- სერიალის გადაღებებზე მაწყენინეს. პროდიუსერთან მომივიდა ცოტა ცუდი ლაპარაკი, ჩემთან საუბრის
- ვინაა სერიალის პროდიუსერი?
- სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ბევრად მეტი ტრაგედია ხდება ჩემ გარშემო და აქედან გამომდინარე, ნაწყენი და გულნატკენი არ ვარ. ცოტა სხვა რაღაცები მტკივა, მინდა, ცოტა უფრო გაუფრთხილდნენ მსახიობებს გადაღებისას. თუნდაც იმიტომ, რომ მათი მუშაობა ნაყოფიერი იყოს. ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა და უბრალოდ დავტოვე იმ დღეს გადაღება. ჩემს როლს მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდე. არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი საოცნებო პროექტია. არც იმდენს იხდიდნენ, რომ გადავრეულიყავი. არც ასე მშია. ძალიან მოვინდომე და ჩემი დამოკიდებულება ვერ დაინახეს. რა თქმა უნდა, თუ გადაღებაზე დავჭირდები, მივალ. იმდენი პროფესიონალიზმი მაქვს, რომ წყალში არ ჩავუყარო შრომა. მაგრამ რომ გითხრათ, სერიალის გადაღებებზე მისვლაზე ვოცნებობ-მეთქი, მოგატყუებთ.
- როგორც ვხვდები, პროექტი საბოლოოდ არ დაგიტოვებია.
- რა თქმა უნდა. მათი პატარკაცობა იქნება, თუ სცენარს შეამცირებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, გადაღებებზე მისვლის წინააღმდეგი არ ვარ, ელემენტარული, რაც ამ ცხოვრებაში მწყინს, დამოკიდებულებაა. თუ არაა საღი ურთიერთობა ოჯახში, დედასთან, ძმასთან, მეგობრებსა და სამსახურში, იქ ჩემი ადგილი არაა.
- სცენარს ალბათ უკვე გაეცანი. სერიალში შენი გმირი კიდევ უნდა იყოს?
- სცენარის მიხედვით დაახლოებით ხუთი დღე კიდევ უნდა მქონდეს გადაღება. ასე „მემუქრებოდნენ“ , მაგრამ მათგან ზარი არ ყოფილა. გადაღებულია რამდენიმე სერია.
- სერიალში რა პერსონაჟს თამაშობ?
- გამომძიებელი ვარ. მთლიანი სცენარი წაკითხული არ მაქვს. უცბად გადაწყდა ჩემი სერიალში შეყვანა და ესეც საკმაოდ უცნაური იყო. ვთამაშობ გამომძიებელს, რომელსაც უყვარს ერთ-ერთი გმირი. იძიებს საქმეს და პარალელურად აქვს ურთიერთობა ერთ-ერთ მთავარ გმირთან. საინტერესო პერსონაჟია, მსახიობისთვის საინტერესო შესაქმნელი როლია. ვხვდები, რომ რაც უფრო დიდია პროექტი, მით უფრო კარგი დამოკიდებულებაა მსახიობებთან და რაც უფრო იაფფასიანი და პატარაა პროექტი, მით უფრო იაფფასიანია და-მოკიდებულებები და უფრო დიდია ამბიციები. ამ შემთხვევაში მე ჩემს გმირზეც კი არ მსიამოვნებს ლაპარაკი.
- ეს ქართულ-აზერბაიჯანული პროექტია. ქართველ პროდიუსერთან მოგივიდა კონფლიქტი თუ აზერბაიჯანელთან?
- ქართველთან. აზერბაიჯანელები საოცრად თბილი ხალხია. მაქვს ნამუშევარი აზერბაიჯანელებთან და იმის გამო, რომ მსახიობებთან დამოკიდებულებაც კარგი იყო და ანაზღაურებაც, ავიღე პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ამ შედეგის მიღწევა არ გამომდის, როცა ტრამვაით გაკითხავენ და კოსტიუმებზეც შენ ზრუნავ.
- როგორც ვიცი, ამ სერიალში მონაწილეობს ნინო გაჩეჩილაძეც...
- ჩვენ ერთად თამაშმა არ მოგვიწია. ნინომ მიაწოდა სერიალში ჩემი შეყვანის იდეა რეჟისორებს და მათაც მოიწონეს.
- „ალი და თეოს“ და „ალი და ნინოს“ შორის რაიმე კავშირი არის?
- მთლიანი სცენარი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ კავშირი მგონი საერთოდ არაა. „ალი და თეოში“ მოქმედება თანამედროვე ეპოქაში მიმდინარეობს. გლობალურ საკითხებს ეხებიან და საბოლოოდ რამდენად გლობალურად შეეხებიან, არ ვიცი. პირადად მე არანაირი სურვილი არ მაქვს, ეს სერიალი საქართველოში გავიდეს.
- რატომ?
- პირდაპირი ადამიანი ვარ და პირდაპირ ვამბობ, ეს არაა ჩემი სერიალი. ჯერ თვითონ სერიალია პატარა. ვნახე ის, ვინც მთავარ გმირს თამაშობს. მისი თამაშის მანერა ვნახე, მისი პარტნიორი ვიყავი და შევიშალე.
- ვინაა ეს მსახიობი?
- სახელი და გვარი არ ვიცი. ბაქოელი მსახიობია. მე დავარქვი ხორონიმო ტოროსა და თქვენ არ ვიცი, რაც გინდათ, ის დაარქვით. სერიალში რომ მივდიოდი, დიდი იმედი მქონდა, რომ წინ საინტერესო სამუშაო მელოდა და ჩემი ინტერვიუთი ალბათ კარგად მიხვდი, რომ ასე არ მოხდა. ოღონდ არ ვეხები რეჟისორს ლევან კიტიას, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. სერიალზე მომუშავე ქართველების ჯგუფი ძალიან კარგები არიან. უბრალოდ, პროდიუსერი ვერ მიხვდა, ვინ ვინ იყო.
ზუზუსთან საუბრის შემდეგ ნინო გაჩეჩილაძესაც დავუკავშირდით.
- ნინო, ზუზუ სერიალ „ალი და თეოს“ პროდიუსერით უკმაყოფილოა და სერიალის გადაღებებიდან გაბრაზებული წამოვიდა. პროდიუსერთან შენც ხომ არ გქონდა კონფლიქტი?
- კონფლიქტის შესახებ ზუზუმ მითხრა. ვერც ერთს ვერ გავამართლებ და ვერც დავადანაშაულებ. უნაკლო ადამიანი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ როდესაც ეს შენს საქმეს და შენს პროფესიას ეხება, მგონია, რომ რაღაცებზე თვალი უნდა დახუჭო. თუმცა, რა თქმა უნდა, მე და ზუზუ ძალიან განვსხვავდებით ხასიათით და ზუზუ ისე არ მოიქცევა, როგორც მე. პირადად მე პროდიუსერთან არანაირი პრობლემა არ შემქმნია. ძალიან კარგი და შეკრული გუნდია, რომელიც აკეთებს ერთ საქმეს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კარგი სერიალი გამოვა, მაყურებელს მოეწონება და რეიტინგი ექნება. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ მეორე სეზონის გადაღება იანვრიდან გაგრძელდება. წინასწარ შედეგებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან ჯერ გადაღების პროცესში ვართ. რასაკვირველია, გული ძალიან დამწყდა, რომ ზუზუ აღარ იქნება ამ პროექტში, მაგრამ არსებობს გამოთქმა, რაც ხდება, უკეთესობისკენ ხდებაო. შეიძლება, ზუზუსთვის უკეთესიცაა, ასე რომ მოხდა, დამატებითი გამოცდილება მიიღო. რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა, თუ ზუზუ დარჩებოდა პროექტში, მე ვურჩიე რეჟისორს ამ როლზე მისი აყვანა. იციან, რომ ზუზუ კარგი მსახიობია და რუსულადაც არ უჭირს ლაპარაკი. მსგავსი კონფლიქტები მუშაობის პროცესში ხშირად ხდება, განსაკუთრებით ჩვენს პროფესიაში. გამომდინარე იქიდან, რომ მსახიობები ძალიან მგრძნობიარე ბუნების ადამიანები ვართ, ზოგიერთები ცოტა გაგებით უნდა მოეკიდონ ურთიერთობას. ამ შემთხვევაში პროდიუსერზე მაქვს საუბარი. თუმცა თუ მუშაობის პროცესში დაუფიქრებლად და უხეშად იტყვის რამეს, ეს მსახიობმა შეურაცხყოფად არ უნდა მიიღოს. დარწმუნებული ვარ, ზუზუს შეურაცხყოფა თავში არავის აზრად არ მოსვლია. უბრალოდ, ზუზუმ ასე აღიქვა. ზუსტად ვიცი, რომ ზუზუ ძალიან უყვართ და აფასებენ, როგორც კარგ მსახიობს და ძალიან გაუხარდებოდათ, რომ პროექტში დარჩენილიყო. მსგავსი შემთხვევა ხშირია. სასურველია, გადასაღებ მოედანზე მომხდარი გაუგებრობები კონფლიქტით არ და-მთავრდეს ხოლმე. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში კონფლიქტით დამთავრდა, მაგრამ რას ვიზამთ, გამოჩნდება ზუზუს ცხოვრებაში უკეთესი პროექტი, სადაც აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.
- კონფლიქტს უშუალოდ შეესწარით?
- კვარიათში ვისვენებდი, ზუზუ ჩემი წამოსვლის წინა დღეს ჩამოვიდა და მითხრა, უსიამოვნო ფაქტი მოხდა და სამწუხაროდ, ალბათ აღარ ვიქნები სერიალშიო. რა თქმა უნდა, მთავარია ურთიერთობები და დამოკიდებულება მსახიობების მიმართ. ამას ვამბობ მას მერე, რაც „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ წამოვედი.
- ამ შემთხვევაში თანხაზე არ ყოფილა საუბარი?
- თანხებთან დაკავშირებით არანაირი კამათი არ ყოფილა. საქართველოში არსებობს გარკვეული სტანდარტები, რომელსაც აჩვევენ მსახიობებს და გინდა თუ არ გინდა, უნდა დათანხმდე. წინასწარ იყვნენ ყველაფერზე შეთანხმებული. უბრალოდ, პროდიუსერმა ერთი-ორი ისეთი სიტყვა თქვა, რაც ზუზუს არ ესიამოვნა და ჩათვალა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს.
- მის სამსახიობო ნიჭზე ითქვა რამე?
- ზუზუს სამსახიობო ნიჭი რატომ უნდა დაუწუნონ. ის არავისზე ნაკლები არაა. პიროვნულად უთხრეს რაღაც, რაც ეწყინა. ხანდახან რაღაცას ყურადღება არ უნდა მიაქციო. მგონი ჯობია, საქმე ბოლომდე მიიყვანო და მერე გაარკვიო საქმე თუნდაც პროდიუსერთან. ამ შემთხვევაში, ჩემთვის, როგორც ზუზუს მეგობრისთვის, კარგი იქნებოდა, ზუზუს კიდევ ერთ პროექტში მიეღო მონაწილეობა. მისთვის ეს კარგი გამოცდილება იქნებოდა, მაგრამ რადგან ასე მოხდა, ამ ფაქტისგან დიდი ტრაგედიის შექმნა ნამდვილად არ ღირს.
- ზუზუ მაინცდამაინც მოხიბლული არ ჩანს პროექტით და არც მთავარი როლის შემსრულებელი მოსწონს. არც ის უნდა, ეს სერიალი საქართველოში ნახონ. როგორ ფიქრობ, ეს გაბრაზებული ადამიანის პოზიციიდან ნათქვამი სიტყვებია?
- რა თქმა უნდა, განაწყენებულ გულზეა ნათქვამი. მის ადგილას არ დავიწყებდი ამ სერიალის კარგ და ცუდ მხარეებზე ლაპარკს. არავინ იცის, წინასწარ რა გამოვა. ჯერ მონტაჟიც არაა დაწყებული და ზუზუს როგორ შეუძლია, გამოიტანოს დასკვნა, კარგი იქნება თუ ცუდი. მგონია, რომ რადგან ის განაწყენებულია, ამიტომ აკრიტიკებს სერიალს და მსახიობებსაც.
- სერიალში შენს გმირზე რას გვეტყვი?
- ვასრულებ ალი ნორბეკოვის ყოფილი მეუღლის როლს. ჩემს გმირს ბეატა ჰქვია, პო-ლონელია. პირველი ქმრისგან ჰყავს 6 წლის შვილი მარიკი და უხეშად რომ ვთქვათ, ყოფილი ცოლ-ქმარი შვილს ვერ იყოფს. ბეატა მეორედ თხოვდება, თავის თანაკურსელს მიჰყვება ცოლად და კიევში უნდა გადავიდეს საცხოვრებლად.
- ზუზუ გამომძიებელს თამაშობდა. მისი შემცვლელი მოძებნეს, თუ პერსონაჟი აღარ იქნება?
- სიმართლე გითხრათ, ამ თემასთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. თუ გამომძიებელი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რა თქმა უნდა, შემცვლელს მონახავენ.
- კონფლიქტის მიუხედავად, სერიალის გადაღებები, როგორც ვიცი, კვლავ გრძელდება.
- პირადად მე ხვალ მაქვს გადაღებები ახალგახსნილ აკვაპარკში. ჩემს ყოფილ მეუღლესა და შვილთან მაქვს სცენა გადასაღები. ამ სცენის გადაღების შემდეგ ალისთან კიდევ ერთი სცენა მექნება სათამაშო, სადაც ალი მთხოვს, რომ დავუბრუნდე, მაგრამ ბეატა რას ეტყვის, ამას არ მოვყვები. სერიალი ეთერში სავარაუდოდ ნოემბერში გავა.
რეჟისორი ლევან კიტია მომხდართან დაკავშირებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
- ბატონო ლევან, როგორც ზუზუმ გვითხრა, გადაღებებიდან პროდიუსერზე განაწყენებული წამოსულა. მისი გმირის ბედი როგორ წარიმართება?
- ზუზუ თავისუფალი მსახიობია და შეუძლია კომენტარის გაკეთება. მე ამ მხრივ კონტრაქტის პირობები მზღუდავს, ამიტომ ყველა კითხვაზე წარმოების დასრულების შემდეგ გაგცემთ პასუხს.
მერი კობიაშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“