- გადავედი „იმედზე“ . მქონდა შემოთავაზება ამ ტელევიზიიდან, ძალიან მომეწონა და დავთანხმდი. „მაესტროსთან“ ცუდად არ მოვქცეულვარ. ველაპარაკე ღლონტს და ისე გადავედი.
- მამუკას არ ეწყინა ან პრეტენზია არ ჰქონია?
- მითხრა, რომ შენი გადასაწყვეტია და ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ ჩათვლიო და ჩავთვალე საჭიროდ „იმედზე“ გადას-ვლა. „მაესტროზე“ დიდი რაოდენობით მაყურებელი გვყავდა, მაგრამ „იმედზე“ ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე და შინაურული გარემო მქონდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ „მაესტროზე“ არ მქონდა იგივე გარემო. უბრალოდ, ასე გადავწყვიტე.
- „მაესტროზე“ გავლილი ერთი სეზონი შეაფასე. შენი და ნიკას გადაცემამ მოიპოვა ის პოპულარობა, რომელსაც ელოდით?
- ნამდვილად მოიპოვა, ამას ცხადყოფს კარგი რეიტინგი, რომელიც გვქონდა.
- შენი და ნიკას დუეტი პოპულარობას არ კარგავს, ოღონდ „ტოროლას“ დროინდელი.
- ამდენი წელი გავიდა და ჩვენი დუეტი ისევ აქტუალურია. ხალხი ქუჩაში მხვდება და იხსენებს ჩვენს დუეტს. მართლა კარგი ტანდემი იყო, თუმცა თავად ვერც ერთ სამსახურს ვერ გამოვყოფ. მგონია, რომ ყველა სამსახური ჩემთვის წარმატებული გახლდათ.
- „იმედზე“ რა ხდება?
- ახალი სეზონისთვის ვემზადებით და დიდი სამუშაო მიდის. დღეს ჩემს შვილს დავუთმე დრო სტომატოლოგთან ვიზიტის გამო და სამწუხაროდ, ახლა არ ვარ სამსახურში. მაგრამ ხვალიდან ისევ კალაპოტში ჩავჯდები, ახლაც იქ უნდა ვიყო ყველა ვარიანტში, უბრალოდ, ლილუ მყავდა ექიმთან წასაყვანი. ვიწყებთ ახალ სეზონს და გვინდა, კარგად დავიწყოთ. ეს იქნება ისევ „დღის შოუ“ , თუმცა ვისთან ერთად, ამას ეთერში ნახავთ. ერთს გეტყვით, რომ იმ ძველი სამეულიდან ამ ეტაპზე მხოლოდ მე ვარ. ვინ იქნება ჩემთან ერთად, ამას პრომოებში იხილავთ ნელ-ნელა. ახალი ველოსიპედის გამოგონებას არავინ აპირებს. ეს არის სტანდარტული შუადღე. იცით, რა სჭირდება ადამიანს შუადღეს - ინფორმაცია, რაღაცაზე მსჯელობა, აქტუალური თემები. რა თქმა უნდა, იქნება ცვლილებებიც ძველ შუადღის გადაცემასთან შედარებით.
- გამახსენდა „იმედზე“ „დღის შოუს“ დახურვა. განაწყენებული არ ყოფილხარ?
- არჩევნების შემდეგ ყველა გადაცემა დაიხურა. ამ დროს ღლონტი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და „მაესტროზე“ წავედი, მაგრამ არავისზე ნაწყენი არ ვყოფილვარ, არავის გავუგდივარ, არც ნაჩხუბარი ვარ ვინმესთან.
- „დღის შოუს“ სამეულში ია ფარულავა იყო, ახლა თუ იქნება ვინმე სკანდალისტი?
- (იღიმის) არ ვიცი, ამაზე რა გიპასუხო. ჯერ ვერაფერს გეტყვით. სექტემბრის შუა რიცხვებიდან, მეორე ნახევრიდან ეთერში ვიქნებით, როცა ახალი სეზონი დაიწყება.
- როგორ დაისვენე?
- მე და ლილუ პაკისტანში ვიყავით. ურეკში გახლდით, მაგრამ ფოტოებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ჟურნალისტი მირეკავდა და მეკითხებოდა, რა გინდა პაკისტანშიო.
- რატომ გაუჩნდათ ასეთი შეკითხვა?
- არაადეკვატურ გარემოში მოვხვდი. საქართველოს უამრავი კუთხე-კუნჭული მაქვს შემოვლილი, 33
გინდა ფეხით, გინდა ავტობუსით, გინდა მატარებლით, მაგრამ რაც ურეკში ვნახე, ის არსად მინახავს. ეს იყო ევროპულ-აზიური კულტურის სინთეზი. წყალში იყვნენ კაბიანი, ჩაცმულ-დახურული ქართველი ქალები და სიგარეტიანი მამაკაცები. ეს უკვე აღარ ვიცი, რა არის. წყალში ეწეოდნენ სიგარეტს და იქვე აგდებდნენ. იმავე დროს თავზე გადაგვიფრენდნენ ხოლმე პარაშუტით ტურისტები. კულტურული შოკი მივიღე. ფოტოებს ვიღებდი და „ფეისბუქზე“ ვდებდი. ბოლოს იმ ადამიანებს ღიად ვუღებდი ფო-ტოებს, მივდიოდი, ვეცნობოდი და პატარა ინტერვიუს ვიღებდი. მეუბნებოდნენ, გადამიღეთ, არ არის პრობლემაო. ვეკითხებოდი, რატომ არ იხდით-მეთქი. ორ ბებიასთან მივედი პირდაპირ ამ შეკითხვით. ურეკის ქვიშაში გორაობდნენ კაბებით. ამ სიცხეში კაბით რატომ სხედხართ სანაპიროზე-მეთქი, რომ ვკითხე, ერთ-ერთმა მიპასუხა, სანამ ამდენ რაღაცას გავიხდი, მზე კი ჩავაო. ამ კაბის ქვეშ პანტალონებიც ეცვათ და დიდი თავსაბურავები ეკეთათ (იღიმის). ამაზე ვერაფერი ვუპასუხე, კარგი, ასე გააგრძელეთ-მეთქი.
იქ ვნახე ბევრი ადამიანი, რომელსაც მაგნიტური ქვიშა სჭირდება. მგონი, დამსვენებელთა შორის ჩვენ ვიყავით ერთადერთი ოჯახი, რომელიც უბრალოდ ჩავიდა. ბევრი იყო ისეთი, რომელსაც ძვლების პრობლემა ჰქონდა.
- რატომ არ წახვედი ბათუმში?
- არ მიყვარს ბევრი ხალხი. გადავწყვიტე, რომ ქობულეთში ბევრი ხალხი იქნებოდა, ურეკში კი - ცოტა. ძალიან შევცდი, რადგან მსოფლიოს ეპიცენტრში მოვხვდი. თუმცა გამიმართლა, რომ კარგ სასტუმროში დავბინავდი. დუმბაძეების ოჯახს დიდი მადლობა ასეთი დახვედრისა და მოვლა-პატრონობისთვის, მათი ხათრით კიდევ ჩავალ ურეკში.
- რატომ არ გიყვარს ბევრ ხალხთან დასვენება?
- დასვენებად ის მიმაჩნია, როცა შენთვის წევხარ პლაჟზე, კითხულობ, არავინ გელაპარაკება, ბევრ ხალხში კი ამის საშუალება არ გაქვს. აუცილებლად ვიღაც მოვა, გეტყვის, წამოდი, ყავა დავლიოთო და ეს აღარ არის დასვენება. ლილუს მეგობარიც წავიყვანეთ. მინდოდა ოჯახურ წრეში დასვენება, სიმყუდროვეში და ასეც დავისვენეთ. ერთი კვირა ვიყავით ურეკში, ათი დღე გვინდოდა, მაგრამ წყალდიდობამ წაიღო და დროზე ადრე წამოვედით.
- სხვაგან ვერსად წახვედი?
- ვერ მოვასწარი, რადგან ურეკში დამირეკეს „იმედიდან“ . ლილუ კიდევ წავა დასასვენებლად.
- ძალების აღსადგენად გყოფნის ერთკვირიანი დასვენება?
- ჩემთვის მთავარია, დღეში ორი საათი მაინც ვიყო სიმშვიდეში. სახლშიც თუ არ დამელაპარაკებიან, ყველაზე კარგად ასეთ დროს ვისვენებ. ლილუც მისრულებს ამ სურვილს, რადგან ძალიან კარგი გოგოა.
- ნანიკო, დიდი ხანია, ეკრანზე ხარ. პოპულარობას მიეჩვიე თუ მაინც შემაწუხებელია?
- არ მესმის ადამიანების, რომლებსაც ხელს უშლის პოპულარობა. რაში უნდა მიშლიდეს ხელს? მაგალითად, დღეს, მარტო იმიტომ, რომ ტელევიზიით გამოვჩენილვარ და ჩემში პოზიტიური დაუნახავთ, ლილუს არცთუ იაფიანი აქსესუარი აჩუქეს. ამის გამო ადამიანი მადლიერი არ უნდა იყო?!.. შენ თავად დაესწარი დღეს შემთხვევას, როცა „ტოროლას“ პერიოდს იხსენებდნენ. ალბათ ამ გადაცემამ რაღაც პოზიტიური დაუტოვა. ბევრი დადებითი თვისება აქვს პოპულარობას.
- უარყოფითი? პირად ცხოვრებაზე არ აქვს გავლენა?
- არანაირი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, სამსახურთან ხშირად მხვდებიან ადამიანები, რომლებიც მთხოვენ ფულს, რომ შვილს ოპერაცია გაუკეთონ. ეს ჩემთვის მძიმე მოსასმენია, რადგან მართლა არ მაქვს ფული, რომ ოპერაციები დავაფინანსო. რომ მქონდეს, ალბათ, დავეხმარებოდი. ერთხელ მამუკა ახვლედიანს დავურეკე ერთი გაჭირვებული ოჯახის გამო და დიდი მადლობა მას, რომ დახმარება გაუწია. ამისი გაკეთება შემიძლია სხვისთვის, მაგრამ საკუთარი თავისთვის ვერავის ვერაფერს ვთხოვ. დამხვედრია ქალბატონი, რომელსაც უთქვამს, 17 ლარი მომეციო.
- პირადულს ვგულისხმობდი, ჭორები თუ არის შენზე?
- ჩემზე ჭორები ნაკლებად ვრცელდება რატომღაც და რაც ვრცელდება, ამას ასე ვუპასუხებდი - დე, ილაპარაკონ. თუკი შენზე არ ლაპარაკობენ, არც პოპულარული ხარ.
- მახსოვს „დღის შოუს“ პრომო, რომელიც გამოჩნდა ინტერნეტში, სადაც შენსა და ია ფარულავას შორის არცთუ ზრდილობიანი საუბარი შედგა.
- ეს პრომო ჩვენი სურვილით არ გავრცელებულა. პირიქით. პრომოს ვიღებდით, სადაც ხმა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. იას ძალიან ბევრი უნდა ელაპარაკა და მე გამეჩერებინა. ჩვენ არ ვიცოდით, რომ ეს ვიდეო რაღაცნაირად გავრცელდებოდა. დასჯილები ვიყავით ამ ვიდეოს გამო. დაგვიბარა „იმედის“ დირექტორმა გიორგი ლომინაძემ და გვითხრა, გამოძიება დაიწყო და დავადგენთ, საიდან აიტვირთაო. საბოლოოდ, დაადგინეს.
- გადაცემები სკანდალებით ხდება პოპულარული და ამბობდნენ, რომ ეს დაგეგმილი ვიდეო იყო.
- ეს არ იყო დაგეგმილი და პასუხი მაგებინეს, არა მგონია, რომ მაგდაგვარი რამ ჩემით ოდესმე გავაკეთო.
- ამდენი აქეთ-იქით სიარული ტელევიზიებში უხერხულობას ხომ არ გიქმნის? თან, იმ ფონზე, როდესაც მამუკა ღლონტმა განაცხადა, კადრებს მართმევენო.
- „იმედზე“ მარტო მე და სიჭი (თეა სიჭინავა) წამოვედით. თეაზე მართლა იდგა „მაესტრო“ , მაგრამ ჩემი წამოსვლით, არ მგონია, რომ „მაესტროს“ დიდი ძალა გამოვაცალე.
- შენსა და ნიკუშას გადაცემას სხვა წამყვანებით გააგრძელებენ?
- არა მგონია. ალბათ, სხვა გადაცემას დაიწყებენ.
ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“