- ნუკა, მუსიკალურ კონკურს „გოლდენ ტალანტიდან“ გაგიცანით. მახსოვს, მაშინ პროექტი გულდაწყვეტილმა დატოვე და ამბობდი, რომ საქართველოში ჩატ
- „გოლდენ ტალანტში“ რომ ვმონაწილეობდი, მაშინ „საქართველოს ვარსკვლავი“ არ იყო. იმ მომენტში საკუთარი თავით უკმაყოფილო არ ვყოფილვარ. ცოტა ხანი მქონდა ხელი ჩაქნეული. ძალიან დიდხანს ვემზადებოდი, რომ უფრო დავხვეწილიყავი. მგონი, შედეგი მივი¬ღე. ჩემს ძველ და ახალ ნ-მღერს რომ ვუსმენ, მგონია, რომ პროგრესი განვიცადე. „საქართველოს ვარსკვლავის“ პირველ სეზონს რომ ვუყურე, ძალიან მომეწონა. ობიექტური შეფასებები იყო. ბევრი მეუბნებოდა, მეორედ კონკურსში რატომ არ გადიხარო. ჩემი ოცნება ყოველთვის დიდ სცენაზე დგომა იყო. გადავწყვიტე, აქ გამოვსულიყავი. სულ ორი კონკურსი იყო და თან მინდოდა, სცენაზე გამოსვლის კომპლექსი დამეძლია. სხვათა შორის, „გოლდენ ტალანტი“ ნაწილობრივ ამ კომპლექსის მოხსნაში დამეხმარა. „საქართველოს ვარსკვლავში“ რომ გადავწყვიტე მონაწილეობა, გამარჯვებასა და პირველობაზე საერთოდ არ მიფიქრია. მხოლოდ საკუთარი თავის გამოცდა მსურდა. მაინტერესებდა, ხალხი როგორ მიმიღებდა და ამდენი სითბო რომ ვიგრძენი, ძალიან ბედნიერი ვარ. ე.ი. გავამართლე ჩემი და ჩემი მშობლების იმედები.
- ახლა, როდესაც ხალხმა თბილად მიგიღო და ფავორიტებში მოიაზრები, თუ ფიქრობ, რომ შეიძლება პირველ კი არა, მეორე ან მესამე ადგილზე გახვიდე?
- მეორე და მესამეზე კი არა, შეიძლება შემდეგ ტურზევე დავტოვო პროექტი, მაგრამ ამ ყველაფერზე არ ვფიქრობ. ჩემთვის სტატუსი არაფერს ნიშნავს. მთავარია, ადამიანები როგორ შემხვდნენ და როგორ მიმიღეს. დედაჩემმა სხვანაირად გამზარდა და ასეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ.
- ეკას თუ აქვს შენიშვნები შენს გამოსვლასთან დაკავშირებით?
- რა თქმა უნდა, შენიშვნები აქვს. სულ მეუბნება, სცენაზე რომ დგახარ, უნდა გასწორდეო, უფრო მეტი ემოციით იმღერე სიტყვებიდან გამომდინარე, ხალხს ელაპარაკე, დიაფრაგმიდან იმღერე და ყელიდან ნუ მღერიო. მოკლედ, ეკა ბევრ შენიშვნას მაძლევს.
- გამოდის, დედა ძალიან კრიტიკულია.
- ნამდვილად ასეა. ჩემთვის კარგი უნდა და მის კრიტიკას ყოველთვის მივიღებ ყველანაირი ფორმით, იმიტომ, რომ ჩემი დედაა და მუსიკაში ძალიან ბევრი რამ ესმის, თან ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. შეიძლება სხვამ ვერ გაიგოს, მაგრამ დედა ჩემს ერთ პატარა შეცდომასაც კი ხვდება.
- კონცერტის დროს ხშირად აჩვენებენ ეკა კვალიაშვილს და ჩანს, როგორ ემოციურად გგულშემატკივრობს.
- ეკას ჩემს სიმღერაზე ცრემლები წამოსვლია და ეს გამიხარდა.
- საკუთარ ნამღერზე რას იტყვი, აკეთებ შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს?
- ძალიან თვითკრიტიკული ვარ. ყოველთვის მინდა, უფრო უკეთესად ვიმღერო. პირველი სიმღერისას რამდენიმე ჩავარდნა მქონდა ხმაში. ასეთი მომენტები არ მაქვს ხოლმე, მაგრამ გადაღლილობისა და ემოციებისგან იმდენად გამოვიფიტე, რომ პირველ კონცერტზე ასეთი რამ მოხდა. მეორე კონცერტზე უკვე ერთი ჩავარდნა მქონდა და მინდა აღვნიშნო, რომ ესეც პროგრესია. იმას არ ვიტყვი, რომ პირველ ორ კონცერტზე ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმი გავაკეთე, საკუთარი თავისგან უფრო მეტს მოველი და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამპარტავანი ვარ. ბევრმა ეს ამპარტავნებად ჩათვალა. უბრალოდ, თვითკრიტიკული ვარ.
- პირველ ტურში უიტნი ჰიუსტონის სიმღერა რომ შეასრულე, შალვა რამიშვილმა „ფეისბუქზე“ გაგაკრიტიკა. შალვას აზრით, ასეთი სიმღერა დამწყებმა მომღერლებმა კონკურსებზე არ უნდა შეასრულონ...
- ამის შესახებ არაფერი ვიცი. „ფეისბუქზე“ ძალიან ბევრი მწერს. როდესაც ათასი ადამიანი დადებითად გაფასებს და ხუთი ან ათი კომენტარი გამოერევა ცუდი, ამას მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ათასი რომ მწერდეს ცუდს და ათი კარგს, ვიტყოდი, რომ რაღაცაშია საქმე. ნერვები არ მეშლება ცუდ კომენტარებზე, ბოლომდე არც კი ვკითხულობ მათ. ხელოვანი ადამიანი რამდენიმე ადამიანის ნათქვამზე არ უნდა იბოღმებო¬დეს. თუ ასე გემართება, მაშინ არ ხარ ხელოვანი. უიტნი ჰიუსტონზეც კი წერდნენ, თავიდან ვერ მღეროდაო და მე რომ ვიღაცამ რამე მითხრას, ცუდი რეაქცია რატომ უნდა მქონდეს? ამიტომ საერთოდ არანაირი რეაქცია არ მაქვს.
- „საქართველოს ვარსკვლავში“ რაც გამოჩნდი, ალ¬ბათ მამაკაცების მხრიდანაც გრძნობ ყურადღებას, ეს ხომ არ აღიზიანებს შენს მეუღლეს - ნიკუშა კობახიძეს?
- ისევე როგორც სხვა მამაკაცს არ მოეწონებოდა, მასაც არ მოსწონს რაღაცები, მაგრამ ამასთან ერთად ისიც უხარია, რომ ყველაფერი კარგადაა. მეუღლე გვერდში მიდგას, რისთვისაც მადლობელი ვარ. მან მიბიძგა კონკურსში მონაწილეობისკენ. ბევრი ამბობს, რომ პირადი ცხოვრება და კარიერა ერთმანეთს ვერ ეწყობა, მაგრამ ვიტყოდი, რომ მე ძალიან გამიმართლა.
- ისეთი იმიჯი გაქვს, ვერ წარმომიდგენიხარ მზრუნველი მეუღლის როლში. დიასახლისობა გეხერხება?
- ბევრს ვერ წარმოუდგენია, მაგრამ ძალიან გემრიელი საჭმელების გაკეთება შემიძლია. მშვენიერი კულინარი ვარ. ქართულ კერძებსაც ვამზადებ და უცხოურსაც. ვერ ვიტან სიბინძურეში ჯდომას. სახლში რომელ საათზეც უნდა მივიდე და როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, სანამ ბოლომდე არ დავალაგებ სახლს და ბოლომდე არ მოვაწესრიგებ, ერთ ადგილას ვერ ვისვენებ. ჩემს თავს სისუფთავის ავადმყოფს ვეძახი.
- ერთადერთი დიასახლისი ხარ ოჯახში?
- კი, და თან ძალიან ძლიერი, მამამთილი ცეცხლს მეძახის. სულ მეუბნება, სწრაფი ხარ დალაგებაშიო. იმიჯით ბევრ რამეს ვერ გაარკვევ. რომ შეხედავ ადამიანს, შეიძლება სულ სხვა რამ იფიქრო, მაგრამ როდესაც გაიცნობ და მიხვალ მასთან სახლში, მერე გეცვლება შთაბეჭდილება.
- დედამთილი არ გყავს?
- მყავს, მაგრამ კანადაში ცხო¬ვრობს. სამუშაოდაა წასული. მგულშემატკივრობს და მიზიარებს იდეებს. ძალიან მიყვარს ნიკუშას დედა. მე და ნიკუშა შვიდი წელია ერთად ვართ და, ფაქტობრივად, ნიკუშას დედამ გამზარდა. ნიკუშა კი დედაჩემმა გაზარდა. ჩემი და ნიკუშას მშობლებს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ.
- „საქართველოს ვარსკვლავის“ ჟიურის წევრები სულ გეუბნებიან, ნებისმიერი ქვეყნის სცენაზე შეგიძლია გამოხვიდე და იმღეროო. თუ გეგმავ, რომ მომავალში კიდევ სცადო ბედი კონკურსში?
- ზოდიაქოთი სასწორი ვარ, შეიძლება, ძალიან მყარად მქონდეს გა-დაწყვეტილი რამე, მაგრამ მეორე დღე გათენდეს და სხვა აზრი გამიჩნდეს. საქართველოში აღარ მგონია, სხვა კონკურსში მივიღო მონაწილეობა, თუმცა მომავალში რა დონის კონკურსები იქნება, მაგასაც გააჩნია. ყველა მონაწილე ემოციურად ძალიან ვიღლებით. ყვე¬ლანი დავმეგობრდით და ყოველ კვირას რომ ერთი წევრი გვაკლდება, გული ძალიან გვწყდება. ხალხს შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენ კონკურენტები ვართ, მაგრამ ამავე დროს, როცა მეგობარი ეთიშება კონკურსს, ეს ძალიან რთულია, იმიტომაც არ გავალ კიდევ კონკურსზე, რომ ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ არ გავიარო.
- იმიჯი თუ მოგწონს, რომელსაც გირჩევენ კონკურსებზე, შენს სურვილს თუ ითვალისწინებენ?
- ზოგადად კაბის მოყვარული არ ვარ, მაგრამ პირველ ტურში კაბა რომ მეცვა, სცენაზე ლამაზად ჩანდა. თავიდან როგორც გამოვიყურებოდი, დიდად არ მომეწონა, მაგრამ მერე რომ ვუყურე, ვფიქრობ, რომ ის ჩაცმულობა სცენას მოუხდა.
- სოციალურ ქსელში წერდი, ჩემი გრძელა ქერა თმა მენატრებაო...
- ძალიან მიყვარს თმის ფერის ცვლა. ახლა მოკლე თმა იმიტომ მაქვს, რომ დამეწვა. ზოგი შოპინგს მოჰყავს კარგ ხასიათზე, ჩემი ჰობი კი თმის ფერის ხშირი ცვლაა.
- ყველაზე უცნაური რა ფერის თმა გქონია?
- მქონდა ძალიან ხასხასა წითელი თმა, მერე ზემოთ ქერა და ბოლოში ბორდოსფრად შეღებილი თმით დავდიოდი. ერთხელ ღია ვარდისფერი თმაც მქონდა. ბავშვობაში, მერვე კლასში რომ ვიყავი, ცეცხლისფრად მქონდა თმა შეღებილი და ამის გამო სკოლაში პრობლემები მექმნებოდა.
- გითხრეს, სკოლიდან გაგაგდებთ, თუ ბუნებრივი ფერის თმას არ დაიბრუნებო?
- ამბობდნენ, ბავშვი ნუკასთან არ ამეგობროთ, სხვებსაც ჭკუიდან გა-დაიყვანსო. ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავი. უფრო სწორად, რაც მომინდებოდა, იმას ვაკეთებდი. თუ მინდოდა, მივდიოდი და ტატუს ვიკეთებდი.
- როგორც ვხედავ, ბევრი ტატუ გაქვს ხელებზე...
- წელსა და ხელებზე მაქვს და მალე მთელ ზურგზე მექნება. მარცხენა ხელზე მაწერია, „ჩემი ცხოვრების ყოველი დღე ჩემი ისტორიის ფურცელია“. მარჯვენა ხელზე მაწერია „ლიჩი“. ლიჩი ჩემი ქმრის მეტსახელია და ჩვენი საყვარელი ონლაინთამაშის ერთ-ერთი პერსონაჟის სახელიცაა.
- ზურგზე რას დაიხატავ?
- არ მინდა, ხმამაღლა ვთქვა, რომ მერე იდეა არ მომპარონ. რომ გავიკეთებ, მერე ყველა ნახავს.
- მტკივნეული არ იქნება მთელ ზურგზე ტატუს გაკეთება?
- რეაქცია არ მაქვს. ყოველთვის ვამბობ, რაც არ გკლავს, გაძლიერებს-მეთქი. ტატუს გაკეთებით და წვრილი ნემსის ჩხვლეტით არ მოვკვდები. ეს ყველაფერი ძალიან მიტაცებს. პირსინგი მაქვს ჭიპზე. წარბსაც გავიხვრეტდი დიდი სიამოვნებით, მეუღლემ თუ დამრთო ნება.
- ბევრნაირად გქონია თმა შეღებილი და მეუღლეს რომელი უფრო მოეწონა?
- ყველაფერი მოსწონდა, ერთფეროვანი არ ვიყავი. ხშირად ვიცვლებოდი. ახლა თვითონაც ჩემი ქერა, გრძელი თმა ენატრება. მაგრამ ასეც მოსწონს. უბრალოდ, მოკლე თმა ჩემთვის ცოტა მოსაბეზრებელია. მიჩვეული ვიყავი წელამდე თმას. ვამბობდი, სანამ არ გავიზრდი, აღარ შევიღებავ-მეთქი, მაგრამ ცოტა ხნის წინ ცუდ ხასიათზე ვიყავი და გამახსენდა, რომ სხვადასხვა ტონალობის წითელი საღებავები მქონდა სახლში, შევურიე ერთმანეთს, შევიღებე და ხასიათზე მოვედი.
- მეუღლე რას საქმიანობს?
- უნივერსიტეტში სწავლობს ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე.
- სიმღერის გარდა კიდევ რა გეხერხება?
- ხატვა მიყვარს ძალიან. ხატვის ნიჭიც გენში გვაქვს. შეიძლება, ცუდ ხასიათზე ვიყო, მაგრამ რომ ვხატავ, მთელი ჩემი ემოცია ფურცელზე გადამაქვს. ახლაც, ეს პროცესი რომ გამახსენდა, რაღაცნაირად დავმშვიდდი. ბავშვობაში სოლფეჯიოსა და ფორტეპიანოზე დავდიოდი, მაგრამ გამოვედი. ახლა ვნანობ, ასე რომ მოვიქეცი. რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა რომ მცოდნოდა, ახლა გამომადგებოდა. იმპროვიზირებით ვწერ სიმღერებს თავისი ტექსტებით, მაგრამ დაკვრა რომ ვიცოდე, უფრო კარგ სიმღერებს დავწერდი.
- როგორი დამოკიდებულება გაქვს დედის სიმღერებთან? გითქვამს, მე მის სიმღერებს ვერ შევეხები და ვერასდროს ვიმღერებო.
- პირიქით, მეამაყება, თუ დედაჩემის შესრულებულ სიმღერას ვიმღერებ. ამ დროს პასუხისმგებლობაც მეტია.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“