თუმცა, ეს ცნობა მაინც სცდებოდა ჩვეულებრივი კრიმინალური ამბის ფარგლებს. საქმე ისაა, რომ ბანდიტებმა ტფილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვაჭარი - მიქაელ არამიანცი გაიტაცეს. სწორედ ის არამიანცი, რომლის სახელსაც დღეს თბილისელები
გატაცების შემთხვევას გაზეთი შემდეგნაირად აღწერს:
"ამა წლის 12 მაისს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, სერგის ქუჩაზე (დღევანდელი მაჩაბელი) საკუთარი სახლიდან გამოვიდა ვაჭარი არამიანცი, რომელიც საქმეებზე მიემართებოდა. ლერმონტოვისა და სერგის ქუჩების კვეთაზე იგი თავდასხმის მსხვერპლი გახდა. უცნობმა პირებმა არამიანცს ხელი სტაცეს და იქვე გაჩერებულ ავტომობილში შეაგდეს. შემდეგ ავტომობილი სწრაფად გაქანდა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. როგორც შემთხვევის ადგილას მისულ მილიციელებს თვითმხილველებმა განუცხადეს, გამტაცებელთა ბანდამ არამიანცი მანქანაში იარაღის მუქარით ჩასვა. ჯერჯერობით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ყაჩაღები სამნი იყვნენ. მოქალაქეებმა ისიც შენიშნეს, რომ ავტომობილის ნომერი იყო 19".
მიქაელ არამიანცი ქალაქის ყველაზე მდიდარი ვაჭრების რიგს მიეკუთვნებოდა. იგი ტფილისის ვაჭრების უმაღლესი გილდიის წევრი იყო და დავით სარაჯიშვილთან, ალექსანდრე მანთაშოვთან, ევგენი ზემელთან, აკაკი ხოშტარიასთან და მელიქ აზარიანცთან ერთად, ქალაქის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.
არამიანცი წარმოშობით მთიანი ყარაბაღიდან იყო. კომერციის მიმართ მიდრეკილება ადრეული ასაკიდანვე გამოავლინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 15 წლის გახლდათ. საქმის სასწავლებლად იგი ცნობილ ვაჭარს თარუმანიანს თანაშემწედ მიაბარეს, რომელიც კომერციას ყარაბაღის გარდა, საზღვარგარეთაც ეწეოდა. ცოტა ხანში არამიანცმა ისეთი ნიჭი გამოავლინა, რომ ფირმის წარმომადგენლად დანიშნეს თავრიზში. 4 წელიწადში მიქაელმა თავისი პირველი კაპიტალი დააგროვა - 3 ათასი მანეთი. ეს საკმაოდ დიდი ქონება იყო. შედარებისთვის შეიძლება შემდეგი მაგალითი მოვიყვანოთ: იმ პერიოდში კარგი ჯიშის ძროხა სამი მანეთი ღირდა. ამ კაპიტალით მან 1871 წელს კავკასიის რეგიონის აღიარებულ ცენტრს - ტფილისს მიაშურა.
28 წლისამ პირველი მილიონი შეაგროვა. ვაჭრობდა ქსოვილებით, აბრეშუმით, შალით. ჩართული იყო შაქრის ტრანზიტულ კომერციაში მარსელთან, თავრიზთან, თეირანთან, მაგრამ დიდი ქონება ნავთობის სფეროში დააგროვა. 1884 წელს ბაქოში ჩავიდა და ცნობილ კომერსანტ ალექსანდრე მანთაშოვთან ერთად, სანავთობო კომპანია დააფუძნა. ამ კომპანიაში არამიანცი 25%-იან წილს ფლობდა.
არამიანცის ბიზნესიმპერია უზარმაზარი გახდა. აფშერონის ნახევარკუნძულზე კომპანიის საკუთრებაში იყო ნავთობით მდიდარი 173 დესეტინა (1 დესეტინა 1.09 ჰექტარს უდრიდა) მიწის ფართობი. მასვე ეკუთვნოდა: ნავთობის ქარხანა, საქაჩი სადგურები, სპეციალურად მოწყობილი ნავმისადგომი, უამრავი სახელოსნო. არამიანცის ფირმას წარმომადგენლობა ჰქონდა გახსნილი სმირნაში, სალონიკში, კონსტანტინოპოლში, ალექსანდრიაში, კაიროში, პორტ-საიდში, მარსელში, ლონდონში, ბომბეისა და შანხაიში.
კომერციაში წარმატებულ არამიანცს, პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. ჯერ კიდევ ტფილისში ყოფნისას მას ცნობილი კომერსანტის, შოლკოიანცის 18 წლის ქალიშვილი - ეხისაპეტი შეუყვარდა. მალე არამიანცმა იგი ცოლად მოიყვანა და ახალშექმნილი ოჯახი ბაქოში გაემგზავრა. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეხისაპეტი ერთგული მეუღლე არ იყო. არამიანცის სახლში ჩხუბი და აყალმაყალი ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ. ეხისაპეტი თავქარიანი, აღვირახსნილი და გარყვნილი ქალი აღმოჩნდა, რომელსაც უამრავი საყვარელი ჰყავდა. ოჯახის ნაცვლად, მთელ დროს კლუბებსა და რესტორნებში ატარებდა.
მიქაელმა ცოლის შეზღუდვა სცადა და სახარჯო ფულის გაცემა შეუწყვიტა, მაგრამ ქალი მაინც ვერ შეაჩერა - მან იცოდა, რომ ქმარი ფულს კარადაში ინახავდა და ყოველდღე იპარავდა. არამიანცმა კარადას დიდი ბოქლომი დაადო. ესეც უშედეგო აღმოჩნდა. ცოლმა სახლიდან მთელი ძვირფასეულობა გაზიდა და ლომბარდში ჩააბარა. ეხისაპეტს ბაქო საშინლად არ მოსწონდა, პროვინციულ, მიყრუებულ ადგილად თვლიდა და ქმარს ყოველდღე ტფილისში დაბრუნებაზე ეჩიჩინებოდა.
საბოლოოდ, არამიანცი ცოლმა დაიყოლია. მიქაელმა ბაქოში "საქმე" გაყიდა და ტფილისს დაუბრუნდა, მაგრამ ოჯახში მდგომარეობა არც ტფილისში შეცვლილა. არამიანცის ცოლის სასიყვარულო ისტორიებს მთელი ქალაქი ირონიით ჰყვებოდა. ამბობდნენ, იგი მხოლოდ საყვარლებს არ სჯერდებოდა და სექსუალურ კავშირს ყველასთან ამყარებდა, ვინც კი მოეწონებოდა. იმასაც ამბობდნენ, საყვარლებთან ერთად ამურულ ვნებას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - სკვერებსა და პარკებში ეძლეოდა. არამიანცი ცოლის ღალატს დიდხანს ვერ იჯერებდა და ეგონა, რომ ამ ჭორებს კონკურენტები უვრცელებდნენ, მაგრამ ერთხელ შემთხვევით, ეხისაპეტის სასიყვარულო ბარათები ჩაუვარდა ხელში. საბოლოოდ, ოჯახი დაინგრა.
გაყრის სასამართლო პროცესი რვა წელს გრძელდებოდა, რა დროსაც არამიანცმა თავისი კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. იხილეთ სრულად