11 სექტემბერი, 2013
აღსარება, რომელიც მაია ასათიანმა ეთერში არ გაუშვა...
ყველაფერი არ შეიძლება გააკეთო რეიტინგის გამო, რადგან საბოლოოდ თითოეული ჩვენგანი მაინც ადამიანად ვრჩებით და ჯობს, მართლები ვიყოთ, როგორც საკუთარ თავთან, ასევე მაყურებელთან 19 სექტემბერს მაია ასათიანი ''პროფილის'' ახალ სეზონს გახსნის. ხუთი წელია ეთერშია, მაგრამ ყველა სეზონზე ცდილობს, განსხვავებული იმიჯით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ამჯერად საკუთარ თავზე ექსპერიმენტის ჩატარებაზე უარი თქვა და მაყურებლის შოკში ჩაგდებას ახალი სტუდიითა და სკანდალური თემებით შეეცდება. კონკურენცია არ აშინებს, პირიქით, კონკურენტებს გამბედაობას უქებს. საუბარი მისი დასვენებით დავიწყეთ.

- მაია, დაისვენეთ ზაფხულში?
-
რამდენი ხანია ინტერვიუ არ მიმიცია (იღიმება). ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა. პრესასთან ურთიერთობის ხანგრძლივი პაუზა მქონდა და მიხარია, რომ პირველად მკითხველს თქვენი ჟურნალის საშუალებით ვხვდები. ხანმოკლე დასვენება გამომივიდა. დიდი დრო დავუთმე ახალი სეზონის დაგეგმვას. მეექვსე წელი დაიწყო ''პროფილის'' არსებობის ისტორიაში და 19 სექტემბერს მეთორმეტე სეზონს გავხსნით. ახალ სეზონს ისე ვიწყებთ, როგორც ახალ გადაცემას. გასული ხუთი წლისთვის მაყურებელს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, მათ გვაქციეს სატელევიზიო ბაზარზე ლიდერად, მაგრამ ახლა უფრო რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ, საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ, რაც ძნელი იქნება. არასოდეს ახალი სეზონი ასეთი შემართებით არ დაგვიწყია და მჯერა, რომ ეს სეზონი ახალი სიტყვა იქნება ქართულ სატელევიზიო ინდუსტრიაში.
- სანამ სიახლეებზე ვისაუბრებდეთ, გვიამბეთ, როგორ დაისვენეთ. ყოველ წელს შვილთან ერთად ისვენებთ...
- დიახ, წელსაც მე და ნუცა ორი კვირით თურქეთში ვიყავით. მიყვარს ისეთი დასვენება, როდესაც ყველაფერს ვწყდები, ვარ დედა და არა ტელეწამყვანი. მთელი წლის განმავლობაში ნუცას ყურადღებას არ ვაკლებ, მაგრამ ურთიერთობაში დროის დეფიციტი მაინც გვაქვს და ეს ორი კვირა ყველაზე ბედნიერი პერიოდია მთელი წლის განმავლობაში.
- თურქეთში ხშირად მიდიხართ.
- ვერ ავხსნი რატომ... საქართველოშიც მიყვარს დასვენება, უფრო მთაში, მაგრამ რადგან დასვენებისთვის ცოტა დრო მაქვს, იქ წასვლა მირჩევნია. მთელი წელი იმდენად ვიღლები, რომ ხანდახან ძილის მეტი არაფერი მინდა. ეს ალბათ ცუდია, ადრეა ჩემთვის ასე ლაპარაკი (იღიმება)... თუმცა მაინც მიყვარს სრული რელაქსაცია, აბსოლუტურად ვწყდები ყველაფერს და ვრჩებით მე, მზე, ზღვა და ნუცა.
- ალბათ თურქეთშიც გხვდებიან ქართველები, რომლებიც ტელევიზიიდან გიცნობენ.
- ასეთ მაყურებელთან შეხვედრა განსაკუთრებულად მიხარია. იქ მცხოვრებ ქართველებს ძალიან უხარიათ ჩემი დანახვა, მაგრამ მე - უფრო მეტად. როცა არ ელოდები და უცებ გამოჩნდება უცხო ქვეყანაში ადამიანი, რომელიც შენი გადაცემიდან ნაწყვეტებს გიყვება, დიდი ბედნიერებაა. ამ დროს მავიწყდება, რამხელა შრომად მიჯდება ეს ყველაფერი.
- ყველა სეზონი ალბათ რაღაც ახალს გასწავლით, გასულმა სეზონმა რა გასწავლათ?
- (ფიქრობს) არ ვიცი, ახალ სეზონზე ვარ ორიენტირებული და ამაზე არ მიფიქრია. ახალი წელი ჩემთვის იანვრის ნაცვლად სექტემბერში იწყება. ოცდაერთი წელია, რაც ტელევიზიაში ვმუშაობ და იმ დღეს, როდესაც სეზონს ვხსნი, ისე ველოდები, თითქოს რაღაც ახალი ხდება ჩემს ცხოვრებაში.
- ზაფხულში ჭორი გავრცელდა, რომ შესაძლოა, სხვა არხზე გიხილოთ. რჩებით ''რუსთავი 2'' -ზე?
- რა თქმა უნდა, ''რუსთავი 2'' -ზე ვარ...
- ''პროფილის'' ყველა სეზონს ხმაურით ხსნით, შემდეგ ამ გადაცემაზე დიდხანს ლაპარაკობენ. ახლაც რაღაც განსაკუთრებულს უნდა ველოდოთ?
- პირველი ''პროფილი'' ყველას გააოცებს. ეს იქნება გადაცემა, რომელზეც ყველა ილაპარაკებს. ამ გადაცემის თემებზე აუცილებლად იჭორავებენ და შეიძლება, იმაზე მეტი განხილვა მოჰყვეს, ვიდრე აქამდე ნებისმიერ გადაცემას მოჰყოლია. დარწმუნებული ვარ, ასეთ გახსნას არავინ ელოდება. ეს იქნება შოკი... გადაცემის პირველივე კადრი უამრავ ადამიანს დასვამს ეკრანთან. შემდეგ იქნება კრიტიკა, ლანძღვა... ბევრი სიახლე გვექნება, მაგრამ რაც მთავარია, მეექვსე წლისთავს სუპერთანამედროვე სტუდიით ვიწყებთ. ეს ახალი სიტყვა იქნება ქართულ ტელეინდუსტრიაში. ასეთი თანამედროვე სტუდია არც ერთ სატელევიზიო გადაცემას არ აქვს.
- ''რუსთავი 2'' -ზეც?
- რა თქმა უნდა, ახლა სტუდიას აწყობენ და ჩემი კოლეგები მოდიან სანახავად. ''რეიტინგი'' იქნება პირველი ჟურნალი, რომელშიც ამ სტუდიის გარკვეული ნაწილის სურათები დაიბეჭდება. რაც შეეხება ჩემს იმიჯს, საინტერესო შტრიხებს შევიტანთ ჩაცმულობაში, მაგრამ რადიკალურად იმიჯს არ შევიცვლი. ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე საკუთარ თავზე და საბოლოოდ იმ იმიჯამდე მივედი, რაც მაყურებლისთვის მისაღები აღმოჩნდა. ისიც მახსოვს, როგორ მიწევდა თავის მართლება იმის გამო, რომ წელიწადში ერთხელ სტუმრად მყავდა გია სურამელაშვილი.
- იქნება გადაცემაში სკანდალები?
- ყველაფერი იქნება, რასაც მაყურებელი ითხოვს. დიდი ხნის წინ დავიწყეთ მზადება. მესამე, მეოთხე, მეხუთე გადაცემა არანაკლებ საინტერესო იქნება. ყველანაირ რეაქციას ველოდებით მაყურებლის მხრიდან. ასეთი აზარტით სეზონი ჯერ არ დაგვიწყია. დარწმუნებული ვარ, პირველი გადაცემის შემდეგ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ბევრ დეტალზე ვისაუბრებთ. ბევრი ფრაზა დაგაინტერესებთ... ეს იქნება გადაცემა, რომელიც ყვითელ პრესას ააჭრელებს.
- ეს შემართება იმანაც ხომ არ გამოიწვია, რომ ტელებაზარზე კონკურენცია გაიზარდა?
- ჩვენი წარმატება მძაფრმა კონკურენტულმა გარემომაც შექმნა. ხუთი წელია არ მახსოვს დღე, როცა სხვადასხვა არხზე ხუთშაბათ საღამოს რომელიმე გადაცემა დამკვიდრებას არ ცდილობდეს, მაგრამ მალევე, ჩვენი ესა თუ ის კონკურენტი, საეთერო დღეს იცვლის. მეამაყება, რომ მაყურებლისთვის ხუთშაბათი ''პროფილთან'' ასოცირდება.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავებიც'' ხუთშაბათს გავა ეთერში...
- ძალიან საინტერესო პროექტია, რომელსაც მეც ვადევნებდი თვალს. ვულოცავ კოლეგებს ახალი სეზონის დაწყებას, შევუქებ სითამამეს და მადლობას ვეტყვი, რადგან ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ახალი კონკურსანტების ძირითადი შემადგენლობა ''პროფილის'' ტრადიციული სტუმრები არიან. ამ კონკურენციით კი მოგებული მაყურებელი დარჩება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ სიამოვნება მივანიჭოთ. პროექტის ავტორებს კი ვეტყოდი სიტყვებს, რომელსაც ტრადიციულად ვამბობ ხოლმე სექტემბერში, სეზონის დაწყების წინ, ''კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ხუთშაბათს, საღამოს ათზე'' (იღიმება)...
- თქვენსავე არხზე გადის კონკურენტული გადაცემა, ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს'' ვგულისხმობ. როგორ ახერხებთ სტუმრების ისე გადანაწილებას, რომ ერთმანეთს არ დაემთხვეს?
- ჩვენ არასოდეს ვუთანხმებთ ერთმანეთს, რას ვაკეთებთ. მართლა მჯერა, რომ ''პროფილის'' ამდენწლიანი წარმატების საიდუმლო, მძაფრი კონკურენტული გარემოს დამსახურებაცაა. ჩემი და ნანუკას კონკურენცია ორივესთვის სასარგებლო აღმოჩნდა.
Rating
- განაწყენებული რესპონდენტები ხშირად გყოლიათ?
- როდესაც ამდენი წელია ეთერში ხარ, რა თქმა უნდა, ასეთებიც არსებობენ, მაგრამ სერიოზული წყენა არავის ჰქონია. როდესაც რაღაც მეშლება, ამის თქმის არ მერიდება და მითქვამს კიდეც. შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს და ალბათ შემშლია კიდეც. ზოგადად კონფლიქტური არ ვარ და ყველაზე მეტად მაშინ ვითრგუნები, როცა არაადეკვატურ კონფლიქტს აქვს ადგილი. განვიცდი, როდესაც უხერხული სიტუაცია იქმნება გადაცემასთან დაკავშირებით. ამიტომ ვცდილობ, ყვითელ სკანდალებში არ გავეხვეთ.
- ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რესპონდენტებს ინდობთ...
- რა თქმა უნდა, ამიტომაც ვართ ამდენ ხანს სატელევიზიო სივრცეში. რეიტინგის გამო ყველაფერი არ შეიძლება გააკეთო. ამას პირველად ვამბობ, ერთი შემთხვევა მქონდა, როცა მთლიანად ამოვიღე ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი გადაცემიდან. დღემდე ინახება ჩვენს სამონტაჟოში ერთი ძალიან ცნობილი ადამიანის გულახდილი აღსარება, რომლის გაშვების შემდეგაც მაყურებელს რამდენიმე სუპერპოპულარულ ადამიანზე სრულიად შეეცვლებოდა წარმოდგენა.
- დადებითად თუ უარყოფითად?
- უარყოფითად... ეს იქნებოდა სუპერრეიტინგული გადაცემა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ გადაცემა ეთერში არ გასულიყო. ის ქალბატონია... რთული რეაქცია ჰქონდა, გადაცემა ეთერში რომ არ გავიდა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი არ შეიძლება გააკეთო რეიტინგის გამო, რადგან საბოლოოდ თითოეული ჩვენგანი მაინც ადამიანად ვრჩებით და ჯობს, მართლები ვიყოთ, როგორც საკუთარ თავთან, ასევე მაყურებელთან.
- ვერ გავიხსენე ცნობილი სახე, რომელიც თქვენთან სტუმრად არ ყოფილა. არიან ისეთი რესპონდენტები, ვისაც არასოდეს მიიწვევთ გადაცემაში?
- რა თქმა უნდა, მაგრამ პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე, ამას არასოდეს ვიტყვი. ხშირად გადამიბიჯებია საკუთარი გემოვნებისთვის, შეხედულებებისთვის და ისეთი ადამიანი მომიწვევია, ვინც პიროვნულად არ მესიმპათიურება, მაგრამ მორალისთვის არასოდეს მიღალატია.
- თქვენს გადაცემას მუდამ თან სდევს კრიტიკა. რატომღაც მგონია, რომ ამას შეეჩვიეთ და აღარ ნერვიულობთ...
- შევეჩვიე, მაგრამ კრიტიკამ ბევრი სარგებელიც მომიტანა. ამ ყველაფერმა გამზარდა. ჩემთვის მთავარია, ამ ადამიანებმა ხუთშაბათს ჩვენს გადაცემაზე გააკეთონ არჩევანი. როცა ამდენი წელი გიყურებენ, ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.
- ექსკლუზიურად იქნებ რაიმე დეტალი გაგვიმხილოთ სეზონის გახსნიდან...
- გადაცემაში იქნება ის, რაზეც საუბრობდა მკითხველი და მაყურებელი მთელი ზაფხულის განმავლობაში (იღიმება). ეს სრულიად მოულოდნელი ''პროფილი'' იქნება, ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და სალაპარაკო ბევრი გვექნება. სულ სამი ძირითადი სტუმარი გვეყოლება. ასეთი დასაწყისი ჯერ არ გვქონია, ყველა უყურებს, ისინიც კი, ვინც ამბობს, რომ ტელევიზორს არ უყურებს.
- დაბოლოს, პირად ცხოვრებაზეც გკითხავთ...
- ძალიან შევიცვალე შინაგანად. მგონი, ჩემს ცხოვრებაში გაზაფხული დგება!

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 45 /
პრო-FILE
ალბათ ნინი ბადურაშვილის ქორწილი იქნება მთავარი თემა :)
11:51 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მაიაზე ცუდს ნუ ამბობთ, ის ძალიან კარგი ადამიანია, უზომოდ ღირსეული, ლამაზი, კარგი წამყვანი და ყველაფერი კარგი აქვს :) ძალიან გვიყვარხარ მაია!
11:48 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მერი
ნუთუ ვერ ატყობთ სულ ერთი და იგივე ხალხი რომ გყავთ ეთერში, იმათ იქეთ ვერ იყურებით სამწუხაროთ, თან ისეთ ხალხს იწვევთ რომლებიც სკანდალებით არიან დახუნძლული და არა წარმატებებით
11:29 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გგ
მაიას გარეშე პროფილი ვერ იარსებებს
23:16 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გოგა....
აუუუ ერთი ლამაზი წამყვანი ქალი ეღირსოს პროფილს......რა მოხდება??????
18:50 / 11-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS