12 მაისი, 2016
ცნობილი ესპანელი ეთნომუსიკოლოგი პოლო ვალეხო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მასტერკლასებს მართავს
მსოფლიოში ბევრი სისტემური კვლევა არსებობს ეფექტური პედაგოგიური პროცესის ასაგებად - მეთოდები, კონცეფციები, თეორიები, რომელთაგანაც ზოგი ამართლებს, ზოგი არა, მაგრამ არის სისტემები, რომლებიც უკვე გამოცდილი და აპრობირებულია.

ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის კარლ ორფის მუსიკალური სწავლების სისტემა მეტყველების, მოძრაობის, სიმღერის და საორკესტრო ინსტრუმენტებზე დაკვრის სინთეზია.

ამავე სისტემის აღზრდილია ცნობილი ესპანელი ეთნომისიკოლოგი და პედაგოგი და კომპოზიტორი პოლო ვალეხო, რომელიც მესამე დღეა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში მასტერკლასს მართავს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეგიონების სალოტბარო სკოლების 40-მდე პედაგოგს 9 მაისიდან თეორიული და
პრაქტიკული სწავლება უტარდებათ.

მასტერკლასის მიზანია: ახალი იდეების, თეორიული და პრაქტიკული სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობა, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლება.

Rating

მნიშვნელოვანია, რომ რეგენტებისა და ლოტბარების გადამზადების კურსი არშემოიფარგლება მხოლოდ თეორიული მასალის გაცნობით. მონაწილენი ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში, როგორიცაა: ცეკვა, სიმღერა, ჩანაწერების მოსმენა და განხილვა, დასარტყამ საკრავებზე დაკვრა და სხვა.

მასტერკლასები ასევე ითვალისწინებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და მუსიკალური ტრადიციების გაცნობას, როგორიცაა შავი აფრიკა: პიგმეებიდან ბუშმენებამდე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ტრადიციები, მუსიკა და ცეკვა როგორც ცხოვრების ნაწილი, ანტიფონური სტრუქტურები, იმპროვიზაცია, ზომა, რითმი და პოლირითმი. ასევე ევროპა, სკანდინავიიდან ხმელთაშუა ზღვამდე, მათი სიმღერები და ისტორიები, ენები, ხმები და ინსტრუმენტები და სხვა.

"ცნობილია, რომ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით უკვე 17 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, რომლებიც მოზარდებსა და ბავშვებს ასწავლიან ტრადიციულ გალობასა და ქართუ-ხალხურ სიმღერებს. სპეციალურად ჩვენი ლოტბარებისთვის მოვიწვიეთ ესპანელი ეთნომუსიკოლოგი პოლო ვალეხო, რომელიც უკვე მესამე დღეა ჩვენს ლოტბარებს უტარებს ტრენინგს. ის გააცნობს იმ თანამედროვე მიდგომებს სწავლებაში, რომელიც გავრცელებულია მთელ მსფოლიოში, განსაკუთრებით მოზარდებთან მიმართებაში," - განმარტავს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

"პირველად 10 წლის წინათ ვიყავი საქართველოში, და მე მაშინ აღმოვაჩინე ხალხი, ჟღერადობა, ტრადიციული მუსიკის უნიკალურობა, რასაც სხვაგან ვერ ვნახავდი. ყველა კულტურას თავისი დამახასიათებელი და ტრადიციული ელემენტები აქვს, მაგრამ ქართულს ისეთი გააჩნია, რომელიც ანგრევს ყველა დამკვიდრებულს და იძლევა უამრავ ემოციას. ეს ყველაფერი ქართველების მაღალ ინტელექტზე მიანიშნებს", - აღნიშნა პოლო ვალეხომ.
კურსის მიზანია მონაწილეებმა გაიაზრონ, მუსიკალური სამყარო არ არის მხოლოდ გამოხატვისა და ემოციის საშუალება, არამედ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი სწავლების პროცესში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით უკვე 17 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. 2016 წელს კი მათი რაოდენობა გაიზრდება. კერძოდ, სკოლის გახსნა უკვე დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტში. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტებია დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

პოლო ვალეხო დაიბადა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში 1959 წელს. მუსიკალური მეცნიერებების დოქტორი, პედაგოგი და კომპოზიტორი ასევე იყო შემოქმედებითი და სამეცნიერო მრჩეველი მიუნხენის, კარლ ორფის ფონდში (გერმანია), კანადის, მონრეალის უნივერსიტეტის თანამშრომელი (Laboratoire de Musicologie Comparee et Anthropologie de la Musique). საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერი ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და მუსიკოლოგიის სფეროში.

1987 წლიდან ის ატარებს კვლევითი სამუშაოებს აფრიკაში, (ვაგოგოს ტომი, ტანზანია). არის დოკუმენტური ფილმის "Africa The Beat" ავტორი - ფილმს მრავალი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე. გამოსაცემად მზადდება მისი ტანზანიაში მოგზაურობის საველე დღიურები. პოლო ვალეხო არის მრავალი ინსტრუქტიული კონცერტებისა და პროექტების წამყვანი და შემქმნელი. იგი მსოფლიო მასშტაბით ატარებს საერთაშორისო მუსიკის ტრენინგებს და ამჟამად აწარმოებს ორ ექსპერიმენტულ სამუშაოს, ერთი დაკავშირებულია ბავშვების რეპერტუართან კედოგუს რეგიონიდან (სენეგალი) ხოლო მეორე, ქართულ საერო და საეკლესიო პოლიფონიასთან, რომელსაც ანსამბლ "ბასიანსა" და თბილისის კონსერვატორიასთან თანამშრომლობით ახორციელებს.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS