიკაში სამკურნალოდ! არ შეიძლება, რომ ასეთი დამნაშავე თავისუფლად დაიარებოდეს ქუჩებში! დამნაშავე ასეთ დროს ხალხში არ უნდა გაერიოს,რომ დანაშაული არ განმეორდეს. თუ ყურადღებით წაიკითხეთ სტატია, თვითონ მაგ ბიჭის ადვოკატი წერს, რომ ვინაიდან დამნაშავე შეურაცხადია, მან შეიძლება ვინმეს რაიმე ავნოს ციხეში ან საკუთარ თავსო... ანუ ის საზოგადოებისთვის საშიშია და ამიტომაა მისი იზოლაცია საჭირო. ეს არ ნიშნავს, რომ ვინც შიზოფრენიითაა ავად, ყველა უნდა გამოვკეტოთ. ეს მე არ დამიწერია და ეს აბსურდია... უბრალოდ თავად ოჯახის წევრებმა უნდა გაუწიონ ასეთ ავადმყოფებს სათანადო მეთვალყურეობა, რომ მსგავსი ფაქტები, როგორც გვანცას შემთხვევაში, არ განმეორდეს. ხოლო შედარებით მძიმე შემთხვევებისთვის, როდესაც შეუძლებელია ასეთი ავადმყოფების კონტროლი და როცა ისინი საზოგადოებისთვის საშიშები არიან, მათ ფსიქიატრიულ კლინიკებში ათავსებენ ხოლმე...
12:12 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გიო
როცა დასდევდა და აკვიატებულ მანიად ექცა, მაშინ განძრეულიყო დედამისი, მით უმეტეს, თუ იცოდა, მიდი პრობლემა. თამუნა - ბიჭი თუ ავადაა დედამისი ტყუის! ჩემი ახლობლის შვილიც ასეა დამკცარდა აკონტროლებს ოჯახი, შესაბამისად, არ ერჩის არავის, გეყო ვაი ადვოკატობა, შეიძლებოდა დაღუპულიყო ანგელოზივით გოგო. კი, არაა თავისუფალი, მაგრამ გამოუშვებენ!!
12:07 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
გაინტერესებთ ასეთი ადამიანები? უყურეთ დოკუმენტურ ფილმს "ზღვარზე ვარ" და იქნებ ოდნავ დაფიქრდეთ
11:43 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
გვანცას მეც გამოჯანმრთელებას ვუსურებ, საშინელებაა ის რაც მას გადახდა და გნვიცდი იმასაც რამხელა ტკივილით მოუწევს ამ გოგოს ცხოვრება, ფსიქიკურად კიდევ უფრო რთული იქნება ამის გადახარშვა. ასევე არ ვამართლებ იმ ბიჭის დედას, თუ საქმის კურსში იყო და იცოდა რომ მისი შვილი საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის, მისთვის მეტად უნდა ედევნებინა თვალყური. მე ამ სიტუაციაზე არ გამიკეთებია ჩემი წინა კომენტარები. ზოგადად ფსიქიკური პრობლემის ადამიანებზე, თქვენ რომ გიჟებს უწოდებთ. ვინმემ რამე გადაცემაში რომ მიიყვანოს და მხატვრულად დაგანახონ, მოკვდებით ალბათ ცრემლების ღვარღვარით, რეალურად კი ამაზე დაფიქრება არავის გინდათ.. აბა რა, აბა რაა ^_^
11:40 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
კი, ნორმალური ვარ : )) მე ამ ბიჭზეარ მითქვამმს მხოლოდ და წიკვინს რაც შეეხება, შენც სხვანაირად აწიკვინდებოდი ვინმე სულიერად დაავადებული რომ გყავდეს და სიტყვები შეარჩიე ასეთ ადამიანებზე როგორ უნდა ისაუბრო !! მე არ ვიცავ იმ ბიჭს ვინც გვანცა გადმოაგდო და არც იმას ვამბობ, რომ არ უნდა დასჯილიყო. თუ არ შეგიძლიათ ნათქვამიდან აზრის გამოტანა სულ ნუ იტყვით ნურაფერს, ისედავ ვიცი რომ ხალხის გალანძღვა ადვილია : )) კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო : ))
11:33 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნას
ა მეორე გიჟი თამუნა გვანცას სრულ გამოჯანმრტელებას ვუსურვებ
11:11 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
აბ
გიჟი ეგ ქალი ყოფილა და მაგის შვილი ნორმლაური როგორ იქნბოდა? მიუსვან თავის შვილს გვერდიტ საგიჯეტში! დიახ, უნდა უჩივლო და ძალინა ბევრი ფული დააყრევინო ტუ შესაძლებელია, გიჟების ოჯახი. შემინდოს უფალმა
11:01 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა-ს
გოგო,შენ ნორმალური ხარ? ესეიგი გიჟები თავს უნდა ესხმოდნენ ხალხს,მაგრამ მათი იზოლირება დაუშვებლად მიგაჩნია და მაინც ხალხში უნდა იყვნენ გარეული? როგორ გისურვო ასეთივე ისტორია შენ,ან შენს შვილს გადახდესმეთქი.მერე კი აწიკვინდებოდი სხვანაირად.ფსიქიატრიული საავადმყოფოები ამიტომ არსებობენ,რომ ეგეთი ბუინი გიჟები იქ უნდა იყვნენ და არა ხალხს შეუქმნან სასიკვდილო საშიშროება.აბა შენა ხარ რააა!!!!
06:20 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ნინო, ის ბიჭი თავისუფლად არც დადის, სტატია თუ წაიკითხე. მესმის ეს ფაქტი საშინელებაა,მაგრამ ძალიან გამაღიზიანა ერთმა კომენტარმა. ასეთი ადამიანების ხალხისგან გარიყვა რომ გონივრულად და სწორად მიაჩნია, მაპატიეთ, მაგრამ რას ნიშნავს გონივრული? ღმერთმა დაგიფაროთ და თქვენ რომ ასეთი შვილი გყავდეთ, სახლში ჩაკეტავთ და ხალხს მოარიდებთ? იქნებ გალიაც გაუკეთოთ და ჯაჭვით დააბათ? არ მაქვს ამ ბიჭზე საუბარი. ზოგადად ვამბობ რადგან ეგ განცხადებაც ზოგადია. შიზოფრენია დაავადებაა, ადამიანს მკურნალობა და ზედამხედველობა სჭირდება, ამის გამო ადამიანი სახლში უნდა გამოკეტო და არსებბის უფლება მოუსპო? აი ამაში ბნელა ჩვენთან, თან ძალიან მაგრად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ შემთხვევას არ ვეხები, უბრალოდ სანამ რამეს იტყვით დაუფიქრდით. ის რომ ერთმა ასეთი რამ ჩაიდინა, უფლებას არ გაძლევთ სხვებიც გარიყოთ და უფლება არ მისცეთ საზოგადოებაში ყოფნის, არსებობის და თავისუფლად ცხოვრების.. დღითიდღე ვრწმუნდები, ადამიანები საშინლად ეგოისტი არსებები არიან, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავენ, სხვა დანარჩენი სხვაა და არც ადარდებთ, რას წინ იტყვიან და რას უკან.
02:21 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
---- გიორგი რა მნიშვნელობა აქვს საგიჟეთში იქნება თუ ციხეში ორივე თითქმის ერთი და იგივეა ---- პრობლემა სწორედ ისაა, რომ ამჟამად დამნაშავე არც ციხეშია და არც საგიჟეთში!!! ანუ თავისუფალია... დაუშვებელია, რომ ასეთი ადამიანი თავისუფლად დაიარებოდეს ქუჩაში... ესაა უპასუხისმგებლობა და განუკითხაობა, რაც ხდება...
00:42 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS