15 სექტემბერი, 2013
უნივერსიტეტის კიბიდან გვანცა ადამიას გადმოგდებაში დამნაშავე პატიმრობას გადაურჩა
ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ჯერ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ალბათ შორია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება გოგონა, რომელიც უნივერსიტეტის მესამე სართულიდან გადმოაგდეს, თავს უკეთ გრძნობს. უკვე საწოლიდანაც წამოდგა და ნელ-ნელა ადაპტაციასაც გადის, თუმცა ის ტკივილები, რომელიც საზარელ შემთხვევას უკავშირდება, გვანცა ადამიას ჯერ კიდევ ახსენებს თავს. უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და იმ ტრაგედიის დავიწყებას ცდილობს, მის ცხოვრებას ამხელა დაღი რომ დაასვა. მოძალადე ვანო ღონღაძე შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა, ის პოლიციას
თავად ჩაჰბარდა. ექსპერტიზამ ვანოს ქრონიკული შიზოფრენია დაუდგინა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. ამ ფაქტით გვანცა ადამიას ოჯახის წევრები უკმაყოფილონი არიან. მათ სარჩელი შეიტანეს საქალაქო სასამართლოში, მორალური და მატერიალური ზიანისთვის კომპენსაციას ითხოვენ. ჩვენ ვანო ღონღაძის ადვოკატს და გვანცა ადამიას და მისი ოჯახის წევრებს დავუკავშირდით და ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ.

ლალი ჩირიკაშვილი (ვანო ღონღაძის ადვოკატი):
- ვანოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. როგორც ვვარაუდობდი, ჩემს კლიენტს ქრონიკული შიზოფრენია დაუდგინდა, ანუ დანაშაულის ჩადენის მომენტში ვერ აკონტროლებდა თავის ქმედებას. ახლა იძულებითი მკურნალობა მიესაჯა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს. მისი ციხეში გაჩერება არ შეიძლებოდა. შესაძლებელი იყო, კიდევ ვინმე დაეშავებინა, ან საკუთარი თავისთვის აეტეხა რამე. შიზოფრენია განუკურნებელი დაავადებაა, მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.

ამის შემდეგ გვანცა ადამიას დავუკავშირდით...

- გვანცა, როგორ ხარ?
- უკეთ ვარ, ნელ-ნელა ვიწყებ სიარულს. ზოგჯერ წელი მტკივა, მალე ვიღლები, დიდხანს ფეხზე დგომა არ შემიძლია, მაგრამ ყველაზე საშინელი ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, ტრავმები, რომლებიც ამ შემთხვევის შედეგად მივიღე, ჯერ კიდევ არ მომშუშებია. ნაიარევი, რომელიც სხეულზე მაქვს, მუდმივად მახსენებს იმ საშინელებას, რომელიც თავს გადამხდა... 13 გამოცდა სახლში ჩავაბარე. კომისიის წევრები სახლში დადიოდნენ. 16 სექტემბრიდან მეწყება სწავლა და მალე უნივერსიტეტშიც გავალ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიმყოფები, ჯერ საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ალბათ შორია, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- ვანო გაუთავისუფლებიათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. ამაზე რას ფიქრობ?
- ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო. ახლა ხონში, ფსიქიატრიულში მკურნალობს. ეჭვი გვაქვს, რომ ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია. ისეთი დასკვნა წავიკითხე, მშობელი რომ ვერ დაუწერს შვილს... არანაირი დაკვირვება, სამედიცინო ჩარევა არ ჩაუტარებიათ, ჩემი აზრით, მონათხრობს დაეყრდნენ. ვუჩივი მის მშობლებს, რომ მორალური და მატერიალური ზიანი აანაზღაურონ. არანაირი დახმარება მათგან არ მიგვიღია, მხოლოდ მიზერული. დედამისი ბოლოს შეტევაზე გადმოვიდა, აქეთ დამდო ბრალი შემთხვევის ინსცენირებაში. შენი ბრალია, ჩემი შვილი ამ მდგომარეობაში რომ არის, იქ რომ არ მდგარიყავი, ხომ არ გაუჩნდებოდა შენი გადაგდების სურვილიო. ჩემს შვილს სისასტიკე არ ახასიათებდა, ნაზად გადმოაგდო გვანცაო, ასე ამბობს. ისიც კი თქვა, შიზოფრენია გენიოსების დაავადებაა, აინშტაინსაც ჰქონდა შიზოფრენია და მერე რა მოხდა, ხალხში გაერევა, ცოლსაც შეირთავს და ვინ იცის, იქნებ გვანცაც გახდეს მისი მეორე ნახევარიო. ნეტავ რატომ უნდოდა გვანცას დედას ჩემი შვილის ციხეში ყოფნა და დასჯა, მე იმ შემთხვევაში დავეხმარებოდი, თუ ჩემს შვილს პატიმრობის წლები მოაკლდებოდა, ახლა კი მღვდელს ვკითხავ და ის რასაც მეტყვის, იმდენით დავეხმარებიო. მე ჩემი შვილი მყავს მისახედი და სამკურნალოო... აბა, როგორ, ჩემი ვანიკო ხალხში გაერევა, მე ჩემს შვილზე უარს არ ვიტყვი, რატომ გადმოვიდა გვანცა სამედიცინო უნივერსიტეტიდან, ალბათ ვერ ისწავლაო... მე ვიყავი ექიმთან, გავიგე გვანცას მდგომარეობა და ისეთი არაფერი სჭირსო. გადამირიეთ შვილი და კიდევ აქეთ გაქვთ პრეტენზიებიო? ფსიქიატრიულიდანაც კარგი ამბები მოდის, მალე გამოვა და ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებაო... მოკლედ, ეს ქალი აბუჩად იგდებს ჩემს სულიერ, ფიზიკურ და მორალურ ტრავმას.
- ახლა რას ითხოვთ?
- მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვთ მისი მშობლებისგან. როგორც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, მას 11 წლის ასაკში დაუდგინდა შიზოფრენია, ციკლადოლი დაუნიშნა ექიმმა თურმე. ე.ი აქედან დასტურდება, რომ მშობლებმა მისი ავადმყოფობის შესახებ იცოდნენ და მალავდნენ, რატომ არ მოახდინეს რეაგირება, რატომ გარიეს ხალხში?

შორენა თვალთვაძე (გვანცა ადამიას დედა):
- თავიდან სხვანაირად ლაპარაკობდა ვანოს დედა, მერე, როცა ექსპერტიზის პასუხი ჩაიგდო ხელში, ჰგონია, რომ თავი ქუდში აქვს და არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს.
- ექსპერტიზის პასუხში ეჭვი შეგაქვთ?
- ჩვენ საჩივარი შევიტანეთ პროკურატურაში, ჯერ პასუხი არ მიგვიღია. საქალაქო სასამართლოდან უარი მივიღეთ ამ საქმის გასაჩივრებაზე. პირველ რიგში ერთი ლოგიკური კითხვა მაქვს - ვინ დაიცავს ჩემს შვილს?! ის დამნაშავე შეიძლება რამდენიმე თვეში გამოვიდეს ფსიქიატრიულიდან და მე როგორ უნდა ვიყო მშვიდად?! ამ კითხვაზე პასუხს ვერავინ მცემს. პარლამენტსაც მივმართე განცხადებით, მაგრამ პასუხი არსაიდან ჩანს. თუ შეურაცხადია, დიდი ხნით უნდა დარჩეს ფსიქიატრიულში, სხვანაირად ვერ ვიქნები მშვიდად. მოგეხსენებათ, ჩემი შვილის უსაფრთხოების გარანტიას არავინ მაძლევს. პირველი, რაც ვანოს დედას ვკითხე, როცა ის საავადმყოფოში მოვიდა, იყო: `ხომ არ ჰქონდა თქვენს შვილს რაიმე ფსიქიკური გადახრა?~ რაზედაც კატეგორიული უარი განაცხადა, არასდროსო, - თქვა. ექსპერტიზის დასკვნიდან კი საპირისპირო დასტურდება, კერძოდ ის, რომ ვანო 11 წლის ასაკიდან დაჰყავდათ მშობლებს ფსიქიატრთან... დავამშვიდე ვანოს დედა, ნუ ტირით, ქალბატონო, დამშვიდდით, თქვენ ხომ არ გინდოდათ, თქვენს შვილს ეს გაეკეთებინა, თქვენ რა შუაში ხართ-მეთქი. ამის შემდეგ მომვარდა და მაკოცა, ამას ნათესავები ხედავდნენ. ასე თქვა, რა ვიცოდი, თქვენნაირი ხალხი თუ დამხვდებოდა აქ, ცალი ხელი გვანცასკენ მექნება მთელი ცხოვრებაო. აი, ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე... არ გავჩერდები. ამ დღეებში ვაპირებ შეხვედრას პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან, რაშიც მეხმარებიან... შემდეგ გავმართავ პრესკონფერენციებს და ასე გავაგრძელებ, სანამ არ მივაღწევ სამართალს. არავის არ შევარჩენ ჩემი ერთადერთი ქალიშვილის გამწარებას! ეს ყველაფერი იმის ბრალია, თავიდან ადამიანურად რომ მოვექეცი...

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 42 /
heavy_metal
ნინო....სანამ თქვენს სიბრძნეებს გვაზიარებდეთ ჯერ სტატია წაიკითხეთ, სადაც ნათლად წერია, რომ ვანო ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაშია მოთავსებული ლელა.....თქვენი შეურაცხმყოფელი მიმართვით დაწყების შემდეგ თქვენთან რაიმე საღ აზრზე ლაპარაკი, რომ შეუძლებელია მაგას ვხვდები, მაგრამ რაღაცას გეტყვით...თქვენი აზრით დამნაშავე უნდა გავთელოთ, გდავუაროთ, დავჩეხოთ? ადამიანს ადამიანის გამოსწორების უფლება აქვს, მისი დასჯის უფლება კი მხოლოდ ღმერთს აქვს...ციხის მიზანიც სწორედ ადამიანის გამოსწორებაა, ისევე როგორც ფსიქიატრიული საავადმყოფოსი. ერთ რამეს გირჩევთ წადით ბიბლიოთეკაში და მიხეილ ჯავახიშვილის "ეშმაკის ქვა" წაიკითხეთ, მერე როგორი აზრი გექნებათ მაინტერესებს, მაგრამ მეეჭვება რამე გაიგოთ... რაც შეეხება მშობლის ადგილზე თავის წარმოჩენას...მე რომ მშობელი ვყოფილიყავი არ ვიცი რას გავაკეთებდი, შეიძლება აფექტში მყოფს თავი ვერ გამეკონტროლებინა და მომეკლა კიდეს, მაგრამ ამის თქმა დანამდვილებით შემძლია, რომ კომპენსაციას არ მოვითხოვდი...
13:53 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მე მგონი, ყველაფერს სჯობს, თქვენი შვილის უსაფრთოების მიზნით,რომ სხვა ქალაქში გადახვიდეთ საცხოვრებლად. და შესაბამისად საბუთებიც იმავე ქალაქში გადაიტანოთ სასწავლებლად. ძალიან ძნელია, მაგრამ იქნებ მართლაც ასე სჯობდეს, ცოტა მშვიდად იქნებით. მაგათთან ჭიდილს კი აზრი არ აქვს, უფრო გაამძინვარებთ და არც მაგათი მატერიალური ანაზღურება გინდოდეთ. უფალი ყველას თავად გასცემს პასუხს. თვქნთვის მთავარი შვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.
12:08 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
მეტალი ხარ თუ რკინისყურა, რაც ღონღაძემ ჩაიდინა, გააცნობიერე ის წამები გვანცასთვის და შეუსაბამე შესაფერისი სასჯელი იმ მკვლელს. გოგო შემთხვევითაა გადარჩენილი. რა სირცხვილია, ვანოსკენ ხელს რომ გაიშვერენ, ეს ისაა , ესა და ეს რომ ჩაიდიმა და ნახე რა მაგარია ,გარეთააო. ამიერიდან რაც გინდა სისაძაგლე ჩავიდინოთ და კი არ დაგვსჯიან, ჩვენს გამოსწორებაზე იზრუნებენ. ყოჩაღ, ადვოკატს. ჯერ ისაა გასასამართლებელი.
09:13 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
საინტერესოა, თქვენი შვილი რომ იყოს გვანცას ადგილას, მაშინ როგორ ალაპარაკდებოდით... თუ ფსიქიურად ავადაა და ადამიანებისთვის საშიშია დამნაშავე, მაშინ ფსიქიატრიულ კლინიკაში უნდა მოათავსონ. თუ არადა ციხეში! საერთოდ, ასეთი მძიმე დანაშაულის ჩამდენი ავადმყოფების განკურნება ვერ ხდება ხოლმე და ისინი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ... კანონით გათვალისწინებულია მსგავს შემთხვევებში დაზარალებულისთვის მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანისათვის ფულადი კომპენსაცია და თქვენ რა უფლება გაქვთ ამ ფულს ბინძური ფული უწოდოთ?! ბინძური ამ შემთხვევაში თქვენი აზროვნებაა და თქვენი კომენტარი კი ყოვლად ამაზრზენი!
02:27 / 18-09-2013
გამოხმაურება / 0 /
heavy_metal
ღმერთს მადლობა გადაუხადოს მაგ გოგომაც და დედამისმაც და თავი შორს დაიჭირონ ღონღაძეებისგან, ყველანაირი კავშირისგან თავი შეიკავონ...რა მორალური და მატერიალური ზიანი ? რა მოემატებათ ეგ თანხა რომ აიღონ, ბინძური თანხა იქნება და მეტი არაფერი...ან ციხეში ჩასმა რომ უნდათ, ფსიქეატრიულში ერთხელ მაინც თუ ხართ ნამყოფი დამეთანხმებით რომ ციხეზე უარესია, თან თუ გვანცა იურიდიულზე სწავლობს კარგად ეცოდინება, რომ სახელმწიფოს მიზანი ფსიქიურად დაავადებული ადამიანების გამოჯანმრთელებაა და არა ხალხისგან იზოლირება.
19:29 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ნინო კარგად ასაბუთებს ყველაფერს. თამუნა შენი პოზიციაც გასაგებია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემტხვევაში ის ბიჭი დასასჯელია: მოკლედ ან ციხეში ან ფსიქიატრიულში მოსატAვსებელი და არა დროებით სამკურნალო. თუმცა თავი და თავი ისაა, რომ დასკვნა გაყალბებულია.
15:39 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თამუნა, ხოდა არც შიზოფრენიით ავადმყოფები გაულანძღავს აქ არავის ზოგადად... ამიტომ, არ ვიცი შენი გამოსარჩლება აქ რა საჭიროა... აღმაშფოთებელი თვითონ სიტუაციაა, როდესაც დამნაშავე შეურაცხადად ცნეს, ისე რომ არანაირი სამედიცინო დასკვნა არ ყოფილა საქმეში... აი, გიკოპირებ სტატიის ტექსტს: "ექსპერტიზამ შეურაცხადად ცნო. ახლა ხონში, ფსიქიატრიულში მკურნალობს. ეჭვი გვაქვს, რომ ექსპერტიზის პასუხი გაყალბებულია. " ------ აქედან ასკვნი შენ, რომ ეს ბიჭი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავესეს?! არავის არ მოუთავსებია იქ... მხოლოდ მკურნალობას გადის (დროებით) და ძალიან მალე თავისუფლად შეეძლება ხალხში სიარული...ხოლო თუ გავითვალისწინებთ მისი დედის უპასუხისმგებლო განცხადებებს და საქციელს, მაშინ ძალიან დიდი შანსია, რომ მსგავსი ინციდენტები განმეორდეს... ხოდა, სწორედ ამ ფაქტზეა აღშფოთებული ხალხი და ზოგადად ყველა ავდმყოფს არავინ ერჩის აქ და არც მათ იზოლაციას ითხოვს... იზოლაცია და მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდებათ, მხოლოდ ისეთ მძიმე ავადმყოფებს, რომლებიც საშიშები არიან საზოგადოებისთვის.
12:33 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ჰო კიდევ, ნინო, ბოლოს რაც დაწერე, მეც მაგას ვამბობ. ის არც მე მითქვამს ადამიანმა ხალხს ზიანი მიაყენოს, ვინმე მოკლას და მაინც თავისუფლად იყოს, იარსებოს და საზოგადოებაში გაერიოს მეთქი
12:22 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გიო, გვანცას დედამ არ იცოდა, რომ ეგ ბიჭი ფსიქიურად ავადმყოფი იყო... ლამაზ გოგონებს ბევრი თაყვანისმცემელი ყავთ ხოლმე და ბევრი ბიჭი დასდევთ... ეტობა, მანიაკალური შიზოფრენიის ვერაფერი შეატყვეს მაგ ბიჭს, თორემ რა თქმა უნდა, თავიდანვე მოერიდებოდნენ და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს... მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ამ ბიჭის დედა ვერ აცნობიერებს საკუთარი შვილის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ყოვლად უპასუხისმგებლოდ იქცევა...
12:21 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
დედამისს არც მე არ ვამართლებ და არც რამე მითქვამს. ნინო, ეს ბიჭი თავისუფლად არ დადის, ფსიქიატრიულში იმყოფება, ამაზე გითხარი თუ წაიკითხე ყურადღებით მეთქი. ამ ბიჭს სულაც არ ვუწევ ადვოკატობას და არც მის გამართლებას ვცდილობ. ამ შემთხვევაში გვანცას ვეთანხმები და მიმაჩნია რომ უნდა აუნაზღაურდეს ის ხარჯები მაინც რაც მის მკურნალობას დასჭირდა ან დასჭირდება. ხმას აღარ ვიღებ, ჯანდაბას, რამდენჯერ გავიმეორე რომ ამ ბიჭზე არ მქონდა საუბარი და მაინც ამას მედავებით : )) ლანძღეთ ქვეყანა, სასამართლო, ადვოკატები, ექსპერტები, საზოგადოეა, ლანძღეთ ყველა და იყავით ეგრე : )
12:20 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS