23 მაისი, 2016
რატომ შეწყდა დიმიტრი შევარდნაძისა და ქეთევან მაღალაშვილის სიყვარული
2012 წლიდან ეროვნული გალერეა ფერმწერისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი შევარდნაძის სახელს ატარებს. ის ეროვნული გალერიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი მმართველი იყო. მისი თანამედროვეთა გადმოცემებიდან ვიგებთ, რომ ის არამხოლოდ გალერიის დაარსებასა და შემდგომ მის საგამოფენო პოლიტიკაზე ზრუნავდა, არამედ სხვა, ასე ვთქვათ ყოფითი საქმიანობის უშუალო მონაწილე ყოფილა. ''...საქმით გატაცებულს საკუთარი თავი არ ახსოვდა ხოლმე. უბრალო და შავი საქმის კეთებას არ თაკილობდა. ჩაცმასაც ყურადღებას არ აქცევდა. ერთხელ, სრულიად უბრალოდ ჩაცმული, გალერეის დარბაზს ჰგვიდა. შემოვიდა ვიღაც რუსი მხატვარი და
დირექტორი იკითხა. დიტო გაუძღვა თავის პატარა კაბინეტისკენ (შესასვლელში მარჯვნივ), დაჯდა მაგიდასთან და გააცნო თავი, როგორც დირექტორმა... - იგონებდა მხატვარი გიორგი ერისთავი.

***
შენობა, რომელსაც დღემდე ბევრი ''ცისფერი გალერეის'' სახელითაც მოიხსენიებს,
1888 წელს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებითა და ალბერტ ზალცმანის პროექტით აიგო. მასში რუსეთის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი, ე.წ. დიდების ტაძარი განთავსდა. მუზეუმს რუსეთის იმპერიის ძლევამოსილება უნდა წარმოეჩინა, რუსული იარაღის ძლიერებისა და დიდების სიმბოლო უნდა გამხდარიყო. დიდების ტაძრის ექსპოზიციის ევაკუაცია პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა, რითაც სამხედრო-ისტორიულმა მუზეუმმა არსებობა შეწყვიტა და მასთან ერთად დაიხურა ამ შენობის ისტორიის ერთი ფურცელი.

დიმიტრი შევარდნაძის ძალისხმევის შედეგად, 1920 წელს თბილისში საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა დაარსდა - დეკრეტსა და დებულებას ხელს ექვთიმე თაყაიშვილი და ნოე ჟორდანია აწერდნენ.


Rating


ეროვნული გალერეა ხდება სახელმწიფოს კულტურული პოლიტიკის გამტარებელი მთავარი ინსტანცია სახვითი ხელოვნების სფეროში. დიმიტრი შევარდნაძემ ამასთანავე გახსნა ეროვნული გალერეის პირველი დიდი ექსპოზია, რომელიც მოიცავდა მისივე ძალისხმევით შეგროვილ დასავლურ-ევროპული, აღმოსავლური ხელოვნებისა და ქართული ხელოვნების განყოფილებებს. გალერეასთანავე აფუძნებს ბიბლიოთეკას, რომელიც შენობის შუა ნაწილში მდებარეობდა და სადაც სხვებთან ერთად მცირე ხანს მუშაობდა ქეთევან მაღალაშვილიც.

ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუნქციონირების პირველივე წელს შეიქმნა მდიდარი წიგნსაცავი, ხელოვნების თემაზე გამოცემული იშვიათი ბიბლიოთეკა, რომელიც ''ქართველ ხელოვანთა საზოგადოებას'' უსასყიდლოდ გადასცა საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის ალექსანდრე სარაჯიშვილის ქვრივმა. მოგვიანებით მას შეემატა დიმიტრი შევარნაძის მიერ საქართველოს განათლების მინისტრის დახმარებით გერმანიიდან გამოწერილი აღმოსავლური ხელოვნების საკითხებზე გამოცემული იშვიათი წიგნები.

გალერეის შტატები შეზღუდული იყო: დირექტორი დიმიტრი შევარდნაძე, მისი მდივანი გიორგი ნათიბაძე, იქვე მუშაობს მეეზოვე იარალოვი, დარაჯი და ამავე დროს სადურგლო სამუშაოების მწარმოებელი, ხეზე კვეთის ოსტატი კოტე ბოტკოველი. მალე, გალერეის ფონდების მუდმივი მეთვალყურეობის მიზნით, დიმიტრი სამხატვრო გალერეის სარდაფში იდებს ბინას. ეხმარება მეეზოვეს და ამავდროულად დურგალსაც.

***
დიმიტრი შევარდნაძე გურიის სოფელ ბახვში, მასწავლებლის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა და-ძმა - მიხეილი და ნინო. ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ჭიათურის მარგანეცის გადამამუშავებელი შავი ქვის საბჭოს მეურვეობითა და ფინანსური მხარდაჭერით საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მისაღებად გაემგზავრა. მცირე ხანს ძმასთან ცხოვრობდა ციურიხში. 1907-1912 წლებში სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. საქართველოში დანიშნული სტიპენდია კი ჰქონდა, მაგრამ დამატებითი შემოსავალიც იყო საჭირო. რადგან დიმიტრის თანხები არ ჰყოფნიდა ატელიეს, მოდელის, საღებავების და სხვა ხარჯების დასაფარად, ამიტომ იგი ერთ-ერთ ფოტოატელიეს ფოტოგრაფთან რეტუშორად მუშაობდა და მალე თავადაც მიჰყო ხელი ფოტოსაქმეს.

პარალელურად დიმიტრი აქტიურად თანამშრომლობს იმ დროის ჟურნალ-გაზეთებთან, რომლებისთვისაც სხვადასხვა სახის ნახატებსა და კარიკატურებს ასრულებს.

მიუნხენში სწავლისას დიმიტრიმ აკაკი წერეთლის პორტრეტი დაუხატავს. 1915 წლის თებერვალში, როცა აკაკი წერეთელი მთაწმინდაზე დაკრძალეს, დამკრძალავი საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრის პაოლო იაშვილის თხოვნით, დიმიტრი შევარდნაძეს მეორედ დაუხატავს მწერლის პორტრეტი და მინდვრის ყვავილებით მხატვრულად გაუფორმებია აკაკის ნეშტის საჩხერიდან თბილისში გადმოსასვენებელი საგანგებოდ გამოყოფილი მატარებლის ვაგონი. ასევე მის მიერ იყო შესრულებული ცხედრის თავთან მოთავსებული მარიამ ღვთისმშობლის ფერწერული გამოსახულება XII საუკუნის ჭედური ხატის მიხედვით.


***
დიმიტრი შევარდნაძე 1916 წელს საქართველოში დაბრუნდა და ამ დროიდან საქართველოში ყველა კულტურული მოვლენის მოთავე თუ არა, მონაწილე მაინც იყო. მისი თაოსნობით დაარსდა "ქართველ ხელოვანთა საზოგადოება", რომელიც იყო მხატვართა პირველი პროფესიული ორგანიზაცია საქართველოში. დამფუძნებელ კრებაზე ის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. აღნიშნული საზოგადოება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის, თანამედროვე ხელოვნების შესწავლასა და მოვლა-პატრონობას. ''ქართველი ხელოვანთა საზოგადოებამ'' სტიპენდიები დაუნიშნა ახალგაზრდა ქართველ მხატვრებს: ლადო გუდიაშვილს, შალვა ქიქოძეს, ელენე ახვლედიანს, დავით კაკაბაძეს, შალვა ხმალაძეს და სხვებს და ქართველი მხატვრების პირველი ნაკადი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნა.

იგი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების, ქართული ისტორიული ძეგლების შესწავლასა და დაცვის საქმეში.
ფერმწერი კინოს მხატვარიც გახლდათ. სწორედ ის იყო ალექსანდრე წუწუნავას პირველი ქართული მხატვრული სურათის ''ქრისტინეს'' და სხვა ფილმების მხატვარი. ის ასევე აფორმებდა სპექტაკლებს და ქმნიდა კოსტუმის ესკიზებსაც.

დიმიტრი შევარდნაძემ ივანე ჯავახიშვილის დაკვეთით შეასრულა ახლაგდახსნილი ქართული უნივერსიტეტისათვის ბეჭდისა და გერბის ესკიზები. ასევე იყო ავტორი ეროვნული ფულის ნიშნების საფოსტო ესკიზებისა. საზოგადო მოღვაწემ და ეროვნული სამხატვრო გალერეის დამაარსებელმა დიდი მუშაობა გასწია თბილისის სამხატვრო აკადემიის გახსნაშიც.

აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა მუზეუმის კოლექციების დაკომპლექტების სფეროში. მას განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის XVIII-XIX სს ქართული პორტრეტული მხატვრობის ნიმუშების და ნიკო ფიროსმანის სურათების გამოფენის, თავმოყრისა და შესწავლა-პოპულარიზაციაში. შევარდნაძეს ფიროსმანი მიაჩნდა ეროვნულ მხატვრად, რომელსაც ყველაზე მეტად ჰქონდა კავშირი შენარჩუნებული ძველ ქართულ კედლის მხატვრობასთან. მან 1916 წელს მან მოაწყო ფიროსმანის ერთდღიანი გამოფენა. მიუხედავად სურვილისა, ვერ შეძლო გამოფენის გატანა საზღვარგარეთ. მოგვიანებით შევარდნაძემ სამხატვრო გალერეას გადასცა ფიროსმანის სხვადასხვა დროს შეძენილი 11 სურათი და მისი დამსახურებით ნიკო ფიროსმანაშვილის ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად იქცა.

***
გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ დიმიტრი თავის მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ვაკეში, ღუნიბის, შემდეგში ვასილ ბარნოვის ქუჩის #23-ში ცხოვრობდა. ტიციან ტაბიძის მეუღლე ნინო კი მხატვრის საცხოვრებელ გარემოს ასე აღწერდა: ''...დიტო უცნაურად, ლამაზად და არაჩვეულებრივად ცხოვრობდა. ეწვეოდით თუ არა ბარნოვის ქუჩაზე, მაშინვე სახლის სახურავზე მიგიპატიჟებდა, სადაც შეზლონგები იდგა, შავ ყავას მოგართმევდათ და იწყებოდა საუბარი სურათებსა და ახალ ლექსებზე... დიტოს ბინა პატარა მუზეუმს ჰგავდა, იქიდან ყველა მასპინძელზე შეყვარებული გამოდიოდა''

მიუნხენიდან დაბრუნებული დიმიტრი შევარდნაძე დაახლოებით ერთ-ორ წელიწადში ქეთევან მაღალაშვილს ხვდება. ქალი ახალი ჩამოსულია მოსკოვიდან, ის რუსეთის დედაქალაქში სასწავლებლად იყო წასული. მხატვრები დაახლოვდნენ და მალე ქალაქში მათი სიყვარულის შესახებ ლეგენდების მოყოლა დაიწყეს.

თავის საქმიანობიდან გამომდინარე რუსთაველზე გალერეაში ცხოვრება რომ დაიწყო, ქეთოს თავისი სახლი-სახელოსნო დაუთმო, სადაც ქალმა 30 წელზე მეტი იცხოვრა.

Rating


ეს არ იყო მოკლე რომანი, ფაქტობრივად ისინი არაოფიციალური ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ 1937 წელს მათი ურთიერთობა იძულებით შეწყდა, როცა დიმიტრი შევარდნაძე დააპატიმრეს. ამბობენ, რომ მშვიდი ხასიათით გამორჩეული ქალი, ძალიან შეიცვალა მას შემდეგ, რაც დიმიტრი ჩამოაშორეს. გულჩათხრობილი, სევდიანი გახდა და ყველაზე მეტს ტილოსთან და საღებავებთან აქტიურობდა. არ გათხოვილა. ბოლო 20 წელი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სახლში გაატარა და გარდაცვალების შემდეგ, დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

***
1937 წელს დიმიტრი შევარდნაძე საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი ხდება. სამსახურიდან აიყვანეს, მაგრამ ამას კი წინ უძღოდა შემდეგი მოვლენები: ლავრენტი ბერიას გადაწვეტილებით 1937 წელს შოთა რუსთაველის მორიგი იუბილეს აღსანიშნავად თბილისში უნდა დანგრეულიყო მეტეხის ეკლესია და მის ადგილას დადგმულიყო რუსთაველის ძეგლი. ამბობდნენ, ბერიამ თავად შეარჩია ეს ადგილი და სურდა ''ვეფხისტყაოსნის'' ავტორის ქანდაკება ყველა მხრიდან კარგად გამოჩენილიყო.

ქეთევან მაღალაშვილი იხსენებდა: "დიტოს ჩაფიქრებული ჰქონდა, მეტეხის ტერიტორიაზე ახალი შენობა აეგო მუზეუმისთვის. რუსთაველის იუბილე ახლოვდებოდა. ბერიას უნდოდა, დაენგრიათ მეტეხის ეკლესია და იქ რუსთაველის ძეგლი დაედგათ. ამ მიზნით ერთ დღეს ამფეთქებელთა ბრიგადაც კი გაგზავნეს. დიტომ შეკრიბა ქალაქის ინტელიგენციის წარმომადგენლები და ბერიასთან მივიდნენ. ეს ამბავი გახმაურდა, რაიონებსაც მისწვდა, ხალხი აღშფოთებას ვერ მალავდა (რუსთაველი აქ არაფერ შუაში იყო, - გამოინახებოდა მისთვის ადგილი ქალაქში).

ბერიამ თითქოს უკან წაიღო თავის ნათქვამი, გამოისტუმრა დეგეგაციის წევრები, მაგრამ დიტო დატოვა: თქვენ მეტეხის ციხეს დაანგრევთ, ოღონდ თქვენივე ხელით, მე კი დაგეხმარებით მუზეუმის ახალი შენობის აგებაში''...

ამგვარ წინადადებას დიმიტრი არ დათანხმდა. მოსკოვში გაემგზავრა და იქ მიაღწია შეთანხმებას 5 მილიონი მანეთი გამოეყოთ საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ასაგებად, მაგრამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა აღარ დასცალდა...

მაშინ ბერიას გადაწყვეტილებას წინ აღუდგნენ: გიორგი ჩუბინაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და დიმიტრი შევარდნაძე. თურმე ეს უკანასკნელი ლავრენტი ბერიას არწმუნებდა, ასეთ რამეს ნუ გააკეთებთ, შოთა რუსთაველს ამ ტაძარში ფეხი ჰქონდა დადგმული და ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის, ნუ ააფეთქებთო. ძნელი სათქმელია რამ იმოქმედა ბერიას გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ფაქტია ჩანაფიქრი სისრულეში არ მოიყვანა. ძეგლი კი გადარჩა, მაგრამ, მალე დაბრუნებული შევარდნაძე ჯერ მუზეუმის დირექტორობიდან გადააყენეს, პრესაში კი მის წინაარმდეგ მიმართული ''ხალხის მტრების'' მამხილებელთა გამანადგურებელი სტატია გამოქვეყნდა.

''ერთ ღამეს დიტომ ჩემს კარებზე დააკაკუნა, მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო. მან დამიბრუნა ძმის სამკურნალოდ გადადებული ორი ათასი მანეთი, სეიფში შესანახად რომ მივაბარე, გადმომცა აგრეთვე თავის ჯიბის საათი. ეს საათი მის ბიძაშვილს გადავეცი, მაგრამ ქალმა მალევე უკან დამიბრუნა, მისი ადგილი შენთანააო... დიტო მალე დააპატიმრეს''- ესეც ნაწყვეტია ქეთევან მაღალაშვილის მოგონებებიდან.

Rating
მუზეუმის ახალმა დირექტორმა შევარდნაძის არასამუზეუმო ექსპონატებად მიჩნეული ნივთები დააწვევინა. ნელ-ნელა განადგურდა და მიმოიფანტა მისი პირადი არქივის დიდი ნაწილი, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები და ა.შ.

1937 წლის ზაფხულში შევარდნაძე რომ დააპატიმრეს, ბრალად დაედო, თითქოს ის ეწეოდა სსრკ-ს სიძლიერის შესუსტებისკენ მიმართულ საქმიანობას. პირადი ქონების კონფისკაციის შემდეგ, მხატვარი დაკავებიდან რამდენიმე თვეში დახვრიტეს და მისი საფლავიც ყველასათვის უცნობი დარჩა. დიმიტრი შევარდნაძის სურვილი ყოფილა, გარდაცვალების შემდეგ მთელ ოჯახს ერთად განესვენა, მაგრამ...

მხატვრის რეაბილიტაციის ცნობა 19 წლის შემდეგ გაიცა...

ანა კალანდაძე
''top რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნანა მირცხულავა
დიმიტრი შევარდნაძს მეგობრის გვარი ნათიძეა და არა ნათიბაძე
07:11 / 03-12-2017
გამოხმაურება / 0 /
კატო
მადლობა საინტერესო სტატიისთვის. წერეთ ხშირად ასეთი სტატიები
18:18 / 23-05-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS