07 სექტემბერი, 2013
ექსკლუზივები „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“
მიხარია, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობის და ჩვენი ხედვა ერთმანეთს სრულად ემთხვევა. მეორე კი ისაა, რომ მნიშვნელოვანია შემოქმედებითი თავისუფლება, რაც „იმედზე“ იგრძნობა ახლა „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ კვლავ ნოე სულაბერიძე აკეთებს თავის გუნდთან ერთად. პროექტის პროდიუსერს იმ სიახლეების შესახებ სასაუბროდ ვესტუმრეთ, რომლებიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე სეზონს უკავშირდება. ნოე სულაბერიძემ რამდენიმე მონაწილის ვინაობა გაგვიმხილა, ასევე ჟიურის ერთ-ერთი წევრის შესახებაც გვითხრა, რომელთან მოლაპარაკებაც თითქმის დასრულებულია და ჩვენს კითხვასაც უპასუხა, თუ როდიდან ექნება მაყურებელს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი სეზონის ხილვის შესაძლებლობა.

- ნოე,
ისე გამოვიდა, რომ პროექტი დაიბრუნე.
- ამას დაბრუნებას ვერ დავარქმევდი. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, რაღაც მიდის, რაღაც მოდის. მეორე სეზონი სხვა ადამიანებმა გააკეთეს. ამის გამო გული არ დამწყვეტია. მეორე სეზონი, რა თქმა უნდა, შედგა. ყველას თავისი ხელწერა აქვს და ამ განსხვავებას პირველ და მეორე სეზონს შორის ვხედავდი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სტანდარტს ქვევით ჩამოვიდა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიკვირდა ეს ყველაფერი, მაგრამ ბევრი რამ მინახავს ცხოვრებაში (იღიმის).
- „იმედმა“ შემოგთავაზა კვლავ ამ პროექტის გაკეთება?
- პროექტის ხელახლა გაკეთება შემომთავაზა „იმედის“ ხელმძღვანელობამ, კერძოდ, გიორგი ბახტაძემ. მეც, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი. მიხარია, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობის და ჩვენი ხედვა ერთმანეთს სრულად ემთხვევა. მეორე კი ისაა, რომ მნიშვნელოვანია შემოქმედებითი თავისუფლება, რაც „იმედზე“ იგრძნობა ახლა.
- ამაში რას გულისხმობ?
- შინაარსობრივ ნაწილში გვენდობიან და გვინდა, ეს ნდობა გავამართლოთ.
- რით იქნება ახალი სეზონი განსხვავებული?
- ძალიან ბევრი რამით იქნება გამორჩეული. მთავარი ის გახლავთ, რომ შევცვალეთ პროექტის ჩატარების ადგილი და შესაბამისად, გაიზარდა პროექტის მასშტაბები. ძალიან მოგვწონს რუსთაველის თეატრის სილამაზე და სიმდიდრე, მაგრამ ცირკში უფრო მეტი ადამიანის დატევა შეიძლება და რესურსიც მეტია, სანახაობრივი თვალსაზრისით ბევრად საინტერესო იქნება. ასევე მნიშვნელოვანია მეცამეტე მონაწილის აქცია, რაც ჩემი იდეა გახლდათ. თავდაპირველ პროექტში არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა. ეს ექსპერიმენტი ჩვენ შევთავაზეთ „ბი-ბი-სის“ , თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ, მით უმეტეს, წარმატებული პროექტის ფარგლებში, მაგრამ ვიფიქრე, რომ ეს პროექტი იმდენად სახალხო გახდა და იმდენად შეუყვარდა მაყურებელს, კარგი იქნებოდა, რომ ვარსკვლავებთან ერთად ერთი ადგილი ნებისმიერი მსურველისთვისაც ყოფილიყო. უკვე შემოსული განცხადებებიდან რამდენიმე საუკეთესო შევარჩიეთ და შემდეგ უკვე ხალხის არჩევანზე იქნება დამოკიდებული, ვინ მოიპოვებს პროექტში მონაწილეობის უფლებას.
სიახლეებზე ვსაუბრობდით და წამყვანებზეც გავამახვილებ ყურადღებას - წამყვანების შეცვლა ფორმატიდან გამომდინარე აუცილებელია. ნანკა კალატოზიშვილი დანამდვილებით იქნება წამყვანი და მამაკაც წამყვანზე ჯერჯერობით ვერ ჩამოვყალიბდით. ალბათ თქვენი ჟურნალის გამოსვლისთვის უკვე იქნება ცნობილი. რამდენიმე ადამიანს შორის ვაკეთებთ არჩევანს.
- ნანკას, როგორც კონკურსანტს, უნდა მიეღო მონაწილეობა, რამდენადაც ცნობილია.
- არა, ამ სეზონზე თავიდანვე წამყვანობაზე ვიყავით შეთანხმებული და შემდეგ წელს შესაძლოა, კონკურსანტებს შორისაც ვიხილოთ.
- ნოე, როდესაც წამყვანებს არჩევ, რით ხელმძღვანელობ? როგორ აჟიოტაჟს ატეხენ თუ პროფესიონალიზმის ნიშნით?
- აჟიოტაჟის ატეხა შეუძლია ჟიურის და არა წამყვანებს. წამყვანი კი უნდა უხდებოდეს თავის ამპლუას და იცოდეს საკუთარი საქმე.
- თუმცა კაბუ და რუსკა ძალიან გააკრიტიკეს.
- რუსკა მანამდე სერიალში თამაშობდა, „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მისთვის პირველი პროექტი იყო, რომლის წაყვანაც მოუხდა და პირველივე ასეთი მასშტაბური. რაც შეეხება კრიტიკას, ვიღაცას მოსწონხარ, ვიღაცას - არა. წამყვანებზე თუ ვისაუბრებთ, ამ კუთხით მგონია, რომ პირველი სეზონის აღმოჩენა კახა კინწურაშვილი იყო, რომელმაც ძალიან კარგად გაართვა თავი წამყვანობას. თავიდან ბოლომდე იყო ჩართული პროექტში. კაბუს რაც შეეხება, მგონია, რომ მანაც ძალიან კარგად გაართვა თავი. უკეთესზე უკეთესი ყოველთვის არსებობს, მაგრამ რომელიმე ჩემმა წამყვანმა ფიასკო განიცადა-მეთქი, ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია.
- რაც შეეხება მონაწილეებს. იულია ქავთარაძის, საპრეზიდენტო კანდიდატ გია სურამელაშვილისა და გიორგი ყიფშიძის გარდა კიდევ ვის დაგვისახელებ მონაწილეებიდან?
- ნინა წკრიალაშვილსა და გუგა კუზანოვს და ასევე ექსკლუზიურად გეტყვით კიდევ ერთ სახელს - ეს გახლავთ ანატოლი ბოისა.
- რა ნიშნით შეარჩიე მონაწილეები?
- ამ სეზონზე გვქონდა შემდეგი კრიტერიუმი - ძალიან არ მომწონს მარგინალური მიმართულება, როდესაც ვარსკვლავებს მხოლოდ იმ ადამიანებს ეძახიან, ვისაც ხელში მიკროფონი უკავია ან კადრში ჩანს. მარგინალიზმი ის კი არ არის, რომ მათ ეძახიან ვარსკვლავებს, არამედ ის, რომ სხვა სფეროს წარმატებულ ადამიანებს არ ანიჭებენ ამ სახელს. ჩემთვის ვარსკვლავი არის ადამიანი, რომელიც თავის პროფესიაში ძალიან წარმატებულია. ახალი სეზონის მიმართულებაც ასე დავსახეთ - გვინდოდა, ყოფილიყო წარმატებული ექიმი, წარმატებული კალათბურთელი, წარმატებული სპორტსმენი სხვა სახეობაში, რომელიც შესაძლოა, არ არის ძალიან პოპულარული, მაგრამ ასეთია ნანა ნებიერიძე, წყალში ხტომაში ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიადის მონაწილე. ვფიქრობ, რომ მაყურებლისთვის ეს სახეები შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, ანუ უთქმელ ისტორიებს ვგულისხმობ, რაც აღსაქმელად ბევრად კარგია. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ის ფორმატია, რომელიც ადამიანის კარგად გაცნობის საშუალებას იძლევა არა მხოლოდ იმ წუთნახევრიანი ცეკვით, არამედ იმით, როგორი გზა გაიარეს ამ ცეკვებამდე.
- გია სურამელაშვილს არ აქვს უთქმელი ისტორიები.
- გია სურამელაშვილი არის უწყვეტი ისტორია, ის სულ იქნება პოპულარული თავისი იმიჯიდან, შემოქმედებიდან გამომდინარე, მას მსმენელების მთელი არმია ჰყავს. მას თავისი ორიგინალური ნიშა აქვს, რაც ასევე ძალიან საინტერესოა.
- როგორც მივხვდი, ცეკვა შეუძლია თუ არა, ამაზე აქცენტს ნაკლებად აკეთებთ.
- შეუძლებელია, ადამიანი, რომელიც სცენაზე დგას, მოუქნელი იყოს. გიორგი ყიფშიძეს ალბათ სპექტაკლებიდან გამომდინარე უფრო მეტი გამოცდილება ექნება ცეკვის მხრივ, მაგრამ ეს პროექტი სწორედ იმ ადამიანების შესახებაა, რომლებიც მოდიან და ამ პროექტში სწავლობენ ცეკვას.
- სკანდალებს ელოდებით მონაწილეებისგან?
- გავარდნილ მონაწილეს ჟიურისთან თითქმის ყოველთვის აქვს პრეტენზია. იყო პრეტენზიები ასევე ფრაზებთან დაკავშირებით, რომელიც ჟიურის ამა თუ იმ წევრმა თქვა. თუმცა ამას მივეჩვიეთ. ეს ხომ არ არის ოლიმპიადა, შოუა და ჩვენც ამ კუთხით ვუყურებთ.
- შენთვის, როგორც პროდიუსერისთვის, უხერხული არ იყო პრეტენზიების მოსმენა? მაგალითად, კრისტისგან თუ აჩიკო მეფარიძისგან?
- კრისტისთან ვმეგობრობ. არაჩვეულებრივი გოგოა. ჩვენი მეგობრობა გრძელდება და ბათუმშიც იყო პროექტის გახსნაზე. აჩიკო მეფარიძე იყო ერთადერთი, რომელიც განაწყენდა, თუმცა დღემდე მგონია, რომ სულ ტყუილად. ჩემთვის ყველა თანაბარი გახლდათ ამ პროექტში. ეს პირველი ლაივ-შოუ იყო და მაყურებელი მესიჯების დინამიკას შეუჩვეველი იყო. ალბათ ამ დინამიკის ბრალია, რომ აჩიკო გავარდა პროექტიდან. აჩიკოს მიმართ ყველა დადებითად იყო განწყობილი.
- ფავორიტები გყავს ხოლმე?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ დავასახელებ, რადგან პროდიუსერის მხრიდან არასწორია და არაობიექტური იქნებოდა ფავორიტის დასახელება.
- ჟიურიზე მინდა გკითხო. რამდენი ადამიანი იქნება?
- ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი, ან სამი, ან ოთხი. ერთ-ერთი დანამდვილებით იქნება გოჩა ჩერტკოევი. წინა წევრებიდან, გოჩას გარდა, არავინ იქნება.
- ია ფარულავას არ შესთავაზეთ? მან განაცხადა, რომ კარგი ანაზღაურების ფასად კვლავ დაჯდებოდა ჟიურიში.
- პირველი სეზონიდან გამომდინარე გეუბნებით, რომ ჟიურის არც ერთ წევრს ჰონორარი არ აუღია. ეს დაფუძნებული იყო და არის მათ კეთილ ნებაზე. ამ შემთხვევაშიც ჟიური უჰონორაროდ იმუშავებს. მესმის იასი, ძალიან მიყვარს და პატივსაცემი ადამიანია. ყველას თავისი მიდგომა აქვს, მას თავისი დახარჯული დრო უღირს გარკვეულ თანხად. ია ყო-ველთვის აქტუალური იქნება და როგორც ვიცი, კონკურენტ არხზე იქნება ჟიურიში, მაგრამ ამას გადაბირებას ვერ დავარქმევ, რადგან მისთვის ჩვენ ჟიურის წევრობა არ შეგვითავაზებია. ზოგადად, ჟიურის ყველაზე ბოლო ეტაპზე ვარჩევთ ხოლმე. დარწმუნებული ვარ, წელს ძალიან საინტერესო ჟიური იქნება.
- ხშირად მოგვისმენია, ამას რა უნდა ცეკვის კონკურსის ჟიურიშიო. არ ფიქრობ, რომ ცეკვას ვინც აფასებს, ამ სფეროში ცოტათი მაინც უნდა ერკვეოდეს?
- ეს არ არის ჩემპიონატი და ოლიმპიადა, სადაც ყველა პროფესიონალი ცეკვავს. მაყურებლისთვისაც უნდა იყოს გასაგები, რომ ეს შოუა და ცეკვას აქვს სხვადასხვა ნიუანსი, სტილისტიკა, მხატვრული ნაწილი, სითამამე, რიტმის გრძნობა, იმიჯი. ვფიქრობ, ამ ნიუანსებიდან გამომდინარე, აქამდე ვინც იჯდა ჟიურიში, შეეძლოთ გარკვეული შეფასებების გაკეთება. ამის მიუხედავად, ამ სეზონზე ჟიურიში მოცეკვავეების ნაკლებობა არ იქნება. ძალიან მინდოდა, რომ ჟიურიში ყოფილიყო ნინო სუხიშვილი, მაგრამ გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ ახერხებს. შემიძლია დაგისახელოთ ერთი ადამიანი, რომელთანაც მოლაპარაკებები გვაქვს და ეს გახლავთ ნიკოლოზ ცისკარიძე, რომელიც „ცეკვავენ ვარსკვლავების“ რუსულ ჟიურიში ზის. ასე რომ, ძალიან დამაჯერებელი ჟიური იქნება.
- კონკურენციაზე შეგეკითხები. რეიტინგებს იგებდა ხოლმე „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ?
- ჩვენი შოუ პირველი სეზონის დროს ყველგან იგებდა, „რუსთავი 2“ -ს არ ჰქონდა ცუდი კონტრპროგრამირება და „იღბლიანი ბორბალი“ გადიოდა, რომელიც დუტას მიჰყავდა, თუმცა „ცეკვებმა“ არნახული შედეგი დადო. მე ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან ისეთ მასშტაბურ პროექტებს, როგორიც არის „ნიჭიერი“ და კარგადაც გამოსდით, მაგრამ რეი-ტინგების კუთხით შეფასება რთულია. „იმედზე“ „ნიჭიერის“ დროს მხატვრული ფილმები გადიოდა და არა რომელიმე წონადი გადაცემა. აზარტი იმისა, რომ დაემთხვეს ეს შოუები, არსებობს, მაგრამ ეს მავნებელია მაყურებლისთვის, რომელიც ორ ერთნაირი ტიპის, კონკურსის პროექტს ერთდროულად ვერ უყურებს.
- როდის დაიწყება „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ?
- ეთერში ვართ 3 ოქტომბერს და იქნება ყოველ ხუთშაბათს, 22 საათზე.
- ანუ „პროფილის“ დროს? ძალიან რეიტინგულ გადაცემას „ეჯახებით“ . იქაც ხომ დაზარალდება მაყურებელი?
- სხვადასხვა ტიპის გადაცემებია, თუმცა ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა, „იმედმა“ გადაწყვიტა ასე. მაია ასათიანს თავისი მაყურებელი ჰყავს, „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ თავისი ეყოლება. მაინც მგონია, რომ მასშტაბით ჩვენი პროექტი გაცილებით დიდია.
- იცის მაიამ ეს ამბავი თუ ჩვენი ჟურნალიდან გაიგებს?
- არ ვიცი, შესაძლოა, იცოდეს კიდეც. მას სახალხო გადაცემა აქვს და დარწმუნებული ვარ, მასთან გარკვეული მაყურებელი მაინც დარჩება!..

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
მაესტრო
ეს ნოე როდიდან აღარა ნაცხროველების მონა?"იმედის" კომპანიას აღარ მობეზრდა მკვლელების მონების ყოფნა კომპანიში?ამაზრენია ეს ტიპები,მით უფრო გვახსოვს რა გულის ამრევად იქცეოდნენ და როგორ ხლაფავდნენ ჩვენს ფულებს!დაილია წესიერი და პროფესიონალი ადამიანები?"ახალ ხმაშიც" იგივე ხდება,რა უბედურებაა,რით ვერ გადაშენდნენ ეს ვირთხები მართლა?
18:11 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნია
ყველაზე რეიტინგული გადაცემმაა საქართველოში...ყველაზე ყველაზე მაგარი.......
13:27 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მერი
ჟიურიში ერთ ერთი ლელა წურწუმია განიხილება.ასევე ექსკლუზივი სულაც არ იყო ბოისაც ვიცოდით
13:58 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS